Wednesday, 23 October 2013

გასაუბრება ანგელოზთან ძილის წინ 12



-გამარჯობა,ჩემო ანგელოზო

–გამარჯობა

–რა კარგია,რომ ისევ მოხვედი,უფრო სწორედ,ისევ რომ გხედავ.

–დღეს მე უკანასკნელად გეცხადები.უფალმა მომცა უფლება,შენთან 12–ჯერ მოვსულიყავი ხილულად და დამერიგებინე.დღეს უკანასკნელად მოისმენ ჩემს ხმას.

–რა სამწუხაროა,ანგელოზო.რატომ?

–მე არ შემიძლია მთელი ცხოვრება ჭკუა გარიგო.შენი სიცოცხლე თავად უნდა წარმართო.ღმერთმა მოგცა თავისუფალი ნება და როგორ გამოიყენებ ამას,ეს შენი გადასაწყვეტია.ბევრი ადამიანი უზომოდ ბედნიერი იქნებოდა,თუნდაც ერთხელ თვალი რომ მოეკრა თავის მფარველი ანგელოზისათვის.შენ კი ღმერთმა ასეთი დიდი წყალობა გიბოძა.ეს უნდა დაინახო და დააფასო.

–ვიცი,ანგელოზო,უზომოდ მადლიერი ვარ უფლისა,მაგრამ შენგან განშორება ძალიან მიჭირს.ისე შეგეჩვიე,ყოველთვის მოუთმენლად ველოდებოდი შენს გამოჩენას.შენ მე იმდენი რამ მასწავლე...

–ნუ ტირიხარ,სულელო.მე ხომ სულ შენს გვერდით ვიქნები?ბევრი ხიფათისგანაც დაგიფარავ.მთავარია,შენ ნუ დაივიწყებ უფალს.რაც მე გითხარი,ის ჩემით არ მითქვამს,არამედ ღმრთისგან მომეცა ამის უფლება.უფალს რომ ძალიან ძლიერად არ უყვარდე,ვერასოდეს დამინახავდი შენს სიცოცხლეში.ისიც იცოდე,რომ უფალი ჩემი სახით მარტო შენ არ გესაუბრება.ვისაც ყური აქვს,ისმინოს;ვისაც თვალი აქვს,დაინახოს და ვისაც გონება აქვს,იფიქროს.

–მესმის,ანგელოზო,განა ამას როგორ დავივიწყებ?

–დღეს რამდენიმე რჩევას მოგცემ და ამის შემდეგ თავად უნდა გადაწყვიტო,როგორ იცხოვრებ.თუ სწორად გააკეთებ ყველაფერს,მეც გამახარებ და ღმერთსაც,ხოლო თუ არასწორად წარმართავ შენს სიცოცხლეს,მეც უძლური ვიქნები დაგეხმარო.ამიტომ,სანამ ბოლო დარიგებებს მოგცემ,მკითხე,თუ რამე გაინტერესებს.სხვა საშუალება შენ აღარ გექნება.

–მესმის ანგელოზო,ყველაფერს დაგიჯერებ რასაც მეტყვი.ვეცდები,ისე ვიცხოვრო,როგორც უფალს უნდა.

–ვნახოთ.პირობა ბევრს დაუდია,მაგრამ...მკითხე,რა გაინტერესებს.

–იცი,სულ მაინტერესებდა იესოს სიტყვები: „სასუფეველი თავად თქვენშია“.ბევრი მიფიქრია ამაზე და ვერ ვხვდები მაინც.იქნებ ამიხსნა?

–კარგი,ვეცდები უბრალო ენით აგიხსნა,თუმცა ეს არც ისე იოლია.შენ უნდა იცოდე,რომ უფლის ყოველ სიტყვაში უზარმაზარი სიბრძნე იმალება და ვისაც გონება აქვს,ის გაიგებს.მაგრამ მარტო გონებაც არ არის საკმარისი.სიყვარული უნდა გქონდეს ღვთისა.შენ ხომ იცი,რომ უფალი იესო ქრისტე დაფარულად ელაპარაკებოდა თავის მსმენელებს–ზოგს იგავებით,ზოგს სასწაულებით,ზოგსაც თავისი ცხოვრებით.ანუ პირადი მაგალითებით?

–კი,ვიცი,ჩემო ანგელოზო.იმიტომაც გეკითხები,რომ კარგად გავიგო.

–მე ადრე გითხარი,რომ ადამიანებმა მხოლოდ სამი გამზომილება იცით და გიჭირთ იმის წარმოდგენაც კი,როგორი იქნება მრვალგანზომილებიანი სამყარო,რომელიც ღმერთმა შექმნა.მაგალითად თუნდაც ერთი,მეოთხე განზომილება მოგიყვანე და თქვენს ენაზე ამას სიღრმე დავარქვი.ამაზე მე დაწვრილებით გესაუბრე ადრე.ეხლაც შეგახსენებ,რომ ყველაფერი რაც მე გითხარი,გითხარი იმ უბრალო ადამიანური ენით,რომლის ჩაწვდომის უნარიც გაქვთ ადამიანებს.წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გაიგებთ.ასეა ამ მეოთხე განზომილების შემთხვევაშიც.ნუ წარმოიდგენ სიღრმეს,როგორც მანძილს.ის შეიძლება უსასრულო იყოს თვით ყველაზე პატარა საგანშიც კი.სულ პატარა სხეულის ნაწილშიც კი,თუნდაც გულში.

არ დაფიქრებულხარ,როგორ ეტევა პატარა გულში ამდენი გრძნობა,ამდენი ემოცია?ეს რომ ფიზიკური სიღრმე იყოს,მაშინ ის ერთხელაც გაივსებოდა და დაიკეტებოდა.ხომ ასეა?

–კი,ასეა,ანგელოზო.

–ამიტომ არ უნდა წარმიდგინო სიღრმე,როგორც ჩვეულებრივი სიგრძის საზომი.ეხლა მითხარი,რამდენი სიყვარულის ჩატევა შეგიძლია გულში?როდისმე გიგრძვნია,რომ გულში ადგილი მცირდება სიყვარულისთვის?

–არა,რა თქმა უნდა არა.ალბათ უსასრულო რაოდენობის,ხომ ანგელოზო?

–დიახ,უსასრულო სიყვარულის ჩატევა შეიძლება პატარა გულში,უსაზღვროდოდ და დაუსრულებლად,მიუხედავად იმისა,რომ გულს აქვს ფიზიკური საზღვრები.მერე განა არ იცი,რომ ღმერთი სიყვარულია?ხოლო სადაც სიყვარულია,იქ არის ღმერთიც,და რაც მეტია სიყვარული,მით მეტადაა ღმერთი იქ.სასუფეველი არ არის მხოლოდ ადგილი,დასახლება,სადაც შეიძლება მგზავრი მივიდეს,თუნდაც ზუსტად იცოდეს მისი ადგილსამყოფელი.სასუფეველი ასევე მდგომარეობაა.ადამიანის სულიერი მდგომარეობა,რომელიც მხოლოდ სიყვარულით არის სავსე.მხოლოდ სუფთა სიყვარულით,ყოველგვარი მინარევების გარეშე.გესმის?

–მესმის,ანგელოზო.იქ მხოლოდ სიყვარულია,ხომ?

–დიახ.და იცი რატომ?იმიტომ რომ იქ ღმერთია.სადაც ღმერთია იქ სიყვარულია,და სადაც სიყვარულია,იქ ღმერთია.

ანუ,შენს გულში თუ სიყვარულია,იქ არის ღმერთიც,ხოლო სადაც ღმერთია,იქ არის სასუფეველიც.ოღონდ კიდევ ერთხელ გიმეორებ–სუფთა სიყვარული,უანგარო და წმინდა.გაიგე?

–თითქოს გავიგე,ანგელოზო,მაგრამ არ მესმის,როგორ შეიძლება ღმერთი ყველგან იყოს?ცოტა მიჭირს ამის წარმოდგენა.თუ უფალი გულში მეყოლება,მაშ სხვაგანაც როგორ იქნება?

–ამ კითვას იმიტომ მისვამ,რომ ისევ პრიმიტიულად,ადამიანისთვის დამახასიათებელი გონებით მსჯელობ.მაშინ მითხარი,ჰაერი ყველგან როგორ არის?ხომ სუნთქავ,გრძნობ?ის შენშიც არის,და შენც ხარ მასში.და ამის მიუხედავად,ის სხვაგანაც არის,სხვის ფილტვებშიც,ადამიანებშიც,ცხოველებშიც,მცენარეებშიც.მაშ როგორ?

ახლა წყალში წარმოიდგინე თავი,უზარმაზარ ოკეანეში.იგივე შემიძლია გითხრა.ის,რასაც შენ წყალს ეძახი,იქნება შენთანაც და მრავალი კილომეტრის დაშორებითაც.მაშ როგორ ხდება ეს?

–მართლაც საოცარია ეს,ანგელოზო.ეხლა მგონი ვხვდები.

–არა,ბოლომდე მაინც ვერ მიხვდები.აბა წარმოიდგინე,თუ ეს შესაძლებელი ყოფილა სამგანზომილებიან სისტემაში,თუმცა შენ ეს მაინც ვერ წარმოგედგინა,მაშინ როგორღა იქნება მრავალგანზომილებიან სამყაროში,რომელმაც უფალმა თავად შექმნა?განა ამის წარმოდგენას შეძლებს ვინმე?თქვენ ადამიანებს,არც გევალებათ ამის ცოდნა.ეს მხოლოდ განმღრთობილ ადამიანებს შეუძლიათ და ისიც ძალიან მცირე დოზით.უფლის შეცნობა თქვენ კი არა,ანგელოზებსაც არ შეუძლიათ ბოლომდე,რომლებიც მუდამ მის გვერდით არიან,იმდენად უსასრულო და განუსაზღვრელია დიდება მისი.


როგორ ფიქრობ,სად არის ადამიანის სული?სხეულის ყოველი უჯრედი რომ გამოიკვლიო,მაინც ვერ იპოვი,იმიტომ რომ სული სულ სხვა გამზომილებაშია,მიუხედავად იმისა,რომ სხეულშია.მას ვერც დაინახავ,ვერც შეეხები და ვერც შეცვლი.ის უხილავი ძაფებით უფალთანაა დაკავშირებული.შენ ვერ ჩაწვდები ამას.
ამიტომ,შეიგრძენი ის,რისი დატევნაც შეგიძლია და იცხოვრე ისე,რისკენაც უფალი მოგიწოდებს.თუ ყველაფერს სწორად განსაზღვრავ და შენს გულს მთლიანად უფალს მიუძღვნი,მაშინ ნელნელა უფრო და უფრო მეტს გაიგებ და მოვა დრო,როდესაც უფალში იქნები თავად და თავად უფალი იქნება შენში მთლიანად.

–რა საოცარია,ანგელოზო

–ეს არის რისი თქმაც შემიძლია ადამიანურ ენაზე.და ეს საკმარისზე მეტია.იმის გამოძიებას,თუ სად არის უფალი და როგორ ეტევა შენში,ჯობია სიმდაბლით და სიყვარულით აღასრულო მისი მცნებები და თავად ნახავ,რა საზღაურსაც მიიღებ ამისთვის.ნუ ეძიებ იმაზე მეტს,რაც გევალება.მოთმინება და სიმდაბლე იქონიე,მორჩილება და სიყვარული.რაც შენთვის აუცილებელია,უფალი თავად გაგანდობს როცა ჩათვლის საჭიროდ.იკითხე წმინდა წერილი,მამათა ნაშრომები და თუ გონებას სიყვარულსაც ჩააქსოვ,უფალი გაგიხსნის,რაც საჭიროა.გასაგებია?

–გასაგებია,ჩემო ანგელოზო,ყველაფერი გავიგე.

–ძალიან კარგი.ახლა რამდენიმე რჩევას მოგცემ და ყურადღებით მომისმინე.


–გისმენ,ანგელოზო





ნურასოდეს ივიშვიშებ იმის გამო,რომ ღმერთმა არ მოგცა ის,რაც არ გეკუთვნის,არამედ მადლიერი და ბედნიერი იყავი იმით,რაც უფალმა გიბოძა



ყოველი ცოდვა სატანასთან გაკავშირებს და სულაც არ არის აუცილებელი მასთან ხელშეკრულების გაფორმება;

ყოველი მონანიება კი უფალთან გაახლოებს და გადარჩენის შანსს გაძლევს



თუ გინდა,რომ უკეთესი გახდე,კარგად დაიმახსოვრე საკუთარი ცოდვები და დაივიწყე სიკეთე.ასევე დაივიწყე სხვისი ცოდვები და კარგად დაიმახსოვრე სიკეთე.შენს სიკეთეს ღმერთი ხედავს და სხვისი სიკეთე შენ უნდა დაინახო



ნურასოდეს მიეცემი სასოწარკვეთილებას უსიამოვნების ან წარუმატებლობის გამო.იფიქრე იმაზე,ვინც შენზე უარეს მდგომარეობაშია და არა იმაზე,ვინც უკეთესად გრძნობს თავს



მხოლოდ ღმერთს შეუძლია მოგიტევოს ის,რასაც ადამიანები არასოდეს გაპატიებენ



სინდისს მოწყვეტილი ენა ისეთივე მტერია,როგორც სულზე კლანჭებით ჩაფრენილი სატანა,მაგრამ თუ ის პატიოსნებასთანაა შედუღებული,მასზე ძლიერი არაფერია ქვეყანაზე



თუ წვეულებაზე არ მიგიწვიეს,ნუ დაგწყდება ამაზე გული.საწყენი ის არის,როცა უჭირთ და დახმარებისათვის არ მოგმართავენ



ლოცვა იმისთვის კი არ მოუგონია ღმერთს,რომ გამუდმებით რაღაცას სთხოვდე.ის შენი სულის განსაწმენდელად არის საჭირო,თორემ უფალმა უშენოდაც კარგად იცის,რა გჭირდება და რისი ღირი ხარ



ის რასაც ბევრი ამოწმებს და ბევრს სჯერა,სულაც არ ნიშნავს ჭეშმარიტებას.ზოგჯერ ჭეშმარიტება ის არის,რაც არავის სწამს და არავის სჯერა



კეთილი საქმე იმიტომ კი არ უნდა გიხაროდეს,რომ ამით რაღაც მოგემატება ღვთის თვალში,არამედ იმიტომ,რომ მოგბაძონ და სხვამაც იგივე გააკეთოს.თითო ადმიანმა რომ თითო სიკეთეში მიბაძოს სხვას,ნელნელა ბოროტებასაც დაამარცხებთ



ნუ ესწრაფვი სიმდიდრის დაგროვებას.ქონებისაკენ სწრაფვა ეშმაკის გზაა,საიდანაც თავის დაღწევა ძალიან ძნელია.გამდიდრებული სხეული სულიერად იცლება.სულის შიმშილი კი გაცილებით ძნელი დასაკმაყოფილებელია,ვიდრე კუჭისა.კუჭი აივსება და ისევ დაცარიელდება,ცარიელ სულს კი ვეღარაფერი შეავსებს



ნურასოდეს გეთაკილება მადლობის თქმა და ბოდიშის მოხდა.ისინი ხომ ღვთიური სიტყვებია



თუ ფიზიკურად არ შეგიძლია ვინმეს სიკეთე გაუკეთო,ენა ხომ შენს ხელშია?ტკბილი სიტყვა და ღიმილი ზოგჯერ უფრო მეტადაც კი ფასობს,ვიდრე მატერიალური დახმარება



იცოდე,ყველაზე დიდი მოსამართლე  საკუთარი თავის სახით გყავს.როგორიცაა მოსამართლე,ისეთივე იქნები შენც



იმას ნუ იფიქრებ,სიკვდილის შემდეგ რა სახელს დატოვებ,არამედ იმაზე იფიქრე,შენი სიცოცხლეში გაკეთებული ვის რა სიკეთეს მოუტანს



ყოველ მადლს დიდი სიყვარული ჩააქსოვე.უსიყვარულოდ გაკეთებული სიკეთე იგივეა,რაც უწყლოდ გაზრდილი ხე,რომელიც მალე ხმება და მოსაჭრელი ხდება



ნურასოდეს აყვები ჭორებს.ჭორს აყოლილი კაცი ქარს გაყოლილი ფარატინა ქაღალდივით უტვინო და უმწეოა



ნუ ესწრაფვი მოიპოვო ის,რაც არა გაქვს,არამედ ეცადე,მისცეს სხვას ის,რაც თავად საკმარისზე მეტი გაქვს



იცოდე,ბრიყვი ის კი არ არის,ვინც იძახის,რომ თეთრი შავია,არამედ ის,ვისაც სჯერა,რომ ეს ასეა



ნუ შეაქებ ნურავის დაუმსახურებლად.იცოდე,დაუმსახურებელი ქება დაუმსახურებელი შეურაცყოფისაგან დიდად არ განსხვავდება

თვითგვემა უდიდესი სიამოვნებაა,თუ ამას უფლის სიყვარულით აკეთებ–სიმდაბლით და არა ამპარტავნებით



იმ ადამიანს ეცი მეტი უფრო პატივი,ვინც მთელი სიცოცხლე თავდაუზოგავად შრომობს,ვიდრე მას,ვინც წარმატებას მხოლოდ ღვთის მიერ ბოძებული ტალანტით აღწევს.ადამიანი პატივსაცემია არა იმით,თუ რა შექმნა,არამედ იმით,თუ თავისი შესაძებლობიდან რამდენი გაიღო



ადამიანის სულის განწმენდა აზროვნებიდან იწყება,რამეთუ ფიქრით უფრო მეტ ცოდვას სჩადის,ვიდრე მოქმედებით.ეს იმიტომ,რომ შესაძლებლობა არა აქვს,თორემ რომ ჰქონოდა,ვინ იცის,რამდენს შესცოდავდა.გონებაში კი განუსაზღვრელი თავისუფლება გააჩნია.

ნუ მოინანიებ მხოლოდ იმას იმას,რაც ჩაიდინე სინამდვილეში,არამედ მოინანიე ისიც,რაც ფიქრით შესცოდე



ადამიანი ნაკლის გამო კი არ უნდა გძულდეს,არამედ იმ სიკეთის გამო უნდა გიყვარდეს,რაც გააჩნია.განა შეიძლება თხილი ნაჭუჭის გამო გძულდეს და გულის გამო არ გიყვარდეს?



ღმერთმა ადამიანის სულის სარკედ თვალები შექმნა.არაფერი გამოხატავს ადამიანის რაობას ისე,როგორც თვალები.თავისი ზრახვების დასამალად ადამიანს შეუძლია შეიცვალოს ხმა,კილო,ინტონაცია,მანერები,სახის გამომეტყველება და მრავალი სხვა.მაგრამ ვერასოდეს შეიცვლის თვალებს.

ხშირად ჩახედე ადამიანებს თვალებში და შენ მათი სულების დანახვას ისწავლი

ნუ ეცდები სხვის ცხოვრებაში ქექვას.ეს ბევრ ადამიანს ახასიათებს.უმჯობესია საკუთარ სულში იქექო.ამით უფრო მეტს მიაღწევ



სჯობს ბრძენი იყო და ბრიყვი გეძახონ,ვიდრე სულელი იყო და ბრძენი გეძახონ



მთავარი ის კი არ არის,რომ რაიმე ორიგინალური თქვა,არამედ ის,რომ ამ ნათქვამში სიკეთის და სიყვარულის მარცვალი იდოს



ადამიანები ათას წვრილმანს ეპოტინებით და ვერ ამჩნევთ ირგვლივ მყოფ უამრავ ძვირფას ადამიანს; და რა გვიან ხვდებით,თუ რაოდენ ძვირფასია ღვთის მიერ ბოძებული ყოველი წუთი,რომელიც სიყვრულში,სიკეთესა და სათნოებაში უნდა გაატაროთ.დაფიქრდი ამაზე



დაიმახსოვრე:ჭეშმარიტი ქრისტიანი ის კი არ არის ვინც საკუთარ ცოდვებს ინანიებს.ჭეშმარიტი ქრისტიანი ის არის,ვინც სხვის ცოდვებსაც ინანიებს.

ილოცე სხვებისათვის,სხვისთვის ლოცვა არის სწორედ მათი ცოდვების მონანიება.



უსაზღვროდ და უსასრულოდ მხოლოდ ღმერთი შეიძლება გიყვარდეს.ადამიანები ასეთ სიყვარულს არ იმსახურებენ



გაითვალისწინე:ვისაც სხვისი მიტევება არ შეუძლია,მას არც სიყვარული შეუძლია.სიყვარული კი ერთადერთი იარაღია ბოროტების წინააღმდეგ



ზღაპარი იმიტომ კი არ არის კარგი,რომ ბავშვებს ართობენ,არამედ იმიტომ,რომ სიკეთე და სიყვარული იმარჯვებს.

უფლის მოსვლა ზღაპარი იქნება



როცა მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილება უნდა მიიღო და ყოყმანობ,ნუ იფიქრებ იმაზე,რას იტყვის ხალხი.იფიქრე იმაზე,რას იტყვის ღმერთი.ეს არის უმთავრესი



ჭეშმარიტი სიკეთე ბავშვის ცრემლივით წმინდა და უანგაროა



ადამიანის ყველა დადებითი თვისება ერთ საზომში შეიძლება მოვაქციოთ და მას სინდისი ჰქვია



გაითვალისწინე,რომ ძლიერი პიროვნება ის არის,ვინც მართალია და თავის გამტყუნება შეუძლია და არა ის,ვინც მტყუანია და თავს იმართლებს



ისიც იცოდე,რომ ვინც შეურაცხყოფას შიშის გამო იტანს,ის სუსტი და ლაჩარია.ვისაც დამცირების ატანა სიყვარულის გამო შეუძლია,ისაა ძლიერი და ვაჟკაცი



ნუ გრცხვენია ტირილის.განსაკუთრებით მაშინ,როცა მარტო ხარ.მარტოობაში დაღვრილი ცრემლი ყველაზე გულწრფელი და სუფთაა



ნუ მიუტან ენას ნურავის.იცოდე,ენის მიმტანი მქმნელზე უარესია



თუ გინდა ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდე,ისე უნდა ლოცულობდე,თითქოს ეს შენი უკანასკნელი ლოცვა ყოფილიყოს და ისე უნდა ინანიებდე,როგორც განკითხვის ჟამს მოინანიებდი



არ გეგონოს,რომ ქრისტიანის ატრიბუტებია ხატი,ჯვარი და სანთელი.გახსოვდეს,რომ უმთავრესია ლოცვა,მონანიება და რწმენა



ეცადე რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკო.იცოდე,

გრძელი ენა მოკლე ჭკუის მანიშნებელია და პირიქით



გაითვალისწინე,რომ ადამიანი საკუთარ თავზე ზრუნვით ღარიბდება და სხვაზე ზრუნვით მდიდრდება.ვინც სხეულზე ზრუნავს,სხეულთან დარჩება და ვინც სულზე ზრუნავს,სულს გაჰყვება



იმისთვის კი არ უნდა იცოცხლო რომ მოკვდე,არამედ იმისთვის უნდა კვდებოდე,რომ იცოცხლო



გული ძალიან პატარაა იმისათვის,რომ მთელი სიყვარული ჩაატიო.ამიტომ უფალი გეხმარება და გეუბნება,შემიყვარე მე.მისი სიყვარული კი უსაზღვროდ შეიძლება


ნურასოდეს მიატოვებ განწირულ ადამიანებს.იცოდე,რომ ღმერთიც იქაა



გახსოვდეს,რომ სიცოცხლე ნეტარებისთვის კი არ მოუცია შენთვის ღმერთს,არამედ იმისთვის,რომ ირგვლივ მყოფ ადამიანებს გაუნაწილო



გული სიყვარულით უნდა გქონდეს სავსე.იმდენად სავსე,რომ მასში სიძულვილის ადგილი აღარ რჩებოდეს



ნურასოდეს იტყვი,რომ ზედმიწევნით ასრულებ ღვთის მცნებებს;არამედ მოინანიე,რომ იმ მცირედის შესრულებაც კი გიჭირს,რაც ღმერთს დაუწესებია ადამიანებისათვის



თუ ადამიანის ავკარგიანობა გაინტერესებს,პირველ რიგში გაარკვიე,როგორი ურთიერთობა აქვს მას მშობლებთან



თქვენ ხშირად გამოხატავთ უკმაყოფილებას იმის გამო,რომ ადამიანები თქვენი შეხედულებისამებრ არ იქცევიან.ნუ გაამტყუნებ მათ მათი საქციელის გამო,არამედ ეძებე ამ საქციელის გამამართლებელი მიზეზები და შენ მათ აუცილებლად იპოვი



ნუ გაგიკვირდება,თუ ცხოვრებაში ხშირად ხდება ის,რასაც ყველაზე ნაკლები შანსი აქვს მოხდენისა,ანუ,რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდებით ადამიანები.სიცოცხლე ღვთის ლოგიკას ექვემდებარება და არა ადამიანისას



საყოყმანო სიტუაციაში ნუ მოიქცევი ისე,როგორც გული გიკარნახებს.ის ხშირად გაცდუნებს.ენდე სინდისს,ის არასოდეს მოგატყუებს



კარგად დაიხსომე:მომაკვდავი ადამიანი იმიტომ კი არ არის სატირალი,რომ სიცოცხლეს ტოვებს,არამედ იმიტომ,თუ რამდენი ცოდვა მიაქვს თან.

გამუდმებით იფიქრე სიკვდილზე და იდარდე იმაზე,თუ რა საგანძურს წაიღებ თან და არა იმაზე,რომ გახრწნილ სხეულს დატოვებ



ნუ მისცემ რჩევას მას,ვისაც შენზე ჭკვიანი ჰგონია თავი.ის დამცირებულად იგრძნობს თავს და უფრო შეგიძულებს,ვიდრე შენს სიკეთეს დააფასებს



სინდისი თვალი არ არის,როცა გინდა დახუჭო და როცა გინდა გაახილო.ის გულივით  თან უნდა ატარო-სიზმარშიც და ცხადშიც



თუ თვალმა გაცდუნა,შენ თავს დააბარალე.

პატიოსანი კაცი ქალის სიშიშვლეს თვალს აარიდებს,მრუში და აღვირახსნილი კი ჩაცმულსაც შიშვლად წარმოიდგენს.თვალი არ არის ხარბი.ხარბი ბოროტი ადამიანის სულია,თვალი კი მისი იარაღი



გიყვარდეს ის,ვისაც უყვარხარ,რა თქმა უნდა კარგია და მადლიერების გრძნობით არის გაჯერებული,მაგრამ არანაკლებ კარგია გიყვარდეს იმის მიუხედავად,უყვარხარ თუ სძულხარ,რაც დიდსულოვნებისა და კეთილშობილების გამოხატულებაა



მარტო იმას ნუ მოეპყრობით მოწიწები,ვინც გჭირდება.ეს მლიქვნელობისგან დიდად არ განსხვავდება



ნუ ეძებ ადამიანში ბოროტს.სიკეთე ეძებე და აუცილებლად იპოვი



სჯობს მტრისგან კარგი თვისება გადაიღო,ვიდრე მოყვრისგან მავნე ჩვევა აითვისო



რაც სასარგებლოა,ყველაფერი სასიამოვნო როდია და რაც სასიამოვნოა,ყველაფერი სასრგებლო როდია?



ჭურჭელი იმით ფასობს,თუ შიგ რა ასხია და არა იმით,თუ რისგანაა დამზადებული



ვინც არცერთ საქციელს არ მოგიწონებს,ის შენი მტერია და ვინც ყველაფერს მოგიწონებს,ისიც შენი მტერია



იცოდე,ცდუნებული ისეთივე დამნაშავეა,როგორც მაცდუნებელი და ორივეს ერთნაირად მოეკითხება



სჯობს ერთი მეგობარი გყავდეს და კარგი,ვიდრე ასი და უვარგისი.ერთი ნიჩბით ზღვას გადაცურავ,ასი კომბალი კი ნავს დაგიმძიმებს და ჩაიძირები



ნუ შეგშურდება იმისი,ვისაც შენზე მეტი აქვს.შეგშურდეს მისი,ვინც შენზე მეტად კეთილია



სიბრალული კეთილშობილებაა მაშინ,თუ ის სიყვარულითაა გამოწვეული და არა პატივმოყვარეობით და ქედმაღლობით



ადამიანის სიწმინდე ცოდვათა რაოდენობით კი არ იზომება,არამედ მონანიების სიხშირით და გულწრფელობით.

სახლი მაშინაა უფრო სუფთა,როცა ხშირად ასუფთავებენ,ვიდრე მაშინ,როცა ცდილობენ,არ დაანაგვიანონ



ჭეშმარიტი ქრისტიანი ის კი არ არის,ვინც უყოყმანოდ იღებს მრავალთა მიერ აღიარებულ ფასეულობებს,არამედ ის,ვინც იბრძვის,ეძებს და პოულობს ჭეშმარიტებას



არ გეგონოს,რომ ადამიანები ბოროტები არიან.უბრალოდ,ზედმეტად კეთილები არიან საკუთარი თავის მიმართ



ადამმა ჯერ კიდევ მაშინ შესცოდა,როცა ევას აკრძალული ნაყოფის შეჭმის საშუალება მისცა და წინ არ აღუდგა მას.

სხვისი ცოდვისათვის თვალის არიდება არანაკლებ ცოდვაა,ვიდრე საკუთარი ნებით ჩადენილი

ცოდვებს განუწყვეტლივ უნდა ინანიებდე,თორემ სიკვდილის წინ მონანიება რა ბედენაა?ეს იგივეა,მთელი დღის დაულაგებელი სახლი ძილის წინ რომ დაალაგო



ღირსეულთა შორის მცირე დონეზე ყოფნა გერჩივნოს უგუნურთა შორის ავტორიტეტით სარგებლობას.

გონიერთა შორის უკანასკნელი უმეცართა შორის უპირველესზე უმეტესია



ნუ დაახარისხებ ადამიანებს საჭიროების მიხედვით.არავინ იცის,ვინ რაში გამოგადგება და ვინ როდის გიმტყუნებს



გაითვალისწინე,რომ გულუბრყვილო ადამიანები უმეტეს შემთხვევაში კეთილი და თბილი არსებანი არიან.მათი გულუბრყვილობა ხშირად კეთილშობილებიდან გამომდინარეობს და არა უმეცრებიდან,როგორც ბევრს ჰგონია

ხოლო გაუბედავობა ხშირად მოკრძალების ნიშანი უფროა,ვიდრე შიშის.ისევე,როგორც გაბედულება ზოგიერთ შემთხვევაში უტიფრობის და მოურიდებლობის ნიშანია და არა ვაჟკაცობის.

რაინდობის პირველი ნიშანი ზრდილობაა და მხოლოდ შემდეგ-თავგანწირვის უნარი



პატიოსანი ადამიანის ღიმილი კეთილგანწყობას და სიყვარულს გამოხატავს,ფარისევლის კი-ცინიზმს და მლიქვნელობას



ნუ ენდობი მას,ვინც ტუჩებით გიღიმის;ენდე მას,ვინც თვალებით გაგიღიმებს



ნუ ჩაეძიები ადამიანს,რა აწუხებს,თუ მას ამის თქმა არ სურს.უმჯობესია ჰკითხე,რით შეგიძლია დაეხმარო



წარსული ფირზე ჩაწერილი ფილმი არა არის,რომ არასასურველი ეპიზოდები მაკრატლით ამოჭრა და ნაგავში გადაყარო.ადამიანები შეძლებისდაგვარად ივიწყებთ,ღმერთს კი ახსოვს.მე კი გირჩევდი,ცუდი უფრო კარგად დაიმახსოვრო,ვიდრე კარგი.მერწმუნე,შენ უფრო კეთილშობილი გახდები



თუ გინდა,რომ ადამიანმა თავის თავზე სიმართლე გიამბოს,სთხოვე მას,დაახასიათოს თავისი მეზობელი





ვინც ქორწილში დაგპატიჟებ,მას მოსაწვევი ბარათიც მოსთხოვე



მოეპყარი გლახაკს,როგორც საუკეთესო მეგობარს.ეს მას სიცოცხლეს შემატებს,შენ კი უფრო ამაღლდები ღვთის თვალში



ნუ დასცინებ ნურავის უცოდინარობის გამო.გახსოვდეს,რომ ღვთის თვალში თქვენ ყველანი უმეცრები ხართ,მაგრამ ის როდი დაგცინით?



ჯვრის სამკაულად ტარება ისეთივე მკრეხელობაა,როგორც ბიბლიის მოთავსება სათავგადასავლო ლიტერატურაში



ვინც ერთხელ გაგიღიმებს,მას ათჯერ გაუღიმე;

ვინც ერთხელ გაკოცებს,მას ათჯერ აკოცე;

ვინც ერთხელ დაგითმობს,მას ათჯერ დაუთმე;

და ვინც ერთხელ გაწყენინებს,მას ათჯერ აპატიე



ცაზე მხოლოდ ღრუბლებს ნუ დაინახავ.ნუ დაგავიწყდება,რომ ღრუბლებს იქით მზეა



სიზმარში ჩადენილი ცოდვა არანაკლებ მძიმეა,ვიდრე ცხადში.სხეული იძინებს,სულს კი ღვიძავს.

ცოდვის სიმძიმე განზრახვით იზომება და არა მიღებული შედეგით



ნუ დასცინებ ნურავის.იცოდე,რომ ზურგსუკან დაცინვა სუსტ და ლაჩარ ადამიანებს სჩვევიათ;პირში დაცინვა-ქედმაღალ და ამპარტავან ადამიანებს;კეთილშობილი ადამიანი კი მხოლოდ საკუთარ თავს დასცინის



ნუ გააკეთებ იმას,რისი გაკეთებაც ეკლესიაში შეგრცხვებოდათ.ღმერთი ტაძარში როდი ზის?ის ყველგან არის,ყოველთვის და ყველაფერს ხედავს



ნურავინ შეგაშინებს ჯადოთი.ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანს ვერავითარი ჯადო ვერაფერს დააკლებს.მისი ზეგავლენის ქვეშ სუსტი და ურწმუნო ადამიანები ექცევიან.მორწმუნე ადამიანის ჯადო კი ღვთის სიყვარულია



რა თქმა უნდა,პატივი უნდა სცე იმ ადამიანებს,ვინც გიყვარს,მაგრამ უფრო მეტი პატივი ეცი მათ,ვისაც შენ უყვარხარ



მოექეცი ადამიანებს ისე,როგორც უკანასკნელი შეხვედრისას მოექცეოდი.კარგი იქნებოდა,ადამიანებს სიცოცხლეშივე სცემდეთ ისეთ პატივს,როგორსაც სიკვდილის შემდეგ მიაგებთ ხოლმე



ნუ გადაყრი  შენთვის გამოუსადეგარ ნივთებს ნაგავში.იცი,რამდენი ადამიანია,რომელთაც ისინი სჭირდება?ღმერთი რომ ასე იქცეოდეს,თქვენ,უმრავლესობა,სწორედ ნაგავში იქნებოდით გადასაყრელი.

ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს,ის უზარმაზარ ზიანს აყენებს სხვას



რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკე საკუთარ თავზე.დამერწმუნე,ეს ცოტა ვინმეს თუ აინტერესებს.მიმოიხედე ირგვლივ,რამდენი მშვენიერი ადამიანია შენს გარშემო.განა არ ჯობია,მათზე ისაუბრო?



რასთანაც ურთიერთობა არ გაქვს,იმაზე ნურც იმსჯელებ,თუნდაც ამაზე მთელი ქვეყანა ღაღადებდეს.ცხოვრებაში უამრავი მაგალითია იმისა,როდესაც ყველა ცდება



იცოდე,ეშმაკთან ბრძოლა საკუთარ თავთან ბრძოლით იწყება და საკუთარ თავთან შერიგებით მთავრდება.



გაითვალისწინე,რომ ცოდვის სიმძიმე მარტო იმით კი არ განისაზღვრება,თუ ვისკენაა მიმართული,არამედ იმითაც,თუ ვის მიერ არის ჩადენილი



ქრისტიანობა მარტო ჯვრის ტარება და ეკლესიაში სიარული როდია?-ღვთის რწმენა,პირველ რიგში,სათნოებას,სიკეთეს და სიყვარულს ნიშნავს



მთავარია ღვთის წინაშე არ დამარცხდე.დანარჩენი ყველაფერი უმნიშვნელოა ამასთან შედარებით



სიცოცხლის ხანგრძლივობა სინამდვილეში წლებით კი არ იზომება,არამედ იმ სიკეთით,რაც ადამიანს დაუთესია სხვის საკეთილდღეოდ



ზოგჯერ სიმართლის დამალვა იგივეა,სახლში დაგროვილი ნაგავი გარეთ რომ არ გაიტანო.დუმილი ხშირად მართლაც ოქროა,მაგრამ ისიც ნუ დაგავივყდება,რომ ოქრო სატანის სამსახურში უფრო ხშირადაა,ვიდრე ჭეშმარიტი ღვთისა



მარხვით და თვითგვემით განა ღმერთს ემატება რამე?არამც და არმც.ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენს სულებს სჭირდებათ გასაწმენდად და მოსანანიებლად.რა თქმა უნდა,თუ ამას სიყვარულით და სიამოვნებით აკეთებთ და არა სხვის დასანახად და მოსაჩვენებლად

ნუ მიემხრობი მეგობარს ვალდებულების გამო.იცოდე,ვინც მტყუან მეგობარს უჭერს მხარს,ის თავის სულსაც ყიდის და მეგობრისასაც და ორჯერ მეტად დამნაშავეა,ვიდრე მისი მეგობარი



სხვისი ლუკმა ყელზე თუ არა,სულზე აუცილებლად დაგადგება.ყელის გაწმენდა იოლია,სულის-ნურას უკაცრავად



პატიოსნება ყოველთვის სიმართლის თქმას როდი ნიშნავს?ის,პირველ რიგში,კეთილშობილებას გულისხმობს,რამეთუ ხშირად სიმართლე ბოროტების მსახურია და არა სიკეთის



თუ კარგად დაფიქრდები,მიხვდები,რომ სიღარიბე ადამიანის მეგობარია და მრავალი ცოდვისგან იცავს მას



ნუ შეურყევ ადამიანებს რწმენას იმის გამო,რომ შენ ის მცდარი გგონია.ხომ შეიძლება შენ თვითონ ცდებოდე?



სიკეთე სულაც არ ნიშნავს ადამიანთა სიამოვნებას,არამედ რაც ღვთისთვისაა სასურველი და მოსაწონი



წარამარა ღვთის ხსენება და დამოწმება სიყალბეს და პირფერობას უფრო ნიშნავს,ვიდრე ჭეშმარიტ რწმენას



სახლს ხშირი დაგვა და დასუფთავება სჭირდება,თორემ ნაგვით გაივსება და რაც უფრო იშვიათად მიხედავ,მით უფრო ძნელი იქნება გაწმენდა.აბა მაშ სულმა რაღა დააშავა?განა ის ყველა სახლზე ძვირფასი არ არის?



ღვთის მოყვარულ ადამიანს მარტოობის არ უნდა ეშინოდეს



თვალები ადამიანის პასპორტია,ენა-ცხოვრების საგზური



ადამიანის კეთილშობილების შეფასება ზრდილობიდან იწყება



კარგია,როცა გაჭირვებულ ადამიანს ეხმარები,მაგრამ ეს როდი უნდა გიხაროდეს?ექიმს,რომელსაც პაციენტის დანახვა უხარია,სიკეთის მსახურად ნუ მიიჩნევ



ყველაფერს აქვს ზღვარი,თვით სიკეთესაც კი.გადამეტებული სიკეთე მომაბეზრებელია და ანგარებისა და მლიქვნელობის ელემენტებს შეიცავს



სჯობს მზეს ხედავდე და სხვა ვერაფერი დაინახო,ვიდრე ყველაფერს უყურო და მზეს ვერ ხედავდე



დაიმახსოვრე,ადამიანს სამი უდიდესი მტერი დაჰყვება ცხოვრების მანძილზე:თვალი,ყური და ენა; და მათ შორის ენა უდიდესია



როდესაც ვინმეზე საუბრობ,წარმოიდგინე რომ ის შენს გვერდითაა და გისმენს.

ენის სიწმინდით იწყება სულის სიწმინდე

მაგრამ მარტო ენის სიწმინდე როდია მთავარი?ფიქრის სიწმინდე უნდა ისწავლო,თორემ ადამიანები იმას რომ ამბობდეთ,რასაც ფიქრობთ,ერთ დღეში დახოცავდით ერთმანეთს



რაც უფალს გულში არ უწერია,იმას ახდენა არ უწერია



იცოდე,რომ ადამიანს წმენდს გულწრფელი ლოცვა,მონანიება,მადლიერება,რწმენა და სიყვარული;და თუ რომელიმე მათგანი აკლია,ყოველდღე ზეთში და მირონში რომ განიბანოს და საცხოვრისი ხატებით და სანთლებით ჰქონდეს მოფენილი,მაინც არაფერი ეშველება



ღმერთს მაშინ უფრო ეყვარები,თუ ადამიანებსაც უყვარხარ.

არ არსებობს ბედნიერება ხალხის სიყვარულზე მეტი და არ არსებობს ტრაგედია ხალხის სიძულვილზე მეტი





ხშირად ამბობენ-ცხოვრება რომ თავიდან დამეწყო,ისევ იმ ცხოვრებით ვიცხოვრებდიო.ასეთი ადამიანები,სინამდვილეში,ბევრად უფრო საცოდავები არიან,ვიდრე ისინი,ვისაც მთელი სიცოცხლე ტანჯვით გამოუვლიათ,რამეთუ მეტი რისხვა დაატყდებათ ღვთისგან.

თვითკმაყოფილი ადამიანი ღვთისგან დასაწუნია და მონანიე და მოტირალი-მოსაწონი



ადამიანის გასაცნობად სულაც არაა საჭირო მასთან ერთად ფუთი მარილის შეჭმა.საკმარისია განსაცდელში ერთად ყოფნა.

მძიმე წუთებში ადამიანი ბევრად უფრო ჭეშმარიტია,ვიდრე სიხარულის დროს



სიძულვილი,სიცრუე და შური-აი ის სამი ყველაზე მთავარი,რაც ადამიანის სულს ანგრევს და ანადგურებს.

სიყვარული-ეს არის ჯადოსნური გრძნობა,რომელზეც გამუდმებით ეჩიჩინება ღმერთი ადამიანს,მაგრამ,სამწუხაროდ,მის თავში ეს ნაკლებად შედის



სიცოცხლე არ არის ყველაზე მთავარი,რაც ღმერთს ადამიანისათვის უბოძებია.მასზე ძვირფასი უამრავი რამ არის ქვეყანაზე-თუნდაც სხვა ადამიანების სიცოცხლე



სანამ რამეს მოიმოქმედებ,დაფიქრდი,რამდენად მოსაწონია ეს ღმერთისათვის.ღვთის თუნდაც ერთი წამით დავიწყება ცოდვისკენ უბიძგებს ადამიანს და შეიძლება ისეთი რამ ჩაიდინოს,რასაც მთელი სიცოცხლე ვეღარ გამოასწორებს



იყო კარგი შვილი- უაღრესად ძნელია,მაგრამ ბევრად უფრო აუცილებელი და მნიშვნელოვანი,ვიდრე იყო კარგი მეუღლე,კარგი მშობელი,კარგი დედმამიშვილი,კარგი მეგობარი და ა.შ.



თუ გულს ემღერება-იმღერე და თუ ეტირება-იტირე,ოღონდ სხვას ნუ შეაწუხებ.სიხარული გაუნაწილე შენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს,დარდი და წუხილი კი შენთვის დაიტოვე



სირცხვილის გრძნობა ერთ-ერთი ყველაზე დიდებული თვისებაა ,რაც კი ადამიანს უბოძა უფალმა; რაც  უფრო მეტად გაქვს ეს გრძნობა განვითარებული,მით მეტად იტანჯება  სხეული,მაგრამ მდიდრდება სული



ნუ აჩვენებ ადამიანებს იმ სისაძაგლეს,რაც თვითონაც კარგად იციან.აჩვენე ის მშვენიერება,რისკენაც უნდა მიისწრაფოდნენ,რათა უკეთესი გახდნენ



ერიდე ისეთ საგნებს,რაც მხოლოდ გარედან ბრწყინავენ.ბევრად უფრო ძვირფასია ის,რაც შინაგანი მშვენიერებითაა გაბრწყინებული



იცოდე,ძაღლის ბუნაგში გაზრდილი მგლის ლეკვისგან არც ძაღლი დადგება და არც მგელი



სხეულის სიამოვნებისაგან სული ღატაკდება და თვითგვემისაგან მდიდრდება.ღატაკი სული მახინჯია,მდიდარი კი-ლამაზი და მშვენიერი



დაიმახსოვრე,ჭეშმარიტი ქრისტიანი თავისი კეთილდღეობისათვის არაფერს სთხოვს ღმერთს,რადგანაც კარგად იცის,რომ უფალმა უწყის,ვის რა სჭირდება და მხოლოდ სხვებისთვის ლოცულობს.ფარისეველი კი ამას პირიქით აკეთებს



ისიც ყოველთვის გახსოვდეს,რომ ღმერთზე ახლობელი და ძვირფასი არავინ გყავს ქვეყანაზე,არც გყოლია და არც გეყოლება



იცოდე,ადამიანი მაშინ კვდება,როცა ღმერთს ივიწყებს და არა მაშინ,როცა მიწაში ჩადებენ



იცი,რატომ მიმართავენ ღმერთს შენობით?–იმიტომ,რომ ღმერთი სიყვარულია.სიყვარულს კი მრავლობითი ფორმა არა აქვს



ადამიანის სულს ისევე სჭირდება კვება,როგორც სხეულს,თორემ შიმშილისაგან დაუძლურდება და დაიღუპება.მისი საზრდელი უფლის სიტყვაა.როგორც სხეულს წყენს გადამეტებული კვება,რომელიც ამახინჯებს და აავადებს მას,ასევეა სულიც.თუ შეძლებ, გაუფრთხილდე სულის წონას,არ გაგიჭირდება სხეულის კონტროლიც



დააფასე ადამიანები უფრო მეტად,ვიდრე ისინი ამას იმსახურებენ



როცა აღსარებას აბარებ,არ გეგონოს რომ მოძღვარს ელაპარაკები,იცოდე,ღმერთი გისმენს.მღვდელს ბევრჯერ  მოატყუებ(თუ იკადრებთ,რა თქმა უნდა),ღმერთსვერასოდეს



უფალზე ფიქრით სიკვდილი ბედნიერებაა,უფლის სახელით სიკვდილიძალიან დიდი ბედნიერება,ხოლო უფლის სახელის გამო სიკვდილიუდიდესი ნეტარება



პირით სინანულზე უმეტესი გულით სინანულია.მთავარი ის კი არ არის რას იტყვი,არამედ ის,თუ რას ფიქრობ გულში.

უფალი მეტადრე გულს უფრო უსმენს,ვიდრე ენას



სანამ ცოცხალი ხარ ადამიანი,იმაზე უნდა იზრუნო,რომ საჭირო იყო სხვისთვის და არა ისე,რომ სხვები გჭირდებოდეს წარამარა.უფალიც ამას ელის შენგან.აწი გეუბნება კიდეც:
რაც გაუკეთე ერთ მცირეთაგანს,ის მე გამიკეთე "
სიცოცხლე მაშინ თავდება,როცა აღარავის სჭირდები...



მთელი ცხოვრება სიკვდილთან შესახვედრად მზადებაა



არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ნიჭი,ვიდრე სიყვარულის ნიჭია.სიყვარული ხომ თავად ღმერთია.განა ღმერთზე ნიჭიერი ვინმე ან რამე შეიძლება იყოს?



მარტო ის კი არ არის მთავარი, თუ რას გრძნობს გული,არამედ ისიც,თუ რას ფიქრობს თავი და რას ამბობს ენა.

როდესაც ეს სამი ჰარმონიაში არიან  ერთმანეთთან,ეს სრული ბედნიერებაა სულისათვის



გულს რად უნდა კარები? ის სულ ღია უნდა იყოს.

ღმერთთან გულღია ადამიანები არიან.

გულს რად უნდა კარები? მას სჭირდება თვალები



საკუთარ სინდისს  ვერავინ ვერც მოატყუებს და ვერც მოისყიდის,რაც არ უნდა დაბინძურებული ჰქონდეს იგი–ვერც სიბრძნით განთქმული ადამიანი და ვერც უკანასკნელი გარეწარი.

როგორც მამა გაბრიელი ამბობდასინდისი პატარა ღმერთია

...და შენ წარმოიდგინეთ,რა ტუტუცი და უგუნური უნდა იყოს ადამიანი,ღვთის მოტყუება ან მისგან რაიმეს დამალვა რომ გადაწყვიტოს.



სირცხვილი სინდისის შვილია.ასევე მისი შვილებია მადლიერება და სინანული.



გიყვარდეს სხეული სულზე მეტად,ნიშნავს გიყვარდეს მკვდარი ცოცხალზე მეტად,ანუ სიკვდილი სიცოცხლეზე მეტად,ანუ სატანა ღმერთზე მეტად



ნურასოდეს იფიქრებ,რომ ღმერთი სხვაზე მეტად გეკუთვნის.უფალი ყველასთვის ეწამა.ამიტომ თავისი წილი უფალი ყველას ეკუთვნის,რაც არ უნდა გადაგვარებული იყოს ადამიანი.შენ არ იცი,ვინ როდის ინანიებს და ვის რას მიუტევებს უფალი.





სიცოცხლე ზრუნვაა ჯანმრთელობისათვის,დღეგრძელობისათვის,

კეთილდღეობისათვის,სიხარულისათვის,ბედნიერებისათვის,

საზრდელისათვის,შესამოსელისათვის,თავშესაფრისათვის და

მრავალი სხვა სიკეთეებისათვის...


...ოღონდ ჯერ სხვა,ირგვლივ მყოფი ადამიანებისა,ნაცნობებისა და უცნობებისა;... და მხოლოდ ამის შემდეგბოლოსსაკუთარი თავისა



–ყველაფერი გაიგე,რაც გითხარი?

–გავიგე,ანგელოზო,ყველაფერი გავიგე.

–დაიძინე ახლა და იფიქრე იმაზე,რაც გითხარი.

–მშვიდობით,ჩემო ანგელოზო.

–მშვიდობით

No comments:

Post a Comment