ერთ მონასტერში
ერთი ბერი ცხოვრობდა.ახალგაზრდა აღარ იყო უკვე,თუმცა არც მოხუცი ეთქმოდა.ძმებში დიდი
სიყვარულით და პატივისცემით გამოირჩეოდა.მის თვალებში სულ მუდამ სითბო და სიყვარული
გამოსჭვიოდა.თავადაც ყველას სიყვარულით და პატივისცემით ეპყრობოდა.მიუხედავად იმისა,რომ
თითქმის ყველაზე უხუცესი წევრი იყო მონასტრისა,არავის არასოდეს არ აგრძნობინებდა ამას,თვით
ახლად მისულ ახალგარზრდა ძმებსაც კი.არც მომსახურებას თაკილობდა და არც რაიმე რთულ
და ძნელად გასაკეთებელ საქმეს.ზედმეტად არავის შეაწუხებდა.თუ ვინმე თავად შეამჩნევდა,თორემ
ისე არავის შეაწუხებდა,არავის გაანდობდა თავის გასაჭირს,დარდსა თუ ვარამს.“მე რა ღირსი
ვარ,ჩემს გამო ვინმე შეწუხდესო“–ფიქრობდა და ასე დღითი დღე გაჰყავდა თავისი ცხოვრება.თვითონ
კი,თუ დაინახავდა ვინმეს რამე უჭირდა,ფიზიკურად თუ სულიერად,მაშინვე მასთან გაჩნდებოდა
და თავისი სულის და გულის უკნასკნელ ნაწილაკს გაიღებდა,ფიზიკურ დახმარებაზე რომ არაფერი
ვთქვათ,რაც არ უნდა დაღლილი და დაქანცული ყოფილიყო.პირიქით,ბედნიერიც კი იყო ამით–ოღონდ
ვინმეს რამეში გამოვადგე მე ცოდვილიო.ამიტომაც უყვარდა ყველას და მოწიწებით და დიდი
სიყვარულით ეპყრობოდნენ,თუმცა ბევრჯერ უხერხულად უგრძვნია თავი–არ ვარ ასეთი სიყვარულის
ღირსიო.
განმარტოება უყვარდა.როცა
ამის დრო და საშუალება ჰქონდა.როცა ყველა კარგად ეგულებოდა და იცოდა,რომ მის დახმარებას
არავინ საჭიროებდა.ამ დროს კელიაში ხატების წინ დაემხობოდა და მხურვალედ ლოცულობდა.ლოცვა
კი ცრემლიანი იცოდა,ტიროდა და ლოცულობდა.თავდახრილი,ისე,რომ ხატებსაც არ უყურებდა–ღირსი
არ ვარო.იდგა მუხლებზე,ტიროდა და ლოცულობდა.
თუ ცრემლის გარეშე
ჩაივლიდა ლოცვა,იმას უნაყოფოდ დაკარგულ დროდ მიიჩნევდა.“უცრემლოდ ლოცვა რა ლოცვაა,ესე
იგი გაქვავებული მაქვს გული და არ დევს იქ უფლის სიყვარულიო“–ასე ფიქრობდა ხოლმე ამ
დროს,თუმცა ისიც უნდა ითქვას,რომ ასეთი ლოცვები ძალზედ იშვიათი იყო და უმეტეს შემთხვევაში
ისე ლოცულობდა,როგორც თავად სურდა–მთელი გულით,მთელი არსებით,სხეულის ყოველი წერტილით,სულის
ყოველი ამოძახილით.შემდეგ დიდხანს აღარ გამოდიოდა,სანამ დაწითლებული თვალები ჩვეულებრივ
გამომეტყველებას არ მიიღებდნენ.ნამტირალები თვალებით როგორ დაენახვებოდა ვინმეს,ეს
ხომ დიდი ამპარტავნებააო–ფიქრობდა.არც არავის დაუნახია არც ატირებული და არც დაწითლებული
თვალებით.პირიქით,სულ იღიმოდა და ალერსიანი თვალებით შეჰყურებდა ყველას.
მიუხედავად იმისა,რომ
არც ღვაწლი აკლდა და არც სათნოება,მდუმარების აღთქმა ჰქონდა უფალთან დადებული და პირუთვნელად
ასრულებდა კიდეც.არავინ იცის,რა ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი,რამ აიძულა ასეთი მძიმე
ტვირთი აეკიდა საკუთარ მხრებზე,თუმცა ამას არც არავინ ეკითხებოდა და მოდი ჩვენც ნუ
ჩავეძიებით.რადგან იტვირთა,ალბათ ასე იყო მისთვის საჭირო და ჩვენც პატივი ვცეთ მის
არჩევანს.
რა უნდა მომხდარიყო,რომ
აღთქმა დაერღვია,გამორიცხული იყო.არც არასოდეს დაარღვევდა.თუმცა...
ჩვენს სათნო ბერს
ერთი ისეთი უცნაური ამბავი გადახდა,ვერავინ რომ ვერ იფიქრებდა.
ადამიანები ხშირად
ამბობენ ასეთ ფრაზას:“კაცი ბჭობდა,ღმერთი იცინოდაო“.ვინმე უმეცარი ეხლაც გამოიყენებდა
ამ გამონათქვამს და არც კი დაფიქრდებოდა რამხელა უმეცრებასთან აქვს საქმე.
თუნდაც ადამიანური
საზომით,რომელიც ოდავადაც კი არ არის ახლოს ღვთის აზროვნებასთან,ეს უგუნურება აქვე
მინდა გავაქარწყლო,რამდენადაც ჩემი მწირი გონება
შეძლებს ამას.
ღმერთის სიცილი
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? ჩვენ ადამიანები იმდენ უმეცრებას ჩავდივართ ცხოვრებაში,ალბათ
ჩვენი საზომით რომ მივუდგეთ,მარად სასაცილოები და დასაცინები ვართ,თუ უფრო მეტი არა,თუმცა
ის როდი დაგვცინის?ეს ჩვენ,ადამიანებმა ვიცით ერთმანეთის დაცინვა ისე,რომ ხანდახან
მუცელს ძლივს ვიკავებთ სიცილისაგან.უფალი კი ამ დრო ტირის.ტირის ჩვენი უმეცრების და
უგუნურების გამო,ტირის ჩვენი ცოდვების გამო,ჩვენი გაუბედურებული,გასაცოდავებული და
გავერანებული სულების გამო.ჩვენ კი ვიცინით და ვიცინით და ისევ და ისევ ჯვარს ვაკრავთ
უფალს ჩვენი სიცილით.
და ყველაზე გასაოცარი
იცით რა არის?ისევ ადამიანური საზომით რომ მივუდგეთ,ნეტავ რატომ უყვარვართ უფალს ასეთი
ძალით?რისთვის?რა დამსახურების გამო?რა სიკეთის გამო?უამრავ სისაძაგლეს ჩავდივართ სიცოცხლეში
და მიუხედავდ ამისა მაინც ვუყვარვართ,თანაც ისე,რომ ამის წარმოდგენაც კი არ შეუძლია
ადამიანის გონებას.ჩვენ კი დავცინით ყველას და ყველაფერს,დავცინით უფალსაც,რომელიც
ამ დროს ტირის და იმდენი კადნიერებაც გვყოფნის,რომ უფალი ადამიანის მდაბიო გონებას
გავუტოლოთ და დავაბრალოთ ისეთი რამ,რასაც მხოლოდ ადამინი თუ მოიფიქრებდა მთელი თავისი
უგუნურებით და უმეცრებით.
არა,არ დაგვცინის
უფალი,არასოდეს.არათუ დაგვცინის,არც კი გვიბრაზდება,არამედ მოთმინებით ადის ჯვარზე
უკვე მერამდენედ და გველოდება როდის ვიკადრებთ,რომ თუნდაც ერთი ლურსმანი ამოვუღოთ ჭრილობიდან,თუნდაც
ერთი წვეთით ნაკლები სისხლი ვადინოთ იარებიდან,რომლებსაც ისევ და ისევ ჩვენს გამო იღებს
თავის თავზე,რათა ჩვენ თბილად ვიყოთ,არხეინად,უდარდელად და ვიცინოთ და ვიცინოთ დაუსრულებლად.
თქვენის ნებართვით
დავუბრუნდები ჩვენს ბერს და გავაგრძელებ თხრობას.
მონასტერი,სადაც
ბერი ცხოვრობდა,მთის სიღრმეში მდებარეობდა ხალხისაგან განცალკევებულ ადგილას,როგორც
ეს ხშირად ხდება ბერ–მონაზონთა ცხოვრების წესიდან გამომდინარე.არც ისე შორს მდინარე
ჩამოდიოდა.საკმაოდ ჩქარი და ბობოქარი.მისი ხმა მონასტერსაც წვდებოდა,თუმცა ხელს არ
უშლიდა იქ მცხოვრებ ბერებს არაფერში,პირიქით მეტი სიახლოვის გრძნობას ბადებდა ბუნებასთან
და აქედან გამომდინარე უფალთანაც.
ბერებს წყლის მოსატანად
მდინარეზე სიარული არ სჭირდებოდათ,რადგან იქვე ახლოს კამკამა წყარო მოედინებოდა რომელიც
იმავე მდინარის ერთ პატარა განშტოებას წარმოადგენდა სანამ ჯერ კიდევ კლდეზე მოედინებოდა,ბერებისათვის
კალაპოტშეცვლილი ,ბერებსვე ამარაგებდა თავისი ხავერდოვანი და ქარვისფერი მძივებით.ეს
წყარო იყო მათთვის ის ყველაზე დიდი საჩუქარი უფლისა ადამინისადმი,წყალი რომ ჰქვია,თუმცა
ალბათ ნაკლებად,ვინმე სრულად რომ აცნობიერებდეს ამ მართლაც ღვთიურ საჩუქარს.ამ წყაროს
ამიტომაც ბერთა წყაროს ეძახდნენ.
ჩვენი ბერიც ამ
წყაროდან იღებდა წყალს.ცდილობდა ყველასთვის მოესწრო და პირველს მიეტანა წყალი სასადილო
იქნებოდა ეს თუ სხვა რამ,რასაც საერთო საჭიროებისათვის ხმარობდნენ ბერები.და მხოლოდ
ამის შემდეგ წავიდოდა ისევ და თავის კელიას მოამარაგებდა.ან თუ იცოდა,რომ რომელიმე
თანამოძმეს გაუთავდა წყალი კელიაში,სიხარულით მიდიოდა და მოჰქონდა.ასე იყო სხვაც და
ასე ზრუნავდა ყველა ერთმანეთზე.
იმ დღესაც გასწია
წყაროსკენ,მაგრამ როცა მიუახლოვდა,იმედი გაუცრუვდა.წყარო თითქმის დამშრალიყო და ჭუჭყიანი
წყალი ჩაგუბებულიყო შიგ წუხანდელი წვიმის შემდეგ.აშკარა იყო ვიღაცამ კალაპოტი შეუცვალა
ბერთა წყაროს და სხვა მიმართულება მისცა.ეს ადრეც მომხდარა.მონადირეები დადიოდნენ ხშირად
და ხან შეგნებულად და ხანაც გაუთვიცნობიერებლად კალაპოტს უცვლიდნენ ხოლმე ბერების წყაროს,თუმცა
ეს ძალზედ იშვიათად ხდებოდა.
ბერი წყაროს კვალს
გაუყვა მდინარისკენ.კალაპოტი იმდენად იყო მოშლილი,რომ ალბათ ახლის გაყვანა იქნებოდა
საჭირო.იფიქრა,სანამ ძმებს შევაწუხებ,გავალ მდინარემდე და რასაც შევძლებ,თავად გავაკეთებო.ასეც
მოიქცა.მდინარეს რომ მიუახლოვდა,სველ ქვაზე ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა.თავიდან
გაეცინა–დავბერებულვარ უკვეო–იფიქრა.ეგონა იოლად ამოვიდოდა უკან,მაგრამ ასე არ ვფიქრობდა
თავად მდინარე.ერთმა აზვირთებულმა ტალღამ ქვას მიახეთქა და ლამის გონება დააკარგვინა.მთელი
ძალები მოიკრიფა,რომ გამორკვეულიყო,რა ხდებოდა მის თავს.მდინარე უკვე ნაფოტივით მიაქანებდა
მის სხეულს.ცურვას არასოდეს უჩიოდა,კარგად იცოდა და წამითაც არ დაეჭვებულა,რომ დააღწევდა
თავს ამ მცირე განსაცდელს,მიუხედავად იმისა,რომ მდინარე ჩქარი იყო და წუხანდელი წვიმის
შემდეგ ცოტათი აბობოქრებულიც.
გაიბრძოლა,სცადა
ნაპირთან გაეცურა,მაგრამ ვერ შეძლო.თითქოს სულ ვიღაც თუ რაღაც უშლიდა ხელს.აი,მდინარემაც
გაივაკა.ალბათ ეხლა უფრო იოლად ავა ნაპირზე,მაგრამ ძალიან დაიღალა,ძალა გამოელია.უცებ
საშინელმა აზრმა გაუელვა თავში.სულ რაღაც სამასიოდე მეტრში,მდინარე დაქანებას აკეთებს
და ჩანჩქერად იქცევა.კარგად იცოდა ეს ადგილები და უცბად წარმოიდგინა ყველაფერი.თუ მანამდე
ვერ გამოვიდა ნაპირზე,იქ ვერ გადარჩებოდა და ეს კარგად იცოდა.სიმწრისგან გაეღიმა,ნუთი
ასე უაზროდ უნდა დაიღუპოს?რატომ მოუმზადა უფალმა ასეთი სიკვდილი?
თუმცა...
ნაპირზე მეთევზეები
შენიშნა.ანკესებს ამზადებდნენ წყალში ჩასაგდებად.შვებით ამოისუნთქა.სულ ახლოს იყვნენ.ერთს
დაიძახებდა და უცებ გააგონებდა.
მაგრამ...
გაახსენდა,რომ მდუმარების
აღთქმა ჰქონდა დადებული და თვალები ცრემლებით აევსო.რა ქნას ახლა,როგორ მოიქცეს?დაარღვევს
აღთქმას და გადარჩება,არა და ვერაფერი იხსნის სიკვდილისაგან.მის გონებაში წამებში გაიარა
მთელმა მისმა ცხოვრებამ.უფლისათვის სიკვდილს ნატრობდა მუდამ,მაგრამ ეს ის არ იყო.განა
ასეთუ უაზრო და სულელური სიკვდილი სჭირდებოდა უფალს მისგან?რატომ დასჭირდა უფალს მისი
ასეთი სახით გამოცდა?იქნებ,სიცოცხლის გამო რომ დაიყვიროს,შეუნდოს უფალმა ეს იძულებითი
ნაბიჯი?
–არა,არა,არავითარ
შემთხვევაში.მერე როგორ უნდა იცოცხლოს თავლაფსდასხმულმა და შერცხვენილმა? როგორ უნდა
მოინანიოს? რა უნდა უთხრას უფალს,შენ გაგიმეტე
ჩემი დამპალი სიცოცხლისათვისო?ვერასოდეს ვერ აპატიებს ამას საკუთარ თავს.არასოდეს კაცისთვის
მიცემული სიტყვა არ გაუტეხავს და უფლისათვის მიცემული სიტყვა გატეხოს? წარმოუდგენელია.
მაგრამ,ვაითუ უფალმა
უთხრას შემდეგ,მოგეცი გადარჩენის შანსი და არ გამოიყენეო?მე შენთვის მეთევზეები მოვიყვანე
ნაპირთან,შენ კი შენი ამპარტავნებისა და სუჯიუტის გამო ხმა არ ამოიღეო?
ღაპაღუპით სდიოდა
ცრემლები.ტიროდა არა იმის გამო,რომ სიცოცხლე ენანებოდა,არამედ იმის გამო,რომ არ იცოდა
უფლისათვის სათნოდ როგორ მოქცეულიყო.ისიც კი ადარდებდა,რომ ყოყმანმა შეიპყრო და მართალიც
იყო.ეხლაღა მიხვდა,რამდენად მცირედმორწმუნე იყო ყველაფრის მიუხედავად და რამდენად უსუსური
და ცოდვილი ბუნება ჰქონდა ისევ.
თავთან უზარმაზარი
არსება შენიშნა,საშინელი და ამაზრზენი.გამოცნობაც არ სჭირდებოდა,ამ ურჩხულს ვინ არ
იცნობდა?ადამიანთა მოდგმის უდიდეს და უპირველეს მტერს,უფლის გამყიდველს და ამპარტავან
ანგელოზყოფილს?
უზომო სიხარულით
ხარხარებდა და სიამოვნებისაგან ისე იკლაკნებოდა,სადაცაა შუაზე გადაწყდებაო–ანაზდად
იფიქრებდი კაცი.ასეთი გახარებული ადამიანიც კი არ უნახავს ცხოვრებაში.მაგრამ რაც არ
უნდა გასაოცარი მოგეჩვენოთ,სწორედ მისმა გამოჩენამ გადაწყვიტა ბერის არჩევანი,რომელიც
საკმაოდ საზრიანი გახლდათ და წამის მეასედში უცებ გააანალიზა ყველაფერი.მისი სიკვდილი
რომ ნდომოდა უფალს და ეს ასეც ხდებოდა,თუ ბერი აღთქმას არ დაარღვევდა,მაშინ ეს ურჩხული
არ უნდა გამოჩენილიყო.
„მაგრამ რადგან
გამოჩნდა,საკითხავია,რა უნდა უნდოდეს ჩემგან და ასე რა უხარია?–რა თქმა უნდა ჩემი ცოდვით
დაცემა და გაუბედურება.ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება თუ მე აღთქმას დავარღვევ.ჰაი,დედასა,როგორ
ტყუილად გიხარია შე გასაოხრებელო.ვერ მოგცემ თავს დასაღუპად.ჩემი ცოდვებიც საკმარისია,რაც
უფალი ვამწარე.წყეულიმც იყავ უკუნისამდე და არ გეღიროს არცერთი ადამიანის შეცდენა და
გაუბედურება.ასი სიცოცხლე რომ მქონდეს,ერთიც არ დამენანება უფლისათვის.აღთქმის დარღვევას
კი სიკვდილი მირჩევნია“ გაიფიქრა ბერმა და სრულიად დაღლილმა და დაქანცულმა შეწყვიტა
მოუსვენარ მდინარესთან ბრძოლა და თვალები დახუჭა.
თვალები რომ გაახილა
ნაპირზე აღმოჩნდა.მეთევზეებს ყვირილი გაუგიათ მდინარიდან,როგორც თავად ამბობენ და დაუნახავთ
მდინარეში მოფართხალე უმწეო ბერი.
საოცარია,მე არ
დამიყვირია,გაიფიქრა ბერმა.როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო?
რამ გაგაოცა მცირედმორწმუნეო?–შემოესმა
არაბუნებრივად ნაზი,ალერსიანი,მაგრამ ოდნავ გაბრაზებული ხმა.მაშინვე მიხვდა,რომ ეს
ადამიანის ხმა არ იყო–რად გაგიჩნდა ეჭვები ჩემს მიმართ? ნუთუ როდისმე მიმიტოვებიხარ?
ნუთუ როდისმე მომიცია საბაბი ეჭვი გაგჩენოდა ჩემს სიყვარულში შენს მიმართ? როგორ შეგეძლო,თუნდაც
წამით დაეჭვებულიყავი,რომ უფალი ივიწყებს თავის სათნო შვილებს და ეშმაკის საჯიჯგნად
იმეტებს მათ? თუ შენ,ჩემს სათნო ჭურჭელს ეჭვი გეპარება ჩემში,მაშინ როგორ უნდა მენდოს
ის საბრალო და უმეცარი ადამიანი,რომელიც ჯერ კიდევ შორსაა ჩემგან?
განა არ იცი,რომ
მე ყველგან ვარ,ყოველ წამს და ყოველ ჟამს? განა არ იცი,რომ მე ვარ უფალი,ღმერთი ყოველივესი,სიკვდილისა
და სიცოცხლისა,შენი ყოველი ფიქრისა და საქმისა? ნუთუ შენ გეგონა,რომ უფალი გაიმეტებდა
ადამიანს,რომელმაც აღთქმის დარღვევას სიკვდილი არჩია? ნუთუ გეგონა,რომ ერთ წამში გავანადგურებდი
ჩემს აღთქმას,რაც მე ადამიანებისათვის მიმიცია? განა მე შენს გამოც არ ვეწამე? განა
მამა და ღმერთი შენი ჯოჯოხეთის თავადისათვის გაგიმეტებდა?
წადი,ახსნილი გაქვს
აღთქმა.მოუყევი ადამიანებს რაც გადაგხდა და რაც გითხარი.
ნუ ხართ მცირედმორწმუნენი.არ
არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, უფალს რომ უყვარხართ და არ არსებობს იმაზე მეტი საზღაური,ჩემი
გულისათვის თავგანწირვის გამო რომ მიიღებთ.
გიყვარდეთ უფალი
და გიყვარდეთ ერთმანეთი და ათასჯერ და ათიათასჯერ მეტს მიიღებთ უკან.მე მეტი არაფერი მინდა თქვენგან.
...და დაიმახსოვრეთ:მე
ყველგან ვარ მარადის,ყოველივეს ვხედავ და ყოველივე მესმის...
ბერი კი გულამოსკვნილი
ტიროდა და ბედნიერებისაგან და მოულოდნელობისაგან ასეთი წყალობის გამო,ერთიანდ ცახცახებდა
და გაოგნებულ მეთევზეებს ღიმილით შესქეროდა.
მრავალი წლის შემდეგ,როდესაც
ბერი მშვიდობით მიიცვალა უფლის სამსახურში,მისი საფლავის ქვაზე ვინაობის გარდა,ყოველგვარი
ეპიტაფიის გარეშე,ერთადერთი სიტყვა იყო ამოტვიფრული–აღთქმა.
No comments:
Post a Comment