Wednesday, 12 December 2012

არჩევანი






ტელეფონის ზარი გაისმა.კაცმა მძიმედ აიღო ყურმილი და უხალისოდ მიიტანა ყურთან.სულ რამდენიმე წამში არაადამიანური ბღავილი აღმოხდა,სიხარულისა და მოულოდნელობისაგან  ერთიანად გაწითლებულიყო და ყელში გაჩხერილ ცრემლების ნიაღვარს აღარც დასჭირვებია გზის განათავისუფლება,ისეთი ძალით იფეთქეს გულიდან და შემდეგ თვალებიდან.ასეთი ტკბილი და სანატრელი არაფერი განუცდია ცხოვრებაში,როგორიც ახლა ეს ცრემლები იყო–ცრემლები ენით უთქმელი სიხარულისა და უსაზღვრო ბედნიერებისა.

საავადმყოფოდან რეკავდენენ.მისი გოგონა,რომელიც პრაქტიკულად სასიკვდილოდ იყო გადადებული და მრავალი წლის მანძილზე მხოლოდ ეგრეთ წოდებული აპარატის წყალობით ითვლებოდა ცოცხალთა სიაში,კომადან გამოსულიყო და გაოგნებულ ექიმებს თვითონაც გაოგნებული შეჰყურებდა თვალებში.მათ კი მხოლოდ ისღა მოეხერხებინათ,რომ მისთვის შეეტყობინებინათ ეს ამბავი და სასწრაფოდ დაებარებინათ საავადმყოფოში,რათა თავადვე აეხსნა თავისი პირმშოსათვის,თუ რა მოხდა და რატომ იმყოფებოდა იქ.

...7 წლის წინ,მეგობრის დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ თავისი მანქანით,როდესაც გზაჯვარედინზე მოსახვევში გიჟივით გამოვარდნილმა სატვირთო მანქანამ ბურთივით აისროლა ჰაერში და საკმაოდ შორ მანძილზე გადასტყორცნა.

მეუღლე ადგილზევე გარდაეცვალა,თვითონაც საკმაოდ მძიმე ტრავმები მიიღო,ხოლო ერთადერთი შვილი,5 წლის პატარა გოგონა თავის მძიმე დაზიანებით კომატოზურ მდგომარეობაში აგერ უკვე 7 წელიწადია სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა.ბევრჯერ ურჩიეს კიდეც,გამოერთო აპარატიდან და თვითონაც დაესვენა და გოგონას სულიც დაესვენებინა,მაგრამ როგორც მოსიყვარულე მამას და როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს ამის გაგონებაც კი არ უნდოდა და წამითაც  არ უფიქრია ამაზე.სანამ ცოცხალი იყო,არ დანებდებოდა და სიკვდილს არ დაუთმობდა თავის ერთადერთ უსაყვარლეს არსებას; სანამ შეეძლებოდა,ღვთის იმედად დარჩენილი იმედს არ დაკარგავდა და ცრემლსა და ლოცვაში გალევდა წუთისოფელს.

იმედი კი ძალიან მცირე იყო.მსგავს მდგომარეობაში მყოფი სხვა ადამიანები როგორც წესი უკან ვერ ბრუნდებოდნენ და პატარას არათუ კომადან გამოსვლის,არამედ  საერთოდ მისი სიცოცხლის საკითხიც კი ძალზედ საეჭვო იყო,თუმცა ექიმთა განსაცვიფრებლად,აგერ უკვე 7 წელიწადია გოგონა სუნთქავდა და სულაც არ აპირებდა სიკვდილს.

ის,რაც ამ 7 წლის მანძილზე გადაუტანია,ფიქრსა თუ დარდში,ცრემლსა თუ ოხვრაში,ლოცვასა თუ ვედრებაში,ამას,მომიტევეთ და,მე ვერ შევძლებ ოდნავ მაინც რომ აგიხსნათ.

არის ტკივილი,რომელსაც ენა ვერ გადმოსცემს,რომელსაც ვერც თვალებში დაინახავ და ვერც გულიდან ამოიკითხავ.მშრალ სიტყვებს კი აბა რა შეუძლიათ?ყოველი ადამიანი სხვადასხვანაირად განიცდის ტკივილს და ეს იმდენად ინდივიდუალურია და პირადი,რომ მხოლოდ ერთადერთ რამეს შეუძლია ამის გაგება–გრძნობას.გრძნობის გადმოცემა კი სიტყვებით ძალზე რთულია.ეს თავად უნდა განიცადო,რომ გაიგო.

ასე იყო თუ ისე,7 წელიწადმა დარდსა და ცრემლში გაიარა,თუმცა იმედი არასოდეს დაუკარგავს.იმედი კი მხოლოდ უფლისა ჰქონდა.იცოდა,რომ მხოლოდ მას შეეძლო მისი ცრემლებისათვის ყური მიეგდო,მისი გული სრულად დაენახა და დღეს თუ ხვალ შეეწყალებინა სასიკვდილოდ განწირული გოგონა და მამისათვის დაებრუნებინა,თუმცა იქ,გულის სადღაც ძალიან შორეულ კუნჭულში,რა დასამალია და,მაინც ეჭვის ჭია აწვალებდა,რომ ეს შეუძლებელი იყო და ეს უფრო უასმაგებდა ტანჯვას და ტკივილს.ვინ იცის,იქნებ სწორედ ეს სულ პაწაწინა ყოყმანი იყო იმის მიზეზი,რომ მისი გოგონა არც იქით იყო და არც აქეთ.

არ შეიძლება ღმერთს ევედრო,მთელი გულით,მთელი არსებით,ცრემლით და ლოცვით შესთხოვო და მაინც მცირე ეჭვი გტანჯავდეს და გისპობდეს იმედს.უფალს უნდა ენდო მთელი არსებით,მთელი გონებით,სისხლის ყოველი წვეთით,სხეულის ყოველი უჯრედით,ყოველი სუნთქვით,ყოველი გულისცემით,მტკიცედ და ურყევად.განა ამას თქმა სჭირდება?

ვეცადე მოკლედ გადმომეცა იმ ადამიანის განცდა,რომელმაც ერთი საყვარელი ადამიანი დაკარგად და მეორე ხელიდან ეცლებოდა.

ტელეფონის ზარმა უდიდესი სიხარული მოჰგვარა.ბედნიერებისაგან ლამის გული გახეთქვოდა.წავიდოდა კი არა გაფრინდებოდა,ოღონდ მისი გოგონა ცოცხალი და ჯანმრთელი ეხილა.თან იმიტომაც ჩქარობდა,რომ კარგად იცოდა გოგონას ფსიქოლოგიური მდგომარეობა,როდესაც კომადან გამოვიდოდა და დედის სიკვდილს შეიტყობდა.ათასჯერ უფიქრია ამაზე.ათასჯერ აუწონია ყოველი სიტყვა,ყოველი ფრაზა,ყოველი მოქმედება.ჯერ მისი სახლში მოყვანა იყო საჭირო და მერე ფრთხილად,ძალიან ფაქიზად უნდა გაეკეთებინა ეს ყოველივე.ექიმებიც არაერთხელ გააფრთხილა,რომ არავითარ შემთხვევაში არაფერი ეთქვათ გოგონასთვის დედის სიკვდილის შესახებ,თუკი როდისმე გონს მოვიდოდა.

თუმცა...ვინ იცის,იქნებ ვინმემ მაინც წამოროშოს და გოგონას სულს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს?

ამიტომაც ჩქარობდა.ერთადერთი რასაც ეხლა ნატრობდა,სწორედ ეს გახლდათ,რომ მიესწრო მანამდე,ვიდრე ვინმე რამე არასასურველს ეტყოდა კომადან ახლადგამოსულ და ისედაც თავისი მდგომარეობით გაოგნებულ გოგონას.

ვისთან აღარ უსაუბრია ამის შესახებ–ფსიქოლოგებთანაც,ფსიქიატრებთანაც,სასულიერო პირებთანაც,მეგობრებთანაც,ნათესავებთანაც.

გოგონა ეხლა უკვე 12 წლის იყო და ისიც არ იცოდა კარგად,ისევ 5 წლის ბავშვის გონება ექნებოდა და უკვე მოზრდილი გოგონას ფსიქიკა ჰქონდა ჩამოყალიბებული.ამიტომ უაღრესად ფრთხილად უნდა მიდგომოდა მასთან ურთიერთობას .

აი,მოკლედ ის,რისი თქმაც მინდოდა წარსულის შესახებ,რათა შეძლებისდაგვარად უკეთ ამეხსნა თქვენთვის ტელეფონის ზარით გამოწვეული სულიერი მდგომარეობა კაცისა,რომელსაც დიდი ხნის ნანატრი შვილი დაუბრუნა უფალმა.

სწრაფად ჩაიცვა რაც მოხვდა ხელთ და გიჟივით გავარდა გარეთ.პირველივე მანქანას აუწია ხელი.არ გაუჩერა.

გულდაწყვეტილი,აფორიაქებული და განერვიულებული შემდეგი მანქანის მოლოდინში  ბოლთას სცემდა აქეთ იქით.აი ისევ გამოჩნდა რაღაც.გაუჩერა.შენ გაგახარაო ღმერთმა გაიფიქრა და მანქანისკენ დაიძრა.

უეცრად,სასოწარკვეთილმა კივილმა შესძრა არემარე.

მიიხედა,კორპუსთან ქალი კიოდა და ზევით იშვერდა ხელს.ინსტიქტურად მანაც ზევით აიხედა.პატარა ბავშვი აივანზე გადმოცოცებულიყო და სადაცაა ჩამოვარდებოდა.გაოგნდა,თვალებს არ უჯერებდა.ღმერთო,ეს რა ხდება?ბავშვი აივნიდან ვარდება.ნუთუ მის სიკვდილს უნდა შეესწროს? 3–4 წლის იქნებოდა ასე,როგორც აქედან ხედავდა,მეექვსე თუ მეშვიდე სართული იყო,ახლა ამის დათვლის თავი არ ჰქონდა.

გაშეშდა და წამით გაირინდა.რა ქნას?იქით საკუთარ შვილთან ეჩქარება.აქეთ პატარა სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია.ან რა შეუძლია,რომ გააკეთოს?აერია თავში ყველაფერი.თითქოს ორი მე ჩაეჭიდა ერთმანეთს და გასაქანს არ აძლევენ ერთმანეთს.

–წადი ჩქარა შენს შვილთან.ამდენი ხანი ელოდი.აი,ღმერთმა დაგიბრუნა უკან.ნუღა აყოვნებ.ამ პატარას შენ მაინც ვერ უშველი.ამასობაში კი დროს დაკარგავ და შეიძლება ისეთი გამოუსწორებელი რამ მოხდეს,რომ მერე მთელი ცხოვრება სანანებელი გაგიხდეს–ეუბნებოდა ერთი

–არა,არ წახვიდე.შენ ამ ბავშვის სიცოცხლე უნდა გადაარჩინო.შენ ეს შეგიძლია.წადი,ქვეშ დაუდექი.ყველაფერი გააკეთე,რომ რბილად დაეცეს.იქნებ გადარჩეს კიდეც.ნუღა აყოვნებ,ყოველი წამი ძვირფასია.ეხლავე გასწიე.ეს რომ არ გააკეთო,როგორ ჩახედავ საკუთარ შვილს თვალებში? ან ღმერთს რა პასუხს გასცემ?–ეუბნებოდა მეორე

ეს იყო არჩევანი,რომლის მსგავსიც ცხოვრებაში შეიძლება მხოლოდ ერთხელ დადგეს.ერთ მხარეს იდგა საკუთარი შვილი,მრავალი წლის უნახავი.მისი ჯანმრთელობა და სულიერი მდგომარეობა. ხოლო მეორე მხარეს– ღირსება,სინდისი და ადამიანური ვალდებულება.

რას შვრებით,არ მოდიხართ? გამოჰხედა მანქანის მძღოლმა.უცებ გამოერკვა ფიქრებიდან.გადაწყვეტილებაც უცებ მიიღო.მობრუნდა და წამში კორპუსთან გაჩნდა.

სწორედ ამ დროს ბავშვის სხეული მოაჯირს მოსწყდა და დაბლა დაეშვა.ძლივს მოასწრო,რომ მის ქვეშ გაჩენილიყო და ხელები ნახევრად ისე გაეშვირა,რომ დამხმარე ძალად თავისი სხეულიც გამოეყენებინა.ბავშვი ხელებში დაიჭირა,მაგრამ ხელებმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და დაბლა დაუვარდა,თუმცა სიმძიმის ძალა საგრძნობლად შეამცირა და სხეულის ვარდნა ბევრად შეანელა.

ბავშვის დაჭერამ მისი სხეულიც დაიქნია და თავი აფალტს დაანარცხა,თუმცა დაცემისას ამაზე სართოდ აღარ ფიქრობდა,მარტო ის ადარდებდა,ბავშვი გადარჩა თუ არა.

ქალი ბავშვს მივარდა და ხელში აიყვანა.ცოცხალია,ჩქარა,სასწრაფო!

ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა.მალე სიმსუბუქეც იგრძნო და საკუთარი სხეული დაინახა ზემოდან.ყველაფერს მიხვდა.ახლაღა გაახსენდა,რამდენჯერ უთხოვია უფლისათვის,ოღონდ ჩემი გოგონა დამიბრუნე და თუ გინდა ჩემი სიცოცხლე წაიღეო.ხოდა აუსრულა ღმერთმა თხოვნა,განა ბედნიერი და კმაყოფილი არ უნდა ყოფილიყო? როგორ უნდა ეხლა ტირილი,მაგრამ არ შეუძლია.თუმცა არა უშავს,თუ უფლის ნახვა ეღირსა,გულმხურვალედ გადაუხდის მადლობას და შესთხოვს.რომ თავისი პატარა გოგონა არ მიატოვოს და წყალობა არ მოაკლოს.

აი,ეს პატარა ბავშვიც,ამ ქალს რომ აუყვანია ხელში და ხალხი შემოხვევია ირგვლივ,ცოცხალია.რა მედნიერია თუნდაც ამით.ღმერთმა ინება და მისი სიცოცხლე ამ პატარა არსების სანაცვლოდ შეიწირა.განა ამაზე ტკბილი სიკვდილი შეიძლება არსებობდეს?

ეეჰ,რას იზამ,სიცოცხლე ღვთის ლოგიკას ექვემდებარება და არა ადამიანისას.ყველაფერი,რასაც  ვნატრობთ არ არის ისეთი სათნო,როგორც ჩვენ გვგონია.განა უფალზე უკეთესად ვინმემ იცის ვისი სულისთვის რა უფრო სასარგებლოა–ცრემლი თუ სიხარული,ტანჯვა თუ მხიარულება,სნეულება თუ ჯანმრთელობა,სიცოცხლე თუ სიკვდილი? განა უფალზე უკეთ ვინმემ იცის ვის როგორ მოუაროს? განა უფალზე მეტად ვინმეს ვუყვარვართ ამ სამყაროში?

კაცი კი იწვა გაუნძრევლად საცხოვრებელი კორპუსის წინ და სხეულის უტყვი გამომეტყველებით არაფერს ეუბნებოდა გარსშემოხვეულ ადამიანებს,რომელნიც სინანულით დასცქეროდნენ და ზოგი გულში და ზოგიც ხმამაღლა ამბობდა: შენ კაცობას ვენაცვალე,ძმაო,ღმერთმა სასუფეველში დაგიმკვიდროს ადგილი !!!


No comments:

Post a Comment