Tuesday, 20 December 2011

მამა ალექსი


მამა ალექსი ეპისკოპოსია,ერთ–ერთ ეპარქიას უდგას სათავეში.ყველა წესის და საეკლესიო კანონის მიხედვით მეუფეს უნდა ეძახდნენ,მაგრამ ისე ვერ იტანს და იმდენად მკაცრია მის მიმართ,ვინც ასე დაუძახებს,რომ აღარც არავინ ცდილობს უკვე.თავის დროზე პატრიარქსაც ეხვეწებოდა,ლამის მუხლდაჩოქილი ემუდარებოდა არ მინდა ეპისკოპოსის ხარისხი,ჩვეულებრივი მღვდელი მინდა ვიყოო,მაგრამ ვინ მოუსმინა?პატრიარქმა მის თხოვნას ყურიც არ ათხოვა.შენ ვინ გეკითხება,უფალს დაუდგენია იერარქია და ვისაც რა ეკუთვნის,ის უნდა იტვირთოსო.განა მე მეხალისება პატრიარქობა?წავიდოდი სადმე ბერად და ვიქნებოდი ჩემთვის წყნარად მარხვასა და ლოცვაში.არ შეიძლება ასე,თუ უფალს ემსახურები,სადაც დაგაყენებს იქ ემსახურე,თუ არადა დაიხურე ქუდი და დაუბრუნდი საერო ცხოვრებასო.
აბა პატრიარქი რომ ამას გეტყვის,როგორ არ დაუჯერებ?მორჩილად  დახარა თავი და მეორედ აღარც უფიქრია მისი შეწუხება.ოღონდ ეს ითხოვა,მეუფეს ნუ დამიძახებენ,მამას რომ მეძახიან,მგონია ჩემი შვილი მეძახის და ეს მაცოცხლებსო.
ოფიციალურად დაგიძახებენ მეუფეს,ისე კი იყოს მასე,რადგან ასე გულით გინდაო–დაეთანხმა პატრიარქი და ცრემლები რომ არ დაენახვებინა,თავი გვერდზე მიაბრუნა,იცოდა მამა ალექსის უზარმაზარი ტკივილის შესახებ და როგორი უგულო უნდა ყოფილიყო,რომ ამ თხოვნაზე უარი ეთქვა.
ყველაფერი კი 18 წლის წინ დაიწყო
36  წლის იყო მაშინ.პედაგოგი მეუღლე და ერთი ბიჭი ჰყავდა. რომელიღაც სახელმწიფო დაწესებულებაში,მთავარ ბუღალტრად მუშაობდა.ყოველთვის შრომისმოყვარე იყო,საოცრად მოწესრიგებული და პედანტური.ოდნავ გადახრას არც თვითონ იკადრებდა და არც სხვას პატიობდა.მკაცრი იყო,მაგრამ სამართლიანი.უანგარო და თავდადებული მშრომელი.ეს რომ იცოდა ხელმძღვანელობამ,სწორედ იმიტომ დააყენეს მთავარ ბუღალტრად,იცოდნენ,რომ ერთი კაპიკსაც არავის მოატყუებდა და უკადრებელ საქციელს არასოდეს ჩაიდენდა,რა თქმა უნდა,თავიდან ბევრი მოშურნე და მტერი ჰყავდა,გაბოროტებული კარიერისტი ადამიანები,რომელთაც ლამის მთელი ცხოვრება ბუღალტერიაში ჰქონდათ გატარებული და ეს ლაწირაკი რომ წამოუსვეს უფროსად ვერ იგუეს და ღირსების შელახვად აღიქვეს.
მაგრამ დრომ ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა და შემდეგში უკვე არა მარტო ეშინოდათ მისი,არამედ უღრმესი პატივისცემით განიმსჭვალნენ მის მიმართ და ბევრს უყვარდა კიდეც.უყვარდათ სხვა მიზეზის გამოც.არ არსებობდა ვინმეს რაიმე ტკივილი,პრობლება,გასაჭირი,ლექსოს გაეგო და არ გადაყოლოდა თან,გულთან ახლოს არ მიეტანა.სანამ არ მოუგვარებდა,არ მოისვენებდა.საოცარი უნარი ჰქონდა ადამიანთა ნუგეშისა და იმედის მიცემისა.ისე იოლად აგვარებდა ყველაფერს,გეგონებოდათ წინასწარ იყო მომზადებული.
ოჯახი ძალინ უყვარდა.არაჩვეულებრივად მოსიყვარულე მეუღლე და 18 წლის ბიჭი ჰყავდა.მეტი,სამწუხაროდ,არ მისცა ღმერთმა.თვითონაც თითქმის ამ ასაკის იყო ცოლი რომ მოიყვანა და ახლა ამხელა ვაჟკაცი რომ წამოზრდოდა,ჯერ თვითონ სრულიად ახალგაზრდას,უზომოდ გახარებული იყო.მაგრამ როგორც ხშირად ხდება,სრული ბედნიერება არ არსებობს ცხოვრებაში და არც ლექსო იყო ამით განებივრებული.ამდენი წელია შვილის ცხოვრებას აკვირდებოდა და ვერაფრით მისი ცხოვრების წესს ვერ შეგუებოდა.ლევანი არ იყო მამასავით პედანტი,მოწესრიგებული,პასუხისმგებელი საკუთარ ქცევებზე.უყვარდა გვიან მოსვლა სახლში,ხანდახან ნასვამსაც,ქუჩაქუჩა უსაქმოდ ხეტიალი თავისნაირ უსაქმურ მეგობრებთან ერთად და არავითარი სურვილი სწავლისა,არავითარი მიზანი,არავითარი ოცნება.მხოლოდ ქარაფშუტული ცხოვრება და დროსტარება.
ამის გამო გამუდმებით კონფლიქტები ჰქონდა ოჯახში.იცოდა,რომ გარკვეულწილად თავად მიუძღვოდა წვლილი მის აღზრდაში.სულ იმას ფიქრობდა და ვერ ხვდებოდა,რა დააკლო,სად მოისუსტა,რა ვერ გათვალა.უზარმაზარ ციფრებს წამებში ითვლიდა,მაგრამ აი,შვილის ცხოვრებაში რაღაც ვერ გათვალა და ეს ძალიან აწუხებდა.კაცებს შორის ჩხუბს და ყვირილს დედაც ძალიან მტკივნეულად აღიქვამდა და ესეც ძლიერ აწუხებდა.დედა მაინც დედაა.საოცარია დედობრივი გრძნობა.ალბათ მხოლოდ უფალმა და ღვთისმშობელმა იციან რა ფენომენია ეს და რა საიდუმლო სიყვარულის გარსითაა შემოხვეული.სერიული მკვლელის დედასაც ისევე უყვარს თავისი შვილი,როგორც გამოჩენილი და სახელოვანი ადამიანის დედას.ეს აქსიომაა,რომლის უარყოფაც ჯერ ვერავინ შეძლო ამ ცოდვილ მიწაზე და მგონი არც არავის უცდია,იმდენად ნათელია.
ასე თუ ისე,ლექსოს ეს ერთი ტკივილი ჰქონდა გულში,თორემ სხვა მხრივ მისი ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში იყო ჩაყენებული.
იმ დღესაც შვილი ნასვამი მივიდა სახლში,აგდებულად ელაპარაკა დედას და გამოაცხადა,რომ ერთი თვით მეგობრებთან ერთად დასასვენებლად მიდის საზღვარგარეთის ერთერთ კურორტზე და ფული სჭირდება.
ვეღარ მოითმინა ლექსომ შვილის თავხედობა და ვულკანივით იფეთქა.
შენ არასოდეს გესმოდა ჩემი.მამა კი არა ციფრების და კანონების ტომარა ხარ–მოაძახა შვილმა გამწარებულმა –შენ გგონია,რომ ცხოვრებას საათის მექანიზმივით დაალაგებ,ყველაფერს გათვლი და გაიანგარიშებ.მე ასე ცხოვრება არ მინდა,ჩემი სული სხვას მოითხოვს–თავისუფლებას,მეგობრობას,სიყვარულს,თავგადასავალს,ხანდახან სიგიჟესაც კი,თუმცა რას გელაპარაკები,საანგარიშო ჩოთქს რომ დაელაპარაკო,გაიგებს რამეს?
სილა და დედის შეკივლება ერთად გაისმა.ბიჭი გაშრა,შეხედა მამის გაცოფებულ თვალებს და მიხვდა რომ გადაამლაშა,მაგრამ ამას არ ელოდა.გაოგნდა.ერთიანად,წამებში გამოფხიზლდა და თავისი ოთახისკენ გაემართა.სამგზავრო ჩანთის ჩალაგება დაიწყო.დედა მივარდა და ხვეწნა დაუწყო,მაგრამ ერთი ისეთი დაუღრიალა, ატირებული ქალი იქვე მუხლებზე დაემხო.
წაეთრიე,თუ გინდა სულ ნუ მოხვალ სახლში,შესძახა უკვე მონანიემ თავისი საქციელით,მაგრამ მაინც იხტიბარგაუტეხელმა ლექსომ,თუმცა თვითონაც არ ჯეროდა თავისი ნათქვამის და ფიქრობდა,გადაუვლის და მოვა.აქეთ კიდევ პატიებას მთხოვსო.
ლევანმა ჩანთა ჩაალაგა,გასვლის წინ მამას მოხედა და უთხრა:–არასოდეს,გესმის?არასოდეს არ გაპატიებ ამას.ვერასოდეს ვეღარ მნახავ აწი და ჩათვალე რომ აღარ გყავს შვილიო.მოტრიალდა,მავედრებელი და საცოდავად მის მკლავზე ჩამოკიდებული დედა უხეშად მოიცილა და კარი გაიჯახუნა.
ეს იყო დღე,რომელიც ლექსოს არასოდეს დაავიწყდება სანამ ცოცხალია.ყოველი სიტყვა,ყოველი გრძნობა ზედმიწევნით ზუსტად ახსოვდა ყველაფერი.
მას შემდეგ ორი წელიწადი გავიდა.მთელი ქვეყანა გადაატრიალა,მაგრამ შვილის გზაკვალს ვერსად მიაგნო.არც ნაცნობმეგობრებმა,არც საელჩოებმა,არავინ  იცოდა სად გაქრა ლევანი იმ ავადსახსენებელი დღის შემდეგ.ორად ორი წელი გაუძლო დედის გულმა ტკივილს,იმედს ლოდინს  და ცრემლებს.შემდეგ კი,გულმა დიდი ბოდიში მოუხადა და შეწყვიტა მუშაობა.
მეუღლის დაკრძალვის შემდეგ ერთი ხანობა სმას მიჰყო ხელი,მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარებით დროზე მოეგო გონს და გაარგძელა ცხოვრება.ეგ არის,პირქუში და უსიტყვო გახდა.სულ არ სჭირდებოდა ესეთი სიცოცხლე,მაგრამ შვილის დაბრუნების იმედს რა მოუკლავდა სანამ ცოცხალი იყო.მხოლოდ იმას ნატრობდა,ჩავარდნოდა ლევანს ფეხებში და პატიება ეთხოვა,მერე თუნდაც მეხი დასცემოდა და ერთიანად დაეწვა მისი სხეული,ამას აღარ დარდობდა.
სამსახურს რომ ვერა და ვერ დაუდო გული,მიატოვა ყველაფერი და ტაძარში დაიწყო სიარული.სახლი გაყიდა და ეკლესიასთან პატარა მიწური იყიდა.დილიდან დაღამებამდე ტიროდა და ლოცულობდა.რა თქმა უნდა მოძღვრებს არ გამოპარვიათ მისი ტანჯვა და ტკივილი.კაი ხანს უყურეს და  ვერაფრით რომ ვერ შეუმსუბუქეს დარდი,დიდი ბჭობის მერე გადაწყვიტეს ბერად აღეკვეცათ.
აღარ შევუდგები იმის აღწერას, რა სისწრაფით მოიპოვა ცალკე საეკლესიო პირების და ცალკე მრევლის კეთილგანწყობა და სიყვარული.როგორი გულმოდგინებით და სიყვარულით ასრულებდა ყოველნაირ სამსახურს და როგორი სათნო და საყვარელი შვილი ხდებოდა თავად უფლისათვის.ეგაა მხოლოდ,რომ გაღიმებულს  იშვიათად ნახავდით და თუ მაინც იღიმოდა,მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის,ვისაც მისი კეთილგანწყობა,სიყვარული და დახმარება სჭირდებოდა.ერთ–ერთ ეკლესიაში,აგერ უკვე დიაკვნად ნაკურთხს,თითქმის  მთელი ქალაქი იცნობდა და არ არსებობდა გასაჭირი,რომ მისთვის ეთქვათ და არ მოეგვარებინა.უმრავლესობა ეკლესიაში უკვე მის სანახავდ უფრო დადიოდა,ვიდრე წირვის მოსასმენად და ლიტურღიაზე დასასწრებად.ისიც ყველას ეხმარებოდა.მხოლოდ მან და უფალმა იცოდნენ,რა მადლით იყო ცხებული,სნეულებსაც რომ კურნავდა და პრობლემებსაც რომ უგვარებდა სუყველას.საკმარისი იყო ადამიანისთვის თავისი საოცრად თბილი და რბილი ხელი დაედო თავზე,რომ უეცრად ეცვლებოდათ შინაგანი მდგომარეობა და გრძნობდნენ,რომ არაამქვეყნიური,ზეციური იყო ის,რაც მათ სხეულებში შედიოდა.
როდის და რატომ მიემადლა უფლისგან ეს უნარი მამა ალექსის,ეს დიდი საიდუმლოა და თუ ნებას მომცემთ,გავჩუმდები ამის შესახებ.
ასე გადიოდა წლები,მამა ალექსის წამითაც არ ავიწყდებოდა შვილი და ელოდა იმ დღეს,როცა გულში ჩაიკრავდა თავის ვაჟკაცს და ათას თავსგადახდენილ ამბავს მოუყვებოდა.ელოდა და დარწმუნებით იცოდა,რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა .
ერთი დამხმარე ჰყავდა,ლევანი ერქვა მასაც,როგორც მის შვილს და აგერ უკვე  12 წელია მის გვერდით იყო.
ერთხელ,ეკლესიის გვერდით ბაღში მთვრალს ბალახებში ეძინა.შეეცოდა და სახლში წაიყვანა.გაათბო,დაბანა,დააპურა და ამბავი გამოჰკითხა.ლევანი რქმევია,შვილზე 2 წლით უფროსი იყო.მშობლები ავტოკატასტროფაში დაღუპვია 2 წლის წინ და მას მერე წასულიყო ხელიდან.ბინიდან დაწყებული ბოლო ნივთით დამთავრებული ყველაფერი გაეყიდა და ასე დაწანწალებდა აღმადაღმა ჭიქა სასმელის მოსაპოვებლად.სადაც დაუღამდებოდა,იქ ათევდა ღამეს.პოლიციასაც მობეზრდა მისი წამწდაუწუმ გამოსაფხიზლებელში ტარება და საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი.იცოდნენ მისი ამბავი,ეცოდებოდათ,მაგრამ რომ ვერაფერი გააწყეს,მიხვდნენ რომ წასული იყო მისი საქმე და უკვე თვალს არიდებდნენ.სანამ ცოცხალია,იაროს თავისთვის,არავის არაფერს უშავებს და ჩვენ რაღატომ გავამწაროთო.არ უყვარდა გამოსაფხიზლებელი.ტიროდა,ღრიალებდა და იხვეწებოდა– გამიშვით,ქუჩაში მირჩევნია ყოფნაო.
თქვენ გგონიათ  არავინ ჰყავდა გულშემატკივარი?არც ნათესავები აკლდა  და არც მეგობრები,მაგრამ ვერავინ მოსწყვიტა ქუჩას.ერთი–ორი დღე თუ გაძლებდა ვინმესთან და მერე ისევ ქუჩას და სასმელს უბრუნდებოდა.
როგორც ცნობილია,ღმერთის მოთმინების უნარი არავის არა აქვს და ადამიანებსაც მობეზრდათ მისი დევნა და ხვეწნა–მუდარა.
აი,ასეთ დროს შეხვდა მამა ალექსი ლევანის.არავინ იცის რა გაუკეთა,რითი მონუსხა,მაგრამ ფაქტი იყო,რომ იმ დღის შემდეგ სხვა ადამიანად იქცა.სულ ეკლესიაში იყო და მამა ალექსის წვრილ–წვრილ საქმეებში ეხმარებოდა.არავინ იცოდა რა მოხელე იყო.საეკლესიო არც რამე წოდება ჰქონდა და არც ხარისხი.საეროსაც ვერ დაარქმევდი.იყო ასე და სადაც მამა ალექსი წავიდოდა,ლანდივით დაყვებოდა უკან.იცოდნენ უკვე,სადაც მამა ალექსი იყო,იქ იყო ლევანიც და თუ ლევანს დაინახავდნენ,იცოდნენ უკვე რომ მამა ალექსიც იქ იყო ახლოს.თავდაპირველად შვილი ეგონათ,ისეთ სიყვარულს გამოხატავდნენ ერთმანეთის მიმართ,მაგრამ სიმართლე არ იმალება როგორც ცნობილია და ბოლოს და ბოლოს ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა,ისე,როგორც  მამა ალექსის ეპისკოპოსსად კურთხევის დღეს იყო.
მამა ალექსის არასოდეს დაავიწყდება ის დღე,როდესაც ლევანმა პირველად მამა დაუძახა.ადგილზე გაშეშდა და განცვიფრებისგან მეტყველების უნარი დაკარგა.ძალიან უყვარდა.ლევანს თბილი,მოსიყვარულე გული ჰქონდა,მაგრამ მამას თუ დაუძახებდა,არ ელოდა
–ხო,რა გაგიკვირდა?–მამა ხარ აბა რა ხარ.რაც შენ გამიკეთე,განა რომელიმე მამა იმაზე მეტს უკეთებს შვილს?შენ ხომ პირველივე დღიდან შვილს მეძახი და მეც დაგიძახებ მამას,თუ ნებას მომცემო.
ცრემლებმა თავისით გაიკვალეს გზა.ჩაიკრა გულში ეს უსაყვარლესი ადამიანი მამა ალექსიმ და გულში დაიფიცა,რომ არასოდეს მიატოვებდა და შვილივით ეყვარებოდა.
საოცარია უფლის განგება,როცა ლევანი დაბრუნდება,ორი შვილი მეყოლება და ორივე ლევანი–ფიქრობდა თავისთვის და უკვე წარმოდგენილი ჰქონდა ის წამი,როცა ორივეს გულში ჩაიკრავდა ერთდროულად და მხოლოდ ეს წამი თუ დაუბრუნებდა იმ ბედნიერებას,რასაც ოდესღაც თავის უძვირფასეს მეუღლესთან გრძნობდა.
დრო კი გადიოდა.ერთი ფიქრი არ ასვენებდა მამა ალექსის.იცოდა,გრძნობდა,რაღაც დიდ დარდი აწუხებდა ლევანს და არ ამბობდა.ამას მის თვალებში კითხულობდა,მის ხმაში გრძნობდა და მგონი მეტადაც სტკიოდა,ვიდრე თავად ლევანს.ვერც ვერაფერს ამბობდა.ფიქრობდა,ალბათ მშობლებთანაა რამე დაკავშირებული და ვერ მიმხელს,თორემ ისეთი საზარელი ცოდვები აქვს მონანიებული ჩემთან აღსარებაზე,განა იმათზე უარესი რაღა უნდა იყოსო.არა უშავს,თუ უნდა მეტყვის,თუ არადა ალბათ ასე თვლის საჭიროდ.მე ის მტკივა,რომ არ ვიცი ჩემს შვილს რა სტკივა და ვერ ვშველიო.მართალია,უამრავი სხვადასხვა ნიჭი ჰქონდა უფლისგან დამადლებული,მაგრამ გულთმისანი არ იყო და რომც ყოფილიყო,არც იკადრებდა სხვის სულში დაუკითხავად ჩახედვას,მითუმეტეს ისეთი საყვარელი ადამიანის სულში,როგორიც მისთვის ლევანი იყო,რომელიც ისე ძლიერ უყვარდა,როგორც თავისი ღვიძლი შვილი.იმდენად სუფთა და პატიოსანი იყო,ამის გაფიქრებაც კი მკრეხელობად და დიდ ცოდვად მიაჩნდა.სტკიოდა და მოთმინებით ელოდა,როდის გაუმხელდა ლევანი იმ საიდუმლოს,რასაც ასე საგულდაგულოდ მალავდა.
აღდგომა დღეს უამრავი ხალხი შემოხვეოდა მამა ალექსის.უამრავი გაბრწყინებული და იმედიანი თვალები.ძალიან დაიღალა,მაგრამ უზომოდ ბედნიერი იყო.გრძნობდა ხალხის სიყვარულს და არც თვითონ აკლებდა,ათმაგად უბრუნებდა ყველას სითბოს და სიყვარულს.წირვა დიდი ხნის დასრულებული იყო,მაგრამ ხალხი არ ილეოდა,ათას კითხვას უსვამდნენ,ეფერებოდნენ,ეპატიჟებოდნენ,კოცნიდნენ სადაც კი მიწვდებოდნენ.
წადით ეხლა,გეყოფათ,იქეიფეთ,იმხიარულეთ,ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ. ქრისტე აღსდგა ჩვენთვის.ამაზე დიდი ბედნიერება რაღა უნდა იყოს?მე სულ აქ  არ ვარ?სულ თქვენთან ვარ,თქვენთვის ვარ.არსად არ მივდივარ და კიდევ მნახავთ.წადით ეხლა,მეც დამასვენეთო–სიყვარულით მიმართავდა მრევლს და ერთი სული ჰქონდა როდის განთავისუყფლდებოდა.არა,დაღლის გამო არა,დაეცემოდა ,მაგრამ გულის სითბოს და სიყვარულს არ მოაკლებდა არავის,ასეთი იყო.სხვა იყო მიზეზი.დილიდან უცნაური გრძნობა ჰქონდა და ისე უცემდა და უფართხალებდა გული,როგორც მაშინ,იმ ავადსახსენებელ დღეს,როდესაც ლევანმა სახლი დატოვა.გულში რაღაც შემძვრალიყო და უბურღავდა,უბურღავდა შეუჩერებლად.მოსვენებას არ აძლევდა.იცოდა,ლევანთან,ღვიძლ შვილთან იყო დაკავშირებული და რატომღაც ეგონა,რომ დღეს ნახავდა.ამიტომ ვერ ისვენებდა,ამიტომ ჩქარობდა განთავისუფლებას,რომ შვილთან შესახვედრად მომზადებულიყო.
კარგად შებინდებულიყო უკვე,როდესაც უკანასკნელი მლოცველი წავიდა და მამა ალექსიც ცოტა ხნით სკამზე ჩამოჯდა.
–წავიდეთ მამა სახლში,გვიანია უკვე–მიმართა ლევანმა.
–წავიდეთ,შვილო,წავიდეთ,წამოდგა მამა ალექსი ჯერ ისევ დაღლილი მაგრამ სულიერად მომზადებული შვილთან შესახვედრად.
სახლთან რომ არავინ ელოდა,გული დასწყდა.ნუთუ შევცდი?–გაიფიქრა და მაშინვე უკუაგდო ეს აზრი.არა,ალბათ მოგვიანებით მოვა.აქ მოვა ჩემთან,თავის მამასთან.
კარგად რომ დაისვენეს,ლევანი მამა ალექსის მიუახლოვდა
–მამა,დიდი ხანია რაღაც მინდა გითხრა.თუ ძალიან დაღლილი არ ხარ,მომისმინე ძალიან გთხოვ.არის ისეთი რამ,რაც შენთვის არ მითქვამს.დიდ ხანია ამას გულით ვატარებ და ეხლა მინდა რომ გაგიმხილო.შენ ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ ჩემთვის.არ მინდა შენთან დასამალი მქონდეს რამე.თან სინდისიც არ მასვენებს.შენ ეს უნდა იცოდე.
არ ესიამოვნა.მაგრამ წარბი არ შეუხრია.მთელი ეს წლები ელოდა,როდის ეტყოდა ლევანი ამ სიტყვებს,როგორ ელოდა,როგორ ნატრობდა,მაგრამ ახლა?რატომ ახლა?ღმერთო ჩემო,როგორ ველოდები ჩემს ლევანს,ჩემს დაკარგულ ბიჭს და მაინცდამაინც ახლა?გაუძლებს გული ამდენს?აიტანს ამდენ გრძნობას და ემოციას?მაგრამ ეს ფიქრები მხოლოდ წამიერი იყო,სისუსტის სულ პატარა გამოვლინება.ადამიანი იყო ბოლოს და ბოლოს და ჰქონდა უფლება აქ,თავის სახლში თავის განცდებისთვის მოესმინა.მაგრამ უცებ უკუაგდო ეს ფიქრები და უყოყმანოდ დაუქნია ლევანს თავი.
–მოდი ჩემთან შვილო ჩემო.განა შემიძლია მე შენ რამეზე უარი გითხრა?განა არ იცი როგორ მიყვარხარ?–მოხვია ხელი ლევანს და გვერდით მოისვა–მითხარი რაც გაწუხებს,დაუფარავად,ღიად,როგორც შენ გულში გაგივლია ისე.მე იმისთვის ვარ,რომ მოგისმინო,დაგეხმარო,ტკივილები დაგიამო,სული დაგიმშვიდო,გული გაგიხალისო.მითხარი,რა გაწუხებს?
–სანამ შენ შეგხვდებოდი,რამდენიმე წლით ადრე ერთი ისეთი საქციელი ჩავიდინე,რომელიც მოსვენებას არ მაძლევს.საქციელი კი არა დანაშაული.მოგიყვები და მერე თუ გინდა მომკალი.აქვე გამათავე,ღირსი ვარ.
ცრემლები მოადგა ყელში,ცივმა ოფლმა დაასხა.ამოისუნთქა,ძალები მოიკრიბა და გააგრძელა:
ერთ საღამოს ორ მეგობართაბ ერთად მანქანით რესტორნიდან მოვდიოდით.არ ვიცი რა ეშმაკი შეგვიჯდა,ისევ დალევა მოგვინდა.ფული აღარ გვქონდა,რესტორნიდან მცირე ვალით წამოვედით.ბევრი აღარ გვიფიქრია,გადავწყვიტეთ ვინმე დაგვეყაჩაღებინა.დავიწყეთ მსხვერპლის ძებნა.წყნარ ქუჩებში დავდიოდით,რომ სხვისი ყურადღება არ მიგვეპყრო,თან პოლიციას ვემალებოდით,რომ მძღოლი მთვრალი და უსაბუთო არ ჩავარდნოდა ხელში,მამის მანქანა ჰყავდა უნებართვოდ წამოყვანილი.ერთერთ ასეთ ქუჩაზე დავინახეთ დაახლოებით ჩვენი ასაკის ბიჭი,შენობიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა. დიდი ჩანთა ეკიდა მხარზე.ან ვინმეს გამოექცა,ან სადღაც ძალიან ეჩქარებოდა.დავაკვირდით,კარგად ეცვა.ამოვიღეთ მიზანში. მანქანა ფეხებთან გავუჩერეთ და სიგარეტი ვთხოვეთ.მოკლედ,სასწრაფოდ მანქანაში ჩავტენეთ და ფული მოვთხოვეთ.არა მაქვსო თავს იკლავდა,ეხლა მამაჩემს სწორედ მაგაზე ვეჩხუბეო.როგორც მერე გაირკვა,მამა ბუღალტერი ჰყოლია,დედა მასწავლებელი.ჩემი სეხნია ყოფილა,ლევანი მქვიაო.ბევრი ვილაპარაკეთ,ხან დავემუქრეთ,ხან ვთხოვეთ,არაფერმა არ გაჭრა,არ მაქვსო.არ დავუჯერეთ,იქვე ახლოს ერთი მიყრუებული პარკია ტყესავით,იქ შევედით,გაჩხრეკვა გვინდოდა,წინააღმდეგობა გაგვიწია და მანქანიდან გადახტა.დავიჭირეთ და გაბრაზებულებმა ცემა დავუწყეთ.ისეთი გამეტებით ვურტყამდით,მტერს არ მოექცევა ასე ადამიანი.ახლაც არ ვიცი,რატომ ვიყავით ასეთი სასტიკები.ღვინოც თავისას შვრებოდა და..მოკლედ,როცა გონს მოვედით და ყველაფერი შევაფასეთ რაც მოხდა,მივხდით რომ ცემით მოგვიკლავს,პირიდან სისხლი სდიოდა და აღარ სუნთავდა.თავზარი დაგვეცა.არაღ ვიცოდით რა გვექნა.მეგობარს საბარგულში ტომრები აღმოაჩნდა.შიგ ჩავსვით,საიმედო ადგილას წავიღეთ და ჩუმად დავმარხეთ.დავიფიცეთ,რომ არასოდეს,არავის ამის შესახებ არ ვეტყოდით.
მას შემდეგ ჩემი ცხოვრება ყირაზე დადგა.ღმერთმა არცერთს არ გვაპატია.ერთ წელიწადში ორივე ჩემი მეგობარი დაიღუპა.ერთი წამლის ზედმეტმა დოზამ მოკლა,მეორემ თავი ჩამოიხრჩო.მე ორივე მშობელი ერთ დღეს დავკარგე.ვიცოდი,რომ ღმერთი გვსჯიდა.ჩემმა სიცოცხლემ აზრი დაკარგა.თავის მოკვლაზეც ბევრჯერ მიფიქრია,მაგრამ ვერ ვბედავდი,მეშინოდა.იქაც ვიყავი,სადაც იმ დასაწვავ დღეს ვნახეთ,მაგრამ ის სახლი ორჯერ გაუყიდიათ და ვერც გვარი და ვერც სხვა დეტალები ვეღარ დავადგინე.თან მეშინოდა,ეჭვი არ აიღონ და არ დამიჭირონ მეთქი.აი,ასეთი სულმოკლე და არამზადა ვარ.მერე სასმელს მივეძალე და...
დანარჩენი იცი.შენ რომ არ გამოჩენილიყავი,ეხლა ალბათ ცოცხალი არ ვიქნებოდი.ეხლა შენ ყველაფერი იცი.რაც გინდა ის მიქენი,რა სასჯელიც გინდა ის დამადე.ყველაფრის ღირსი ვარ.
ცრემლები ღაპაღუპით ცვიოდა,ნაწყვეტნაწყვეტ ყვებოდა თავის თავგადასავალს და როდესაც მორჩა,მამა ალექსის ფეხებში ჩაუვარდა და ცხარედ ატირდა,მოთქვამდა და ბღაოდა.
მამა ალექსიმ ბოლომდე მოუსმინა,ხმა არ ამოუღია,სიტყვა არ შეუწვეტინებია.იჯდა კაცი გაქვავებული კლდესავით და უსმენდა.უსმენდა ამ შემზარავ ისტორიას და გონებაში ატრიალებდა ყოველ სიტყვას,ცდილობდა წარმოედგინა ყველაფერი ზუსტად ისე,როგორც მოხდა.
ამ წუთში რომ მისთვის შეგეხედათ,ვერ იტყოდით,რომ ეს ადამიანია,ეს იყო თეთრი ქვა,ლოდად ქცეული არსება,რომელსაც ადამიანის თვალები ჰქონდა.
არ არსებობდა დედამიწაზე ადამიანი,რომელიც სულ ოდნავ მაინც მის ტკივილს წარმოიდგენდა.მკერდი რომ გაგეპოთ,გული ამოგეცლიათ და სადგისით დაგეჩხვლიტათ,ისე ვერ ატკენდით,როგორც ტკიოდა; ათასობით ცხელ შამპურზე რომ წამოგეგოთ შესაწვავი გოჭივით და ცეცხლზე დაგეტრიალებინათ,ნეტარებად შეიძლებოდა ჩაგვეთვალა ის ტკივილი ამასთან შედარებით.ეს იყო გრძნობა,ნატვრა,როდესაც ადამიანი ნატრობს ჯოჯოხეთს,თუ შეგიძლიათ ვინმეს ეს წარმოიდგინოთ.დიახ,მამა ალექსი ნატრობდა ჯოჯოხეთის ტკივილებს,ოღონდ ეს არ მოესმინა რაც ესმოდა,ნაჭერ–ნაჭერ ჩამოგეთალათ და გაგეტყავებინათ,ოღონდ ეხლა ეს სიზმარი ყოფილიყო.ცეცხლი წაგეკიდათ და სათითურით ბენზინი გესხათ ზედ,სანამ მისი სხეულის ბოლო მოლეკულა არ დაიწვებოდა,ოღონდ ეს სიმართლე არ ყოფილიყო.ალბათ ვერა ენა ვერ გამოხატავს მის გრძნობებს.სიტყვები–ტანჯვა,წამება,ტკივილი იმდენად უსუსურნი არიან მათ გამოსახატად,რომ შეიძლება გაეცინოს კიდეც კაცს.
არავინ იცის რამდენი ხანი გავიდა.ორივესთვის საუკუნო ტანჯვა იყო ის რამოდენიმე წუთი,რაც სიჩუმეში გაატარეს.დრო გაჩერდა.გაჩერდა სიცოცხლე, ირგვლივ არაფერი აღარ არსებობდა.მხოლოდ ეს ორი ადამიანი.ორად ორი ადამიანი მთელ ქვეყანაზე.ერთი,რომელიც ფიქრობდა,რა განაჩენს გამოუტანდა საყვარელი ადამიანი,და მეორე რომელიც ფიქრობდა რა განაჩენი გამოეტანა საყვარელი ადამიანისათვის,რომელმაც ყველაზე ძვირფასი,ყველაზე უკანასკნელი იმედი გამოგლიჯა ხელიდან და ნაკუწ–ნაკუწ დაფლითა,რომელმაც მის სიცოცხლეს უკანასკნელი აზრი წაართვა და არარაობად აქცია,რომელმაც მისი სულიც და სხეულიც დაჩეხა,დაანაწევრა და ვულკანის კრატერში გადაუძახა.
ეგონა გული ჰქონდა და ქვა ყოფილა,ეგონა სხეული ჰქონდა და კლდე ყოფილა,ეგონა გრძნობა ჰქონდა და სიცარიელე ყოფილა.აბა მაშ როგორ უძლებს და არ სკდება?როგორ უძლებს და არ კანკალებს?როგორ უძლებს და არ ტირის?რატომ არის ისევ ცოცხალი?ცოცხალი ფიზიკური თვალსაზრისით,თორემ ეს უკვე სიცოცხლე აღარ იყო,ეს სიკვდილზე უარესია.სიკვდილის არასოდეს შინებია,ბევრჯერ უნატრია კიდეც,მაგრამ ამას,რასაც არც სახელი აქვს,არც არსი,არც ზომა და არც დასასრული,ყველაზე მჭერმეტყველი ორატორი რომ მოგეყვანათ,ვერასდიდებით ვერ აუხსნიდა.ვერავინ,ვერასოდეს.ეს უნდა განიცადო.ეს უნდა იგრძნო,ისევე,როგორც ღმერთის არსს ვერ აუხსნი ვერავის,თუ თვითონ არ იგრძნო და შეიმეცნა,ვერც სიყვარულს და ვერც სიძულვილს ვერ აუხსნი ვერავის,თუ თვითონ არ გამოსცადა.
წამოდგა,ხელი მოჰკიდა ლევანს და წამოაყენა.ცრემლიან თვალებში დიდხანს უყურა.მერე ძლიერი ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა.
ახლა კი იპოვეს ცრემლებმა გამოსავალი.გეიზერებივით წამოვიდნენ ორივ თვალთაგან და არავინ იცის,რამდენ ხანს იდინეს ასე,დაუშრეტელი ნაკადულებივით.ეს იყო ორი,სხვადასხვა მიზეზით მაგრამ ერთი უზარმაზარი ტკივილით გაერთიანებული ადამიანის მოთქმა და გოდება,დანაშაულის და სინანულის უმტკივნეულესი გრძნობა.სულებიდან და გულებიდან ამოდინარი უზარმაზარი  ცეცხლოვანი მასა,რომელიც ყველას და ყველფერს გადაბუგავდა უნებლიედ რომ მიკარებოდა  ვინმე.
ცოტათი დაწყნარდნენ.ცრემლებმა მაინც შეასრულეს თავისი დანიშნულება და მართალია ოდნავ,სულ ცოტათი,მაგრამ მაინც ამოიტანეს განუზომელი დარდი და ტკივილი სხეულებიდან.
–ადექი,წავიდეთ–პირველი წამოდგა მამა ალექსი და წელში გასწორდა.
–სად მამა,სად უნდა წავიდეთ,პოლიციაში მიგყავარ?
–წავიდეთ,მაჩვენე,სად დამარხეთ ის ბიჭი.უნდა დავასაფლავოთ როგორც წესი და რიგია.არ ეგების ქრისტიან კაცს უწესო და უსახელო საფლავში წოლა.მე ვეცდები ვიპოვო მისი მშობლები,მანამდე კი ჩემი გვარით დავასაფლავებ.დაე ყველამ ასე იცოდეს,რომ ჩემი დაკარგული შვილი ვიპოვე.სიმართლე კი მარტო მე და შენ გვეცოდინება.მომეცი სიტყვა,რომ რაც აქ ჩვენს შორის დღეს მოხდა,არავის არასოდეს არ ეცოდინება.მე ვიტყვი,რომ ანონიმურად  შემატყობინეს ჩემი შვილის საფლავი.წავალთ და ძვლებს წამოვიღებთ.
შენ კი გაინთავისუფლე სული და ამოიღე ეგ ტკივილი გულიდან.ხვალვე,აღსარებაზე მეტყვი ყველაფერს,რაც დღეს მომიყევი და არასოდეს,გესმის?–არასოდეს არ გაიხსენებ ამ ამბავს.
–კი,მამა,მესმის.როგორც შენ იტყვი,ისე იქნება.
–წადი შენს ოთახში,მე ვიქნები ცოტა ხანს.ლოცვებს წავიკითხავ და დავწვები.რაღაც ძალიან დავიღალე დღეს.
–ღამე მშვიდობისა,მამა.
–მშვიდობა ნუ მოგიშალოს ღმერთმა,შვილო! გფარავდეს უფალი,ღვთისმშობელი და ყველა წმინდა ანგელოზი!

ასე მთავრდება ამბავი აქ მოყვანილი მამა ალექსის ცხოვრებიდან,მამისა რომელიც შვილის ცხედარს დასტირის და შვილობილისა,რომელსაც ჰგონია,რომ მამა სხვის ცხედარს ტირის.

ჭეშმარიტად შეუცნობელია გზანი უფლისანი და ვერა კაცმა ვერ შეიგრძნოს და შეიმეცნოს ზრახვანი და სამართალნი მისნი.
დიდება სახელსა მისსა წმიდასა უკუნითი უკუნისამდე,ამინ!

No comments:

Post a Comment