Tuesday, 13 December 2011

გასაუბრება ანგელოზთან ძილის წინ



გამარჯობა შენი,მშვენიერო ქმნილებავ,ვინ ხარ და რას აკეთებ ჩემს საწოლთან?

ანგელოზი ვარ.

ანგელოზი? ჩემთან მოხვედი?

მე სულ შენთან ვარ,შენი მფარველი ანგელოზი ვარ.

რატომ ვერ გხედავ ხოლმე?

თქვენ,ადამიანები ვერაფერს ვერ ხედავთ.თქვენ მხოლოდ სამ გაზომილებაში იყურებით.იმის იქით დანახვა არ შეგიძლიათ.

ეს ცუდია თუ კარგი?

ორივე,კარგია იმიტომ,რომ საკუთარ დემონებს ვერ ხედავთ,რომლებიც დღითი დღე დაგყვებიან და მრავლდებიან.რომ დაგენახათ,ძალიან შეგეშინდებოდათ

 ცუდი რითია?

ცუდია,რომ ვერც უფალს ხედავთ,ვერც ღვთისმშობელს,ვერც უფლის ანგელოზებს და ვერც უამრავ წმინდანს რომლებიც თქვენთვის თავს არ იზოგავენ და თქვენს გადარჩენაზე ზრუნავენ

უფლის დანახვა შემიძლია და ვერ ვხედავ?სად არის უფალი,ანგელოზო?

უფალი ყველგანაა,ყველაფერში,ყოველ საგანში,ყოველ სხეულში, ყოველ ხეში,ბალახში, ყვავილში,ნაკადულში,ჩანჩქერში,ზღვაში,მთაში,კლდეში,თოვლში,
წვიმაში,ქარში–ყველგან
უფალი არის ყოველ ადამიანში,ყოველ ამოსუნთქვაში,ყოველ ჩასუნთქვაში,ყოველ თვალის დახამხამებაში,სისხლის და ხორცის ყოველ მოლეკულაში.სულში,გულში,გრძნობაში,ყველგან.შენ ამას ვერ გაიგებ

ჩემშიც?

კი,შენშიც

რატომ ვერ ვგრძნობ?

იმიტომ რომ არ გიყვარს

როგორ არ მიყვარს,მიყვარს.ალბათ გინდა თქვა რომ საკმარისად არ მიყვარს არა?რა უნდა გავაკეთო რომ ძლიერ შევიყვარო?

სიყვარული რომ შეძლო,სიძულვილი უნდა ისწავლო.რაც უფრო ძლიერ შეიძულებ,მით უფრო ძლიერ შეიყვარებ?

ეგ როგორ?სიძულვილი და სიყვარული ერთად?

უფალი რომ შეიყვარო,შენი თავი უნდა შეიძულო,ქვეყანა უნდა შეიძულო,ვნებები უნდა შეიძულო,სიამტკბილობანი უნდა შეიძულო და ადამიანი შეიყვარო–ყველა განურჩევლად.საკუთარი მტერიც უნდა შეიყვარო,გლახაკი,მათხოვარი,ღარიბი,მდიდარი,მდაბიო,ამპარტავანი–ყველა უნდა შეიყვარო,ტკივილი,უძლურება და სნეულება უნდა შეიყვარო,გასაჭირი და განსაცდელი უნდა შეიყვარო.თუ ამას შეძლებ,მაშინ უფალს შეიყვარებ და იგრძნობ მას.

ჩემს ირგვლივ ბევრი დემონია?

კი,ბევრი,ძალიან ბევრი.

შენ ვერ ერევი?
მე მარტო ვერ მოვერევი, შენ თუ არ დამეხმარე.

მე ხომ გეხმარები?პატიოსნად ვცხოვრობ,არ ვლოთობ,არ ვმრუშობ,არავის არ ვმტრობ,ვეხმარები,ვისაც შემიძლია.ვლოცულობ,ღვთის ტაძარში დავდივარ.განა ეს ცოტაა?

ესე იგი ცოდვები არ გაქვს?

არა,მე მგონი არა,ასე არაა?რატომ მოიწყინე,რატომ გაქვს ცრემლები თვალზე?

შენს,გამო,ისევ და ისევ შენი ცოდვების გამო.მარტო დღევანდელს გეტყვი.

დღეს რამე ცოდვა ჩავიდინე?

დავიწყოთ დილის ლოცვიდან–ჩქარობდი,გინდოდა დროზე დაგემთავრებინა.სამზარეულოდან საამო სუნი იგრძენი და შიმშილმა გძლია.უცებ,უგულოდ დაამთავრე ლოცვა და საუზმისკენ გავარდი.
მერე მეზობელი შეგხვდა,ლამაზი,მოხდენილი მანქანა ყავს,მოგეწონა,ინატრე,ნეტა ეს მანქანა ჩემი იყოსო,შეგშურდა.
ქუჩაზე რომ გადადიოდი,ლამაზი ქალი დაინახე,სურვილი აღგეძრა,ვნებამ შეგიპყრო,თვალი ვერ მოაცილე.სურვილმა გძლია და ფიქრით იმრუშე.
მერე მთვრალი კაცი დაინახე,დილიდანვე რომ შემთვრალიყო და ფეხზე ვერ იდგა.დაეცა,ვეღარ ადგა.შენ არ ააყენე,არ შეიბრალე.გაიცინე და გზა განაგრძე.
შემდეგ მეგობართან პოლიტიკაზე დაიწყე საუბარი.უამრავ ადამიანს დასცინე,განიკითხე,დაამცირე.
შემდეგ...

კარგი,საკმარისია,გევედრები

ყველაზე მეტად კი იმაზე მტკივა გული,რომ უცოდველი გგონია თავი.ეს კი ამპარტავნებაა და ყველაზე დიდი ცოდვაა

კი,მაგრამ..
.
რატომ გაწილთდი?ჩემი გრცხვენია?მე ყველაფერი ვიცი,არაფერი არს დამალული ღვთისგან და ღვთის ძალით ჩემგან.

ამის გამო დემონები ხარობენ?

კი,ძალიან ხარობენ.სწორედ ეგენი გაცდენენ.

მომეხმარე ანგელოზო,გევედრები

გეხმარები.შენ ვერც კი წარმოიდგენ რამდენი ცოდვისგან გიფარავ,რამდენ საცდურს გაცდენ წამდაუწუმ.მაგრამ ყველაფერი მეც არ შემიძლია.შენც უნდა მომეხმარო

რა გავაკეთო?

უფალი ეძებე.ყოველთვის,ყოველ წამს.არასოდეს არ დაივიწყო და გამუდმებით იფიქრე მასზე

რომ ვერ ვიპოვო?

იპოვი,გაუღე გული და თვითონ მოვა შენთან.სთხოვე და მოგცემს,მოინანიე და მოგიტევებს,ილოცე და მოგისმენს; და ყოველთვის გახსოვდეს,რომ უფალს ძალიან უყვარხარ,ათასჯერ და ათი ათასჯერ  უფრო მეტად,ვიდრე შენ ამის წარმოდგენა შეგიძლია.

შენ ხომ ჩემთან იქნები?

მე სულ შენთან ვიქნები და არასოდეს მიგატოვებ.ოღონდ ერთი ყველაზე მთავარი დაიმახსოვრე

მითხარი,ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვი

ყოველთვის,ნებისმიერი საქციელის დროს,ნებისმიერი ფიქრის ან სურვილის დროს სულ ცოტათი ადრე,წამის მეასედით ადრე დაფიქრდი,როგორ მოიქცეოდა უფალი შენს ადგილზე და შენც ისე მოიქეცი.და უთუ ამას ცხოვრებაში დაინერგავ და მიეჩვევი,ნაკლებად შეცდები და უფრო მალე მიხვალ ღმერთთან,უფრო მალე შეიყვარებ და იგრძნობ.უფრო მალე მიხვდები,როგორ უყვარხარ.

გავიგე,ჩემო ანგელოზო.დიდი მადლობა.მიყვარხარ

მეც მიყვარხარ.მე ხომ შენთან ერთად გავდივარ ცხოვრებას.მე ხომ იგივე შენ ვარ.არ მიღალატო,გევედრები.ჩემი ღალატი ხომ ღმერთის ღალატია.

არ გიღალატებ ანგელოზო,ვიპოვი უფალს,აუცილებლად ვიპოვი.
დიდება უფალს,დიდება მის მოთმინებას და უსაზღვრო სიყვარულს.

ახლა დაიძინე და იფიქრე იმაზე რაც გითხარი.

ღამე მშვიდობისა ჩემო ანგელოზო!

ღამე მშვიდობისა!

No comments:

Post a Comment