დიანა ძალიან ნერვიულობდა.აგერ უკვე ორი სრულდებოდა და გია არ ჩანდა? ნეტა რა უნდა მომხდარიყო? დიანასათვის არ არსებობდა ქვეყანაზე მიზეზი,რომლის გამო გია არ მოვიდოდა თავისი ჯვრისწერის და ქორწინების დღეს.გამორიცხული იყო,ამის გაფიქრებაც არ შეიძლებოდა.ყველა მათი მეგობარი აქ იყო,თვითონ კი არ ჩანდა.უკვე ეკლესიაში უნდა მიდიოდნენ,ის კი არ ჩანდა.
წარამარა ფანჯარაში იყურებოდა.უკვე მეგობრებიც ნერვიულად დასცქერიან თავიანთ საათებს.შეატყო,რომ ყველა განიცდის.ან ეს ტელეფონი რამ გაათიშინა,ეხლა გამორთვა იქნებოდა?უკვე ცრემლები მოაწვა,მძიმედ სუნთქავდა.გული მალე ჯაჭვით დასაბმელი გაუხდებოდა,თორემ ამოვარდებოდა სადაცაა.ნეტა ხომ არაფერი მოუვიდა,რატომ არაფერს მაგებინებს,იქნებ ცუდადაა და არ ვიცი?იქნებ რამე უჭირს?–ფიქრობდა დიანა და უკვე გადაწყვიტა გამოეცვალა საქორწინო კაბა და გიას სახლისკენ გაეწია.
...და ამ დროს ვაჟაც დაინახა.გიას მეგობარი,რომელსაც თავისი ლამაზი ლექსუსით სიძე უნდა მოეყვანა.
ამოისუნთქა,ახლა კი ვაჩვენებ მაგას სეირსო და უკვე სიბრაზე მოერია.სადარბაზოში კვლავ სიჩუმე იდგა.უფრო გაბრაზდა–რას იზლოზნება ნეტავ ამდენი ხანი?ისედაც დავაგვიანეთ და კიდევ ფეხს ითრევსო?–ფიქრობდა.ვეღარ მოითმინა და ისევ ფანჯარაში გადაიხედა.
ვაჟა თავის მანქანასთან იდგა და გარსშემოხვეულ მეგობრებს ხელებით რაღაცას უხსნიდა,თან მხრებს იჩეჩავდა.გია კი არ ჩანდა.
ეხლა კი სულ გაგიჟდებოდა ალბათ.თავქუდმოგლეჯილმა ჩაირბინა კიბე და გარეთ გავარდა.არწივივით ჩააფრინდა ვაჟას მკლავებში და ისეთი ჯანჯყარი დაუწყო,ბიჭმა მოულოდნელობისა და გაოცებისგან თვალები გარეთ გამოყარა.
–სად არის გია?სად არის მეთქი გია?–არ ეშვებოდა დიანა ვაჟას და ცრემლიანი,მუდარანარევი თვალებით ნაპერწკლებს ყრიდა.
–დაწყნარდი,გოგო,რას მიშვრები?–ცდილობდა დიანას დაშოშმინებას ვაჟა–არ ვიცი,არაფერი არ ვიცი.სახლში არ დამხვდა.ველოდე,ველოდე და რომ აღარ გამოჩნდა წამოვედი.
–და ტელეფონი არ შეგეძლოთ რომელიმეს ჩაგერთოთ ხომ?
–ტელეფონი ჩართული მქონდა დიანა,მაგრამ იმდენი ვურეკე გიას რომ დამიჯდა და რა ვქნა ეხლა? სულ გათიშული აქვს და ჩემგან რა გინდა? მოვედი რომ გითხრათ და მოვიფიქროთ ერთად,რა გავაკეთოთ.
უკვე არაფერი ესმოდა,გულამოსკვნილი ტიროდა და წარმოსახვაში გიას ეფერებოდა.უკვე ყველაზე ცუდს ფიქრობდა.ვინ იცის,იქნებ მანქანა დაეჯახა და ცოცხალი აღარ არის?იქნებ სადმე მორგშია უპატრონოდ და მე არ ვიცი?იქნებ მოკლეს და სადმე გადააგდეს კიდეც,რომ ვერ ვიპოვო? მოთქვამდა ხმამაღლა დიანა და გამწარებული ცდილობდა თავისი ლამაზი თეთრი კაბა დაეფხრიწა.
–აბა რას ამბობ?–აწყნარებდნენ მეგობრები და შეშინებულები ცდილობდნენ გამწარებული გოგოსთვის ხელი ფრთხილად მოეკიდათ.ბოლოს ლიკამ გაბედა,მისმა საუკეთესო მეგობარმა და გულში ჩაიკრა.
_ არა გრცხვენია,შე სულელო,აბა რა აზრები მოგსვლია თავში?ალბათ შეაყოვნეს სადმე,ან უცებ რამე საქმე გამოუჩნდა.ეფერებოდა ლიკა და ცდილობდა მეგობარი დაემშვიდობებინა.
–რა საქმე,ლიკა,რა საქმე?ეხლა?ქორწინების დღეს,ჯვრისწერის დროს?რა უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი,რომ არ მოსულიყო?არა,რაღაც უბედურებაა მის თავს,გული მიგრძნობს.
–იქნებ პოლიციაშია?–თვალები გაუნათდა ლიკას–ხო,რა იცი? იქნებ დაიჭირეს და არ უშვებენ? რა,ერთი და ორი უდანაშაულო ზის ციხეში?
–დიანას იმედის სხივი ჩაუდგა თვალებში.ტირილი შეწყვიტა.ცოტა ხანს იფიქრა და გადაწყვეტილება მიიღო.
–წავედით,უნდა მოვძებნო.ვაჟა,ხომ წაგვიყვან?
–აბა რას მეკითხები,დიანა,მაგას კითხვა უნდა?
–კარგი,ეხლავე გამოვიცვლი და წავიდეთ,ოღონდ ჯერ გიას სახლში წამიყვანე.მეზობლები უნდა გამოვკითხო.თუ დაიჭირეს,ეცოდინება ვინმეს.
აი,გიას სახლსაც მიუახლოვდნენ.შვიდი კაცი გადმოლაგდა ვაჟას მანქანიდან,მეტი აღარ დაეტია,თორემ გიას ამბავი ბევრს აინტერესებდა.
პირდაპირ კარის მეზობელს მიადგნენ.
კი,ვიცი–თავი დაუქნია მეზობელმა–დილას სადღაც გავიდა.მერე რომ მობრუნდა,ჩემოდანი ჩაალაგა და წასვლა რომ დააპირა,სად მიდიხარმეთქი კიბეზე მივაძახე,ქორწილი არ უნდა ვჭამოთმეთქი? რა ქორწილი ძია ვანო,სხვაგან მივდივარო.მერე ცოტა ხანს გაჩერდა,დაფიქრდა და მითხრა:–თუ მიკითხონ,უთხარი რომ სხვა ქალი მიყვარს და მასთან ერთად საზღვარგარეთ მივფრინავო.დიანას წერილს მივწერ და ყველაფერს ავუხსნიო.ეს იყო სულ,წავიდა და იმის მერე აღარ მინახავსო–დაასრულა მეზობელმა.
დიანა პირდაღებული,გაოცებული თვალებით მისჩერებოდა ძია ვანოს და ჯერ ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა.პირველი,რაც განიცადა,უსაზღვრო სიხარული იყო,მადლიერება ღვთის მიმართ და გამოუთქმელი ბედნიერება.გია ცოცხალი იყო და ეს ყველაზე მთავარი იყო ახლა.რომ დამშვიდდა,მერეღა დაიწყო იმაზე ფიქრი,რაც უთხრეს,მაგრამ ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა.ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო,წარმოუდგენელი.არა,ამას არასოდეს დაიჯერებდა,ამას სიზმარშიც კი ვერ ნახავდა,არათუ ცხადში.მეგობრები კი შეჰყურებდნენ სიბრალულით და თანაგრძნობით,მაგრამ თვითონ სულაც არ თვლიდა თავს საბრალოდ.
რას მომჩერებიხართ?დაიჯერეთ,არა?თითქოს არ იცოდეთ ჩვენი ამბავი,ან გიას არ იცნობდეთ.გაშაყირება მომინდომა არა?მაგას ვაჩვენებ როგორ უნდა აფიორების გაგორება–თქვა დიანამ და გიას სახლიდან ეზოში გამოვიდა.იქვე სკამზე ჩამოჯდა და ფიქრებს მიეცა.
–არა,მაინც რამ მოაფიქრა ეს? მაგის დრო იყო? ქორწინების დღეს ასეთი მაიმუნობა შეიძლება?ერთი მანახა სად იმალება,გავგლიჯავ მაგ საცოდავს–ფიქრობდა დიანა და ერთი წამითაც არ დაუშვია,რომ მეზობლის ნათქვამი შეიძლებოდა სიმართლე ყოფილიყო.კარგად იცოდა გიას ოინების ამბავი და იმიტომ.უყვარდა ასეთი „სიურპრიზები“
ყველაფერი კი დიდი ხნის წინ დაიწყო:
დიანა სკოლაში ყველაზე ლამაზ გოგოდ ითვლებოდა.ისეთი ლამაზი იყო,რომ ალბათ არ არსებობდა ბიჭი,უფროსი,უმცროსი თუ თანატოლი,დიანა რომ არ ჰყვარებოდა.სახელიც იშვიათი ჰქონდა და ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამდა მის სილამაზეს.მართლაც რომ ქალღმერთივით მშვენიერი გახლდათ. იმდენს უყვარდა,შეწუხებულიც კი იყო და ზრაპრული პრინცი რომ მიგეყვანათ,ზედ არ შეხედავდა.საერთოდ ბიჭების დანახვა აღარ უნდოდა.მისი გულისთვის ჩხუბობდნენ,თავპირს ალეწავდნენ ერთმანეთს.ლექსებს უწერდნენ,სიმღერებს უმღეროდნენ ფანჯრებთან.ყოველ დღე ახალახალი თაიგულები მოსდიოდა სახლში,ახალახალი საჩუქრები,წერილები და ათასი რამ.მოკლედ,რამდენადაც ლამაზი იყო,იმდენად შეწუხებული ყავდათ ასეთი ყურადღებითდა არავის ზედ არ უყურებდა.ამაყი და მედიდური იყო?არა,ვერ ვიტყვით ასე.ძალიან თბილი და კეთილი იყო ყველას მიმართ.არცერთ გოგოს არ აგრძნობინებდა უპირატესობას თავის სილამაზის და მშვენიერების გამო,მაგრამ თავის ფასი იცოდა და ბიჭებთან საშინლად ცივი იყო.ყინულის დედოფალიც კი შეარქვეს,თუმცა მაინც გაშმაგებით უყვარდათ.
მერვე კლასში იყო,გია რომ გადმოვიდა მათთან კლასში.მშობლები არ ყავდა.არც ნათესავები.ბავშვთა სახლში გაზრდილიყო და რადგან მათი სკოლა მხოლოდ რვაწლიან განათლებას აძლევდა,ამიტომ საჯარო სკოლაში გადმოვიდა სწავლის გასაგრძელებლად.
სუსტი აღნაგობის იყო,მაგრამ გამხდარს ვერ იტყოდით.პირიქით,ცოტა ჩადგმულიც კი ჩანდა.ოდნავ მაღალი.მკერდი წინ ჰქონდა წამოწეული,ეტყობოდა,რომ ნავარჯიშები იყო.ტალღოვანი,ღია წაბლისფერი თმა და საოცრად ლურჯი თვალები ჰქონდა.
ვინ იცის,ბედისწერა იყო თუ არა,მაგრამ დიანამ როგორც კი გია დაინახა,საოცრად აუფართხალდა გული,სისხლი მოაწვა,კანკალმა აიტანა.არ იცოდა ეს რა იყო.ცისფერი თვალები ბევრჯერ უნახავს,მაგრამ ასეთი ლურჯი,ზღვასავით კამკამა თვალები არასოდეს ენახა.
გიასაც მოეწონა დიანა.ეს არ გამოპარვია.
ქალს არასოდეს გამოეპარება კაცის გრძნობა.საკმარისია ერთხელ ჩახედოს თვალებში,რომ იმაზე მეტს ამოიკითხავს,ვიდრე მის გულში და გრძნობებშია დამალული.იმაზე კარგად იგრძნობს,ვიდრე თავად აუხსნიდა.ვერანაირი სიტყვებით ვერცერთი მამაკაცი ვერ გადმოსცემს თავის სიყვარულს ისე,როგორც ამას ქალი თვითონ იგრძნობს,თვალებში დაინახავს.რამდენჯერ ყოფილა ,რომ მამაკაცს უარუყვია ქალის სიყვარული,თავის თავისთვის აუკრძალავს ფიქრიც კი,მაგრამ ქალის გამჭოლ თვალს,გუმანს,ინტუიციას და კაცის გრძნობების უბადლო „რენტგენოლოგს“ არ გამოპარვია კაცის სიყვარული და ხშირად მისი ძალისხმევით საქმეც სხვაგვარად დასრულებულა,ვიდრე კაცს ჰქონია თავდაპირველად წარმოდგენილი.
ასეა თუ ისეა,სხვა ყველაფერ მშვენიერთან ერთად ეს თვისებაც გააჩნდა დიანას და რა თქმა უნდა მაშინვე იგრძნო გიას სიმპათია საკუთარი თავის მიმართ.
მაგრამ დრო გადიოდა,გია კი არაფერს ამჟღავნებდა.ხანდახან ეჩვენებოდა კიდეც,რომ ზედ არ უყურებდა და ყურადრებასაც კი არ აქცევდა.ეს სულ აცოფებდა,აგიჟებდა.მთელი სკოლა მას დასდევდა,ეს კი ვინ არის ასეთი ზედ რომ არ მიყურებსო,ბრაზობდა დიანა და აღარ იცოდა სამაგიერო როგორ გადაეხადა.აღარც მე აღარ შევხედავ და ხმასაც აღარ გავცემო,ფიქრობდა შეყვარებული გოგონა და უკვე იცოდა,რომ ვერასოდეს ასე ვერ მოიქცეოდა.თუმცა ერთხელ სინჯა კიდეც,მაგრამ ერთ კვირაზე მეტ ხანს ვეღარ გაუძლო და დანებდა,დაინახა რა,რომ ამან შედეგი ვერ გამოიღი და გიას ეს სრულებითაც არ ადარდებდა.ნუთუ შევცდი?–ფიქრობდა დიანა–ნუთუ სულ არ მოვწონვარ? უყურე ერთი რა თავხედია.იცის,რომ ლამაზი თვალები აქვს,რომ მომწონს,ჩუმად რომ ვუთვალთვალებ და ჯინაზე მაწვალებს–ცრემლები ერეოდა დიანას და როცა მარტო რჩებოდა,აღარ იკავებდა და აძლევდა საშუალებს ლამაზ სახეზე ჩამოგორებულიყვნენ და მშვენიერი ლოყები დაესველებინათ.
ეჰ,სიყვარულო,სიყვარულო,ვინ გამოიცნობს შენს ცბიერ და მუხანათურ ზრახვებს.ვის აატირებ და ვის გააცინებ,ვის დატანჯავ და ვის გააბედნიერებ,ვის ჯოჯოხეთად უქცევ სიცოცხლეს და ვის სამოთხეში აგრძნობინებ თავს.ნეტა თუ შეუძლია ვინმეს წინ აღგიდგეს და არ გათამაშებინოს თავი,როგორც შენ გჩვევია?არ დაგემონოს და დაგემორჩილოს როგორც დედოფალს და შენი ზრახვების უსიტყვო შემსრულებელი არ გახდეს? ვინ იცის,ვინ იცის?
დრო გადიოდა,დიანას სიყვარული ძლიერდებოდა და უკვე დაფარვაც უჭირდა.ხასიათი გაუფუჭდა,ბუზღუნა და აუტანელი გახდა.სწავლას მოუკლო.სულ ცუდ ხასიათზე იყო და თუ მასწავლებელი რამეს ეტყოდა,უმიზეზოდ ტიროდა და ტიროდა.
გია კი ამ დროს ხშირად ნაცემ ნაბეგვი იჯდა კლასში და დიანასკენ გახედვაც არ უნდოდა.
–მეტიჩარა გოგო,ნეტა ვინ ჰგონია თავი? რადგან ასეთი ლამაზია,რა, ადამიანად აღარ უნდა ჩამთვალოს?გამომივიდა რა ეგეც ნადირობისა და უმანკოების ქალღმერთი.თუმცა,რა თქმა უნდა,ვის რად უნდა უპატრონო,ბავშვთა სახლში გაზრდილი ბიჭი? ყველა მაგას დასდევს და მე ვინ ვარ?–არაფერი,სიტყვასაც არ მეტყვის,ვითომ არც ვარსებობდე.აი ნახავ,ვისწავლი,სახელოვანი კაცი გამოვალ და თუ ყველას არ ვაჯობო,ვისაც უყვარხარ.ნახავ,თუ ყველაზე კარგი არ გავხდე,გულში ეჩურჩულებოდა გია დიანას და ცრემლები ერეოდა სიმწრისაგან.ნაცემ–ნაბეგვიც მისი გულისთვის დადიოდა სულ,სიტყვას არავის აპატიებდა დიანაზე ზედმეტად თქმულს და ვერც იმას დაჰპირდებოდა ვინმეს,დიანასკენ გახედვაც არ გაბედოო,ბევრს რომ ცემდნენ ზოგიერთები ამ მიზეზით და ამიტომაც სულ ჩხუბში და გაწევგამოწევაში იყო.ლამაზი თვალები კი ჰქონდა,მაგრამ ვერ ხედავდა რაც საჭირო იყო,იმას.
კაცები,ქალებისგან განსხვავებით საკმაოდ გულიბრყვილო და უმეცარი არსებანი ვართ.საკმარისია მშვენიერმა არსებამ მოწყალების თვალით გადმოგვხედოს,რომ ქვეყანა ჩვენი გვგონია,უსაზღვროდ ბედნიერი ვართ და ისეთ წარმოუდგენელ რამეს წარმოვიდგენთხოლმე,რასაც ახდენა არასოდეს უწერია და მხოლოდ მაშინ ვხვდებით ჩვენს სიბრიყვეს,როდესაც ქალი ასეთივე მზერას სხვა მამაკაცს მიაფრქვევს.აი მაშინ კი იწყება ნამდვილი ჯოჯოხეთი მამაკაცის გულში.მატადრე მაშინ,თუ ის შეყვარებულია.ეჩვენება ყვალაფერი ისე,როგორც ყველაზე ნაკლებად უნდა,რომ იყოს.ეჭვი ისეთი საშინელი რამ არის,ყველაზე გონიერ და ალღოიან მამაკაცსაც კი გონებას დააკარგვინებს და საცოდავ და უბადრუკ არსებად აქცევს.ეგ კი არა და ხშირად იმდენად უმეცარია,სანამ ქალი ხმისჩახლეცამდე არ ჩასძახებს შენ მიყვარხარო,არაფრით არ დაიჯერებს.ვერაფრით ვერ აგრძნობინებ,ვერაფრით ვერ გააგებინებ,ვერ დაანახებ.ზოგჯერ ნათქვამსაც არ დაიჯერებს,თორემ რომელ გრძნობაზე და მიხვედრაზეა საუბარი?აი,ასეთები ვართ მამაკაცები და სამწუხარიდ უნდა ვაღიარო, რომ ეს სრული ჭეშმარიტებაა.
ვინ იცის სადამდე გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი,დიანას რომ არ შეეტყო,რომ გია ნაცემი მისი გულისთვის დადიოდა,მისი გულისთვის არ იზოგავდა თავს და არავის ეპუებოდა.ყველაზე ძლიერ ბიჭებსაც კი,რომელთაც მთელი სკოლა ხელში ეჭირათ,თავს არ უხრიდა,არ ეშინოდა.დიანას გულისთვის გველეშაპს შეებმეოდა და სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოლებდა.
აი მის დანახვაზე კი გული შარვალში ეპარებოდა.დაეგდებოდა თავისთვის უღონოდ და მისკენ გახედვასაც ვერ ბედავდა.ისე იქცეოდა,თითქოს ვერ ამჩნევდა,ვერ ხედავდა,ვერაფერს გრძნობდა.გულში კი საშინელი ხანძარი ჰქონდა დანთებული.ცალკე თვითონ იტანჯებოდა და იქით საბრალო გოგოს ტანჯავდა.
ამის შემდეგ ყველაფერი თავისით დალაგდა,ატირებული გოგო გიას დახვდა და თავისი გული გადაუშალა:–რატომ მტანჯავ რა გინდა?ნუთუ ვერაფერს ხედავ და ვერაფერს გრძნობ?ასეთი ბრმა რატომ ხარ?მე უნდა დავიმცირო თავი და გითხრა,რომ მიყვარხარ?კაცი არ ხარ?რამ დაგამუნჯა,რამ დაგადებილა?ამოიღე ხმა,მითხარი რამე.თუ არ გიყვარვარ,ეგეც მითხარი.და თუ გიყვარვარ,რას მტანჯავ,ან თავს რად იტანჯავ?გავარკვიოთ ერთხელ და სამუდამოდ და ორივე დავისვენებთო–უთხრა ჭარხალივით აწითლებულმა დიანამ და უკანმოუხედავდ გაიქცა.
აღარ აღვწერ რა გაოგნებამ,სიხარულმა,მუხლების კანკალმა და გულის ფრთხიალმა მოიცვა საწყალი ბიჭი.გაოცებისგან ყბაჩამოგდებულმა და სიყვარულისგან აცახცახებულმა როგორ შეუშვირა თავი ონკანს,რომ დარწმუნებულიყო,ეს სიზმარი არ იყო.რომ ეს სინამდვილეა და ყველაზე უბედური და ცხოვრებისგან დაჩაგრული ბიჭი უცებ,ერთ წუთში როგორ იქცა ყველაზე ბედნიერ ადამიანად დედამიწის ზურგზე.
მას შემდეგ ამ ორი პატარა გვრიტის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა.ცალკე ვერცერთს ვერ ნახავდით.მტრედებივით სულ ერთად იყვნენ და როცა გაკვეთილების შემდეგ ერთმანეთს უნდა დაშორებოდნენ,ერთი საათი ეფერებოდნენ ერთმანეთს სიტყვებით და ვერაფრით ვერ ელეოდნენ.ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ.დიანას მშობლებმს თავიდან ცოტა კი გაიბრძოლეს,არ უნდოდათ უპატრონო ბიჭი ქალიშვილისთვის,მაგრამ დიდი წინააღმდეგობაც აღარ გაუწევიათ.დიანამ თავიდანმე განაცხადა,გია სიგიჟემდე მიყვარს და თუ არ გინდათ თავს რამე ავუტეხო,მის ნახვას ნურასოდეს დამიშლითო.მათაც იფიქრეს,ჯერ პატარაა,რა იცის ამ შტერმა გოგომ ცხოვრებაო და თავი დაანებეს მას შემდეგ,რაც სიტყვა აიღეს,რომ ზღვარს არ გადავიდოდა და ოჯახს არ შეარცხვენდა.მიხვდებით ალბათ,რაზეცაა საუბარი.
ბევრი კარგი ბიჭი დარჩა გაწბილებული და ყურებჩამოყრილი,მაგრამ ცოტაოდენი გაბრძოლების შემდეგ ყველა დანებდა.ხედავდნენ,როგორ უყვარდათ ერთმანეთი და მიხვდნენ,რომ არავითარი აზრი აღარ ქონდა დიანაზე ოცნებასაც კი.ზოგმა ხელი ჩაიქნია,ზოგმა შეიზიზღა კიდეც,ზოგს კი ძველებურად,მაგრამ ჩუმად,გულში უყვარდა.მათ შორის იყო ვაჟაც,მათი მეგობარი და მესაიდუმლე,როგორც მიაჩნდათ.რა ექნა საწყალ ბიჭს,ყველაფერი კარგად ესმოდა,ყველაფერს კარგად ხედავდა.ორივეს პატივს სცემდა,მაგრამ თვას ზემოთ ძალა არ იყო.12 წელიწადია დიანა უყვარდა,თქვენ წარმოიდგინეთ ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან და რა უნდა ექნა,გულს ხომ არ ამოიგლეჯდა?არ უშლიდა არავის ხელს,ეხმარებოდა კიდეც.კეთილი გული ჰქონდა და ბოროტი ზრახვა და სიმდაბლე არასოდეს ჩაუდია გულში.ფიქრობდა,თუ გამივლის ეს სიყვარული ხომ კარგი,თუ არადა ალბათ ასეთი ყოფილა ჩემი ბედი და ბოლომდე უნდა ვიტანჯოო.
დრო კი გადიოდა.სკოლა დაამთავრეს.ხშირად ხდება ხოლმე,როდესაც საყვარელ ადამიანს მიეჩვევი,ბევრ რამეზე გეცვლება აზრი,წარმოდგენა.ხშირად ყოფილა შემთხვევა,შესძულებიათ კიდევაც ერთმანეთი და დარჩენილა მოგონებები იქ,ბავშვობაში.მოგონებები პირველი სიყვარულისა,გამოუცდელი,გულუბრყვილო გრძნობისა,რომელიც მაშინ უკანასკნელიც და სამუდამოც გეგონა ცხოვრებაში.ალბათ ასიდან ოთხმოცდაცხრამეტ შემთხვევაში ასე ხდება და მხოლოდ ერთხელ პირიქით.
გიას და დიანას სასიხარულოდ,მათი სიყვარული სწორედ ის მეასე გამონაკლის გახლდათ,რაც ასე იშვიათია ცხოვრებაში.უფრო მეტსაც გეტყვით.მათ სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა და ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე,თუ ქალ–ვაჟს ასე შეიძლებოდა ყვარებოდა ერთმანეთი.არ ყოფილა შემთხვევა რამეზე ედავოთ,ეკინკლავოთ.თვალებში შესციცინებნენ ერთმანეთს და თუ რამე უთანხმოება ჰქონდათ,მხოლოდ იმაზე,თუ რომელი დაუთმობდა მეორეს,თუ შემთხვევით სხვადასხვა სურვილი გაუჩნდებოდათ ხოლმე.ორივეს უნდოდა არათუ სურვილი შეეწირა საყვარებული ადამიანისათვის,არამედ სიცოცხლესაც დაუფიქრებლად დათმობდა.
სკოლის მერე გიას მალევე უნდოდა დაქორწინება,მაგრამ დიანა უარზე იყო.ეშინოდა და ფრთხილობდა.მართალია გიას გარეშე სიცოცხლე ვერც წარმოედგინა და არც შეეძლო,მაგრამ თან იმასაც ფიქრობდა: ვაითუ ქორწინების შემდეგ სიყვარულის ეს ლამაზი ზღაპარი დასრულდეს და მაშინ ჩემი სიცოცხლეც დამთავრდებაო.ამიტომ გიას სთხოვა.მოდი დავდოთ აღთქმა,სამი წელიწადი არ დავქორწინდეთ.ხომ სულ ერთად ვართ ისედაც.თან პატარებიც ვართ ჯერ.თუ ამ სამი წლის შემდეგ ისევ ასე გვეყვარება ერთმანეთი,მაშინ დავქორწინდეთო.გია კინარამ გაგიჟდა–სამი წელი რა მომათმენინებს,ხომ მოვკვდებიო,მაგრამ აბა ქვეყანაზე ყველაზე ძვირფასი ადამიანის ნებას წინ როგორ აღუდგებოდა და უხალისოდ დათანხმდა იმ იმედით,რომ ეს სამი წელი ,მაინც სულ ერთად იქნებოდნენ და სამი კი არა სამასი წელიც ვერ შეარყევდა მათ სიყვარულს და ერთად ყოფნის სურვილს.
...და აი,გავიდა ეს უსასრულოდ გაწელილი სამი წელიწადი,რომელიც სამ საუკუნედ მოეჩვენა ორივეს.სამი წელიწადი,რომლის განმავლობაშიც ერთი წამითაც კი ეჭვი არ გაჩენილა არცერთის გულში,ერთ პატარა ხინჯსაც კი ვერ მოძებნიდით მათ ურთიერთობაში.პირიქით,უფრო ძლიერ,ეს თუ კიდევ შესაძლებელი იყო,შეიყვარეს ერთმანეთი.უფრო დაღვინებულებმა,გაზრდილებმა და პიროვნებებად ჩამოყალიბებულმა ადამიანებმა გაიაზრეს ცხოვრების მთელი სირთულე,სიმკაცრე და მრავალი მოსალოდნელი განსაცდელი,მაგრამ რომ წარმოიდგენდნენ,ამას ყველაფერს ერთად გადალახავდნენ,უზომოდ ბედნიერად გრძნობდნენ თავს და მზად იყვნენ ოჯახის შესაქმნელად.
აი,ასეთ დროს ხდება ის,რაც მოხდა.სხვისი რა მოგახსენოთ,მაგრამ დიანა ვერასდიდებით ვერ დაიჯერებდა,რომ ეს მართალი იყო და გაიხსენა ათასი ოინი,გიას მიერ მოწყობილი.გაიხსენა,ერთხელ რომ დაურეკა და უთხრა,აღარ მიყვარხარ,მიგატოვე,და თუ არ გჯერა,აივანზე გადი და ნახავ სხვა ქალს როგორ ვეფერებიო.გავიდა,გია კი ამ დროს მის აივანზე იჯდა და უზარმაზარი წითელი ვარდების თაიგული ეჭირა ხელში.
გაახსენდა,როგორ გაუბრაზდა მაშინ–გაგიჟდი?მეოთხე სართულზე რამ ამოგიყვანა,კარები არ მაქვს,თუ გიშლის ვინმე მოსვლას?რამე რომ ჩავარდნილიყავი?შენი თავი თუ არ გეცოდება,მე რას მერჩი?ტუქსავდა მაშინ გიას და მაინც ბედნიერი და გახარებული მკერდში ჩაკვროდა და თმებზე ეფერებოდა.–ეს უფრო რომანტიკულიაო,მიუგო მაშინ გიამ და ცხელი და ტკბილი კოცნაც დაიმსახურა.
ისი გაახსენდა,ვიღაცამ რომ დაურეკა,გია ავარიაში მოყვაო და სანამ ტელეფონის ყურმილთან ერთად ჩაიკეცებოდა,ყვავილების და კამფეტების წვიმა რომ წამოვიდა უეცრად და ცოცხალი ვარო,წინ რომ აეტუზა და იღრიჭებოდა.კარები რომ დარჩენია ღია და ჩუმად რომ შეპარულიყო და ასეთი ოინი მოეწყო.გაახსენდა რა დღე დააყარა მაშინ,როგორ დაუშინა მუშტები და ატირებულმა მოსთხოვა რომ არასოდეს ასეთი რამ აღარ გაეკეთებინა.
გაახსენდა რა გაუკეთა ოპერაში,თეატრში,რესტორანში და ვინ მოსთვლის,სად არა.მართალია უმეტესად ეს სასიამოვნო სიურპრიზები იყო,მაგრამ ხანდახან ისეთ ოინებსაც გამოურევდა,ვერაფრით მიხვდებოდი რა ჩაიფიქრა.მოკლედ,სიურპრიზების და ოინების გენიოსი იყო და ყველაზე ლამაზ და ხანდახან სახიფათო ექსპერიმენტებსაც დიანაზე ცდიდა და მის რეაქციას აკვირდებოდა.
აი ახლაც,ერთერთი ასეთი ოინი ეგონა და სულაც არ ფიქრობდა იმაზე,თუ რა უთხრა მეზობელმა.რა სხვა ქალი,რის საზღვარგარეთი,რა სისულელეა.ამას არასოდეს დაიჯერებდა.გული იმაზე წყდებოდა,რომ მაინცდამაინც ამ დღეს,ასეთ დროს.როცა ამდენი ხანი ასეთი გულისფანცქალით ელოდნენ ამ დღეს,ოცნებობდნენ,ნატრობდნენ,ხშირად ერთად უტირიათ კიდეც და დღეს რა სიურპრიზი უნდა მოეფიქრებინა ისეთი,რომ ეს ლამაზი და საოცნებო სიყვარულის ზეიმი გადაეფარა?
ვერ ფიქრობდა,არ შეეძლო ფიქრი.სადღაც გულის სულ უკანასკნელ კუნჭულში ეჭვი ეპარებოდა,რომ ეს სიურპრიზი არ იყო,მაგრამ ის,რაც მოისმინა,აბსოლუტური უაზრობა და სისულელე იყო,ამაში ვერავინ გადაარწმუნებდა და არც აღიქვამდა სერიოზულად.მიზეზს ეზებდა და ვერ პოულობდა.არაფერი არ ესმოდა და არც არაფრის წარმოდგენა შეეძლო.გაახსენდა,რომ გია ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად უჩიოდა უხასიათობას და ხშირად ტოვებდა დიანას უადგილოდ და უაზროდ და სახლში მიიჩქაროდა,იქ,სადაც არავინ ელოდა.მაგრამ მაშინ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია.განა მის სიყვარულში როდისმე შეეპარებოდა ეჭვი?არა,არასოდეს.და ისევ ცრემლები,ცრემლები და ცრემლები,ზღვასავით ცრემლები,იმ ზღვასავით რომლის ფერი თვალებიც გიას ჰქონდა.
ორი დღის შემდეგ წერილი მიიღო,რომელმაც საერთოდ საგონებელში ჩააგდო და უფრო აურია თავგზა.ისედაც განუწყვეტლივ მოტირალს და მგლოვიარეს კიდევ ეს წერილი უნდოდა?
წერილი მოკლე იყო,სულ რამდენიმე სიტყვას შეცავდა:
„დიანა,ჩემო ძვირფასო.თურმე ცხოვრებაში ხდება ისეთი რამ,რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდები ადამიანი.მე ეს უკვე დანამდვილებით ვიცი.არ მინდა ზედმეტი სიტყვებით გული გატკინო,ისედაც ვხვდები შენს მდგომარეობას.გთხოვ,ნუ იგრძნობ თავს დამცირებულად.ეს მე ვარ არამზადა,რომელიც შენი არცერთი ცრემლის ღირსი არ არის.ამ არამზადამ და უნამუსო კაცმა,სხვა ქალი შეიყვარა,მიგატოვა და წავიდა.მაპატიე,თუ როდისმე შეძლებ ამას.ღმერთს ვევედრები რომ შენ ბედნიერი იყო.მშვიდობით.ოდესღაც შენი გია“
ამ წერილმა საერთოდ ჭკუიდან შეშალა.წერილი ბავშვა მიაწოდა და ისიც დააყოლა,რომ ახალგაზრდა ლურჯთვალა კაცმა გამოატანა,რომელსაც ლამაზი ქალი ახლდა გვერდით.
–არა,არ მინდა დავიჯერო.ტყუიხარ,რაღაც სისულელეს მაჯერებ.რატომ,რისთვის?–ტიროდა დიანა და აკანკალებულს და ანერვიულებულს ვერაფერი აჩერებდა.ძნელია ამ განცდის გადმოცემა.ეს მხოლოდ დიანამ იცოდა და იყო კიდევ ერთი ადამიანი,ვისაც შეეძლო წარმოედგინა,მიხვდებით ალბათ.არც დედა,არც მამა,არც მეგობარი ვინმე,საერთოდ არ არსებობდა დედამიწაზე ადამიანი,ვინც დიანას დაწყნარებას შეძლებდა და ასე გრძელდებოდა დღეები,თვეები და აგერ უკვე მეორე წელი სრულდებოდა.
ვაჟა გვერდიდან არ ცილდებოდა.ისედაც მთელი ცხოვრება უგონოდ უყვარდა და ახლა,ასეთ მდგომარეობაში როგორ მიატოვებდა?ხან ტკბილეულს მოუტანდა,ხან ნაყინს,რომელიც დიანას ასე უყვარდა,ხან სადმე გაატარებდახოლმე,ოღონდ მისი დარდი შეემსუბუქებინა,თუმცა რამდენად ახერხებდა ამას,ეს მხოლოდ დიანამ იცოდა.მოწყენილი და ცრემლიანი თვალებით შეჰყურებდა ამ კეთილ ადამიანს და უფლებას აძლევდა,მასზე ეზრუნა.სიმართლის გულისთვის მსურს აღვნიშნო,რომ ვაჟა მართლაც უანგაროდ ზრუნავდა დიანაზე და ერთი წამითაც არ დაუშვია,რომ ეს მშვენიერი ქალი მისი გამხდარიყი.ეს უზნეობად და უდიდეს სამდაბლედ მიაჩნდა და არასოდეს იკადრებდა ამას.იცოდა,როგორ უყვარდა დიანას გია და ფიქრობდა,რომ არასოდეს ეს სევდიანი და დადარდიანებული ქალი სხვას არ შეიყვარებდა და ან გიასი უნდა ყოფილიყო,ან არავისი.ამიტომ არავითარი ილუზია არ გააჩნდა და დიანასთვისაც ბევრჯერ უთქვამს ეს.ჭეშმარიტად პატიოსანი კაცი გახლდათ და უანგაროდ,მხოლოდდამხოლოდ თანაგრძნობის და სიკეთის გამო ეხმარებოდა საყვარელ ადამიანს.
დიანა ცოტა ხასიათზე მოვიდა.ფერი დაუბრუნდა.გიაზე ფიქრი არ შეუწყვეტია.რა თქმა უნდა უყვარდა,მაგრამ გაურკვევლობა და იდუმალება კლავდა და ეს უფრო ტანჯავდა.მაგრამ ცხოვრება გრძელდებოდა და დიანასაც უნდოდა თუ არა თავის ხვედრს უნდა შერიგებოდა და ცხოვრება გაეგრძელებინა,ტკბილი იქნებოდა ის თუ მწარე.
როდესაც ერთ დღესაც ვაჟამ გამოუარა თეატრში წასაყვანად,მკლავზე მოქაჩა გასასვლელისკენ გამართულ მეგობარს და სკამზე ძალათი დასვა
–ვაჟა,მე ბევრი ვიფიქრე და თანახმა ვარ.
–რაზე ხარ თანახმა დიანა?–გაოცდა ვაჟა
–თანახმა ვარ,შენი ცოლი გავხდე.
–დიანა?
–მათქმევინე ბოლომდე,ძალიან გთხოვ.შენ უანგარო და ძვირფასი მეგობარი ხარ ჩემთვის.შენ ყველაფერი იცი ჩემზე.არასოდეს საყვედური და პრეტენზია არ გამოგითქვამს ჩემს მიმართ.ყოველთვის უსაზღვროდ გიყვარდი,მაშინაც კი,როდესაც მე შენი მეგობარი მიყვარდა.
–ვაჟამ მორცხვად დახარა თავი
–ხო,ვაჟა,მე ყოველთვის ვიცოდი რომ შენ გიყვარდი,მაგრამ ჩემი გული მხოლოდ გიას ეკუთვნოდა ,შენ ეს კარგად იცი.
–ეხლა?
–ეხლა?ეხლა არ ვიცი.არ მოგატყუებ,მართლა არ ვიცი.ჩემი გული მკვდარია,და იმ მკვდარ გულში ვინ არის არ ვიცი.მე უმადური და დაუნახავი ადამიანი არ ვარ.შენ მე სასოწარქკვეთილების უფლება არ მომეცი.გვერდში დამიდექი,გადამარჩინე.სიცოცხლე დამიბრუნე.არ მინდა,რომ ჩემი ცხოვრება უაზრო ეგოიზმსა და უმიზნო და უსახურ სინამდვილეში გავატარო.შენ ჩემი ყოველთვის გესმოდა,ყოველთვის ჩემი ტკივილის და სიხარულის თანაზიარი იყავი და ამიტომ,თუ შენი სურვილი იქნება,მინდა ჩემი ცხოვრება შენ დაგიკავშირო და ბედნიერი გაგხადო.შენ ამას იმსახურებ,ვაჟა და მე სიტყვას გაძლევ,რომ ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.ისიც მინდა იცოდე,რომ მიუხედავად ჩემი და გიას ასეთი სიყვარულისა,რომელიც შენ ძალიან კარგად იცი,მე უბიწო ვარ,ჩვენს შორის ფიზიკური სიახლოვე არ ყოფილა და ამით არ დაგაბრკოლებ.იფიქრე,რამდენ ხანსაც გინდა,მე არ გაჩქარებ.გადაწყვეტილება მყარად მაქვს მიღებული და თუ შენი თანხმობაც იქნება,ნებისმიერ დროს მზად ვარ.ახლა კი წავიდეთ თეატრში,ჩემო ძვირფასო მეგობარო–გაუღიმა დიანამ ვაჟას და ხელი მკლავში გაუყარა.
რომელ თეატრზე იყო ლაპარაკი?ვაჟას თავში მთელი სამყარო ტრიალებდა,გულში კი ისეთი ხანძარი ენთო,ვერავინ ჩააქრობდა დედამიწაზე.ის ერთადერთი ადამიანი,ვისაც ეს შეეძლო,გვერდით ეჯდა და ნაღვლიანი თვალებით სცენას მისჩერებოდა.წესით,ყველაზე ბედნიერ კაცად უნდა ეგრძნო თავი,მაგრამ როგორც წესიერ და პატიოსან კაცს, გული დარდით ჰქონდა სავსე.ყველაფერი კარგად ესმოდა და ყველაფერს კარგად წონიდა.პირველ რიგში საკუთარ სინდისს ეკითხებოდა,ჰქონდა თუ არა უფლება დიანაზე ექორწინა,მაშინ,როცა მშვენივრად იცოდა,რომ დიანას ისევ გია უყვარდა.
მეორე მხრივ,იმასაც ფიქრობდა,თუ ეხლა უარს ეტყოდა,რა მდგომარეობაში ჩააყენებდა საყვარელ ქალს.რითი ახსნიდა მიზეზს.მაშინ ხომ საერთოდ აუცრუვდებოდა დიანას ცხოვრებაზე გული და განა შეეძლო ამ ნაზი არსებისთვის ასეთი დარტყმა და ტკივილი მიეყენებინა თავისი პატივმოყვარე კეთილშობილების გამო,რომელიც პრინციპში არც არაფრით ილახებოდა,თუ დიანას შეირთავდა.ისიც კარგად იცოდა,რომ ასე ძლიერ დიანას ვერავინ შეიყვარებდა და ვერავინ გააღმერთებდა როგორც თვითონ.მთელი სიცოცხლე მასზე იზრუნებდა და თავს არ დაიზოგავდა,რომ ბედნიერება და სიხარული მიენიჭებინა საყვარელი ქალისთვის.
და რა თქმა უნდა იყო კიდევ ერთი,ალბათ ყველაზე მთავარი მიზეზი,რომელზე ფიქრსაც უკრძალავდა თავს გადაწყვეტილების მიღების საქმეში,მაგრამ უნდოდა თუ არა,ეს მიზეზი არსებობდა და ვერსად წაიღებდა,ვერც დამალავდა და ვერც უარყოფდა.თავდავიწყებით უყვარდა ეს ქალი და განა ამაზე დიდი მიზეზი შეიძლებოდა არსებულიყო,რომ ცოტა თავის ბედნიერებაზეც ეფიქრა?
ყველა ამის გათვალისწინებით ვაჟას ბევრი აღარ უყოყმანია და მეორე დღესვე სიხარულით თანხმობა გამოუცხადა საყვარელ ქალს.ქორწინების დღეც დათქვეს.
და აი ისევ თეთრი კაბა,ყვავილები,მილოცვები და კვლავ მოლოდინი–ამჯერად ვაჟასი.
–ეხლა ვაჟაც რომ არ მოვიდეს,ფიქრობდა დიანა და ეცინებოდა,თუმცა იცოდა,ეს არ მოხდებოდა.ისიც იცოდა,რომ რომც მოხდეს,ისე აღარ განიცდის,როგორც ადრე.რაც იქნება,იქნება.
ამ უცნაურ ფიქრებში იყო,როდესაც ვაჟაც გამოჩნდა.ხელში უზარმაზარი თაიგული ეჭირა და დიანას უღიმოდა.დიანამაც გაუღიმა,მერე ერთმანეთი გადაკოცნეს და დალოცვებისა და რამდენიმე ჭიქა შამპანურის სემდეგ სახლიდანაც დაიძრნენ.ეკლესიაში დრო დათქმული ჰქონდათ და დაგვიანება არ სურდათ.
მანქანაში რომ სხდებოდნენ,დიანამ შეამჩნია,რომ ახალგაზრდა ქალმა ვაჟას რაღაც ბარათი მიაწოდა,რამდენიმე სიტყვა უთხრა,და უკან გაბრუნდა.ვაჟამ დიანას გამოხედა,ეხლავე მოვალო ხელი დაუქნია უკვე მანქანაში მჯდობ პატარძალს და ბარათის კითხვას შეუდგა.დიდხანს კითხულობდა.ცუდად ენიშნა დიანას დაყოვნება და საქმროს შეუძახა.
მოვდივარო,თავი დაუქნია ვაჟამ და ბარათი ჯიბეში ჩაიდო.მთელი გზა ხმა არ ამოუღია.გაფითრებული და დაბნეული იჯდა.დიანას რა თქმა უნდა არ გამოპარვია ეს ყოველივე და მიზეზი ჰკითხა.
–არაფერი,სამსახურის ამბებია,პატარა უსიამოვნებები.ყვეალაფერი კარგად იქნება,შენ არაფერზე იდარდოო.
აღარ შევუდგები ჯვრისწერის ცერემონიის დეტალურად აღწერას.მხოლოდ მთავარზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.დადგა ის წამი,როდესაც ნეფე–დედოფალს უნდა დაედასტურებინათ ნებაყოფლობითი კავშირი ღვთის წინაშე და ერთგულების ფიცი დაედოთ.მაგრამ ყველასაგან მოულოდნელად,ვერა კაცი რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა,ვაჟამ უარი განაცხადა და გაოგნებულ და გამნცვიფრებულ დიანას ხელი დროზე წაავლო რომ არ დაცემულიყო და რამე არ ეტკინა.მერე ჯიბიდან ბარათი ამოიღო,დიანას გაუწოდა და უთხრა.
–მაპატიე,დიანა,არ შემიძლია.წაიკითხე ეს ბარათი და ყველაფერს მიხვდები.მაპატიე,მაპატიე არ ჩერდებოდა ცრემლმორეული ვაჟა.მერე მობრუნდა და რაც ძალია და ღონე ჰქონდა,დაღუნა თავი და გაიქცა.
მოდით ახლა ეს საგონებელში ჩავრდნილი საქორწინო ამალა ცოტა ხნით დავასვენოთ,ცოტა გონს მოვიდნენ.ჩვენ კი გიასკენ გადავინაცვლოთ და მისი ამბავიც შევიტყოთ.
როგორც უკვე იცით,გიას ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე უხასიათობა დასჩემდა.ხშირად ბოლომდე ვერ რჩებოდა დიანასთან და სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ,მოულოდნელად მიატოვებდახოლმე და სახლში გარბოდა.მიზეზი კი მხოლოდ გიამ იცოდა,ისიც ბუნდოვნად.ამ ბოლო ხანებში თავის ტკივილები დაეწყო და არ იცოდა ეს რა იყო.ტკივილები ძლიერდებოდა და როდესაც უკვე ტკივილს ვეღარ უძლებდა,იძულებული იყო საყვარელი ადამიანი მიეტოვებინა და ტკივილგამაყუჩებლის საყიდლად უახლოეს აფთიაქში გაქცეულიყო.მერე უკვე ჯიბითაც დაჰქონდა,დიანასგან დაფარულადაც სვამდა,მაგრამ უკვე ესეც აღარ შველოდა.ხალისი დაკარგა.მის გულში შიშმა დაისადგურა.ვერ ბედავდა ექიმთან მისვლას,მაგრამ რადგან ქორწილის დღე უკვე დანიშნული ქონდათ,მოიკრიბა ძალები და ექიმს მიაკითხა.კლინიკაში სისხლის და სხვა რამდენიმე ანალიზი აუღეს,თავზე სკანირება გაუკეთეს და მოხდა ისე,რომ ქორწინების დღეს დაიბარეს.
–ცოტა ადრე არ შეიძლება?თუნდაც ერთი დღით–ქორწილი მაქვს მაგ დღესო–შეევედრა ექიმებს.
–არა,გენაცვალე,ვერ მოვასწრებთ,თუ გინდა რომ წესიერად გამოვიკვლიოთ ასეაო და მაშინ ქორწილის შემდეგ მოდიო–ურჩიეს
გიამაც ასე გადაწყვიტა,მაგრამ იმ დილას,როდესაც ყველაზე ბედნიერი დღე უნდა გათენებულიყო მის ცხოვრებაში,ისევ თავის ტკივილმა შეაწუხა.გაახსენდა გამოკვლევები და გადაწყვიტა იმ დღესვე გაეგო პასუხი.რა ვიცი,ეშმაკს არ სძინავსო–ფიქრობდა.
კაბინეტში მიიპატიჟეს და ერთერთმა მორიგე ექიმმა მისი გამოკვლევების პასუხი გადაშალა და უთხრა
ძალიან ვწუხვარ,მაგრამ ვერ არის სახარბიელოდ საქმე.მიკელსონის დაავადება გაქვთ
ეგ რა არის?თუ შეიძლება ჩემ ენაზე ამიხსენით ექიმო–შეწუხდა გია
–როგორ გითხრათ აბა,თავის ტვინის სიმსივნის ერთერთი სახეობაა.საკმაოდ იშვიათია და ჯერ ბოლომდე გამოკვლეული არ არის.სამწუხაროდ ავთვისებიანი და ერთერთი ყველაზე პროგრესირებადი სიმსივნეა.ეს ერთერთი იმ დაავადებათაგანია,რომელსაც მედიცინა ვერ შველის.ძალიან ვწუხვარო–მხრები აიჩეჩა ექიმმა.
–რამდენი?
–ექიმი შეიშმუშნა,მიხვდა შეკითხვის არსს–რა გითხრათ აბა,ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია და...
–რამდენი,ექიმო,მითხარით რამდენი–ცოტა მკაცრად და ცოთაც მუდარით იკითხა გიამ.
–ჰმმ,მაქსიმუმ ექვსი თვე,მაგრამ ყველაფერი მოსალოდნელია.პრეპარატებზე განუწყვეტლივ მუშაობენ და..
მაგრამ გია უკვე გარეთ იყო და აღარ აინტერესებდა რას ეტყოდნენ კიდევ დასამშვიდებლად და სანუგეშოდ.ყველაფერი გასაგები იყო.ახდა ის,რისაც ასე ეშინოდა ეს ბოლო დღეები და ცოტა ეჭვიც ჰქონდა.
რა ქნას ახლა?დიანა გაახსენდა და ცრემლი ჩამოუგორდა.დღეს ხომ ქორწილი აქვს?დიანას უთხრას?ხომ გადაირევა საწყალი გოგო.დაიტანჯება,გაუბედურდება.მერე სიკვდილი და დაქვრივება?არა,ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება.ყველაფერზე წავა,ოღონდ დიანას გაუბედურებას არ დაუშვებს,არავითარ შემთხვევაში.იფიქრე გია,იფიქრე ჩქარა–ატანდა თავს ძალას და ათასი ფიქრი მოსდიოდა თავში.დიანა რომ უნდა მიეტოვებინა,ეს საყოყმანოც აღარ იყო უკვე,იმდენად ცხადად და ნათლად შეიგრძნო ეს.მხოლოდ იმას ფიქრობდა,რა მოეფიქრებინა,რომ რაც შეიძლება ნაკლები ტკივილი მიეყენებინა საყვარელი ქალისთვის.დიანა კარგად იცნობდა.იცოდა როგორ უყვარდა.არაფერს არ დაიჯერებდა.არადა დროც აღარ ჰქონდა.ერთი დღე მაინც ჰქონოდა,რაღაცას მოიფიქრებდა,მოემზადებოდა.ეხლა რა ქნას? და მოიფიქრა ის,რაც ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცით.წავალ და გადავიკარგები–ფიქრობდა გია–სადაც მოვკვდები,იქ დავიმარხები.ვინ იქნება ჩემი მომკითხავი?მშობელი მე არ მყავს და ნათესავი,ვინ მომიკითხავს?სადაც მოვკვდები,იქ დავიმარხები.ოღონდ დიანამ არ იცოდეს ეს.იცოდეს რომ მივატოვე,სხვა ქალთან გავიქეცი.თუმცა არა მგონია ეს დაიჯეროს,მაგრამ ახლა სხვა გზა არ მაქვს.ეს უკანასკნელი გამოსავალია.დაე რაც იქნება,იქნება.ოღონდ გადალახოს,ოღონდ მოერიოს და ბედნიერი ქალი გახდეს.ვიცი,დიანა ძლიერია და მოერევა ამ დამცირებას,ამ ღალატს–ამ სიტყვაზე ცრემლები წასკდა და გულამოსკვნილი ატირდა.დაე ვიყო არამზადა,უნამუსო,ნამუსგარეცხილი მოღალატე,ოღონდ მას ნაკლები ტკივილი მივაყენო–ზლუქუნებდა გია თავისთვის და სახლისკენ მიიჩქაროდა.გეგმებს ალაგებდა,შემდეგი ნაბიჯი რა უნდა გაეკეთებინა.
სახლში მივიდა,ჩემოდანი ჩააბარგა და მეზობელთან საუბრის შემდეგ,რომლის შინაარსი უკვე ცნობილია,თავისი ბავშვთა სახლისკენ გაემგზავრა,იქ შორს,საქართველოს მივარდნილ კუთხეში,სადაც ერთადერთ მონათესავე სულად და ახლობელ ადამიანად თინა მასწავლებელი ეგულებოდა.არ შეეძლო გულში ჩაემარხა ამხელა ტკივილი და ისე მომკვდარიყო,როცა იქნებოდა,რომ არავის სიმართლე არ სცოდნოდა.იქვე ეგულებოდა ონკოლოგიური კლინიკა და წამლებზე შორს სიარული აღარ დასჭირდებოდა,სანამ იცოცხლებდა–იცოცხლებდა.
თინა მასწავლებელმა ბევრი იტირა გიას ამბავი რომ შეიტყო და დიდხანს ჰყავდა გულში ჩაკრული.
–არსად აღარ გაგიშვებ,ჩემთან იქნები–ეფერებოდა თინა მასწავლებელი გიას,რომელიც პატარაობიდანვე შვილივით უყვარდა და უვლიდა– გიმკურნალებთ.ეგრე არ არის,შემ რომ გგონია.ღმერთი მაღალია,არავინ იცის,ვის რამდენი დარჩენია.ხვალ კლინიკის მთავარ ექიმთან მიგიყვან და ვნახოთ,ვისი აჯობებს.ვიღაც შტერმა ექიმმა რაღაც გითხრა და შენც დაიჯერეო–ანუგეშებდა თინა მასწავლებელი და მგონი თვითონაც არ სჯეროდა საკუთარი სიტყვების.ორი დღის შემდეგ თინა მასწავლებელს სთხოვა,რომ ყველაზე ლამაზი უფროსკლასელი გაეტნია მისთვის ერთი დღით,რომ სატრფოსთვიას წერილი გადაეცა და მეტი დამაჯერებლობისთვის გვერდით ქალი ჰყოლოდა.თინა მასწავლებელმა ხან აქედან მოუარა,ხან იქიდან,ნუ აკეთებ ამას,საწყალ გოგოს გულს ნუ უკლავო.ისევ დაკარგულად გთვლიდეს ის ჯობიაო,მაგრამ გია ამას დასჯერდებოდა?რას ამბობ,თინა დეიდა,შენ დიანას არ იცნობ.მთელი ცხოვრება რომ დასჭირდეს,ძებნას არ მოეშვება და ცოცხალს თუ მკვდარს მაინც მომაგნებს და მერე უფრო არ დაიტანჯებაო? მოკლედ,გაატანეს ერთი ზორბა გოგო გიას და დანარჩენი უკვე ვიცით.
გავიდა ორი წელიწადი.გია ცოცხალი იყო,მართალია დასუსტებული და დაუძლურებული,მაგრამ მაინც ცოცხალი.მთელი ამ დროის განმავლობაში კლინიკაში იწვა ყველაზე უიმედო პაციენტებს შორის და უკვე კაი ხანია ყოველ წამს მის სიკვდილს ელოდნენ.ის კი არ კვდებოდა.შეუჩერებლად ლოცულობდა და ღმერთს ევედრებოდა,სანამ მოკვდებოდა,დიანას ოჯახი შეექმნა და გაბედნიერებულიყო.
ვერ გეტყვით,ღვთის განგება იყო ეს თუ უბრალოდ თავგანწირული კაცის გამძლეობა,მაგრამ ყველა თვალნათლივ ხედავდა სასწაულს და უკვირდათ კიდეც.ასეთი რამ ჯერ არ ენახათ ექიმებს.კაცი,რომელიც დიდი ხნის მკვდარი უნდა ყოფილიყო, მიუხედავად აუტანელი და გაუსაძლისი ტკივილისა ცოცხალი იყო და სიკვდილის არაფერი ეტყობოდა.
იმ შორეულ კუთხეში არ იცოდნენ,თორემ იმ დროს,როდესაც დიანამ და ვაჟამ შეუღლება გადაწყვიტეს, ზუსტად იმ წუთას,გია ძალზედ ცუდად შეიქნა და გონებვა დაკარგა.
შეატყობინეს თინა მასწავლებელს,რომ ამჯერად გია ძალიან ცუდად იყო და ალბათ დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა.
ატირდა ქალი,დაეფლითა გული და სული.არ იცოდა რა ექნა.ასეთი ახალგაზრდა,ლამაზი ბიჭი მიწაში როგორ უნდა ჩაეწვინათ?გაახსენდა მისი საცოლეც,სამუდამოდ მოღალატედ და არამზადად რომ დარჩებოდა გია მის გულში .
–არა,ამას მაინც არ დავუშვებ.ვერ გავიმეტებ ასეთი სახელისთვის ჩემ საბრალო ბიჭს,ტიროდა თინა მასწავლებელი და წერილს წერდა,სადაც მოკლედ აღწერა ყველაფერი,რაც იცოდა და ევედრებოდა დიანას,არ ეფიქრა გიაზე ცუდად და ცოდნოდა,რომ არასოდეს მისი სიყვარული და მასზე ლოცვა არ შეუწვეტია მომაკვდაბ ბიჭს და ეხლა,როცა გია უკანასკნელ დღეებს ითვლიდა,ჩამოსულიყო და ერთხელ კიდევ ენახა და თუ უფლის ნებით გონს მოვიდოდა,სიკვდილის წინ გაახარებდა და გულნატკენი მაინც არ წავიდოდა ამ ქვეყნიდან.
მოძებნა ის გოგონა,გიას რომ გააყოლეს მაშინ.მხოლოდ იმან იცოდა დიანას საცხოვრებელი სახლი.წერილი მისცა და სთხოვა,აუცილებლად დიანასთვის გადაეცა ხელში.გოგონას მაინცდამაინც არ ესიამოვნა მასწავლებლის თხოვნა,მაგრამ ბევრი სითბო და პატივისცემა ახსოვდა მისგან და ეხლა,როცა თვითონაც აღმზრდელი გახდა სხვა პატარებისა,ვერ შებედავდა და უარს ვერ ეტყოდა მასწავლებელს და თან ამავე დროს ყველასთვის ყოველთვის დედად მოაზრებულ მოხუც ქალს.
დანარჩენი ადვილი მისახვედრია.გოგონა დიანას ეზოში მივიდა და დიანა იკითხა.არავინ იცის,შემთხვევით იყო ეს თუ ღვთის განგებით,წერილი ვაჟამ გამოართვა და დიანა დაანახა.აგერ,მანქანაში ზის და ეხლავე გადავცემო.
ვეღარ შებედა გოგომ უნდობლობის გამოცხადება,როცა მართლაც ძალიან ლამაზი ახლგაზრდა ქალი დაინახა მანქანაში და ეჭვი აღარ შეპარვია,რომ ეს სანდომიანი კაცი,სიტყვას შეასრულებდა და წერილს დიანას მიუტანდა.ამიტომაც,მშვიდად გაბრუნდა და წავიდა.
ყველაფერი,რაც შემდგომ მოხდა,ვგონებ აღარ საჭიროებს განმარტებას.ვაჟას ცნობისმოყვარეობამ სძლია და წერილი წაიკითხა.მთელი გზა ყოყმანობდა,მიეცა წერილი დიანასთვის თუ არა.იცოდა ამას რაც მოყვებოდა.ჩაშლილი ქორწილი,მიტოვებული სიძე და მგლოვიარე და მარადის გაუთხოვარი დიანა.თითქოს მართალიც იყო,მაგრამ არსებობდა ასეთი მცნება მის სულში,რომელსაც სინდისი ერქვა და გასაქანს არ აძლევდა.და როდესაც დადგა გადამწყვეტი მომენტი არჩევანისა,მკაფიოდ მოესმა ხმა ანგელოზისა,რომელიც ვაჟას მხარზე ჩამომჯდარიყო და ყურში ჩასჩურჩულებდა:
„ნუ დაუჯერებ გულს,რასაც გეუბნება,ის ხშირად გაცდუნებს.ენდე სინდისს,ის არასოდეს მოგატყუებს“.
და შემდეგ უკვე ის „არა“.ჩვენ რომ ვიცით და გაოგნებული და გაოცებული ადამიანთა სახეები.სინდისმა გაიმარჯვა გულზე და ადამიანმა,რომელმაც ყველაზე ძვირფასი რამ შესწირა ამ ერთ სიტყვას,დარჩა კაცად,კაცურ კაცად–სუფთა და შეუბღალავი.გულმოკლული,მაგრამ პატიოსანი.განადგურებული,მაგრამ სულმართალი,რომელმაც ვერ შეძლო სინდისზე გაეცვალა ყველაზე საყვარელი ადამიანი ქვეყანაზე.ყველაზე სასურველი და სანატრელი,მაგრამ შეიძლება სულ ცოტათი,სულ მცირეთი მაინც პატიოსნებაზე და სინდისზე დაბლა მდგომი.
ზედმეტი წვრილმანებით თავს აღარ შეგაწყენთ.შეგიძლიათ გაგრძელება ნათლად წარმოიდგინოთ და საკუთარი დასასრული მოარგოთ.მე ჩემის მხრივ ვიტყოდი,რომ დიანამ ნახა გია და მისმა მდუღარე და სიყვარულით გაჯერებულმა ცრემლებმა გონებაზე მოიყვანეს მომაკვდავი კაცი და ახალ საწაულს დაუდეს დასაბამი.
სიკვდილი ისევე ძლიერია,როგორც სიყვარული.ისევე ვერიდებით სიკვდილს,როგორც ვუფრთხილდებით სიყვარულს.რამეთუ ორივე შემთხვევაში ვკარგავთ ყველაზე ძვირფასს–სიცოცხლეს და საყვარელ ადამიანს.
თქვენ როგორ ფიქრობთ,სიკვდილი გაიმარჯვებდა თუ სიყვარული?
ნუ დაგვავიწყდება,რომ სიყვარული თავად ღმერთია და ალბათ ყველას კარგად გვესმის,რომ ღმერთის დამარცხება არა ძალას არ შეუძლია.ის რაც შეუძლებლია ადამიანთათვის,შესაძლებელია ღვთისათვის.დასკვნები თავად გააკეთეთ.
მე კი სიამოვნებით დავასრულებდი ასე:
ზუსტად ერთი წლის თავზე გია და დიანა საკურთხევლის წინ იდგნენ და ერთმანეთს სიყვარულის და ერთგულების ფიცს აძლევდნენ, გვერდით კი ვაჟა და ლიკა ედგნენ მეჯვარეებად.იდგა ეს ოთხი მშვენიერი ახალგაზრდა ღვთის ტაძარში და ზეციდან დიდ კაშკაშა სვეტად დაჰნათოდა ნათელი უფლისა.