Friday, 28 March 2014

სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე



                                               შესავალი
                        

ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა,თუმცა რომ არა ამ ისტორიის მთავარი გმირის მონათხრობი,რომელიც მან მრავალი წლის შემდეგ თქვენს მონა მორჩილს გაანდო,ვინ იცის,სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩებოდა ამ ადამიანის გულში და ვერასოდეს ვარავინ შეიტყობდა მის შესახებ.
ქრისტიან ადამიანს ღვთის სასწაული არ აუნდა უკვირდეს,არც უნდა ეძებდეს,მაგრამ თუ ასეთს მაინც შეესწრო,ეს ღვთის დიდი წყალობად უნდა ჩათვალოს და მორჩილად მიიღოს იგი.დიახ,ეს ასე,მაგრამ ხანდახან ხდება ისეთი საოცარი და გაუგონარი სასწაულები,რომლებიც არა მარტო გაგაოგნებს და განგაცვიფრებს თავისი საოცრებით და უჩვეულობით,არამედ საგონებელშიც ჩაგაგდებს და უამრავ რამეზე დაგაფიქერებს.მითუმეტეს თუ ეს პირადად გადადგხდა და მთელი შენი ცხოვრება შეცვალა.
სწორედ ერთ ასეთ უჩვეულო და გასაოცარ ამბავზე მინდა მოგითხროთ,ჩემო ძვირფასებო,რომელიც ამ ისტორიის მთავარმა პერსონაჟმა პირადად მიამბო და ნებართვაც მომცა,რომ თქვენთვისაც გამემხილა(რა თქმა უნდა მონაწილე პირების სახელების შეცვლით).
თქვენ კი თავად გადაწყვიტეთ,ღირდა თუ არა ამ ამბის აღწერა ჩემი მწირი გონებით.ხოლო რამდენად დაიჯერებთ მას,ეს უკვე სულ სხვა საკითხია.
როდესაც ეს ისტორია მე თავად პირველად მოვისმინე,დიდხანს გაოგნებული ვიყავი და თავი სიზმარში მეგონა.შეუძლებელია გულგრილად მოუსმინო იმას,რასაც ეხლა გიამბობთ.პირადად მე მთელი ამ თხრობის მანძილზე ჩემი მეგობრის გვერდით ვიდექი თითქოს და მასთან ერთად განვიცდიდი იმ დიდ სასწაულს,რასაც მიამბობდა და მიუხედავად იმისა,რომ იქ არ გახლდით და მხოლოდ ძალიან მცირე დოზით თუ შემეძლო ყველაფრის წარმოდგენა,ეხლაც,როცა ვიხსენებ ამას ყველაფერს ტანში მცრის და არც კი ვიცი,მოვახერხებ თუ არა ოდნავ მაინც ღირსეულად ყველაფრის თქვენამდე მოტანას.მე ვეცდები და დანარჩენი უფალს მივანდოთ



                                              ნაწილი პირველი

                                                თეონა და აჩიკო

ერთ პატარა ქალაქში ერთი ჩვეულებრივი გოგონა ცხოვრობდა.არაფრით გამორჩეული,თუ ფიზიკურ სილამაზეს არ ჩავთვლით.დადიოდა სკოლაში და მისი მთავარი საზრუნავი,ისევე როგორც უამრავი მისი თანატოლის,სწავლა და განათლების მიღება გახლდათ.
ზემოთ ფიზიკური სილამაზე ტყუილად არ მიხსნებია.ამ მშვენიერების გამო თეონას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა.ზოგი ჩუმად ეტრფოდა,ზოგი კი იმდენად მომაბეზრებელი გახლდათ,რომ საწყალი გოგონა შეწუხებილიც კი ჰყავდათ.ეს ყველა ლამაზი გოგონას ხვედრია,ალბათ დამეთანხმებით,და გასაკვირი ამაში არც არის რამე.
ქალის სილამაზე ალბათ ის ყველაზე დიდი საცდურია ამ ქვეყანაზე,რასაც ყველაზე ძლიერი მამაკაციც კი იშვიათად თუ უძლებს,თუმცა უმრავლესობის შემთხვევაში გაძლებაზე საუბარიც კი ზედმეტია ალბათ.მოკლედ,ეს ბანალური ჭეშმარიტებაა და ამაზე აღარ შევჩერდები.
თეონა ბიჭებისკენ არ იყურებოდა,არ აინტერესებდა.მისთვის მთავარი სწავლა იყო და სამიჯნურო გატაცებებისთვის დრო არ ჰქონდა.
მაგრამ ყველამ კარგად ვიცით,რომ ადამიანი არ არის თავისი გულის მფლობელი და სიყვარული როდის გაგიჩენს შიგ ბზარებს,ეს მხოლოდ უფალმა იცის.ჯერ პატარას შეგაცბუნებს,მერე ცოტა სირცხვილი და სიწითლე შეგეპარება,აგაფორიაქებს,ძილს გაგიტეხს,ნერვიულობას და შფოთვას დაგაწყებინებს და შემდეგ თავით ფეხამდე თავს გიკრავს სიყვარულის მორევში.თუმცა სიყვარულის ეს მწვავე ცეცხლოვანი მარწუხები იმდენჯერ და ისეთი მრავალფეროვნებით არის აღწერილი სიტყვის ოსტატების მიერ,რომ ჩემი მცდელობაც კი,აღვწერო იგი, სასაცილო იქნება.
ასე იყო თუ ისე,თეონას გულიც ამ მოულოდნელმა გრძნობამ მოიცვა ჯერ კიდევ სკოლის დამთავრებამდე.მისი სიმშვიდის დამრღვევი კი სხვა სკოლიდან გადმოსული არჩილი გახლდათ.
ზოგს წლები სჭირდება,რომ გულს სითბო ჩაეღვაროს და მოწინააღმდეგე სქესის მიმართ რამე გრძნობა აღეძრას,ზოგი კი პირველივე დანახვისთანავე თავდავიწყების მორევში ეშვება და ავიწყდება თუ იმ ადამიანის გარდა ვინმე ან რამე არსებობს.
ვერ ვიტყვი,რომ თეონაც ასე,ერთი ნახვით  გადაეშვა სიყვარულის ჩანჩქერში,მაგრამ პირველივე შეხვედრაზე რომ გული უცნაურად აუთამაშდა,ეს დანამდვილებით ასე იყო.ალბათ ჩვეულებრივად,როგორც ყველაზე ხშირად ხდება ხოლმე.ჯერ რაღაც უცნობი,იდუმალი გიზიდავს ადამიანში.მერე საკუთარ თავს ებრძვი,არ გინდა აღიარო,რომ უცხო ადამიანი შენთვის უფრო და უფრო ძვირფასი ხდება.არ უტყდები საკუთარ თავს,რომ შეყვარებული ხარ და ისე ებრძვი ამ აზრს,თითქოს ყველაზე ბოროტი მტერი ჩაფრენოდეს შენს არსებას და გადაყლაპვას უპირებდეს.ვითომ ებრძვი,თორემ სინამდვილეში თავადვე უფრო ფართოდ უღებ გულის კარს და სიამოვნებით უშვებ შიგ.პირიქით,მერე გარედან კეტავ,რომ არ გაგექცეს,ქვიშასავით არ დაგეფანტოს ის მოულოდნელი სტუმარი,ასე რომ შემოგიძვრა გულში და იქექება ყველაზე სათუთ და მგრძნობიარე სისხლძარღვებში–ის დაუპატიჟებელი სტუმარი,სიყვარული რომ ჰქვია.
თეონა არ იყო გამონაკლისი და ისეთივე შეყვარებულ გოგონად იქცა,როგორც ყოველი ჩვეთაგანი მის ასაკში.მაგრამ არც აჩიკო გახლდათ გულგრილი.უფრო მეტიც,პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდა თეონა და  ისეთი ბავშვური სიყვარულით უყვარდა,მის დანახვაზე ფერი ეცვლებოდა და მუხლები ეკვეთებოდა.აბა დალპარაკებას როგორ გაბედავდა? ვერასოდეს ვერ შეძლებდა ამას.
სანამ სკოლაში სწავლობდნენ,სულ რამდენჯერმე თუ გასაუბრებიან ერთმანეთს და ისიც მხოლოდ მაშინ,როდესაც სხვა გამოსავალი არ იყო და ისიც სკოლის ამბებს თუ შეეხებოდა,თორემ სიყვარულზე ხმას რომელი ამოიღებდა?ამის არც ძალა ჰქონდა რომელიმეს და არც გამბედაობა.აჩიკოს უფრო,თორემ თეონა,ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაზრდილი თავმოყვარე გოგონა ამას ვერასოდეს გაბედავდა–ალბათ სიბერემდეც კი.
დღეს ცოტა სხვანაირად ხდება ყოველივე და ბევრს შეიძლება გაეცინოს კიდეც,მაგრამ იმისთვის,ვისთვისაც მარადიული ფასეულობები–ზნეობა,ღირსება,პატივისცემა,ადათი და წესი ძვირფასია,არაფერია გასაოცარი და საკვირველი.მაპატიეთ ამ მცირე გადახვევისთვის,შედარებაც კი არ მინდა,იმდენად გულსატკენია ყოველივე.მე ჭეშმარიტ,შეიძლება ბავშვურ,მაგრამ სუფთა გრძნობაზე გესაუბრებით,რომელსაც არაფერი აქვს საერთო იმ ვნებასთან,რომელსაც ცოტა სხვა რამ ჰქვია და რომლის  პატრონსაც ასე ეცინება ეხლა,ამას რომ კითხულობს.
სკოლის დამთავრების შემდეგ თეონა უნივერსიტეტში მოეწყო და დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად.ჯერ ნათესავებთან,შემდეგ კი ცალკე,დაქირავებულ ბინაში.
ის პირველი მოულოდნელი გრძნობა,რომელიც თეონას ეწვია და რომელსაც ბავშვურ სიყვარულად აღიქვმდა,თითქოს უნდა დაევიწყებინა,მაგრამ განა როდის ხდება ყველაფერი ისე,ჩვენ რომ გვგონია? აჩიკოც სწორედ იმ უნივერსიტეტში სწავლობდა,სადაც თეონა და ეს შემთხვევით იყო ღვთისგან დაშვებული თუ აჩიკოს შეგნებული ნაბიჯი,მე სამწუხაროდ არ ვიცი.
თეონას და აჩიკოს შეხვედრებმა ზრდასრული ხასიათი მიიღეს.აღარ იყო ის ბავშვური სიმორცხვე,გაწითლება,მუხლების კვეთა,და სხვა ბავშვური დაბრკოლებანი,მაგრამ დარჩა ყველაზე მთავარი,სუფთა და ძლიერი სიყვარული ერთმანეთის მიმართ,გამოუთქმელი,გაუბედავი,მაგრამ მაინც ერთმანეთის თვალებში დანახული და გაზიარებული იმ იშვიათი შეხვედრების დროს,როცა ამის საშუალება ეძლეოდათ.
ყმაწვილ კაცს ალბათ ცოტა მეტი გამბედაობა მართებს ქალიშვილის მიმართ,რომელიც უყვარს და თავადაც გრძნობს მის სიყვარულს.ალბათ მეტი დაფიქრება მართებს იმაზე,თავის გაუბედავობით,სიმორცხვით და ალბათ სილაჩრითაც,რა გამოუვალ და უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საყვარელ ადამიანს.თუმცა,შეყვარებულ ადამიანს ალბათ ვერ მოსთხოვ გააზრებულ საქციელს,გონიერ ნაბიჯს,გათვლილ და გაანგარიშებულ ქმედებას.ჭეშმარიტი სიყვარულისთვის ხომ მხოლოდ სიგიჟე,თავგანწირვა და თავდავიწყებაა დამახასიათებელი და ჩვენც მოდი ნუ განვსჯით აჩიკოს ამ სისუსტეს.
თუ რა შედეგები მოჰყვა მის ამ გაუბედავ ნაბიჯს,სულ მალე შევიტყობთ.
დღე დღეს მისდევდა,თვეს თვე ენაცვლებოდა და ამ იდუმალ,იშვიათი შეხვედრიდან შეხვედრამდე ლოდინში,ფიქრსა და დარდში გადიოდა წლები.აჩიკო ჯარში წაიყვანეს და ურთიერთობა ამჯერად წერილებით გაგრძელდა.ალბათ ბევრი დამეთანხმება,რომ წერისას ადამიანი ბევრად უფრო გაბედულია,ვიდრე საუბარში.აქ გაუბედავობა და სილაჩრე ნაკლებას გბოჭავს,ნაკლებად გაწუხებს.უფრო მამაცი ხარ,უფრო გულადი და მთელი ქვეყანა შენი გგონია.აქ შეგიძლია უფრო თავისუფლად,უფრო თამამად გამოთქვა შენი გულისნადები.შეიძლება სრულად არა,მაგრამ უფრო გახსნილად და აშკარად.თუმცა არ უნდა გადააბიჯო იმ ზღვარს,რომლის შემდეგაც თავხედობა და უტიფრობა იწყება.ამ ზღვარის მოძებნაა სწორედ ყველაზე ძნელი.
თეონა ბედნიერი იყო.მას უყვარდა,ისეთი ძალით უყვარდა,ასე ეგონა არავის ქვეყანაზე ისე არ ჰყვარებია,როგორც მას.ეს მარტივი ჭეშმარიტებაა ყოველი შეყვარებულისათვის და თუ ეს ადამიანს არ განგიცდია,მაშინ არც არასოდეს გყვარებია.
თეონამ აჩიკო დიდების კვარცხლბეკზე დააყენა და ისე ეთაყვანებოდა,როგორც ყველაზე სანუკვარ და სასურველ არსებას.მაშინ არ ფიქრობდა,იმსახურებდა თუ არა აჩიკო ასეთ სიმაღლეზე ყოფნას.თეონას ის სუფთა,წრფელი გულით უყვარდა.მის ალალ და კეთილ გულს გრძნობდა და უყვარდა.
ხშირად,ჩვენი გამოგონილი რაინდები ვერ გუობენ ხოლმე ჩვენსავე შექმნილ კვარცხლბეკებს.იქიდან ჩამოცვენილები კი ძალზედ საცოდავად გამოიყურებიან.
ერთადერთი რაც გულს უკლავდა თეონას,გამოუთქმელი და დამალული სიყვარული გახლდათ.აჩიკოს თეონა უზომოდ უყვარდა,მაგრამ ვერა და ვერ ახერხებდა მისთვის ამის გამჟღავნებას.მშვენივრად იცოდნენ ერთმანეთის გრძნობები,მაგრამ გამჟღავნებას ვერ ბედავდნენ.აჩიკო არ იღებდა ხმას და თეონა როგორ გაბედავდა სიტყვის ამოღებას.და არა მხოლოდ იმიტომ,რომ ამის საშუალებას აღზრდა ან ღირსება არ აძლევდა,არამედ უფრო იმიტომ,რომ საყვარელი ადამიანის თვალში ქარაფშუტა გოგონად არ გამოჩენილიყო და სამუდამოდ არ დაეკარგა ძვირფასი არსება.რაც არ უნდა გასაოცარი იყოს,აჩიკოც სწორედ ასე ფიქრობდა და სანამ ჯარში იყო,არ უნდოდა თავისი მჩატე და უღირსი საქცილით თეონასთვის გული ეტკინა,როგორც ამას თვითონ ფიქრობდა.მოკლედ,ამ სიყვარულს აკლდა ის ყველაზე მთავარი,რაც ყოველი ადამიანის სულს და ხორცს იპყრობს.აკლდა ის აღმაფრენა,რაც სიტყვებს მოაქვთ,რაც ერთი გულის მეორე გულის წინ გადაშლას მოჰყვება ხოლმე.როდესაც ორი ადამიანის ფიქრი,გრძნობა და სიყვარული მთლიანად შეერწყმის ერთმანეთს და უფრო სრულყოფილი,უფრო ამაღლებული და უფრო სანუკვარი ხდება.
ნურავინ იტყვის,რომ სიტყვებს არა აქვთ მნიშვნელობა.შეიძლება ცხოვრებაში მართლაც ასე იყოს ჭეშმარიტად პატიოსანი ადამიანისათვის,მაგრამ არა შეყვარებული გოგონასათვის,რომელიც სიტყვებს ყოველ წამს ელოდება.არ იცის,რა სიტყვებს,მაგრამ ელოდება.ეს არის ყველაზე ტკბილი და ყველაზე ამაღლებული ყველა შეყვარებული გოგონასათვის და რაც არ უნდა გამაკრიტიკონ სკეპტიკოსებმა,ნება მიბოძეთ მაინც ჩემს აზრზე დავრჩე.
შეძახილმა ხე გაახმოო,ამბობს ანდაზა.უთქმელობას კი შეუძლია დაანგრიოს და გაანიავოს წლების მანძილზე რუდუნებით ნაშენები გრძნობა.რა ძალა აქვს სიტყვას,ეს განსაკუთრებულად კარგად არის ცნობილი ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის და ამაზე მეტს აღარ შევჩერდები.
ეხლა კი მოგიყვებით,თუ რა მოიტანა აჩიკოს გაუბედავობამ და უთქმელობამ.ეხლა მოგიყვებით სწორედ იმ ყველაზე მთავარს რისთვისაც გადავწყვიტე ამ ამბის მოყოლა.შეიძლება აჩიკო არც იყოს სრულად დამნაშავე ყოველივეში,რაც შემდეგ მოხდა,მაგრამ ჩემის აზრით ძალიან დიდი და გადამწყვეტი როლი ითამაშა.მე მოგითხრობთ და დანარჩენი თავად განსაჯეთ.



                                               ნაწილი მეორე

                                               მარგო და რიტა

თეონამ მოიწყინა.არა,აჩიკოს სიყვარული არ განელებია გულში,პირიქით ძლიერად, მყარად უყვარდა,მაგრამ იყო რაღაც,რაც სტანჯავდა და მოსვენებას არ აძლევდა,რასაც ვერ აცნობიერებდა.არ იცოდა,ეს რა იყო.თითქოს რაღაც აკლდა,რაღაც გამოუთქმელი და იდუმალი უღრღნიდა გულს.თუმცა რაც იყო,ჩვენ უკვე კარგად ვიცით,მაგრამ აბა თეონა როგორ გაამტყუნებდა რამეში ძვირფას ადამიანს? მიყვებოდა ცხოვრებას და მინდობილი იყო ძვირფას ადამიანზე.არ უნდოდა სხვა რამეზე ეფიქრა.როგორც იქნება,იქნებაო,აჯერებდა საკუთარ თავს და იმ დღეზე ოცნებობდა,როცა აჩიკო ჯარიდან დაბრუნდებოდა და მაშინ ყველაფერი გაირკვევაო ფიქრობდა.
სახლი,რომელიც თეონამ დაიქირავა,დედა–შვილს ეკუთვნოდა.ქალს ქმარი ადრე გარდაცვლოდა და თეონას ტოლი გოგონა ჰყავდა დარჩენილი.ასე იცოდა თეონამ–ასე გაეცნო რიტა დედამისთან ერთად.ბევრი არაფერი იცოდა მათზე.სახლი სამოთახიანი გახლდათ.თეონას მხოლოდ ერთი ოთახი ჰქონდა დაქირავებული,დანარჩენ ორში კი რიტა და დედამისი მარგო ცხოვრობდნენ.ბანქოს თამაში უყვარდათ და ხშირად ეპატიჟებოდნენ კიდეც თეონას,მაგრამ აბა თქვენ მითხარით,შეყვარებულ გოგონას,თანაც სტუდენტს,ბანქოს სათამაშო განწყობილება ჰქონდა?
რიტა თეონას თანატოლი გახლდათ და გოგონებიც უცებ დამეგობრდნენ.იყო ამ გოგოში რაღაც ისეთი მიმზიდველი,მომხიბვლელი,რასაც თეონა ვერ აცნობიერებდა,თუმცა არც ფიქრობდა ამაზე.მისი სუფთა,ნათელი გული ვერც კი წარმოიდგენდა რამე მზაკვარს და მიუღებელს.ასე ბოროტი ადამიანები ფიქრობენ მხოლოდ.თეონა მიჩვეული იყო ადამიანების ნდობას.მთელი გულით ენდობოდა და თუ როდისმე იმედი გასცრუებია,ეს სულაც არ იყო მიზეზი,რომ სხვა ადამიანებში ეჭვი შეეტანა.თეონას რამდენჯერმე ყავაც კი დაულევია დედა–შვილთან და ყოველთვის სითბო და კეთილგანწყობა უგრძვნია მათგან.ორჯერ თუ სამჯერ მარგო დეიდამ უმკითხავა კიდეც და რაც არ უნდა გასაოცარი ყოფილიყო,ბევრი სიმართლეც უთქვამს.
სიმართლისათვის ვალდებული ვარ აღვნიშნო,რომ თეონა დიდი მორწმუნე არ გახლდათ.ამას ვერ დავაბრალებთ მხოლოდ იმ გარემოებას,რომ კომუნისტური წყობის პერიოდი გახლდათ,როდესაც არათუ მორწმუნე,არამედ თუნდაც მხოლოდ ადათისა თუ წესის გამო მონათლული ადამიანებიც კი დიდი იშვიათობა გახლდათ.ეს იყო საშინელი უღმერთობის და უფლისგან განდგომილების პერიოდი.ეს ასაკიანმა ხალხმა კარგად იცის და ამიტომ აღარ შეგაწყენთ თავს ამაზე.
თეონა ახალდაბადებული,სულ რამდენიმე დღის მონათლეს,მაგრამ მისი შემდგომი ცხოვრება ძალიან შორს იყო რწმენისგან და თუ როდისმე ეკლესიაში მოხვდებოდა,სანთელს დაანთებდა ხოლმე და ისეთივე ურწმუნო გამოდიოდა იქიდან,როგორიც შედიოდა.უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ,თეონას ღმერთი სწამდა,მაგრამ მხოლოდ სჯეროდა რომ არსებობდა და მეტი არაფერი.იცოდა იესოს შესახებ,ღვთისმშობელიც იცოდა,დანარჩენი კი მხოლოდ ყურმოკრული საუბრებიდან თუ რამე ახსოვდა.მაგალითად,წმიდა ნიკოლოზი იესო ქრისტე ეგონა–არ იცოდა ვინ იყო და ერთხელ სანთელიც კი დაუნთო რომელიღაც ტაძარში,როგორც უფალს.ალბათ ბევრს გაგახსენდათ საკუთარი თავი ხომ?პირადად მე ზუსტად ასეთი „მორწმუნე“ გახლდით სულ რამდენიმე წლის წინათ და არაფერი არ მიკვირს თეონასი.
თუ რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადრებას,ეხლავე მოგახსებნებთ.
ადამიანს სამწუხაროდ ბევრი სისუტე გააჩნია,იმდენად ბევრი,რომ წარმოდგენაც არა აქვს.ეშმაკებიც მრავლად ახვევიან გარს.ადამიანი რომ ხედავდეს,რამდენი დემონი ახვევია გარს,შიშისაგან გული გაუსკდებოდა და მოკვდებოდა.მაგრამ მოწყალე უფალმა გაითვალისწინა ესეც,უამრავ სხვა გარემოებასთან ერთად და ადამიანის თვალისგან დაფარა მათი არსებობა.მაგრამ მიუხედავად ამისა,ისინი არსებობენ და არსად არ წასულან.არხეინად დაგვყვებიან და ხშირად არავითარი ძალისხმევა არ სჭირდებათ ჩვენს დასაღუპად.ჩვენ დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ მათ გასაკეთებელს.ისინი კი,ფეხი ფეხზე შემოდებული,ჩვენს მხარზე წამოსკუპებულნი სიამოვნებისგან ხელებს იფშვნიტენ და სიხარულისგან ისეთ ყიჟინას გამოსცემენ,ეს რომ გვესმოდეს,უმალ დავყრუვდებოდით.მაგრამ საკმარისია ადამიანმა ოდნავ ღვთისნიერი ცხოვრებისკენ აიღოს გეზი,რომ გავეშებულები დაეტაკებიან და უკან,წუმპისკენ უბიძგებენ...და დამიჯერეთ,ამისთვის ისინი დიდად სულაც არ ირჯებიან,ძალიან მცირე ძალისხმევა სჭირდებათ.
სიკვდილ–სიცოცხლის ბრძოლა მათ მხოლოდ იმ ადამიანებთან უწევთ,ვინც უფლის გზას შესდგომია და თავისი ცხოვრების მიზნად სასუფევლის დამკვიდრება განუზრახავს.ასეთ მორწმუნე ადამინებთან,ბერებთან,თუ სასულიერო პირებთან ეს აშმორებული და გასასიზღრებული არსებები ისეთი მონდომებით და გულმოდგინებით იბრძვიან,როგორც სამშობლოს დაუძინებელ მტერთან იბრძვის გულანთებული პატრიოტი.
შეიძლება ადამიანს არ სწამდეს ღმერთი,ან არ ცხოვრობდეს უფლისთვის სათნოდ,მაგრამ როგორც კი მის გულში ადგილს ღირსეული გრძნობები იკავებენ–სიკეთე,გულმოწყალება,პატიოსნება და რა თქმა უნდა სიყვარული,ეს ცეცხლოვანი არსებები,რომლებიც გამუდმებით დაგვყვებიან და ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევენ,შმაგდებიან და მზაკვრულ და მუხანათურ ბრძოლას გვიწყებენ ჩვენდა გაუთვიცნობიერებლად.მანამდე კი,სანამ ადამიანის სულსა და სხეულში ეგოიზმი და ამპრტავნებაა გამჯდარი,ისინი უსაქმურობისგან ამთქნარებენ და თუ გამუდმებული ყურადრების ქვეშ ვყავართ,მხოლოდ იმიტომ,რომ არ „შევცდეთ“ და უფლისათვის რამე სათნო და მოსაწონი არ გავაკეთოთ.
დავუბრუნდეთ თეონას.
რიტა ხშირად შედიოდა თეონას ოთახში და ხანდახან გათენებამდისაც კი რჩებოდა.ბევრჯერ საუბარში გაუტარებიათ ღამე.რიტა თავის სასიყვარულო თავგადასავლებს უყვებოდა თეონას და გულიანად აცინებდა ხოლმე,თუ როგორ ექცეოდა და მასხარად იგდებდა თაყვანისმცმლებს,უფრო თავის საყვარლებს,ასე უფრო სწორი იქნება.რიტა ძალიან ლამაზი არ გახლდათ,მაგრამ არც ურიგო გოგო იყო.მსხვილი ვარდისფერი ტუჩები,შავი თვალები და გრძელი დაწნული შავი თმები ძალიან მიმზიდველს და სასურველს ხდიდა,რომ აღარაფერი ვთქვათ მის სავსე მკერდსა და საუცხოო,მშვენიერ სხეულზე.თეონაც უსმენდა მის მონაყოლს და იცინოდა და იცინოდა.თუმცა თავად სიტყვაც არ წამოსცდენია აჩიკოს შესახებ.იცოდა,რიტა ქარაფშუტა გოგო იყო და ვინ იცის,სად რას წამოაყრანტალებდა.არც ის უნდოდა,რომ დეიდა მარგოს გაეგო.ეს ქალი რაღაც უცნაურ შიშს აღძრავდა თეონას გულში და არ იცოდა ეს რა იყო–უსიამოვნო და ამაფორიაქებელი.ისეთი გამჭოლი მზერა ჰქონდა,თეონა ვერ უძლებდა და სულ დაბლა ხრიდა თვალებს.ალბათ იმიტომ,რომ მკითხავი გახლდათ და თეონას სულ ისეთი შეგრძნება ჰქონდა,რომ ამ ქალმა მასზე ყველაფერი იცოდა,განსაკუთრებით ის დამალული გრძნობები და ფიქრები,რისიც თეონას თავადაც რცხვენოდა.
ერთ დღესაც,როდესაც თეონა დაღონებული იჯდა თავის ოთახში და აჩიკოზე ფიქრობდა,მის ოთახში ღიმილით რიტა შემოვიდა.
თეონამ ოდნავ გაუღიმა და თავი დახარა.მერე ცრემლები წამოუვიდა და ატირდა.ისეთი გულამომჯდარი ტიროდა,გეგონებოდათ მთელი ცხოვრება აგროვებდა ცრემლებს და ეხლა გადაწყვიტა ერთბაშად გადმოეფრქვია,რაც კი მოუგროვებია.არ იცოდა ეს რა იყო,ამოუჯდა გული რიტას დანახვაზე და ატირდა.თან ბრაზობდა,რაღა ეხლა მომინდა გულის აჩუყებაო,მაგრამ ისე ტკბილად ტიროდა,ვერაფერს უხერხებდა თავს.სიამოვნებდა ეხლა ტირილი და ტიროდა.ალბათ ჰქონდა შეყვარებულ გოგონას უფლება ატირებულიყო და ცოტა ხანს მაინც პატარა სულელ გოგონად ეგრძნო თავი.რიტა კი გულში იკრავდა თეონას,თავზე ხელს უსვამდა და ეფერებოდა.
–აბა რა გატირებს,მომიყევი ეხლავე–ეუბნებოდა რიტა და თავზე კოცნიდა ატირებულ თეონას.
თეონამაც გადმოულაგა ყველაფერი აჩიკოსა და მისი სიყვარულის შესახებ.სკოლიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე ყველაფერი მოუყვა.
ის ღამეც ლაპარაკში გაათენეს და თეონას მხოლოდ დილასღა მოერია ძილი.კიდევ კარგი კვირა დღე იყო და არსად არ ეჩქარებოდა.დადო თავი თუ არა ბალიშზე ღრმად ჩაეძინა და საღამომდე არც კი განძრეულა.
როცა გაეღვიძა,უკვე 5 საათი ხდებოდა.უი,რამდენი მიძინიაო,შეწუხდა და კარგა გვარიანად გაიზმორა.ის იყო ადგა,რომ რიტამ შემოიჭყიტა და აბა როგორ ხარო,მოიკითხა.
–რომ მოწესრიგდები,ჩვენთან გამოდი,მე და დედა გელოდებითო.უთხრა და გავიდა
ლოგინზე ჩამოჯდა.მერე გაახსენდა რიტას რაც მოუყვა და შეწუხდა–ეს რა მომივიდაო.თავი ხელებში ჩარგო და ისევ ატირდა.
–მაპატიე აჩიკო,მაპატიე,ვერ შევიკავე თავი,ვეღარ მოვერიე შენს სიყვარულსო–ქვითინებდა და აჩიკოს წერილებს ეფერებოდა.
გული რომ იჯერა ტირილით,თავი დაიმშვიდა.მოწესრიგდა და დედა–შვილისკენ გაემართა–უხერხულია,მელოდებიანო.



                                               ნაწილი მესამე

                                                    ლექსო

ძვირფასო მკითხელო,თუ არ მოგწყინდათ და კვლავ მომყვებით,მინდა გითხრათ,რომ მესამე პირში იმის გადმოცემა,რათ თეონამ მომიყვა,საკმაოდ რთულია და რომც ვცადო,მრავალი ის განცდა და ფიქრი დაიკარგება,რაც თეონამ გადაიტანა.ამიტომ მოდი ისე გადმოგცემთ,როგორ ამ ისტორიის მთავარმა გმირმა მომიყვა.
მაშ ასე,თეონა ყვება :
„სამზარეულოში რომ შევედი,იქ მხოლოდ რიტა დამხვდა.უხმოდ მომკიდა ხელი და დიდ ოთახში შემიყვანა,თუმცა ადრე არასდროს ვყოფილვარ დედა–შვილის რომელიმე ოთახში,სულ თვითონ შემოდიოდა ხოლმე რიტა ჩემთან.ეს საძინებელ ოთახს არ გავდა.საწოლი საერთოდ არ იდგა იქ.დიდ მრგვალ მაგიდასთან მარგო დეიდა იჯდა და მე მიყურებდა.ფარდები ჩამოშვებული ჰქონდათ და ოთახს მხოლოდ რამდენიმე სანთელი ანათებდა,რომლებიც მაგიდაზე იდგა.ვერ მივხვდი რა ხდებოდა და რატომ შემომიყვანეს ჩაბნელებულ ოთახში.
–ნუ გეშინია,თეონა,შვილო,შემოდი და დაჯექი–მითხრა მარგო დეიდამ.რიტას გადავხედე,თვალით მანიშნა,წავიდეთო,მერე ყურში ჩამჩურჩულა დედას მოვუყევი რაც გუშინ მითხარიო.გულისწყრომით გადავხედე,თვალებში ცრემლი მომაწვა.ნუ გეშინია,მოგეხმარებაო და მაგიდისკენ მიბიძგა.მორიდებით დავჯექი და თავი დავხარე.ცოტა ხანს ასე ვიჯექი,მერე მარგო დეიდამ თავი ამაწევინა და მაგიდაზე ხელები დამაწყობინა.თავი რომ ავწიე,დიდი პლაკატივით ქაღალდი ვნახე მაგიდაზე გაშლილი.ძალიან უცნაური რამ იყო–ასოები ეწერა,ციფრები,ისრები ეხატა,სადღაც „დიახ“ და „არა“ ეწერა ორ ერთმანეთის საპირისპირო მხარეს.გაოცებული შევყურებდი და ვერ გამეგო,რა ხდებოდა.
–ეს რა არის მეთქი–ვიკითხე.
–ეხლა ჩვენ სულებს დაველაპარაკებით და ყველაფერს გავიგებთო,მითხრა რიტამ.
–ვინ სულებს მეთქი–გავოცდი.
–ყველაფერს გაიგებო.
მერე შუაში ამოტრიალებული თეფში დადეს.ისარი ეხატა ზედ,გამიკვირა.ეს რა არის მეთქი ვიფიქრე.შემეშინდა.წამოდგომა და წასვლა ვიფიქრე,მაგრამ ვერ ავდექი.თითქოს ფეხებზე მძიმე ლოდები დამადესო,ვერ ვძრავდი.არც ხელები მემორჩილებოდა,არც ენა.ხმას ვერ ვიღებდი.მოჯადოებულივით ვიჯექი და მაგიდას უაზროდ დავყურებდი.ერთმა ერთ მხარეს ჩამჭიდა ხელი,მეორემ მეორე მხარეს.მერე მარგო დეიდამ ლუღლუღი დაიწყო.მივხვდი რაღაც რიტუალს ასრულებდა.“ქვეყნის სულთა მბრძანებელი“ გამოიძახა.
მერე თითები თეფშზე დამაწყობინეს და თვითონაც იგივე გააკეთეს.
არასოდეს დამავიწყდება ის საღამო.ჩემი ცხოვრება იმ წუთიდან შეიცვალა,როცა მე იმ მაგიდაზე აღმოვჩნდი.ვიღაც სულებს ველაპარაკებოდით.ვეკითხებოდით და გვპასუხობდნენ.მე რას ვეკითხებოდი,გაოგნებული და თვალებგაფართოებული ვიჯექი.მარგო ეკითხებოდა,ხან რიტაც.თეფში კი ისრით ნელანელა ასოებთან მიდიოდა და სიტყვებს კრიფავდა.თუ „დიახ“ ან „არა“ იყო საპასუხო,მაშინ ამ სიტყვებთან მიდიოდა.ეხლა მივხვდი,რისთვის იყო ყოველივე საჭირო,ყველაფერი გავიგე.ჯერ მეგონა,მეხუმრებიან და მაშაყირებენ მეთქი,მაგრამ როცა ჩემი წარსული გადაქექეს და ყველა კითხვაზე თითქმის სწორი პასუხი მაჩვენეს,შემდეგ დავიჯერე,რომ მართლა სული გველაპარაკებოდა.არ შეიძლებოდა,რომ მარგოს და რიტას ასეთი წვრილმანები სცოდნოდათ ჩემზე.თან თითებით ვგრძნობდი,როგორ ტრიალებდა თეფში.ალბათ,რომ არა ჩემი ცნობისმოყვარეობა,რამდენად ვუყვარდი აჩიკოს,არასოდეს არ დავიწყებდი მკითხაობას და ეჭვის შეტანას მის სიყვარულში,მაგრამ აჩიკო დუმდა და ალბათ ამან გადაწყვიტა ბევრი რამ ჩემში.
თითქოს ჩემგან სული ამოიღეს და სხვა ჩამიდგესო.ვერ აღვწერ ამას სრულად,რას განვიცდიდი.გაოცების და შიშის გრძნობა ნელნელა სიამოვნების გრძნობამ შეცვალა.გავხალისდი,ხუმრობაც კი ვცადე,თუმცა მარგომ დეიდამ მკაცრად გადმომხედა და არაო–თავით მანიშნა–არ შეიძლებაო.არ მახსოვს ის საღამო როგორ დამთავრდა.გაბრუებული ვიყავი,ვერაფერს ვერ ვფიქრობდი,ჩემს თვალწინ ისევ თეფში ტრიალებდა და ასოებს კრეფდა.მეორე საღამოს ისევ დამიძახეს.ამჯერად ხალისით გავემართე,ვნატრობდი კიდევაც,ნეტავ კიდევ დამიძახონ მეთქი.რიტამ ამიხსნა რისი ახსნაც შეიძლებოდა.მითხრა,რომ გარდაცვლილ სულებს ვესაუბრებოდით და თუ სურვილი მექნებოდა მეც შემეძლო ჩემი გარდაცვლილი ახლობლის სული გამომეძახა.მე რომ მაშინ მცოდნოდა,რას ჩავდიოდი,უკანმოუხედავად გავიქცეოდი და არასოდეს მივიდოდი იმ წყეულ სახლში,მაგრამ,სამწუხაროდ მე მაშინ არაფერი ვიცოდი.ისე,სხვათაშორის მქონდა გაგონილი სპირიტული სეანსის შესახებ,მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა,ეს რას ნიშნავდა.
ამჯერად თეფში უფრო სწრაფად ტრიალებდა,თითების მიდევნებას ვერ ვასწრებდი და თან იმას ვფიქრობდი,რა უცოდინარი ვიყავი აქამდე და რა ბედნიერებაა,რომ თურმე გარდაცვლილ ადამიანთან საუბარი შეიძლება.მე უგნურს და ტუტუცს კი ის მეცოდებოდა,ვინც არ იცოდა ეს და არ აკეთებდა.
მეორეს მესამე მოჰყვა,მესამეს მეოთხე და მალე ისეთი დახელოვნებული სპირიტისტი გავხდი,რიტას და მარგოს ტოლს არ ვუდებდი.ყველაზე მეტად ერთ სულს ველაპარაკებოდით,ლექსო მქვიაო,ასე გაგვეცნო.ძალიან თბილი და საყვარელი სულის შთაბეჭდილებას ტოვებდა.ის დღეები თითქოს ბურანში ვიყავი.მთელი სამყარო შეიცვალა ჩემთვის,სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი,მხოლოდ ლექსოზე.უკვე თეფშის დატრიალებაც აღარ მჭირდებოდა,ისე მესმოდა მისი ფიქრები.გონებაში მესაუბრებოდა.შენთან ვიქნები სულ,შენ კი ჩემთანო.ნუ გეშინია ჩემიო.მე ვარ ის სული,თქვენს მიცვალებულებთან რომ გალაპარაკებთო.თავიდან მეგონა ხომ არ გავგიჟდი მეთქი,მაგრამ არა,აშკარად სრულ ჭკუაზე ვიყავი,ჯანმრთელი.ლექციებზე დავდიოდი,გამოცდებს ვაბარებდი...
თავისი წარსული მომიყვა,დედისერთა ბიჭი ვიყავი და მომკლესო.სადღაც მაგზავნიდა,იქ დედა მარტოა და უთხარი,რომ კარგდ ვარო.დავუჯერეთ.მე და რიტა მივდიოდით კიდევაც.მატარებლის ბილეთებიც კი ავიღეთ,ორ დღეში ვაპირებდით გამგზავრებას.მომდევნო დღეს ერთი უნივერსიტეტის მეგობარი ეკლესიაში შევიდა და ძალაუნებურად შევყევი მეც.სანამ ის მამაოს ელაპარაკებოდა,მე წმიდა ნიკოლოზის ხატთან სანთელი დავანთე.მეორე დღეს მოხდა სასწაული და მატარებელი საერთოდ არ გავიდა,გადაიტანეს მომდევნო დღისათვის.მერე კი საერთოდ ვეღარ წავედი,ამერია გეგმები.ეხლაღა ვაცნობიერებ,რომ წმიდა ნიკოლოზმა დამიფარა განსაცდელისგან.ვინ იცის რა მელოდა იქ,სადაც მივდიოდი,უცნობ და იდუმალ ადგილას.მაგრამ ვაი,რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და მე ვერაფერს  ვხვდებოდი.ლექსოს სული აღარ მშორდებოდა და სულ თან დამყვებოდა.მესაუბრებოდა.თავში მყავდა,სხეულსა თუ სისხლში–არ ვიცი,ვგრძნობდი რომ ჩემში იყო და არ მშორდებოდა.მეუბნებოდა,რომ აჩიკოსთან ბედნიერი ვერ ვიქნებოდი და არ უნდა მეფიქრა მასზე.მე ვეწინააღმდეგებოდი.ის კი მეუბნებოდა,რომ ვუყვარდი და ჩემს გარეშე არ შეეძლოა არსებობა.ამბობდა,რომ თვითონ ვერ დაბრუნდებოდა ჩემთან და მე უნდა წავსულიყავი მასთან,რადგან ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილი.ვეღარ ვიშორებდი.ლოგინში ტანსაცმლით ვწვებოდი,ვიცოდი რომ მიყურებდა,ვგრძნობდი ამას.ვეხვეწებოდი რომ თავი დაენებებინა,მაგრამ არ მეშვებოდა.მიმტკიცებდა რომ არ ვიქნებოდი ბედნიერი აჩიკოსთან,რადგან მისთვის ვიყავი გაჩენილი.როცა მიხვდა,რომ ვერ მარწმუნებდა,საზარელი სცენა მომიწყო.მითხრა,რომ თუ აჩიკოს გავყვებოდი ცოლად,ის თავის დედას მოკლავდა და ეს ჩემი ბრალი იქნებოდა.ოღონდ ამას ყველაფერს ვხედავდი,როგორ ხდებოდა,ყველაფერი თვალით მანახა.მერე რა მოხდებოდა,ისიც მანახა.გაოგნებული ვიყავი.შოკისგან ვერ გამოვდიოდი.მერე,როდესაც ძალიან დიდი ხნის შენდეგ გონება დამიბრუნდა და გავიაზრე რაც მოხდა.გადავწყვიტე უარი მეთქვა აჩიკოზე.ვერ დავუშვებდი,რომ ასეთი საზარელი დანაშაული ჩაედინა ჩემი გულისთვის.ეს კატეგორიულად გადავწყვიტე.ეს რომ გაიგო,ცოტა დაწყნარდა და აღარ მაწვალებდა,თუმცა მაინც არ მშორდებოდა.ნელნელა შემაგუა იმ აზრს,რომ მისთვის ვიყავი გაჩენილი და მასთან უნდა წავსულიყავი.მერე მითხრა უნდა დაგასაჩუქროვო და მართლაც ისეთი რამ დამემართა,ალბათ არ დამიჯერებ.ჩიტების საუბარი მესმოდა,ცხოველების,მწერების,ყველასი.ხეების,ყვავილების.უსულო საგნებისაც კი.ადამიანების ფიქრები მესმოდა,ვინ რას გააკეთებდა ვიცოდი–რა მოხდებოდა რამდენიმე წუთში.არ ვიცი,რა მემართებოდა.ალბათ მართლა აღარ ვიყავი გონებაზე,რადგან თვითმკვლელობაზე დავიწყე ფიქრი.მამშვიდებდა,ნუ გეშინია,არ არის საშიში,ერთი წამია და მერე სულ ერთად ვიქნებითო.ყველაფერი დამაჯერა.თან კატეგორიულად გამაფრთხილა,რომ არავისთვის მეთქვა,თორემ ჩემი ოჯახის წევრებს დიდი უბედურება შეემთხვეოდათ.შიშით ხმას ვერ ვიღებდი.ღამე ვკანკალებდი ხოლმე და თან სიკვდილს ვგრძნობდი.ამას ვერ აგიწერ,მაგრამ ასე იყო.ფეხის თითებში გრძნობას ვკარგვდი კოჭებამდე.მერე ზემოთ,მუხლებამდე ადიოდა ეს სიცივე.ამოვიდოდა ზემოთ და გულამდე მოსვლისას გაიყოლებდა ჩემს სულს.ფეხებშ გრძნობა აღარ მქონდა და სიცივე მოდიოდა ზევით და ზევით.ვცდილობდი განთავისუფლებას,მაგრამ არაფერი გამომდიოდა.ვიცოდი,რომ ეს სიკვდილი იყო. ლოცვაც არ ვიცოდი,რომ მეცადა მაინც თავის დახსნა.სიკვდილს მაჩვევდა.მეც დამონებული და გაბრუებული მივენდე და ვუჯერებდი.ერთი და იგივე სიზმარი ამეკვიატა ყოველ ღამე–ჩემი გარდაცვლილი ბიძა სასახლეში ოფლისგან ცურავდა და ვერ ისვენებდა.ღმერთს ევედრებოდა ჩემი სულისათვის.მაშინ არ ვიცოდი,ეს რა იყო.ამას გვიან მივხვდი.
ერთ დღეს რუსთაველზე მივდიოდი, მეტროს წინ დავინახე მოხუცი კაცი, პატარა მაგიდაზე წიგნები ეწყო და ყიდდა. გაუცნობიერებლად გავჩერდი.აიღო ერთი წიგნი და მომაწოდა,იყიდეო...მერე გაჩვენებ სურათს ვინც მომცა წიგნი(მოგვიანებით თეონამ მამა გაბრიელის სურათი მაჩვენა).ვიცოდი ფული არ მქონდა, მხოლოდ ხურდა ფული მეყარა ჩანთაში.წიგნს მაწვდიდა იყიდე 3 მანე ღირს. არ მაქვს მეთქი მაგდენი,ვუთხარი. ნახე ჩანაში, გაქვსო. გავხსენი,იმტომ რომ მომერიდაამხელა კაცი მაწვდის და ვნახავ მეთქი.შემიძლია დავიფიცო,რომ ხურდის მეტი არაფერი მქონდა. გავხსენი და ჩანთის ჯიბეში პირდაპირ ზემოდან 3 მანეთი იდო. ავიღე და მივაწოდე. ჩავიხუტე გულში წიგნი და წავედი. არც დამიხედია რა ვიყიდე, იმდენად მიკვირდა ფული რომ ვიპოვე ჩანთაში. წიგნს დავხედე რაიმონდ მოუდის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“ აღმოჩნდა.გაკვირვებულმა უკან მივიხედე. არც კაცი იყო,არც წიგნები.მაგიდაც აღარ გა.ხალხი მოძრაობდა იმ ადგილზე ჩვეულებრივად.მივედი სახლში,წავიკითხე ცოტა და ამ წუთიდან დავიწყე ბრძოლა სიცოცხლისთვის.გაზეთებიდან ამოჭრილი ხატები საიდან გაჩნდა ჩემს ოთახში არ ვიცი, ეხლაც მაქვს შენახული ის ხატები, უფლის, ღვთისმშობლის, მინდა გიორგის,წმინდა ნინოსი და წმინდა ნიკოლოზის. გავაკარი კედელზე იკარტებით, თან ჭიკარტის მირტყმისას ვგრძნობდი,როგ სტკიოდათ ჩხვლეტა. ამ წმინდანების ლოცვა და მამაო ჩვენო როგორ ვისწავლე,არ ვიცი, მაგრამ გამუდმებით ვიმეორებდიმუდმივადძილში და ცხადში.აღარ ვაძლევდი საშუალებას სხვა აზრებს გონებაში შემოსულიყვნენ, მაგრამ რას გავხდებო?მარტო რას შევძლებდი?უფრო გაალიერა ბრძოლა. მუხლებამდე შემოვიდა.ერთხელ საწოლიდანაც ვერ ავდექი.მოვიმიზეზე ცუდად ვარ მეთქი და ვიწექი. ემმა ოჯახმა არაფერი იცოდა.აღარც რიტას ვეუბნეოდი,არ მინდოდა შემეშინებინა.მარტო ვიბრძოდი.
ერთ ღამეს გამეღვიძა.რაღაც ხმამ გამომაღვიძა.თვალები რომ გავახილე, თეთრი ღამე იყო,ნათელი.ზამთარი იყო თოვლიანი.ჩემი ნების საწინააღმდეგოდ საწოლიდან ავდექი, ფანჯარა გავაღე გადავეყდე და...
კარგახანს ვიყავი ასე.სიცივეს ვერ ვგრძნობდი–ვერაფერს ვგრძნოდი. უკვე ნახევრად იქით ვიყავი და ზეიმობდა,რომ მალე სულ იქ ვიქნებოდი. მე ბროლის თავი აღარ მქონდა.ლამის დავნებდი და მზად ვიყავი სიკვდილისთვის.



                                               ნაწილი მეოთხე

                                                   უფალი

როცა ყველაფრის იმედი დავკარგე, თითქოს სული ჩაბერესო,რაღაც უხილავმა,ძლიერმა ძალამ უკან შემომაგდო ოთახში.დავეცი ხატების წინ მუხლებზე და ლოცვა დავიწყემთელი  სულით, გულით, არსებით...
დიდხანს ვიყავი ასე.უეცრად რაღაც დიდი სინათლე ვიგრძენი.არა,ამას სინათლეს ვერ დაარქმევ,ეს იყო რაღაც ძალიან დიადი,ზებუნებრივი.მე არ ავმდგარვარ,ლოცვას ვაგრძელებდი.ვგრძობდი ოთახში უცხო არსებების მოძრაობას.ოთახი პატარა იყო,მაგრამ იმ მომენტში იმხელა სიღრმე ჰქონდა,ასე მეგონა მთელ სამყაროს დაიტევდა.საზღვრები აღარ ჰქონდა.არ ვიცოდი რა ხდებოდა.ფრთიანი არსებანი დავინახე.არც მოფრინავდნენ,არც მოფარფატებდნენ.ვერ ავხსი ამას,უცნაურად მოძრაობდნენ.ისე შემოსრიალდნენ ჩემს ოთახში,თითქოს მოცურავენო.გაივსო ოთახი ამ არსებებით,იმდენი იყვნენ.მერე ქედს იხრიდნენ,გზას უთმობდნენ და ერთგვარი კორიდორი კეთდებოდა.დავინახე,ერთმანეთის მიყოლებით როგორ შემობრძანდნენ ის წმინდანები,რომელთაც ვევედრებოდი–წმიდა ნიკოლოზი,წმიდა ნინო,წმიდა გიორგი.მე მათი სახეები არ ვიცოდი,სად უნდა მენახა,მაგრამ მაშინ ძალიან კარგად ვიცოდი ვინც იყვნენ,ამის ახსნა შეუძლებელია,ამას თუ არ განიცდი,ვერ გაიგებ.შემოდიოდნენ და ჩერდებოდნენ ჩემს ოთახში.შემდეგ ყველამ ერთად ქედი მოიდრიკა–მოდის,მოდისო შესძახეს და კორიდორი გააფართოვეს.დედა ღვთისა შემობრძანდა.წმინდანებმა და ანგელოზებმა თაყვანი სცეს და  შეევედრნენ–ვიხსნათ ეს სულიო და ჩემზე მიუთითეს.ის კი ჩაფიქრებული  იდგა და ხმას არ იღებდა,თითქოს რაღაცას ელისო.მე თავდახრილი და გაოგნებული ლოცვას ვაგრძელებდი.მერე თავად ღვთისმშობელმა მოიდრიკა ქედი და თაყვანს სცემდა მომავალს.მობრძანდებაო–ეს გავიგონე და ვიგრძენი დამხობილმა და თავდახრილმა,როგორ გაანათა ოთახი ელვამ.არაბუნებრივი სინათლე ყველგან აღწევდა.მესმოდა ღვთისმშობლის ვედრება და ვგრძობდი,რომ ის,ვისაც ევედრებოდნენ,განრისხებული იყო,ოღონდ ჩემზე არა.მერე გავიგე,რომ შეისმინა ვედრება და მითხრა–მთხოვე,რაც გინდაო.ოღონდ ხმა არ გამიგია,გონებაში მივიღე.
ეს ერთდროულად წყალობაც იყო და ბრძანებაც,ისე ნათქვამი,წინააღმდეგობას რომ ვერ გაბედავ ადამიანი.დავიბენი,არ ვიცოდი რა მეთხოვა.უცებ თვალწინ საოცარი კადრები გადაიშალა.ჩემს თავს ვხედავდი მომავალში.ერთგან ძალიან ლამაზი და მდიდარი;მეორე ადგილას–კურნების ნიჭით დაჯილდოებული.ვხედავდი,როგორ ვკურნავდი ასობით ადამიანს.მესამე კადრში ჩემი თავი სადღაც შორს,მთებში დავინახე–როგორ ვიჯექი და ვლოცულობდი.აქეთ გამიწია გულმა,მაგრამ ვერ შევბედე.ვიცოდი,რომ სწრაფად უნდა მიმეღო გადაწყვეტილება და მხოლოდ ესღა მოვახერხე მეთქვა:
არაფერი მინდა,უფალო,მადლიერი ვარ,რომ სიცოცხლე მაჩუქე.ვიყო ერთი ჩვეულებრივი გოგო,არავისგან გამორჩეული მეთქი.მეტის თქმა ვერ მოვახერხე,მაგრამ მივხვდი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.მაღლა არ ამიხედავს,მაგრამ მაინც ყველას ვხედავდი უფლის გარდა.მას ვგრძნობდი და უდიდეს მზისნაირ სინათლეს ვხედავდი.თვალს რომ ვერ გაუსწორებ ისეთს კი არა,საერთოდ რომ ვერ შეხედავ,ისეთს.ვიგრძენი ჩემი არჩევანით გამოწვეული კმაყოფილება და ისევ ყველას თაყვანისცემა და მადლობა უფლისადმი.მერე ისევ გაცუდრნენ ოთახიდან და ის ნათელიც წავიდა.
დილა რომ გათენდა.რიტა და დეიდა მარგო შემოვიდნენ ჩემთან.ხატებთან დაჩოქილი მნახეს ცრემლებისაგან ერთიანად სველი და გაფითრებული–ქაღალდივით თეთრი.
რას გავხარ,ეხლავე შენებს უნდა გავაგებინოთო.არა,კარგად ვარ არ არის საჭირო მეთქი და დაწყნარდნენ.ლოგინში ჩამაწვინეს და ცხელი ჩაი დამალევინეს.ვუთხარი რომ კარგად ვარ და ვთხოვე,რომ არავისთვის არაფერი ეთქვათ,რადგამ ჩემს მშობლებს და ძმებს კარგად იცნობდნენ.
მერე რომ დავფიქრდი,მივხვდი,რომ უფალმა ჯოჯოხეთიდან მომაბრუნა და სიცოცხლე კიდევ ერთხელ მაჩუქა.ბედნიერებისაგან არ ვიცოდი რა მექნა.იმ დღის შემდეგ ყოველგვარი უგრძნობელობა გაქრა.აღარც სხვისი ხმები და აზრები მესმოდა.ვიგრძენი,რომ ლექსო,თუ ვინც იყო სინამდვილეში,სასტიკად დაისაჯა.ოღონდ აღარ უნდა მეფიქრა ამაზე.თუმცა მეც,როგორც ბევრი სხვა ჩვეულებრივი ადამიანი,სუსტი და უმწეო არსება ვარ და არაფერი შემიძლია უფლის გარეშე.მოგონებები ბრუნდებოდნენ და მაშინვე ლოცვას ვიწყებდი ხოლმე,რომ გამედევნა არასასურველი ფიქრები თავიდან.წლები დამჭირდა,საბოლოოდ რომ განვთავისუფლებულიყავი ამისგან.მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ,როდესაც ნამდვილი ეკლესიური მართლმადიდებელი ქრისტიანი გავხდი,დავძლიე შიში,სირცხვილი და ტკივილი და მამა გიორგისთან ჩავაბარე აღსარება და მოვინანიე ყოველივე წრფელი გულით.
მკაცრად ნუ განმსჯი, მაშინ 21 წლის ვიყავი და საერთოდ არაფერი ვიცოდი. არც ღირსი ვიყავი არაფრის, უბრალოდ რაც მოხდა იმიტომ მოხდა, რომ არ მისცეს იმ სამყაროს ამ სამყაროში ჩარევის უფლება და თუნდაც ერთი სულის ამ გზით დაღუპვის უფლებაეს მე ვიქნებოდი თუ სხვა,არა აქვს მნიშვნელობა.
დარწმუნებული ვარ,ბიძაჩემის თხოვნამ, რომელიც პატიოსნად ცხოვრობდა ამქვეყნად,დიდი როლი ითამაშა ჩემს დახსნაში.იმის შემდეგ რაც გადამხდა,მეორე ღამესვე დამესიზმრა დაწყნარებული, მშვიდი სახით და მეტჯერ აღარ მინახია....
იქიდან მივეჩვიე ლოცვას, და ყოველთვის იმ ლოცვებით ვიწყებ,რასაც მაშინ ვამბობდი.როგორ ვისწავლე და ვინ მასწავლა,არ ვიცი(როდესაც თეონას ამ ლოცვაზე ვკითხე,მან ისესოს ლოცვა მითხრა)
ის წიგნი ისევ მაქვს 3 მანეად ნაყიდი, თითქმის გავიზეპირე იმდენჯერ წავიკითხე მაშინ.
მე ალბათ ღრმად ევტოპე. სასწაული ეგ არ იყო რომ ველაპარაკებოდი, სასწაული ის იყო რომ ყველაფერი მესმოდა ყველას ხმა.როცა დავდიოდი,ვიგებდი ფეხქვეშ გათელილი ბალახის კვნესას დილით ჩიტების ჭიკჭიკში.100 რომ ყოფილიყვნენ ერთად,ასივეს ნაქვამს ვიგებდი; ცხოველების, მცენარეების, და ხალხის აზრებს, ვინ რას გაიფიქრებდა, გარეთ ვეღარ გავდიოდი, თან წინასწარ ვიცოდი ვინ რას იტყოდა და რა მოხდებოდა ცოტახანშისაშინელება იყო
უფალი არ მინახავს.არც ეშმაკი მიახია. ვერ აგიწერ,ვგრძნობდი მარტო ჩემში ვგრძნობდი შიგნით.დანახვით არ დამინახავს.დანახვით მარტო ის უამრავი ულამაზესი არსებები ვიხილე,ოთახში რომ შემოცურდნენ, ყველა წმინდანს თავისი თანმხლებლები ყავდაბევრი,ძალიან ბევრი და მათით გარშემორტყმულები მოდიოდნენ.ოთახი იგივე იყო, მაგრამ სიღრმე ქონდა,მთელ სამყაროს დაიტევდა.ყველა იქ იყო და ადგილი იყო კიდევ უსასრულო.ყველა დავინახე ფლის გარდა,მაგრამ მობრძანდებაო, ისეთი მოწიწებით თქვეს,მაშინვე მივხვდი ვინც იქნებოდა,მერე ღვთისმშომლის ვედრება მესმოდა....და ის უსასრულო ნათელი.....

აჩიკოს დაბრუნების შემდეგ ძველი ურთიერთობა გაგრძელდა,ოღონდ იმ განსხვავებით,რომ მე მისი დავიწყება მინდოდა და არ ვფიქრობდი ჩემი ბედის მასთან დაკავშირებას.ვერ დავძლიე შიში,რომ ჩემს გამო ის დიდ დანაშაულს ჩაიდენდა და ამაში დამნაშავე მე ვიქნებოდი.მე არ ვიყავი დარწმუნებული,რომ ის მომავალი,რაც მე ლექსომ მანახა,არ შესრულდებოდა.მე უფალს მივენდე და და მოხდა ისე როგორც მისი ნება გახლდათ.
იყო ერთი დღე ჩემს ცხოვრებაში,როდესაც მე მზად ვიყავი დამებრუნებინა ჩემი ბედნიერება და აჩიკოს გავყოლოდი ცოლად.ყველაფრის მიუხედავად მესინჯა,თუ ეს უფლის ნება იქნებოდა.ეს დღე ჩემი დაბადების დღე გახლდა,როდესაც მე 26 წლის შევსრულდი და როდესაც აჩიკო აპირებდა ჩემს ოჯახში მოსვლას.
მაგრამ სრულიად მოულოდნელად,მოვიდა სხვა პიროვნება,რომელიც სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი და სახელიც კი არ ვიცოდი მისი.თუმცა ვიცოდი რომ მოვწონდი.მოვიდა და ჩემს მშობლებს ჩემი ხელი სთხოვა,აჩიკო კი არ გამოჩენილა.
მე ეს უფლის ნებად ჩავთვალე და თანხობა განვაცხადე.
დღეს ბედნიერი ოჯახი მაქვს და ძალიან მდიდარი ადამიანი ვარ,ოღონდ ჩემი სიმდიდრე მატერიალური ქონება და ფული არ არის.
ჩემი სიმდიდრე ჩემი ოჯახია და ის ყველაზე მთავარი და ძვირფასი,ღმერთი რომ ჰქვია.
და კიდევ ერთი.ალბათ ესეც უფლის ნება გახლდათ,რომ ჩემს მეუღლეს ნიკოლოზი ჰქვია.მე მჯერა,რომ არაფერი შემთხვევით არ ხდება ქვეყანაზე და და კიდევ ერთხელ წრფელი გულით მინდა ვეამბორო ჩემს ძვირფას წმინდანებს,დედა ღვთისმშობელს და უფალს და მაცხოვარს ჩემსას იესო ქრისტეს,რომლებმაც მე ცოდვილს ასეთი დიდი სიხარული და ბედნიერება მაჩუქეს.ასეთი წყალობის,მადლის და სასწაულის ღირსი გამხადეს.
ჩემო მეგობარო,ალბათ ესეც უფლის ნება იყო,რომ შენთვის მომეყოლა ჩემი ცხოვრების ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სანუკვარი ამბავი და იმედია უფალი მაპატიებს,რომ გაგანდე ჩემი გულის ყველაზე  ძვირფას ადგილას შენახული მოგონება და აღსარებასავით ჩაგაბარე.
დიდება უფალო შენდა,დიდება შენდა !!!“


                                                  დასკვნა

აი ეს საოცარი ამბავი მიამბო თეონამ და ჩემი ძალიან დიდი სურვილით და თეონას თანხმობით ეს ამბავი თქვენს სამსჯავროზე გამოვიტანე ჩემო ერთგულო მკითხველო,რომლებმაც არ მიმატოვეთ,ბოლომდე მომყევით და ჩემთან ერთად განიცადეთ თეონას საოცარი ცხოვრების,დაცემის და სასწაულებრივი აღდგომის ისტორია.მართლაც,დიდება უფალო შენდა,დიდება შენდა !!!
ბოლოს ჩემი მხრიდან დავამატებდი:
ჩემო კეთილო და კარგო ადამიანებო,სანამ რამეს გააკეთებთ,დაფიქრდით,თუნდაც წამით,რამდენად სათნოა ეს ღვთისათვის.ყოვლადმოწყლე ღმერთმა მოგვცა თავისუფალი ნება,მაგრამ ნუ ჩააბარებთ ამ ნებას ეშმაკს,რომელიც გამძვინვარებული დაგვყვება უკან და მზად არის ცოხლად ჩაგვყლაპოს,თუ მივცემთ ამის ნებას.და რომ არა უფალი,რომელიც ვინ იცის რამდენი განსაცდელიდან გვიფარავს ყოველდღიურად,ჩვენ რომ წარმოდგენა კი არ გვაქვს ისე,ჩვენ ვერასოდეს წინ ვერ აღვუდგებოდით ბოროტს.ძალიან სუსტები ვართ და იმიტომ.ძალიან ცოდვილები ვართ.ამიტომ ვადიდოთ უფალი სანამ შეგვიძლია და ვიცხოვროდ მისთვის სათნოდ,რამდენადაც შეგვიძლია.ამის ძალას კი თავად უფალი მოგვცემს თუ მთელი სულით და არსებით მივენდობით.
აქ აღწერილი ამბავი სრული სიმართლეა და თქვენი ნებაა,დაიჯერებთ თუ არა.
საბედნიეროდ,თეონა გადარჩა უფლის წყალობით,მაგრამ გაიხსენეთ უამრავი ახალგაზრდა,რომელიც თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს და არავინ იცის რა განცდები და ფიქრებნი აქვთ მათ გადატანილი.იქნე სწორედ „ლექსოები“ და მათი მსგავსი ეშმაკები უბიძგებენ მათ ამისკენ? მათ დაღუპულ სულებს როგორ ვუშველოთ?
მე მხოლოდ ერთი წამალი ვიცი–ღმერთი,რომელიც სიყვარულია.შევიყვაროთ ერთმანეთი და შევიყვაროთ ღმერთი და ვერავითარი სატანა ვერაფერს დაგვაკლებს.
როგორც ფსალმუნი ღაღადებს:
„უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა,ვისა მეშინოდის?“...
 ხოდა მივენდოთ უფალს მთელი არსებით და ნურავისი და ნურაფრის ნუ შეგვეშინდება.
დიდი მადლობა,თეონა,შენ,რომ ასეთი საოცარი,გამაოგნებელი სასწაულის მოსმენის ღირსი გამხადე და მეც და ალბათ ბევრი სხვა ადამიანიც ბევრ რამეზე ჩააფიქრე და ბევრ რამეზე აუხილე თვალი.
დაგლოცოს და გაგახაროს ღმერთმა ! ბედნიერი ადამიანი ხარ,რომ ასეთ სასწაულს მოესწარი და მიუხედავად იმისა,რაც გადაიტანე,ბოლო წამამდე არ დაეცი,იბრძოლე და გაიმარჯვე.დაამარცხე ის უდიდესი ურჩხული,რომელიც ათასობით ადამიანის სულ ეუფლება ყოველდღიურად.
აქ დავამთავრებ და ყველას სიკეთეს და დღეგრძელობას გისურვებთ–სიცოცლხლეს უფალში და უფალს თქვენში.
დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ღმერთმა !!!
დიდება უფალო შენდა,დიდება შენდა !!!

No comments:

Post a Comment