Thursday, 12 September 2013

ორი მეგობარი



გია და დათო საუკეთესო მეგობრები იყვნენ.მათი მეგობრობა მაშინ დაიწყო,როდესაც ამა ქვეყნის ანი–ბანი შეიცნეს და ცხოვრების ურთულეს გზას მშობლების გარეშე დაადგნენ.

ორივე ბავშვთა სახლში აღიზარდა.ერთი მარტოხელა დედამ სასოწარკვეთილმა სამშობიაროშივე მიატოვა,მეორე კი ლოთ და უპასუხისმგებლო მშობლებს მთავრობამ ჩამოართვა და ბავშვთა სახლს გადასცა.ასე თუ ისე,მას შემდეგ მშობელი არც ერთს უნახავს და არც მეორეს.ერთმანეთისთვის იყვნენ მშობლებიც,დანიც და ძმანიც.არავინ იცის,რამ მიიზიდა ასე ძლიერ ერთმანეთისაკენ.ისეთი გასნხვავებულები იყვნენ,რომ მოგენდომებინათ,საერთოს ვერაფერს უპოვიდით ალბათ.გასაკვირიც კი იყო,ასეთი განსხვავებული ბუნების ბავშვები როგორ დამეგობრდნენ.ერთი სულ გულჩათხრობილი და მოწყენილი დადიოდა.ლაპარაკი არ უყვარდა,სულ რაღაცაზე ფიქრობდა და თვალები სევდით და ცრემლით ჰქონდა სავსე.მეორე პირიქით,ისეთი მოუსვენარი იყო,მთელი სახლი აკლებული ჰქონდა.ამტვრევდა და აფუჭებდა ყველაფერს.ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა,ისეთი ცელქი და მოუსვენარი გახლდათ,აღმზრდელები გატანჯული ჰყავდა და ერთი სული ჰქონდათ,როდის გაიზრდებოდა,რომ მოეშორებინათ ბავშვთა სახლიდან და დაესვენათ.რამდენჯერმე სახლის დირექტორსაც კი სთხოვეს,სადმე სხვა ბავშვთა სახლში გადაეყვანათ,მაგრამ დირექტორს ამის გაგონებაც არ უნდოდა.ბავშვები ძალიან უყვარდა და მიუხედად ათასი შარისა და ხათაბალისა,დათოს მოშორება არაფრით არ უნდოდა.წამოიზრდება და დაწყნარდებაო,ამშვიდებდა ნერვებმოშლილ აღმზრდელებს და მუდამ უარით ისტუმრებდა.

არავინ იცის,როგორ და როდის დაიწყო მათი მეგობრობა.დათო ჩხუბისთავი გახლდათ,სულ გაწამაწიაში და შარში იყო გარეული.არავის არ ინდობდა,ყველას უბაგუნებდა,ვინც ხელში მოხვდებოდა და თვითონაც სულ ნაცემი დადიოდა,მაგრამ აი,გიასთვის თითი არასოდეს დაუკარებია.არავინ იცის,რატომ.რაღაც განსაკუთრებული მოწიწება ჰქონდა მის მიმართ და ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა.მერე კი,ცოტა რომ წამოიზარდნენ,ისეთი მეგობრები გახდნენ,წიგნშიც რომ არავის წაუკითხავს და ფილმშიც რომ არავის უნახავს.მართლაც შეუცნობელია გზანი უფლისანი.მხოლოდ ღმერთმა იცოდა,რა აკავშირებდათ ერთმანეთთან.ერთადერთი,რაც სხვისი თვალისთვის საერთო ჰქონდათ,გახლდათ უზომო სიყვარული ერთმანეთის მიმართ.გასაოცარი და გულწრფელი სიყვარული.პატარები რომ არ ყოვილიყვნენ,მავანი ალბათ რამე უხეიროსაც კი იფიქრებდა მათზე,მაგრამ იმდენად გულუბრყვილო იყო ასეთი რამის გაფიქრება,რომ მერეც,როცა წამოიზარდნენ,აზრადაც არავის მოსვლია თავში.

არ იყო დღე,დღე კი არა საათი,წუთი,ერთმანეთის გარეშე ყოფილიყვნენ.ერთად დადიოდნენ,ერთად ჭამდნენ და ერთმანეთის გვერდით ეძინათ.თუ რამე მიზეზის გამო ერთს ცოტა ხნით სადმე გასვლა უხდებოდა,მეორე ისე განიცდიდა,თითქოს სამუდამოდ დაეკარგოთ ერთმანეთი და სანამ ისევ ერთად არ იქნებოდნენ,ვერაფრით ვერ ისვენებდნენ.ამას ყველა ამჩნევდა და გაოცებულიც კი იყვნენ.იმასაც კი ფიქრობდნენ,იქნებ ერთი დედის ნაშობი ტყუპები არიან და ჩვენ არ ვიცითო.თუმცა ყველაფერთან ერთად ფიზიკური აღნაგობაც სრულიად განსხვავებული ჰქონდათ.გია სუსტი,იყო,დაბალი,სათვალეს ატარებდა.ქერა თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა.დათო კი მაღალი,ჩაფსკვნილი ბიჭი.შავთვალა და მუქი წაბლისფერი ხუჭუჭათმიანი გახლდათ.

როცა წამოიზარდნენ,აღმოჩნდა,რომ მიზნებიც და სურვილებიც სრულიად განსხვავებული ჰქონდათ.ხშირად კამათობდნენ,დავობდნენ ათას რამეზე,ლამის ჩხუბამდეც კი მიდიოდა საქმე,თუმცა ერთმანეთის გარეშე მაინც არ შეეძლოთ.მეორე წუთშივე რიგდებოდნენ და ძმებივით ეხვეოდნენ ერთმანეთს.

გია ფიზიკურადაც სუსტი იყო და არც ჯანმრთელობა ჰქონდა მთლად დალაგებული.ხან რა აწუხებდა და ხან რა.ყოველი მისი ავად ყოფნის დროს დათოს გული ეგლიჯებიდა ტკივილისაგან და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.ალბათ ასჯერ და ათასჯერ მეტად სტკიოდა,ვიდრე გია ფიზიკურად გრძნობდა ტკივილს.

გიას თანდაყოლილი გულის მანკი ჰქონდა.ის დღეები,როცა გია ცუდად იყო,დათოსთვის ნამდვილი ტანჯვა იყო.არ აძლევდნენ უფლებას ღამე მის გვერდით გაეთია ავადმყოფებისათვის განკუთვნილ პალატაში,თუმცა ის მაინც იპარებოდა ჩუმად და თუ მის გვერდით ადგილი არ იყო,მისსავე საწოლში ეძინახოლმე.დილით კა გაოცებულ ექიმებს გაყავდათ ყურაწეული.ერთხელ,სპეციალურად თავიც კი გაიტეხა,რომ მასთან ერთად დაეწვინათ და თავისუფლად ყოფილიყო დღეც და ღამეც.თავის მხრივ გიაც სულ ტიროდა და ეხვეწებოდა ყველას,დათო მასთან შეეშვათ და დაეტოვებინათ.

მოკლედ გაოცებული ჰყავდათ ყველანი,ვინც კი მათ გვერდით ტრიალებდა და ასეთი მეგობრობა და სიყვარული არც არსად ენახათ და არც გაეგონათ.

როცა ზრდასრულ ასაკში შევიდნენ,მათი მეგობრობა უფრო მამაკაცური გახდა,ვაჯკაცური.თუმცა სენტიმენტები არ მოკლებია და სიყვარულმა არათუ იკლო,უფრო გაძლიერდა კიდეც.საკმარისი იყო ვინმეს,თუნდაც ოდნავ დამცინავი სიტყვა ეთქვა ერთერთის მიმართ,თუნდაც უნებურად–არა ბოროტი განზრახვით,ეს საკმარისი იყო,რომ მეორის თვალები რისხვით ანთებულიყვნენ.გული აფართხალებულიყო და სიცოცხლის ფასად დაეცვა მეგობრის ღირსება.თუმცა,დროთა განმავლობაში ყველამ იცოდა მათი არაბუნებრივი მეგობრობის ამბავი და არავინ ცდილობდა დაპირისპირებოდა ერთის მაგივრად ორ,ერთმანეთისათვის თავდადებულ ადამიანს,მითუმეტეს დათოს წინააღმდეგ წასვლა,ამ ჩხუბისთავის და ახმახის წინააღმდეგ,დიდი სისულელე იქნებოდა.

ეს მართლაც ერთი არსება გახლდათ,ორი ადამიანის სხეულით,ორი სულით,ორი გონებით,მაგრამ მაინც ერთი–მთლიანი და განუყოფელი.

დრო გადიოდა.ბიჭები დავაჟკაცდნენ.აი მალე სკოლასაც დაამთავრებდნენ და ცხოვრებას დამოუკიდებლად შეეჭიდებოდნენ.ორივეს გადაწყვეტილი ჰქონდა თავის მომავალი,თუმცა სიხარულით ოცნებობდნენ თქო ამაზე,ვერ ვიტყვით.უფრო სიფრთხილით და გაუთვიცნობიერებელი  შიშით ფიქრობდნენ სკოლის დამთავრებაზე და თითქოს არც უნდოდათ ეს პერიოდი როდისმე დასრულებულიყო.ეეჰ,მათი ნება რომ ყოფილიყო,ალბათ ამ ასაკის დარჩებოდნენ სამუდამოდ და ერთად იქნებოდნენ ასე,დაუსრულებლად,უკიდეგანოდ–ტკბილად და ბედნიერად.მაგრამ,ვაი რომ ეს შეუძლებელინ იყო.კარგად იცოდნენ,რომ მათი მეგობრობა ახალ ფაზაში გადადიოდა და რაც არ უნდა მძიმე ყოფილიყო მომავალი ხვედრი,უნდა შეგუებოდნენ და აეტანათ ყველაზე ძნელი წუთები.ყველაზე მძიმე და ძნელი წუთები კი მათი შესაძლო განშორება იყო.მიზეზი სულ უბრალო გახლდათ–მათი მიზნები და ოცნებები სრულიად გასხვავებული იყო და აქ საჭიროა აღინიშნოს,რომ მივადექით ყველაზე მთავარს,რაშიც გია და დათო ასე საოცრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან და არც ერთს არ უნდოდა დათმობა და მეგობრის აზრის გაზიარება.არც ერთს არ უნდოდა ეღიარებინა,რომ ცდებოდა და მეგობარი იყო მართალი.

ეს საკითხი გახლდათ რწმენა.რწმენა ღვთისა ერთარსისა და ყოვლადძლიერისა.გია ბავშვობიდნავე მიისწრაფოდა ღვთიური ჭეშმარიტების შემეცნებისაკენ და მთელი მისი ყურადღება სწორედ ღვთისმეტყველებისკენ გახლდათ მიმართული.შეძლებისდაგვარად ეწაფებოდა არა მარტო ბიბლიას,არამედ წმიდა მამათა წერილებსა თუ გადმოცემებს,რის შოვნასაც მოახერხებდა და ოცნებობდა იმ დღეზე,როდესაც უფალს მიუძღვნიდა თავის ცხოვრებას და სიხარულით ჩადგებოდა მის სამსახურში.ამისთვის კი სწავლა იყო საჭირო.მომზადება,სულიერად გაძლიერება და გიაც ემზადებოდა.უფრო და უფრო უძლიერდებოდა გულში უფლის სიყვარული და რწმუნდებოდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში.ერთადერთი,რაც გულს უკლვდა,ეს მეგობრის აგდებული დამოკიდებულება იყო ღმრთისადმი.არათუ აგდებული,უღმერთოც კი.დათოს ღმერთის გაგონებაც კი არ უნდოდა და არავითარი არგუმენტი ამის საწინააღმდეგოდ არ ჭრიდა.მაშინაც კი,როდესაც გია ეკლესიაში შედიოდა და თვითონ გარეთ ელოდებოდა,ვერ ძლებდა უმისოდ,მის გვერდით უნდოდა ყოფნა,მაგრამ მაინც ვერა და ვერ იწამა,ვერ იგუა.ეთხელ ტაძარშიც კი შეყვა გიას,ისიც იმიტომ,რომ გვერდით ყოფილიყო,მაგრამ მაინც ვერ აღიქვა ღვთის მადლი და ისეთივე ურწმუნიო გამოვიდა იქიდან,როგორიც შევიდა.

კამათიც და დავაც მეგობრებს სწორედ ამის გამო ჰქონდათ.როგორ არ უმტკიცებდა გია უფლის არათუ არსებობას,მის მადლს,სიდიადეს,მის სასწაულებზე უყვებოდა,წმინდანთა ცხოვრებას აღუწერდა,მაგრამ დათოს არაფრის არ სჯეროდა.აკვიატრებული ჰქონდა,ღმერთი რომ არსებობდეს,ასეთი უსამართლო არ იქნებოდაო.

გაიხედე ირგვლივ–ეუბნებოდა მეგობარს–განა ვერ ხედავ რამდენი უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანი დადის?ბოროტება ხარობს,სიკეთეს კი არავითარი ფასი არა აქვს.ვერ ხედავ რამდენი საბრალო ადამიანი სიღარიბისგან და სნეულებისაგან ვერ გამართულა წელში,ზოგიერთი ღორი კი კანში ვერ ეტევა და ფეხით სიარულსაც არ კადრულობს.სად არის აბა შენი ღმერთი?და თუ არის,რად მინდა ასეთ უსამართლო ღმერთს ვცე თაყვანი?რისთვის გამაჩინა?რომ ვიტანჯო და ვიწვალო?რატომ წამართვა მშობლები?არც ძმა მაღირსა არც და,არც სხვა ვინმე შინაური,რატომ,რა დავაშავე?რატომ იტანს ამდენ უსამართლობას თუ ღმერთია?განა არ შეუძლია ერთი ხელის მოსმით ყველაფერი დაალაგოს?რატომ არ აკეთებს ამას?არ არსებობს და იმიტომ.

არა ძმაო,არ მჯერა და ეგ შენი ზრაპრები სამოთხესა და ჯოჯოხეთზე ვინმე სხვას მოუყევი.

გული ეწვოდა გიას ამის გაგონებაზე.როგორ არ უხსნიდა ღვთის მოწყალებას თავისუფალ ნებაზე.როგორ ითმენდა უფალი ადამიანთა ცოდვებს,როგორ გამოგზავნა თავისი ძე,რომელიც ჩვენი ცოდვების გამო საშინლად ეწამა,ყველაზე წმინდა და უცოდველი ადამიანთა შორის,მაგრამ დათოს გაგონებაც არ უნდოდა.ის რა მამაა,შვილის ასეთ წამებას რომ ითმენსო.ამაზე გია სულ ცოფთებოდა და აღარ იცოდა რა ექნა.არავითარი არგუმენტი მასზე არ ჭრიდა.ეხვეწებოდა,მე ისეთი ძლიერი ორატორი არ ვარ და მოძღვართან წამომყევიო.ერთხელ წაყვა კიდეც,მაგრამ ამან არავითარი შედეგი არ გამოიღო და უფრო დაამწუხრა მეგობრები.

დათო თავის მხრივ გიას ეხვეწებოდა,დაანებე ამ ცრურწმენას თავი და შენს მომავალზე იფიქრე.რა პროფესიაც გინდა აირჩიე,მეც შენთან წამოვალ,სულ შენს გვერდით ვიქნები,ოღონს ეკლესია და ღმერთი ამოიგდე თავიდანო.

მოკლედ,ბევრი რომ აღარ შეგაწყინოთ თავი,რაც არ უნდა გასაოცარი ყოფილიყო,მეგობრები ვერაფრით ვერ შეთანხმდნენ ყველაზე მთავარზე,ყველაზე აუცილებელზე,რის გარეშეც ადამიანის ცხოვრებას საერთოდ არა აქვს აზრი.უფრო სწორად დათოს ვერაფრით ვერ გააგებინა მეგობარმა ჭეშმარიტი სარწმუნოების არსი და აზრი.მერე თავისთვის ჩუმად ტიროდა და ღმერთს ეხვეწებოდა,რომ მეგობრისთვის გონება გაენათებინა და სწორ გზაზე დაეყენებინა,თუნდაც ამისთვის მისი სიცოცხლის გაღება ყოფილიყო საჭირო.იტანჯებოდა ამის გამო,ძალიან ტკიოდა ისედაც სნეული გული და ვერ პოულობდა გამოსავალს.ღმერთი კი დუმდა.თითქოს განგებ,თითქოს შეგნებულად.ასეც იყო.ეს დიდი განსაცდელი უფალს შემთხვევით არ დაუშვია.ეს იყო გამოცდა მათი მეგობრობისა,მათი ჭეშმარიტი სიყვარულისა,კაცობის და ერთგულებისა.ეს გიას კარგად ესმოდა და ელოდა–მოთმინებით ელოდა,როდესაც უფალი ინებებდა და გაუნათებდა დაბნელებულ გონებას მის მეგობარს.მან ძალიან კარგად იცოდა,რომ უფალმა ყველაზე კარგად იცოდა,როდის და როგორ შეერჩია ის დრო და მომენტი,როდესაც მათი მეგობრობის ეს უკანასკნელი,თუმცა ყველაზე დიდი ბარიერი დაიძლეოდა და სიხარულით და ბედნიერებით სახეგაბრწყინებყულები ერთად ემსახურებოდნენ უფალს.

დათო კი ამ დროს პირიქით ფიქრობდა.მასაც იმედი ჰქონდა,რომ გია დაიღლებოდა ილუზიებით,დარწმუნდებოდა თავისი არჩევანის სიმცდარეში და საერო ცხოვრებას დაუბრუნდებოდა.მას–დათოს დაუბრუნდებოდა და ვერავითარი ღმერთი ვეღარ შეეცილებოდა მის სიყვარულში.გული ეწვოდა ტკივილისგან,მაგრამ მოთმინებით იტანდა და ელოდა,ელოდა იმ დღეს,როდესაც გია დათოს დაუბრუნდებოდა.თითქოს სულ ერთად არ ყოფილიყვნენ ისედაც და თითქოს უფრო ნაკლებად ყვარებოდეთ ერთმანეთი,ვიდრე ოდესმე.არა,ეს სხვა იყო,დათოს გიას სულიც უნდოდა,თუმცა ვერ აცნობიერებდა ეხლა ამას.

წლები კი გადიოდა.გიამ სასულიერო აკადემია დაამთავრა და ერთერთ ტაძარში აგერ უკვე წინამძღვარიც გამხდარიყო.სახელის შეცვლაც არ დასჭირვებია,მამა გიორგის სახელით აკურთხეს და რამდენიმეწლიანი თავდაუზოგავი და გულმოდგინე მოღვაწეობის შემდეგ იღუმენადაც დაადგინეს.

დათომ  თითქოს გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება.ექიმიც უნდოდა გამოსულიყო ერთი პერიოდი,გიას რომ რამე გაუჭირდეს იქნებ მივეხმაროვო.მაგრამ რესტორანში ერთერთი ჩხუბის დროს,რომელიც არ აკლდა არც მანამდე და არც მის შემდეგ,ერთერთს ისეთი ძალით დაარტყა,რომ ამ უკანასკნელმა მძიმე ტვინის შერყევა მიიღო და ასე აღმოჩნდა 17 წლის ბიჭი პირველად ციხეში.გიორგიმ ეს ამბავი ძალიან მძიმედ გადაიტანა და რომ არა ღმერთის რწმენა,ალბა რაღაც საშინელებას ჩაიდენდა და თვითონაც ციხეში ჩაჯდებოდა.

სულ ეშინოდა ამის,ეშინოდა განსაცდელის,რომელიც უფალი დათოს ურწმუნოების გამო მოუვლენდა ორივეს და ეს შიშიც მართლდებოდა.მაშინ,ჯერ კიდევ სასულიერო აკადემიის მსმენელი,ყოველ შესაძლო შემთხვევას იყენებდა პაემანისთვის და მეგობარს ამხნევებდა.იჯდნენ ჩუმად ჩახუტებულები და ტიროდნენ.არა იმდენად იმას,რაც მოხდა,არამედ უაერთმანეთობას,ერთმანეთის ნაკლულებას ტიროდნენ.ერთხელ თითქოს შეაპარა კიდევაც გიამ ეწამა ღმერთი და მოენანიებინა ცოდვები,მაგრამ დათომ ისეთი გაბრაზებული და ნაწყენი თვალებით შემოხედა,დახარა თავი და გაჩუმდა.გააფრთხილა კიდეც,თუ ამისთვის მოდიხარ ჩემთან,საერთოდ აღარ მოხვიდე ის მირჩევნიაო.

გავიდა დრო.გია მამა გიორგი გახდა,როგორც მოგახსენეთ.დათოს ცხოვრება კი არა და არ აეწყო.პირველ ნასამართლობას მეორე მოყვა,მეორეს მესამე,უკვე ქურდობაზე და ყაჩაღობაზე და ისე აირია და აიწეწა დათოს ცხოვრება,რომ უკვე აღარც ფიქრობდა მის უკან შემობრუნებასა თუ ახალი ცხოვრების დაწყებაზე.უბედური კაცი ვარ,უბედურ დღეზე გაჩენილი და ისევე უბედურად მოვკვდები,როცა იქნებაო,სევდიანად იტყოდა ხოლმე თავის ახალ მეგობრებში და აგრძელებდა არჩეული ცხოვრების წესს.არც პირად ურთიერთობაში გაუმართლა ბედმა.მეორე ნასამართლობის დროს შეყვარებული გაუთხოვდა და მას შემდეგ საერთოდ გული აიყარა ქალებზე.დადიოდა,ერთობოდა,დროს ატარებდა,მაგრამ ოჯახის შექმნაზე აღარ ფიქრობდა,არ აინტერესებდა.,ერთადერთი ნათელი წერტილი მის ცხოვრებაში გია იყო–მამა გიორგი,თუმცა თვითონ მაინც სულ გიას ეძახდა(რა თქმა უნდა,როცა მარტო იყვნენ)  და თუ თავისუფალი დრო ჩაუვარდებოდა მასთან გარბოდა.ეკლესიაში მისვლა ერიდებოდა,თუმცა არაერთხელ მისულა და წირვასაც დასწრებია.უფრო სახლში აკითხავდა ხოლმე და ისევ ისეთი სიყვარულით და სითბოთი ევსებოდა გული მის დანახვაზე,როგორც ადრე.გია დაბრძენებულიყო,დაკაცებულიყო.მართალია,არ სწამდა დათოს ღმერთის,მაგრამ გიას მოსმენა მაინც უყვარდა.იმდენ საოცარ და ლამაზ ისტორიას უყვებოდა ხან ბერების,ხან წმინდანების ცხოვრებიდან,სასიამოვნო იყო სასმენად.უსმენდა,რამდენ ტანჯვას და განსაცდელს ითმენდნენ კარგი ადამიანები ღვთის სიყვარულის გამო და თვითონაც ნელნელა ეჭვის ჭია ღრღნიდა,ნუთუ ამდენი ადამიანი ყველა ცდებოდა და მცდარი ხილვები ჰქონდათო?უსმენდა,როგორ ტუქსავდა,როგორ ამუნათებდა,ცრემლიანი თვალებით როგორ შესცქეროდა მეგობარს და დარდისგანან და ტკივილისაგან როგორ იკლაკნებოდა.ხედავდა მის თვალებში ჭეშმარიტ,ნამდვილ სიყვარულს და ეს უთბობდა გულს.ეჩხუბოს,დატუქსოს,გინდაც ცემისგან მოკლას,ხმას არ ამოიღებს,დახრის თავს და ჩუმად მოუსმენს.მოუსმენს და ვინ იცის,უკვე მერამდენედ მისცემს პირობას,რომ აღარ იქურდებს,აღარ იყაჩაღებს.ახალ ცხოვრებას დაიწყებს და პატიოსნად იცხოვრებს.არ ატკენს მეგობარს გულს,ამ ყველაზე ძვირფას და საყვარელ გულს.ეკლესიაშიც კი მივა,როგორც არაერთხელ მისულა და ეცდება ირწმუნოს ღმერთი,ოღონდ მეგობარს არ ატკინოს გული,თუმცა კარგად იცის,რომ ისევ გატეხავს პირობას და ისევ ჩაიდენს იმას,რის გამოც მისი მეგობარი ტირის,რის გამოც ავადმყოფი გული უკვდება.იცის,რომ უსინდისო კაცია,ეგოისტი–არ ფიქრობს მეგობარზე,არ უფრთხილდება მას.მაგრამ ვაი,რომ სხვანაირი ცხოვრება არ შეუძლია.

აკი სულ ეუბნება მეგობარი,უღმერთობისგანაა ყოველი განსაცდელი,მოინანიე,ენდე ღმერთს და ის გაგინათებს გზას,არასოდეს არ არის გვიანო.თითქოს უსმენს,თითქოს უკვე სჯერა კიდეც მისი,მაგრამ როგორც კი მოშორდება,ავიწყდება ყველაფერი და ისევ გართობის და დროისტარების მორევში ეშვება მაშინ,როცა ავკაცობით არ არის დაკავებული,ან როდესაც ისევ ახალ სასჯელს არ იხდის უკვე მერამდენე დანაშაულის გამო.ხვდება,რომ აღარ არის ის დათო,ის პატარა ბიჭი წრფელი და სუფთა გულით.ერთადერთი რაც იმ ძველი დათოსგან დარჩა,სიყვარულია,ის უხილავი და უმძლავრესი არსება,მის გულში რომ მოუკალათებია და ზოგიერთები რომ მეგობრის სიყვარულს ეძახიან.თუმცა ხანდახან ბრაზდება კიდევაც თავის თავზე.რაღა სიყვარულია,როცა მეგობარს ასე ვამწარებ ჩემი ცხოვრების გამოო.რამდენჯერ ღამე უტირია კიდეც,გახსენებია მეგობრის ცრემლები და გულამოსკვნილი უტირია.გამსაკუთრებით ციხის საკანში,მეტი დროა ფიქრისთვის,მოგონებებისათვის,სადაც არავინ გიშლის ტირილს.შენ მხოლოდ მოინდომე,გული ამოასუნთქე,გამოასუფთავე ნაგვისგან.ხანდახან გაკვირვებია კიდეც,რა ტკბილია,როცა მთელი გულით ტირიხარ,მარტო,როდესაც არავინ გიყურებს,როცა არავისი გრცხვენია.ტირიხარ და სადღაც იქ,გულის სიღრმეში გიხარია,რომ ტირიხარ.არ იცი,რატომ,მაგრამ მაინც გიხარია და გსიამოვნებს.ოჰ,რა დიდი სიამოვნებით იტირებდი ასე დაუსრულებლად,რომ შეგეძლოს ადამიანს.მერე კი ცრემლი მთავრდება და შენი გულიც და გონებაც მშვიდდება.და ვერ ვხდები ამ დროს,რომ ეს სინანულის ცრემლები იყო,სინანულისა,რომლის მადლიც უფალმა მოგანიჭა.არ გაგწირა,არ გაგთელა,ძველებურად უყვარხარ და ისევე ტირის შენს გამო,როგორც ეხლა ,სულ რამდენიმე წუთის წინ შენ ტიროდი მეგობრის გამო.მას კი მეგობარზე მეტად უყვარხარ და სტკივა შენი.

ეს დათომ ჯერ არ იცოდა და გაოგნებული და თვალებდაისებული ხშირად დაფიქრებულახოლმე,რომ თუ ადამიანს ტირილი შეუძლია,იქნებ არ არის კიდევ ბოლომდე დაღუპული და როდესაც ციხიდან გავა,ნამდვილად დაიწყებს ახალ ცხოვრებას...

მაგრამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისევ ავიწყდებოდა დანაპირები და ისევ იმ სანაგვეს უბრუნდებოდა,რისგან განთავისუფლებასაც ასე გულმოდგინედ ცდილობდა,ციხის პატარა საკანში,სინანულის მცირე გამონათების დროს.

თუმცა,სამწუხაროდ ეს პატიმრების საერთო სენია და არ არის გასაკვირი

პატიმარი,სანამ საკანშია,თავისუფლებაზე ოცნებობს და მასზე დიდი ბედნიერება ვერც კი წარმოუდგენია,მაგრამ განთავისუფლების შემდეგ მალე ავიწყდება ასრულებული ოცნება და ხშირად შეიძლება უფრო უბედურადაც კი იგრძნოს თავი,ვიდრე პატიმრობისას იყო.

ასე გადიდოდა წლები.წლებს კიდევ წლები მოსდევდა და დრო გადიოდა.

ერთ საღამოს,როდესაც დათო გიას სანახავად მივიდა და ის სახლში არ დახვდა,შეწუხდა.არ იყო საღამო,გია სახლში არ დახვედროდა,თუ ტაძარში არ იყო.დათომ კარგად იცოდა გიას განრიგი.საეკლესიო კალენდარიც ლამის ზეპირად იცოდა,რომ სცოდნოდა,გია როდის იყო სახლში და როდის ტაძარში.გია კი არც იქ იყო და არც იქ.არ ესიამოვნა,გულმა ცუდი უგრძნო.მეზობელს დაუკაკუნა,მამა გიორგისი ხომ არაფერი იცითო?მეზობელმა თავი დაუქნია და დახარა.მამა გიორგი ცუდად გახდა და სასწრაფოთი საავადმყოფოში წაიყვანესო.

გიჟივით გავარდა სადარბაზოდან.არც კი უკითხია სად წაიყვანეს,რატომ გახდა ცუდად.ამას ისედაც ხვდებოდა.რამდენი ხანია გიას გული აწუხებდა და ისიც იცოდა,რომ უკვე მკურნალობა უფრო და უფრო ნაკლებად შველოდა.ეს თუ არ იცოდა,რაღა იცოდა მაშინ?გიას სნეული გულის შესახებ ბავშვობიდნავე იცოდა და პატარაობიდნავე სულ ეფერებოდა.გადაუხსნიდა ხოლმე პერანგს და კოცნიდა და კოცნიდა გულზე.გია კი ეწინააღმდეგებოდა და გიჟს ეძახდა.რამდენი დრო გავიდა მის მერე.დიდები რომ გახნდენ,გია აღარ უშვებდა თავის გულთან,თორემ ეხლაც რა სიამოვნებით დაუკოცნიდა მკერდს,როგორც მაშინ,პატარაობისა,როცა გია ფიზიკურად ძლიერ დათოს წინააღმდეგობას ვერ უწევდა და ბავშვური მიამიტობით და მორცხვობით „ნებდებოდა“ დათოს გაუთავებელ კოცნებს.მე მოგარჩენო ჩემი კოცნებითო,სულ რომ პირდებოდა და გიაც რომ „იჯერებდა“ დათოს  თავგამოდების გამო,მისი უსაზღვრო სიყვარულის გამო.

საავადმყოფოს რა თქმა უნდა იოლად მიაგნო და უკვე გიას საწოლთან იჯდა და თავზე ეფერებოდა მეგობარს.მისი გულისთვის მთებს შეძრავდა და მისი პოვნა განა რა ისეთი რთული უნდა ყოფილიყო?

ცოტა ხნის მერე ექიმმა დაუძახა და ვინაობა მოჰკითხა.დათომაც მოკლედ აუხსნა ვინც იყო და ის,თუ რა აკავშირებს მამა გიორგისთან.

ექიმი შეიშმუშნა და მძიმედ დაეშვა სკამზე.შეატყო დათომ,რაღაცის თქმა უნდოდა და აყოვნებდა.როგორც იციან ხოლმე ასეთ დროს ექიმებმა.წელავენ დროს,თითქოს ამით ავადმყოფს რამე ეშველება,თითქოს ამით რამე შეიცვლება.მაგრამ ადამიანის ბუნება ადამიანის ბუნებაა და ექიმიც არ არის გამონაკლისი.ბოლოს როგორც იქნა დააყენა საშველი და საუბარი დაიწყო:

–თქვენს მეგობარს გული საშინელ მდგომარეობაში აქვს.ალბათ იცით,რომ ეს დაბადებიდან მოყოლილი დაავადებაა და მისი მკურნალობა უფრო და უფრო რთულდება.თუ არაფერს ვიღონებთ,მაშინ მას ძალიან ცოტა ხნის სიცოცხლე დარჩენია.ჩვენ აქამდე სტიმულატორებით ვეხმარებოდით გულს მუშაობაში,მაგრამ დგება მომენტი,როდესაც გულს განახლება სჭირდება,წინააღმდეგ შემთხვევაში სტიმულატორული მკურნალობა მას აღარ უშველის.

–რას ნიშნავს განახლება,ექიმო?

–მე იმას ვგულისხმობ,რომ მას გულის გადანერგვა სჭირდება და რაც შეიძლება სწრაფად.ეს ჩვენთან არც კეთდება და ვერც დონორს იპოვით სადმე.მე მაგალითად გერმანიის ან ისრაელის კლინიკებს გირჩევდით,სადაც მსგავსი ოპერაციები კეთდება,თუმცა ეს ძალიან,ძალიან ძვირი ღირს.არც იმის სრული გარანტია არსებობს რომ დონორი მოიძებნება და არც იმის,რომ ორგანიზმი დონორის გულს შეითვისებს.თუმცა თუ თანხას მოიძიებთ,ყველაფერი ღვთის ნებაა და ჯობია მას მიენდოთ...

–ჰო,ღმერთს მივენდო არა,სარკასტული ღიმილი დააკვდა დათოს ტუჩებზე.

–დიახ,ასეა,ჩემო კარგო,ყველაფერი ღვთის ნებაა –თქვა ექიმმა და უსუსურების ნიშნად მხრები აიჩეჩა.

–რამდენი,ექიმო?

–მე ზუსტად ვერ გეტყვით.რამდენადაც ვიცი ასეთი ოპერაციები 200 დან 300 ათას დოლარამდე ჯდება,თუ გნებავთ ზუსტად გაგიგებთ.

–არა,მე ფულზე არ გეკითხებით,დრო რამდენი მაქვს,იმას გეკითხებით.

–ეგ არავინ იცის,შეიძლება 6 თვე,შეიძლემა მეტი,შეიძლება ნაკლები.მაგას დაზუსტებით ვერავინ გეტყვით.მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ,რომ მამა გიორგის სიცოცხლე სერიოზულ საფრთხეშია,სხვა გამოსავალი არ არსებობს და თუ არაფერი ვიღონეთ,ის მალე მოკვდება.

–არა,არ მოკვდება...

ჯერ კიდევ გაოგნებული და შოკირებული საავადმყოფოს დერეფანში დადიოდა გაბრუებული და ფიქრის თავი არ ჰქონდა.ცრემლი ყელზე მიბჯენოდა და მხოლოდ ამ ორ სიტყვას იმეორებდა შეუწყვეტლივ–არ მოკვდება

გია ერთ კვირაში გამოწერეს.დათოს ცხოვრება კი ჯოჯოხეთს დაემსგავსა.მთელი მისი საზრუნავი ეხლა ფულის შოვნა იყო.რომ ვერ იშოვიდა,ამაზე ფიქრიც კი აუკრძალა თავს.საკუთარი სიცოცხლის გაყიდვაც რომ დაჭირდეს,ფულს მაინც იშოვის.თუმცა ვის რად უნდა მისი დამპალი სიცოცხლე?ფიქრობდა და სიმწრისგნან დაკვნეტილ ფრჩხილებს კიდევ მეტად,დასისხლიანებამდე იკვნეტდა.ეხლა სხვა მას არაფერი აინტერესებს,ფული უნდა იშოვოს.ნაცნობ–მეგობრებში ამხელა თანხას ვერ იშოვის.რომც ჰქონდეთ,არავინ მისცემს.ეს როცა სჭირდებათ,მაშინ არიან მეგობრები,თორემ სინამდვილეში,რა ტურებიც არიან,კარგად იცის.ეს გიასნაირი ადამიანებვი გაიმეტებენ ყველაფერს,რაც გააჩნიათ თორემ ჩემნაირი ყაჩაღი და ბანდიტი ვინ რას მოგცემს?

ბევრი იფიქრა.გამოსვალი უცებ იპოვა,შესრულება იყო მთავარი.არც შეყოყმანებულა,უნდა გაძარცვოს,მაგრამ რა?

ბანკი?–სახიფათოა,ძნელია,მარტო ვერ გააკეთებს ამას.ვინ გაყვება ბანკის გასაძარცვად? საიუველირო მაღაზიას უფრო გაძარცვავდა,მაგრამ ნაქურდალის გაყიდვა გაუჭირდება,დრო კი არა აქვს.ფული სასწრაფოდ სჭირდება.სხვა რა შეიძლება მოიფიქროს? საგონებელში ჩავრდა.ყველაფერი აწონ–დაწონა,სხვა რამდენიმე ვარიანტიც მოიფიქრა,მაგრამ საბოლოო არჩევანი მაინც ბანკზე შეაჩერა.ძნელია,მაგრამ თუ საქმე გამოვიდა,დიდ თანხას პირდაპირ ჩაიგდებს ხელში და მეგობარსაც სასწრაფოდ გაუშვებს საზღვარგარეთ,ან თვითონაც გაყვება თუ გაუშვეს.ხელები მოიფშვნიტა,რომ წარმოიდგინა როგორ მიდიან გერმანიაში.მერე გიას ოპერაციას უკეთებენ და ჯანმრთელები და ბედნიერები ბრუნდებიან საქართველოში.

ხო,ეს ყველაფერი კარგია,მაგრამ ამას შესრულება უნდა.თანაც მარტო.ყველაფერი კარგად უნდა აწონ–დაწონოს.ასეთ რთულ საქმეზე არასოდეს წასულა.თუმცა ბევრი ასეთი საქმე გაუკეთებია.შერჩენია კიდევაც თავის გამჭრიახობის და საზრიანობის წყალობით.თუმცა ეს ყველაზე რთულია.ბანკს განსაკუთრებული დაცვა ჰყავს.მისი განეიტრალება ძალზედ რთულია,თუმცა არა შეუძლებელი.როდესაც სასწორზე მისი ერთადერთი ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე დევს,ყველაფერს იღონებს,ყველაფერს გააკეთებს.თუ არადა ჯობია თავად მოკვდეს,რომ მეგობრის სიკვდილს ვერასოდეს მოესწროს.რაღად უნდა სიცოცხლე,თუ ისიც კი არ შეუძლია,რომ მეგობრის სიცოცხლე გადაარჩინოს?

ერთი თვე ემზადებოდა ოპერაციისთვის.იქვე,სახლთან ახლოს მდებარე ბანკი აირჩია.ყველაფერი ზედმიწევნით შეისწავლა.ვინ როდის შედის და გამოდის,როდის მიაქვთ ფული ინკასატორებს,ვინ როდის არის დაცვაში,ვინ როგორი გულმოდგინებით ეკიდება თავის საქმეს და ასე შემდეგ.მოკლედ,ყველაფერი რისი შესწავლაც შეიძლებოდა.

და აი,დადგა ეს დღეც.მთელი აღჭურვილობა მაგიდაზე დაალაგა,კიდევ ერთხელ თავში მთელი მოქმედება გადაითამაშა.რისკი რა თქმა უნდა დიდი იყო.თვითონ თავის შანსებს 50/50–ზე აფასებდა.ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული,გამვლელები როგორ მოიქცეოდნენ,რამდენი კაცი იქნებოდა ბანკში,რამე გაუთვალისწინებელი არ მომხდარიყო.თუ ყველაფერი კარგად იქნებოდა,მაშინ წარმატებაც მოვიდოდა.

იარაღი ჩანთაში ჩაალაგა,ყუმბარები ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო.მანქანა უკვე ბანკის სიახლოვეს ეყენა,გაქცევისათვის გამზადებული.გასაღები კიდევ ერთხელ მოისინჯა ჯიბეში და დარწმუნდა რომ იქ იყო.

აბა ეხლა ვნახოთ,ვინ უშველის გიას–ღმერთი თუ ადამიანი–სიმწრის ღიმილით ჩაიღიმა და სახლის კარები გამოიკეტა.

ბანკში მოულოდნელად შევარდა.ყუმბარა და ავტომატი ერთდროულად ამოიღო და ის რამდენიმე კაცი,ვინც ბანკში იმ დროს იმყოფებოდა,დაცვასთან ერთად უცებ დააწვინა.წამში გაჩნდა იმ მოლარესთან,ვისაც სიგნალიზაციაზე მიუწვდებოდა ხელი.კისერში ჩაარტყა და გაბრუებული იქვე მიაგდო,რომ აღარავის გასჩენოდა პოლიციის გამოძახების სურვილი

–ჩქარა ფული,დაუყვირა აცახცახებულ მოლარეებს და გახსნილი ჩანთა გაუწოდა.შეშინებულმა ქალებმა სეიფი გახსნეს და ფულის ჩალაგება დაიწყეს.

–ჩქარა,ჩქარა მეთქი–დაუღრიალა ნიღბიანმა მძარცველმა და ავტომატი კიდევ ერთხელ შემოატარა იატაკზე დაწვენილ მძევლებს,ემანდ არავინ არაფერი გაბედოსო.

ჩანთა შეკრა და ის იყო გასვლა დააპირა,რომ შეამჩნია,როგორ აწია ხელი მისი დარტყმისგან გაბრუებულმა ქალმა და პოლიციის გამოძახების ღილაკს როგორ დააჭირა თითი.თუმცა ეხლა ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.ფულით სავსე ჩანთა ხელში ეჭირა და ეხლა მხოლოდ გაქცევაღა იყო საჭირო.უსწრაფესად გაჩნდა მანქანაში და მოწყდა ადგილიდან.პოლიციის სირენების ხმა მოესმა,ნუთუ მოსდევენ?

ეხლა მთავარია გაუჩინარდეს.ნუთუ ასე კარგად ჩატარებული ოპერაცია უნდა ჩავარდეს?არა,ფული სჭირდება,ეხლა მარცხი არაფრით არ შეიძლება,უნდა გაიქცეს,აუცილებლდა უნდა გაიქცეს.მანქანას გიჟივით მიაქროლებს შესახვევიდან შესახვევში,ერთი ორჯერ მიარტყა კიდეც,აი ეხლა მოსახვევიდან გავა და იქიდან ალბათ გაუჩინარდება.პოლიციის სირენების ხმა კი არ წყდება,პირიქით,ეჩვენება რომ უახლოვდება.აი მოსახვევიდანაც გავიდა და....

მუხრუჭს ისეთი ძალით დააჭირა ფეხი,გეგონებოდა კლდეში გადაიჩეხებოდაო,მანქანა რომ არ გაეჩერებინა. წამით გაშეშდა.მერე მანქანიდან გადმოხტა და მივარდა ადამიანს,რომელსად სულ რამდენიმე წამის წინ მანქანა ისეთი ძალით დაარტყა,რომ რამდენიმე მეტრზე მოისროლა.მიუახლოვდა.ანაფორა იცნო,თვალთ დაუბნელდა.მთელი სხეული აუკანკალდა.სხეული დაუბუჟდა,მუხლები მოეკვეთა,ასფალტზე ჩაიმუხლა.დასისხლიანებული კაცი გადმოატრიალა და...

არ შემცდარა,გია იყო–მამა გიორგი,სახე სისლით ჰქონდა მოსვრილი,თავიდან ისევ ჟონავდა ბლანტი სითხე.თვალები გაახილა,ცოცხალი იყო.ოდნავ გაუღიმა დათოს და ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე.ცოტა ხანს ისევ დახუჭა თვალები,მერე ისევ გაახილა,მთელი ძალა მოიკრიბა და ტუჩები აამოძრავა.

დათო,ჯერ ისევ გაოგნებული და გაფითრებული გიას შეჰყურებდა და თავი სიზმარში ეგონა.ისევ ცახცახებდა,მთელი ძალღონე გამოლეოდა.გიას თავი ეჭირა ხელში და უაზროდ რაღაცას ბუტბუტებდა.

–რა გინდოდა აქ,რა გინდოდა?–ამოთქვა ბოლოს გარკვევით და გიას მოცახცახე ტუჩებს დააცქერდა.

გიამ ტუჩები აამოძრავა და რაღაცის თქმა დააპირა.გაუჭირდა,მერე ისევ დააპირა.დათომ ყური მიუტანა ტუჩებთან.

–შენთან მოვდიოდი.ერთერთმა მრევლმა,ბიზნესმენმა,ფული გადმომირიცხა ოპერაციისათვის და მოვდიოდი,რომ შენთვის მეთქვა.

–რა ფული,გია,აი ფული–აბღავლებულმა დათომ მანქანისკენ გაიშვირა ხელი–მე გიშოვე ფული.

გიას მძიმედ გაეღიმა

–ეეჰ,დათო,დათო,ნუთუ კიდევ ვერ მიხვდი,რომ უფლის ნებას შენ ვერ აღუდგები წინ.ნუთუ გეგონა,რომ შენ ღმერთზე ძლიერი ხარ,მასზე მოწყალე,მასზე ჭკვიანი.ნუთუ გეგონა,რომ უფალი მოგცემდა უფლებას მოპარული ფულით ჩემთვის სიცოცხლე დაგებრუნებინა?ნუთუ გეგონა,შენ მე მასზე მეტად გიყვარვარ?რატომ არ გინდა გაიგო,რომ არაფერი,არსად და არაფერი დედამიწის ზურგზე არ ხდება უფლის ნების გარეშე.არც ეს,რაც ეხლა ჩვენს თავს ხდება.დაფიქრდი,დათო,ესეც შენი სიკეთისთვის დაუშვა უფალმა,შენი სინანულისთვის.იმიტომ,რომ უყვარხარ,ძალიან უყვარხარ.გაუღე გული და ნუ ეწინააღმდეგები,სანამ გვიან არ არის.რამდენი გითმინა,რამდენი გაპატია,ისევ უყვარხარ,ისევ შენს გამოფხიზლებას ცდილობს.შენ გგონია აქ,დედამიწაზე სიცოცხლეა მთავარი?არა,ჩემო მეგობარო,არა.სულზე იფიქრე,შენს სულზე.თუ გინდა,რომ სულ,მარადიულად ერთად ვიყოთ,გაუღე უფალს გული და მიიღე,გევედრები.დაე....

მეტის თქმა ვეღარ მოასრო.თვალები დახუჭა და სული უფალს მიაბარა.დათო კი კიდევ დიდხანს ანჯღრევდა მეგობარს და მის მოსულიერებას ცდილობდა.არ უნდოდა დაჯერება,რომ ის აღარ იყო.მისმა სასოწარკვეთილმა ღრიალმა შეძრა არემარე.ცრემლი და სისხლი ერთმანეთში აირია.და დასრულდა რაღაც ყველაზე დიდი,ყველაზე მთავარი მის ცხოვრებაში.დასრულდა სიცოცხლე,სიკვდილს ნატრობდა ეხლა და იმას ფიქრობდა როგორ მოესწრაფა სიცოცხლე.რობოტივით გაშეშდა.მერე წამოდგა,მანქანისკენ გაემართა.იქ ხომ იარაღი ეგულებოდა.თუმცა,თავში მძიმე დარტყმა იგრძნო და დაეცა.წინააღმდეგობა არ გაუწევია,ბორკილებიც სწრაფად დაადეს ხელებზე და პოლიციის მანქანაში ჩვარივით შეაგდეს....

საკანში დიდხანს იწრიალა.რამდენი ხანია უკვე აქ არის,სამარტოო საკანში და ერთი უბრალო რამ ვერ გაუკეთებია.ნუთუ ასეთი ლაჩარია?არა,ეხლა გააკეთებს რაც საჭიროა და დამთავრდება ყველაფერი.ადგა,მაგიდაზე შედგა და ზეწარი ზემოთ,კაუჭზე ჩამოკიდა.ყულფი გაუკეთა.მერე თავი გაყო და ...

კარები გასაღების ჩხაკუნმა აახმაურა.გამწარებულმა ზეწარი უცებ ჩამოხსნა და მოისროლა.კარები გაიღო და ზედამხედველმა მღვდელი შემოიყვანა,შენთან გასაუბრება სურსო.

დათომ უაზროდ დაუქნია თავი და თვალები დახარა.მღვდელი მამა გიორგის ტაძარში მოღვაწე მოძღვარი აღმოჩნდა.არავინ იცის,რა უთხრა მოძღვარმა პატიმარს,რა ელაპარაკა.ზედამხედველი ჭუჭრუტანიდან შესცქეროდა მათ საუბარს და დაინახა,როგორ დაემხო ატირებული პატიმარი მუხლებზე და როგორ მოეხვია მოძღვრის კალთებს.როგორ კოცნიდა მის ანაფორას და როგორ ითხოვდა პატიებას.ეს იყო პირველი დღე დათოს ცხოვრებაში,როდესაც მან წრფელი გულით,უდიდესი სიყვარულით და ენით გამოუთქმელი სინანულით ახსენა ღმერთი.რომელიც ეხლა აქ,ციხის პატარა საკანში მუხლდაჩოქილი ცხარე ცრემლით ტიროდა და უცნობ მოძღვარს პატიებას და შენდობას სთხოვდა,თუმცა მანამდე გიას–მამა გიორგის არაერთხელ უთხოვია მისთვის,ეს გაეკეთებინა.

ალბათ მისი სიცოცხლე იყო საჭირო იმისთვის,რომ დათოს ღმერთი ერწმუნა და მობრუნებულიყო მისკენ,სანამ უფალი ჯერ კიდევ ასეთი მოწყალე იყო მის მიმართ.აკი ინატრა კიდეც.რა ბედნიერებაა იცოდე,რომ მეგობრის გადასარჩენად სწირავ სიცოცხლეს.განა ამაზე ტკბილი გარდაცვალება შეიძლება არსებობდეს?დიახ,გარდაცვალება და არა სიკვდილი.ასეთ ადამიანებს სიკვდილი არ უწერიათ.ეხლა რომ გია ცოცხალი ყოფილიყო,კიდევ ერთხელ გაიღებდა სიცოცხლეს მეგობრის გადასარჩენად,და კიდევ ერთხელ,და კიდევ...დაუსრულებლად.

განა დათო იმავეს არ გააკეთებდა მეგობრის გადასარჩენად?აკი დადო კიდევაც საწორზე თავი და ამხელა დანაშაულზე წავიდა მის გამო.რა ვუყოთ,რომ არ ესმოდა,რას სჩადიოდა.მაშინ არ იცოდა,რა ძნელია,არა,შეუძლებელია უფლის გარეშე ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი.სამაგიეროდ ეხლა მან ეს იცის.მას სინანული ეწვია,ესეც ისევ და ისევ უფლის დიდი წაყალობის გამო.უფალს რომ ჩვენი დაშორება ნდომოდა,იქ,ზეციერ სასუფეველში,მაშინ სულ სხვანაირად მოხდებოდა ყველაფერი.ის კი მოწყალეა.როგორ უნდა გიყვარდეს შენი მგმობელი ასე ძალიან,რომ ამხელა სინანული და სიყვარული აჩუქო,რათა შენს მიერ გამზადებულ საუნჯეში დაივანოს სამარიდოს.

საოცარია და შეუცნობელი გზანი უფლისანი.გამაოგნებელია მისი წყალობა და მადლი,მისი სიყვარული და მოთმინება.მის სიბრძნეს ვერ შეედრება ვერაფერი ქვეყანაზე და ჩვენ,უგნური ადამიანები ხანდახან ვბედავთ და ჩვენი უბადრუკი და უსუსური არსებების იმედად ვართ და თავი რამე გვგონია.

ჰოი,ღმერთო,დიდება შენს მოთმინებას,შენს წაყალობას და სიყვარულს,მარადიულს და ულევს,დაუსრულებელს და უნეტარესს !!!




მრავალი წლის შემდეგ.....


მომლოცველთა ჯგუფმა მთელი უდაბნო მოიარა და დაღლილ–დაქანცულებმა კარვებისკენ გასწიეს,როდესაც იქით შორს,მთის ფერდობზე დაძენძილ ანაფორაში ჩაცმული თეთრწვერა ბერი შენიშნეს,რომელიც მუხლებზე იდგა და შეუსვენებლად მეტანიებს ასრულებდა.

–ნეტა ვინ არის?–გადაულაპარაკეს ერთმანეთს,მოდი გავიდეთ იქ და ვნახოთ.

–არა ვერ ნახავ,არ დაგელაპარაკება,უპასუხა ერთმა მომლოცველმა–ეგ დიდი ასკეტი ბერია.მგონი ქართველი უნდა იყოს.დიდი ხანია აქ არის და ძალიან მკაცრ,ასკეტურ ცხოვრებას ეწევა.მდუმარებაშია და არავის არ იღებს.ადამიანებს გაურბის და თავს უდიდეს ცოდვილად მიიჩნევს.ეეჰ,ნეტავი მასეთი რწმენა მე მქონდეს....


დიდება შენდა,ღმერთო !!!


No comments:

Post a Comment