Thursday, 28 March 2013

გასაუბრება ანგელოზთან ძილის წინ 9



გამარჯობა,ანგელოზო,რა კარგია რომ ისევ მოხვედი.
–გამარჯობა.ხომ გითხარი,როცა საჭიროა,მაშინ მოვალ მეთქი.
–დღეს რაზე უნდა მესაუბრო ?
–მინდა უფლის უდიდეს მადლსა და წყალობაზე გესაუბრო.
–გისმენ,ანგელოზო
–მითხარი,შენ თუ გრძნობ ღვთის წყალობას და რაში ხედავ ამას?
–არ ვიცი რა გითხრა.ალბათ იმაში,რომ ცოცხალი ვარ,ჯანმრთელი,არ მშია და არ მწყურია...
–კიდევ?
–საერთოდ რომ ვარსებობ,ესეც ხომ უფლის წყალობაა?
–რა თქმა უნდა,ეგ ყველაფერი უფლის წყალობაა,მაგრამ არის უამრავი ისეთი რამ,რაც თქვენთვის მიუწვდომელია,დაფარულია.
–არის ისეთი რამ რაც არ ვიცი?
–არის; და იმაზე მეტი,ვიდრე თქვენ იცით.ადამიანები საერთოდ ასეთი ბუნების ხართ.აფასებთ მხოლოდ იმით,რასაც ხედავთ,გრძნობთ,იცით.ეს იმიტომ,რომ არ ფიქრობთ უფალზე საკმარისად.
თუმცა არიან თქვენს შორისაც ნათელი სულები,რომლებიც უფრო მეტს ხედავენ და მეტი იციან.ასეთ ადამიანებს უფალიც მეტ წყალობას და მადლს ანიჭებს.ისინი უფალში არიან.
–კარგად ვერ გავიგე,ანგელოზო,რაზე საუბრობ?
–კარგი,ვეცდები იოლად აგიხსნა.
ადამიანები ვიშვიშებენ და მოსთქვამენ იმის გამო,რომ ღმერთმა არ მისცა მათ ის,რაც არ ეკუთვნით;და იშვიათად ნახავთ ადამიანს,რომელიც ბედნიერი და მადლიერია იმითაც,რაც ღმერთმა უბოძა.
ერთმა კაცმა ფეხი მოიტეხა და მთელი თვე წუწუნებდა და ღვთის სამართალს უხმობდა.მას კი ფეხი რომ არ მოეტეხა,ეშმაკს მისთვის 12 მახე ჰქონდა დაგებული და აუცილებლად დაღუპავდა.უზიარებელი აღესრულებოდა და სამუდამო სატანჯველში დაიდებდა ბინას.უფალმა კი ის შეიბრალა და უდიდესი წყალობა მიჰმადლა.ეს კაცი,მომავალში ბერად აღიკვეცა და უდიდეს სასულიერო მოღვაწედ იქცა.ეხლა მითხარი,უნდა დაეშვა თუ არა უფალს,რომ ამ კაცს ფეხი მოეტეხა?
–რა თქმა უნდა,უნდა დაეშვა.
ამიტომ ვამბობ,ადამიანებმა არ იცით,რამდენი განსაცდელისა და უბედურებისაგან გიცავთ უფალი ყოველდღიურად.ხან ანგელოზებს გივლენთ,ხან წმინდანებს,ხან დედა ღვთისმშობელს,ხან კი თავად ერევა საქმეში.
ერთადერთი რაშიც ღმერთი არ ერევა,ეს თქვენი ნებაა.ის გაძლევთ თავისუფალი არჩევანის საშუალებას,მაგრამ ტქვენი უგუნურებით იმდენ ხათაბალაში იხვევთ თავს,რომ იძულებულია ჩვილი ბავშვებივით მოგიაროთ და დაგიცვათ.
ხშირად,გამწარებული ადამიანი ღვთის სამართალს მოუხმობს ხოლმე და წარმოდგენაც კი არა აქვს,რა საშინელება დატრიალდებოდა,ღმერთი რომ ყველას დამსახურებისამებრ მიუზღავდეს.
–რა საოცარია,ანგელოზო,არასოდეს ამაზე არ მიფიქრია.
–ვიცი,რომ არ გიფიქრია,ადამიანთა უმრავლესობა არ ფიქრობთ ამაზე.თქვენ ღმერთისგან მხოლოდ მოითხოვთ,უკან გაცემა კი არ გინდათ.პატარა ტკივილსაც ვერ იტანთ,მცირე განსაცდელსაც ვერ უძლებთ,მაშინვე უფალს უხმობთ საშველად.და თუ რამე უსამართლოდ გეჩვენებათ,ამასაც უფალს აბრალებთ და არც კი იცით,რომ უფალი რომ არ გიფარავდეთ,რამდენ უბედურებას გადააწყდებოდით ცხოვრებაში.ბევრი თქვენგანი 30 წელსაც ვერ მიაღწევდა და ეშმაკს ჩააბარებდა სულს.
ეეჰ,თქვენ რომ ოდნავი წარმოდგენა მაინც გქონდეს,უფალს როგორი ძალით უყვარხართ,რასაც გითმენთ,რასაც გპატიობთ,თქვენ შეიძლება ჭკუიდან გადახვიდეთ ყველაფერი რომ იცოდეთ.მე ადრეც გითხარი,ყველაზე ბოროტი ადამიანიც რომ დასვა უფლის ადგილზე,სულ ერთი საათით,ვერ გაუძლებდა,იმდენ ბოროტებას დაინახავდა და მყისვე გაანადგურებდა დედამიწას.ვერცერთი მშობელი ვერ აპატიებდა შვილს იმდენს,რამდენსაც უფალი გპატიობთ.მას ერთი საყვედურიც არ წამოსცდენია,ერთი უკმაყოფილებაც არ გამოუთქვამს,არამედ ყველა თქვენი ცოდვა იტვირთა და თქვენს გამო ჯვარს გაეკრა.თქვენ კი კვლავ გამუდმებით აწამებთ.ის კი ტირის და გითმენთ.გელოდებათ,როდის გაახელთ თვალებს და დაინახავთ მის სიყვარულს.
–მესმის,ანგელოზო,მაგრამ ადამიანები ხშირად თავის უბედურებას ღმერთს აბრალებენ ხოლმე და...
–დიახ,ღმერთს აბრალებენ,თუმცა ძალიან კარგად იციან,რომ უფალი არ ერევა მათ ცხოვრებაში,და თუ ერევა,მხოლოდ და მხოლოდ ისევ მათ სასიკეთოთ.თუ ადამიანს რამე უბედურება ეწვია,მაშინვე ღვთის უსამართლობაზე იწყებს ლაპარაკს და არამც და არამც არ ამტყუნებს საკუთარ თავს,თითქოს თვითონ ყველაფერში მართალი იყოს და ღმერთს ეშლებოდეს რამე.
მე შენ ეხლა ერთ ამბავს მოგიყვები და თავად განსაჯე.
–გისმენ,ანგელოზო.
–ერთმა კაცმა მეორე მდინარეში დახრჩობას გადაარჩინა.საკუთარი სიცოცხლე სასწორზე დადო და გადაარჩინა.ეხლა მე გეკითხები შენ,სწორად მოიქცა თუ არა?
–რა თქმა უნდა სწორად მოიქცა,განა შეიძლება სხვა პასუხი არსებობდეს?
–კარგი.გავაგრძელებ თხრობას.ეს მეორე კაცი,რომელიც გადაარჩინეს,რამდენიმე წლის შემდეგ საბავშვო ბაღში შევარდა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით  17 ბავშვი მოკლა.ეხლა მე შენ ისევ გეკითხები,სწორად მოიქცა თუ არა ის,ვინც ეს კაცი დახრჩობას გადაარჩინა?
–დავიბენი ანგელოზო.ალბათ არ მოიქცა სწორად,მაგრამ მაშინ მან ხომ არ იცოდა,რომ ეს კაცი ბავშვებს მოკლავდა?
–ხოდა ამ კაცმა გაიგო,რომ მისმა გადარჩენილმა კაცმა ბავშვები დახოცა და გლოვას მიეცა.ბევრს ნანობდა და ბოლოს იქამდე მივიდა,რომ ღმერთს მიმართა–სადაა ღმერთო შენი სამართალი,რატომ მომეცი უფლება გადამერჩინა ეს კაცი,რატომ ჩამაგდე ამხელა ცოდვაშიო.
დადიოდა ღვთის ტაძარში და მოსთქვამდა და უფლის სამართალს განიკითხავდა.
ბოლოს შეიბრალა უფალმა თვისი განმკითხავი(რასაც ადამიანები იშვიათად თუ გააკეთებდით) და ანგელოზი გამოუგზავნა.
ანგელოზმა ჩვიდმეტივე ადამიანის ცხოვრება გადაუშალა მოტირალ კაცს,იმ შემთხვევაში,რომ არ დახოცილიყვნენ ტერორისტის ხელიდან.4 მათგანი პირსისხლიანი მკველი გახდა.2 პედოფილი,3 ნარკოტიკების ზედმეტი დოზის მიღებისგან  ამთავრებდნენ სიცოცხლეს.ერთმა კაზინოში მთელი ავლადიდება წააგო,ოჯახიც გააუბედურა და სიცოცხლესაც თვითმკვლელობით ამთავრებდა.ორი მათგანი ტრეფიკინგის მსხვერპლი შეიქმნა და სოცოცხლეს საროსკიპოში ასრულებდნენ...და ყველას მსგავსი ბედი ელოდა წინ.ამ 17–დან 16 ღმერთს გმობდა და მხოლოდ ერთი მათგანი  იყო ჭეშმარიტი მორწმუნე.
–ის ერთი რატომღა არ დაიცვა უფალმა?
–სწორედაც რომ დაიცვა.ამ დამიანს წინ უდიდესი უბედურება ელოდა.ის ავიალაინერის პილოტი ხდებოდა და თავისი გამოუსწორებელი შეცდომის გამო 327 ადამინის დაღუპვა ეწერა მომავალში.
–რა საოცარია,ანგელოზო.
–ეს თქვენთვის არის საოცარი,უფლისთვის კი ყველაფერი უმცირეს დეტალამდეა სრულყოფილებამდე მიყვანილი.ეხლა კი,ჩვიდმეტივე ბავშვი უფლის საუფლოში ნეტარებენ,მათი მშობლები კი ღვთის უსამართლობაზე და უგულობაზე  წუწუნებენ.კაცს კი 17 კი არა,44 ბავშვი უნდა მოეკლა,მაგრამ უფალმა 27 დაიფარა და განა ვინმემ იცის ეხლა ეს?ამისთვის მადლობას არავინ ეტყვის უფალს.
ეხლა მე ისევ გეკითხები შენ,სწორად მოიქცა თუ არა ის კაცი,რომელმაც დახრჩობას გადაარჩინა მეორე?
–კი,ანგელოზო,სწორად მოიქცა.
–მე შენ ერთი შემთხვევა მოგიყევი სულ.ასეთები კი უფალს მილიონობით აქვს ყოველდღიურად მოგვარებული.ეს იმიტომ მოგიყევი,რომ ოდნავ მაინც აგეხილოთ თვალები და გაიგოთ,რომ არ არსებობს სამართალი,ღვთის სამართალზე უფრო მაღალი და ჭეშმარიტი.არაფერი შემთხვევით არ ხდება ქვეყანაზე და თუ რამე ხდება,კარგი თუ ცუდი თქვენი გაგებით,ყოველივე თქვენს სასიკეთოდ და საკეთილდღეოდ.ხშირად თქვენ ამას ვერ ხვდებით,გიჭირთ გაგება.ადამიანურად ეს გასაგებიცაა,მაგრამ უფალი არ მოითხოვს თქვენგან ყველაფრის ცოდნას და გაგებას.თქვენ მაინც იმის მემილიონედსაც  ვერ გაიგებთ,რასაც უფალი თქვენთვის აკეთებს.
–აბა რა ვქნათ,ანგელოზო?
–თქვენ სულ მცირედი მოგეთხოვებათ.ენდეთ ღმერთს მთელი არსებით და ნურასოდეს შეგეპარებათ ეჭვი მის კეთილგონიერებასა და სამართლიანობაში,და მითუმეტეს მის თქვენდამი სიყვარულში.უფალმა დაგიტოვათ მცნება–„შეიყვარე ღმერთი შენი მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულითა,მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებითა“.ეს მარტო სიტყვები არ არის,ეს მოიცავს უამრავ რამეს.როცა ადამიანი გიყვარს,რამდენ რამეს ნიშნავს ეს თქვენთვის და მაშინ რამდენს უნდა ნიშნავდეს,როცა უფალი გიყვარს?არასოდეს  შეგეპაროს ეჭვი უფლის სამართალსა და სიყვარულში,გაიგე?
–გავიგე,ჩემო ანგელოზო,ყველაფერი გავიგე.
–დაწექი ახლა და იფიქრე იმაზე,რაც გითხარი.
–ღამე მშვიდობისა ანგელოზო.
–ღამე მშვიდობისა.

No comments:

Post a Comment