Thursday, 28 March 2013

გასაუბრება ანგელოზთან ძილის წინ 9



გამარჯობა,ანგელოზო,რა კარგია რომ ისევ მოხვედი.
–გამარჯობა.ხომ გითხარი,როცა საჭიროა,მაშინ მოვალ მეთქი.
–დღეს რაზე უნდა მესაუბრო ?
–მინდა უფლის უდიდეს მადლსა და წყალობაზე გესაუბრო.
–გისმენ,ანგელოზო
–მითხარი,შენ თუ გრძნობ ღვთის წყალობას და რაში ხედავ ამას?
–არ ვიცი რა გითხრა.ალბათ იმაში,რომ ცოცხალი ვარ,ჯანმრთელი,არ მშია და არ მწყურია...
–კიდევ?
–საერთოდ რომ ვარსებობ,ესეც ხომ უფლის წყალობაა?
–რა თქმა უნდა,ეგ ყველაფერი უფლის წყალობაა,მაგრამ არის უამრავი ისეთი რამ,რაც თქვენთვის მიუწვდომელია,დაფარულია.
–არის ისეთი რამ რაც არ ვიცი?
–არის; და იმაზე მეტი,ვიდრე თქვენ იცით.ადამიანები საერთოდ ასეთი ბუნების ხართ.აფასებთ მხოლოდ იმით,რასაც ხედავთ,გრძნობთ,იცით.ეს იმიტომ,რომ არ ფიქრობთ უფალზე საკმარისად.
თუმცა არიან თქვენს შორისაც ნათელი სულები,რომლებიც უფრო მეტს ხედავენ და მეტი იციან.ასეთ ადამიანებს უფალიც მეტ წყალობას და მადლს ანიჭებს.ისინი უფალში არიან.
–კარგად ვერ გავიგე,ანგელოზო,რაზე საუბრობ?
–კარგი,ვეცდები იოლად აგიხსნა.
ადამიანები ვიშვიშებენ და მოსთქვამენ იმის გამო,რომ ღმერთმა არ მისცა მათ ის,რაც არ ეკუთვნით;და იშვიათად ნახავთ ადამიანს,რომელიც ბედნიერი და მადლიერია იმითაც,რაც ღმერთმა უბოძა.
ერთმა კაცმა ფეხი მოიტეხა და მთელი თვე წუწუნებდა და ღვთის სამართალს უხმობდა.მას კი ფეხი რომ არ მოეტეხა,ეშმაკს მისთვის 12 მახე ჰქონდა დაგებული და აუცილებლად დაღუპავდა.უზიარებელი აღესრულებოდა და სამუდამო სატანჯველში დაიდებდა ბინას.უფალმა კი ის შეიბრალა და უდიდესი წყალობა მიჰმადლა.ეს კაცი,მომავალში ბერად აღიკვეცა და უდიდეს სასულიერო მოღვაწედ იქცა.ეხლა მითხარი,უნდა დაეშვა თუ არა უფალს,რომ ამ კაცს ფეხი მოეტეხა?
–რა თქმა უნდა,უნდა დაეშვა.
ამიტომ ვამბობ,ადამიანებმა არ იცით,რამდენი განსაცდელისა და უბედურებისაგან გიცავთ უფალი ყოველდღიურად.ხან ანგელოზებს გივლენთ,ხან წმინდანებს,ხან დედა ღვთისმშობელს,ხან კი თავად ერევა საქმეში.
ერთადერთი რაშიც ღმერთი არ ერევა,ეს თქვენი ნებაა.ის გაძლევთ თავისუფალი არჩევანის საშუალებას,მაგრამ ტქვენი უგუნურებით იმდენ ხათაბალაში იხვევთ თავს,რომ იძულებულია ჩვილი ბავშვებივით მოგიაროთ და დაგიცვათ.
ხშირად,გამწარებული ადამიანი ღვთის სამართალს მოუხმობს ხოლმე და წარმოდგენაც კი არა აქვს,რა საშინელება დატრიალდებოდა,ღმერთი რომ ყველას დამსახურებისამებრ მიუზღავდეს.
–რა საოცარია,ანგელოზო,არასოდეს ამაზე არ მიფიქრია.
–ვიცი,რომ არ გიფიქრია,ადამიანთა უმრავლესობა არ ფიქრობთ ამაზე.თქვენ ღმერთისგან მხოლოდ მოითხოვთ,უკან გაცემა კი არ გინდათ.პატარა ტკივილსაც ვერ იტანთ,მცირე განსაცდელსაც ვერ უძლებთ,მაშინვე უფალს უხმობთ საშველად.და თუ რამე უსამართლოდ გეჩვენებათ,ამასაც უფალს აბრალებთ და არც კი იცით,რომ უფალი რომ არ გიფარავდეთ,რამდენ უბედურებას გადააწყდებოდით ცხოვრებაში.ბევრი თქვენგანი 30 წელსაც ვერ მიაღწევდა და ეშმაკს ჩააბარებდა სულს.
ეეჰ,თქვენ რომ ოდნავი წარმოდგენა მაინც გქონდეს,უფალს როგორი ძალით უყვარხართ,რასაც გითმენთ,რასაც გპატიობთ,თქვენ შეიძლება ჭკუიდან გადახვიდეთ ყველაფერი რომ იცოდეთ.მე ადრეც გითხარი,ყველაზე ბოროტი ადამიანიც რომ დასვა უფლის ადგილზე,სულ ერთი საათით,ვერ გაუძლებდა,იმდენ ბოროტებას დაინახავდა და მყისვე გაანადგურებდა დედამიწას.ვერცერთი მშობელი ვერ აპატიებდა შვილს იმდენს,რამდენსაც უფალი გპატიობთ.მას ერთი საყვედურიც არ წამოსცდენია,ერთი უკმაყოფილებაც არ გამოუთქვამს,არამედ ყველა თქვენი ცოდვა იტვირთა და თქვენს გამო ჯვარს გაეკრა.თქვენ კი კვლავ გამუდმებით აწამებთ.ის კი ტირის და გითმენთ.გელოდებათ,როდის გაახელთ თვალებს და დაინახავთ მის სიყვარულს.
–მესმის,ანგელოზო,მაგრამ ადამიანები ხშირად თავის უბედურებას ღმერთს აბრალებენ ხოლმე და...
–დიახ,ღმერთს აბრალებენ,თუმცა ძალიან კარგად იციან,რომ უფალი არ ერევა მათ ცხოვრებაში,და თუ ერევა,მხოლოდ და მხოლოდ ისევ მათ სასიკეთოთ.თუ ადამიანს რამე უბედურება ეწვია,მაშინვე ღვთის უსამართლობაზე იწყებს ლაპარაკს და არამც და არამც არ ამტყუნებს საკუთარ თავს,თითქოს თვითონ ყველაფერში მართალი იყოს და ღმერთს ეშლებოდეს რამე.
მე შენ ეხლა ერთ ამბავს მოგიყვები და თავად განსაჯე.
–გისმენ,ანგელოზო.
–ერთმა კაცმა მეორე მდინარეში დახრჩობას გადაარჩინა.საკუთარი სიცოცხლე სასწორზე დადო და გადაარჩინა.ეხლა მე გეკითხები შენ,სწორად მოიქცა თუ არა?
–რა თქმა უნდა სწორად მოიქცა,განა შეიძლება სხვა პასუხი არსებობდეს?
–კარგი.გავაგრძელებ თხრობას.ეს მეორე კაცი,რომელიც გადაარჩინეს,რამდენიმე წლის შემდეგ საბავშვო ბაღში შევარდა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით  17 ბავშვი მოკლა.ეხლა მე შენ ისევ გეკითხები,სწორად მოიქცა თუ არა ის,ვინც ეს კაცი დახრჩობას გადაარჩინა?
–დავიბენი ანგელოზო.ალბათ არ მოიქცა სწორად,მაგრამ მაშინ მან ხომ არ იცოდა,რომ ეს კაცი ბავშვებს მოკლავდა?
–ხოდა ამ კაცმა გაიგო,რომ მისმა გადარჩენილმა კაცმა ბავშვები დახოცა და გლოვას მიეცა.ბევრს ნანობდა და ბოლოს იქამდე მივიდა,რომ ღმერთს მიმართა–სადაა ღმერთო შენი სამართალი,რატომ მომეცი უფლება გადამერჩინა ეს კაცი,რატომ ჩამაგდე ამხელა ცოდვაშიო.
დადიოდა ღვთის ტაძარში და მოსთქვამდა და უფლის სამართალს განიკითხავდა.
ბოლოს შეიბრალა უფალმა თვისი განმკითხავი(რასაც ადამიანები იშვიათად თუ გააკეთებდით) და ანგელოზი გამოუგზავნა.
ანგელოზმა ჩვიდმეტივე ადამიანის ცხოვრება გადაუშალა მოტირალ კაცს,იმ შემთხვევაში,რომ არ დახოცილიყვნენ ტერორისტის ხელიდან.4 მათგანი პირსისხლიანი მკველი გახდა.2 პედოფილი,3 ნარკოტიკების ზედმეტი დოზის მიღებისგან  ამთავრებდნენ სიცოცხლეს.ერთმა კაზინოში მთელი ავლადიდება წააგო,ოჯახიც გააუბედურა და სიცოცხლესაც თვითმკვლელობით ამთავრებდა.ორი მათგანი ტრეფიკინგის მსხვერპლი შეიქმნა და სოცოცხლეს საროსკიპოში ასრულებდნენ...და ყველას მსგავსი ბედი ელოდა წინ.ამ 17–დან 16 ღმერთს გმობდა და მხოლოდ ერთი მათგანი  იყო ჭეშმარიტი მორწმუნე.
–ის ერთი რატომღა არ დაიცვა უფალმა?
–სწორედაც რომ დაიცვა.ამ დამიანს წინ უდიდესი უბედურება ელოდა.ის ავიალაინერის პილოტი ხდებოდა და თავისი გამოუსწორებელი შეცდომის გამო 327 ადამინის დაღუპვა ეწერა მომავალში.
–რა საოცარია,ანგელოზო.
–ეს თქვენთვის არის საოცარი,უფლისთვის კი ყველაფერი უმცირეს დეტალამდეა სრულყოფილებამდე მიყვანილი.ეხლა კი,ჩვიდმეტივე ბავშვი უფლის საუფლოში ნეტარებენ,მათი მშობლები კი ღვთის უსამართლობაზე და უგულობაზე  წუწუნებენ.კაცს კი 17 კი არა,44 ბავშვი უნდა მოეკლა,მაგრამ უფალმა 27 დაიფარა და განა ვინმემ იცის ეხლა ეს?ამისთვის მადლობას არავინ ეტყვის უფალს.
ეხლა მე ისევ გეკითხები შენ,სწორად მოიქცა თუ არა ის კაცი,რომელმაც დახრჩობას გადაარჩინა მეორე?
–კი,ანგელოზო,სწორად მოიქცა.
–მე შენ ერთი შემთხვევა მოგიყევი სულ.ასეთები კი უფალს მილიონობით აქვს ყოველდღიურად მოგვარებული.ეს იმიტომ მოგიყევი,რომ ოდნავ მაინც აგეხილოთ თვალები და გაიგოთ,რომ არ არსებობს სამართალი,ღვთის სამართალზე უფრო მაღალი და ჭეშმარიტი.არაფერი შემთხვევით არ ხდება ქვეყანაზე და თუ რამე ხდება,კარგი თუ ცუდი თქვენი გაგებით,ყოველივე თქვენს სასიკეთოდ და საკეთილდღეოდ.ხშირად თქვენ ამას ვერ ხვდებით,გიჭირთ გაგება.ადამიანურად ეს გასაგებიცაა,მაგრამ უფალი არ მოითხოვს თქვენგან ყველაფრის ცოდნას და გაგებას.თქვენ მაინც იმის მემილიონედსაც  ვერ გაიგებთ,რასაც უფალი თქვენთვის აკეთებს.
–აბა რა ვქნათ,ანგელოზო?
–თქვენ სულ მცირედი მოგეთხოვებათ.ენდეთ ღმერთს მთელი არსებით და ნურასოდეს შეგეპარებათ ეჭვი მის კეთილგონიერებასა და სამართლიანობაში,და მითუმეტეს მის თქვენდამი სიყვარულში.უფალმა დაგიტოვათ მცნება–„შეიყვარე ღმერთი შენი მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულითა,მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებითა“.ეს მარტო სიტყვები არ არის,ეს მოიცავს უამრავ რამეს.როცა ადამიანი გიყვარს,რამდენ რამეს ნიშნავს ეს თქვენთვის და მაშინ რამდენს უნდა ნიშნავდეს,როცა უფალი გიყვარს?არასოდეს  შეგეპაროს ეჭვი უფლის სამართალსა და სიყვარულში,გაიგე?
–გავიგე,ჩემო ანგელოზო,ყველაფერი გავიგე.
–დაწექი ახლა და იფიქრე იმაზე,რაც გითხარი.
–ღამე მშვიდობისა ანგელოზო.
–ღამე მშვიდობისა.

Saturday, 9 March 2013

"მკურნალი"







                               (თანამედროვე ზღაპარი)

იყო და არა იყო რა,ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?
არც არაფერი ყოფილა და არც არა იქნება რა არასოდეს.

ერთხელ,ერთი "მორწმუნე" უფლის ხატის წინ იდგა და ფიქრობდა:
-უფალო,ნეტავ რატომაა,რომ ამდენი უსამართლობა ხდება ქვეყანაზე? შენ ხომ ყველა გიყვარს,განა ამდენი სნეული,ხეიბარი და გაწამებული ხალხის ყურება შენს გულს ახარებს? შენ ხომ ყველა მათგანის განკურნება შეგიძლია,ხომ შეგიძლია ყველა მოტირალს მოსწმინდო ცრემლი?...
ასეთ ფიქრებში იყო და უცებ ხედავს საოცრად განათდა არემარე.ისე განათდა,რომ წამით თვალი და გონება დაუბნელა.მერე კი ულამაზესი არსება დაინახა,რომელიც ჰაერში ელავდა და თავზე დასქეროდა.მიხვდა უფლის ანგელოზი იყო.მუხლებზე დაეცა და სინანულმა შეიპყრო.
-განმეშორე ანგელოზო,არ ვარ მე შენი ხილვის ღირსი,ეშმაკი შემიჯდა და ეჭვებში ჩამაგდო.დიდად შევცოდე და ღვთის სიყვარულში ეჭვი შემეპარა.უგუნური და უღირსი ვარ და არ ვიმსახურებ შენს ხილვას.
ანგელოზმა ოდნავ გაიღიმა და მიმართა:
-შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი,ვინც ასე ფიქრობს,ოღონდ ეს ეშმაკის ბრალი კი არა,შენი მცირედმორწმუნეობის ბრალია.უფლის უსაზღვრო სიყვარულის და მოწყალების ნიშნად სნეულთა განკურნების ნიჭი გეძლევა, ოღონდ ყველა საავადმყოფო და სნეულთა ადგილსამყოფელნი უნდა დაიარო და უკლებლივ ყველა განკურნო.როდესაც ამას გააკეთებ,მოგეტევება ის ცოდვა,რაც შენი უგუნურებით შესცოდე.ამისთვის გარკვეული დრო გეძლევა,რის შემდეგაც კვლავ გამოგეცხადები და უფლის ნებას გამოგიცხადებ.ოღონდ ერთი აუცილებელი პირობა უნდა შეასრულო-ყოველი სნეული მამის,ძის და სულიწმიდის სახელით უნდა განკურნო და უთხრა,რომ თუ ჭეშმარიტ სარწმუნოებას არ მიიღებენ და ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებით არ დაიწყებენ ცხოვრებას,უკან შებრუნდებიან და სნეულებანიც უკან დაუბრუნდებათ.გასწი ეხლა,და შეასრულე უფლის ბრძანება.
კარგა ხანს გაოგნებული იდგა,ვერ გაეგო,ეს სიზმარი იყო თუ ცხადი.როცა გამოერკვა,პირველ რიგში ღვთის ტაძარში გაიქცა და მოძღვარს მოუყვა ყველაფერო,რაც ნახა და მოისმინა.მოძღვარმა ყურადღებით მოუსმინა,შემდეგ დიდხანს იფიქრა და უთხრა:
თუ ეს ნამდვილად ღვთის ანგელოზი იყო,და ეტყობა რომ ეს ასეა,წავიდეთ უახლოეს საავადმყოფოში და ვსინჯოთ.ეშმაკი ვერ განკურნავს ვერავის და მითუმეტეს სამების სახელით.თუ ეს მართალია,მალევე გამოჩნდება.
ასეც მოიქცნენ.უახლოესი საავადმყოფოსკენ გაემართნენ.პირველივე ავადმყოფთან მივიდნენ,ვინც კი დაინახეს-თაბაშირისფეხიანი კაცი საავადმყოფოს ეზოში სკამზე იჯდა და მადიანად აბოლებდა.
ისიც კი არ იცოდა,როგორ უნდა განეკურნა.სამედიცინო თვალსაზრისით საერთოდ არაფერი არ გაეგებოდა,მაგრამ სჯეროდა,უფლის ძალით თუ კარნახით რაღაცას მოახერხებდა.მივიდა,გამოელაპარაკა,და თაბაშირიან ფეხზე ხელი დაადო.
-გტკივა?
-ეხლა ცოტა არა მიშავს,თავიდან ძალიან მტკიოდა,მანქანამ დამარტყა,სამ ადგილას მაქვს გადამტვრეული.ექიმი გარეთ არ გვიშვებს,ჩუმად გამოვიპარე სიგარეტის მოსაწევად,თქვა და გაუღიმა.
-კარგი,ეხლა აღარ გეტკინება და გამოჯანმრთელდები.გჯერა?
გაეცინა
-წადი ბიძია გიჟი ხარ ვიღაცაო.
-არ გეტკინება მეთქი,უთხრა და ფეხზე მთელი გრძნობით და რწმენით დაადო ხელი.
-მოუსმინე რასაც გეუბნება,უთხრა მამაომაც.
-ერთი წუთით გაირინდა,მაგრამ მერე გაბრაზებული მოუტრიალდა და მომშორდიო,სახეში მიახალა.
აწითლებული წამოხტა.არ გამოუვიდა.არ იცოდა რა ექნა.ცრემლები მოაწვა და მამაოს იმედგაცრუებული მიაჩერდა.
-მე ვიცი,რატომაც ვერ მოარჩინე-უთხრა მოძღვარმა-პირობა დაგავიწყდა.თუ პირობა არ შეასრულე,ვერავისაც ვერ მოარჩენო.
ისევ იმედი ჩაესახა.გადაწყვიტა ისევ ეცადა.ეს კაცი აღარ გაიკარებდა,გასაგები იყო,სხვასთან უნდა ესინჯა.გაიხედ-გამოიხედა.ახალგაზრდა გოგო დაინახა ინვალიდის ეტლში.
მოდი,ამ გოგონაზე ვცდიო,მამაოს უთხრა და მისკენ დაიძრა.
მიუახლოვდა თუ არა,გოგონას ალერსით გაუღიმა.მანაც ღიმილით უპასუხა.
-გინდა მოგარჩინო?-უთხრა გოგონას-არ გატყუებ,მართლა მოგარჩენო.
გოგონამ გაოცებით შეხედა.
ოღონდ უნდა შემპირდე.რომ უფლის მცნებებით იცხოვრებ და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი იქნებიო.
-გოგონას გაეცინა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-დაიკუზა,გოგონას ფეხებზე ხელი დაადო და უთხრა:
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა განკურნებული ხარ,ადექი და გაიარეო.
გოგონამ უიმედოდ შეხედა და თვალებში ცრემლი ჩაუდგა,თითქოს ეუბნებოდა,რატომ დამცინიო.
-არ გეხუმრები,არც დაგცინი,ადექი და გაიარეო.
-გოგონა ერთი შეცბა,მერე კვლავ გამოხედა და რადგან მის თვალებში ვერც ცბიერება და ვერც დაცინვა ვერ დაინახა,გაიფიქრა-მოდი მართლა ვცდიო.
...და აი საოცრებაც.გოგონა ფეხზე გამართულად დადგა და მალე გაიარა კიდეც.
ვერ აგიწერთ იქ რა ამბავი ატყდა.ცალკე სიხარულისგან ატირებული გოგონა ყვიროდა,ცალკე ჩვენი "მკურნალი" მოძღვართან ერთად მოზღვავებულ ხალხს ძლივს იგერიებდა.ეს პირველი იყო,და იმიტომ გადმოგცემთ ასე დაწვრილებით.იმ დღეს ყველა ავადმყოფი მოინახულა და ყველა გამოაჯანმრთელა,ოღონდ ეგ იყო,გაოგნებულ ექიმებს და იქ მყოფ ხალხს ძლივს დააღწია თავი და რომ არა კარგი სირბილის უნარი,ალბათ ვერც გამოაღწევდა.აი,მოძღვარმა კი ვერ დააღწია თავი და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს,პოლიციაშიც კი ამოყო თავი ახსნა განმარტების მისაცემად და მკურნალის(მოდი დროებით ასე დავარქვათ და თქვენის ნებართვით შემდეგშიც ასე მოვიხსენიებ) ვინაობის დასადგენად .
შემდეგ უკვე ღვთის ნებით და განგებით ყველაფერს ახერხებდა.აღარ შევუდგები იმის ახსნას,რამდენი წინააღმდეგობის გადალახვა უწევდა.ცალკე პოლიცია დასდევდა,ცალკე საიდუმლო სამსახურები,ცალკე რელიგიური ჯგუფები,მაგრამ მაინც ღვთის წყალობით სასწაულად უძვრებოდა ყველას ხელიდან.ისე ჰქონდა სახელი გავარდნილი,რომ როგორც კი სადმე გამოჩნდებოდა,მაშინვე ხალხის უზარმაზარი ნაკადი ჩნდებოდა იქ მის დასაცავად.ერთხელ საიდუმლო სამსახურებმა მაინც მოახერხეს მისი დაჭერა და წაყვანა,მაგრამ ისეთი ამბავი ატყდა,ხალხი მთელ მსოფლიოში აჯანყდა და ისეთი ამბები დატრიალდა,არასოდეს რომ არ მომხდარა დედამიწის ზურგზე.მსოფლიო მასობრივი არეულობა და პროტესტი დაიწყო და არათუ გაანთავისუფლეს,სახელმწიფო დაცვაც კი დაუნიშნეს და გადაადგილების უსწრაფესი საშუალებანიც პირველივე მოთხოვნისთანავე დაუქვემდებარეს.
ქვეყანა ქვეყანას ცვლიდა,სნეული სნეულს.მის შესახებ უკვე ლამის ახალდაბადებულმა ბავშვმაც კი იცოდა და არათუ ელოდებოდნენ,ფეხდაფეხ დაყვებოდნენ სნეულნი,ვისაც როგორ შეეძო.ისიც დაუღალავად ყველას კურნავდა.ისე იყო დაკავებული,რომ არც ძილის და არც ჭამის დრო არ ჰქონდა.ძალებს კი ღვთის წყალობით უფლისგან იღებდა.
ამის ყველაფრის გადმოცემა ძალიან რთულია,ეს ადამიანის ყოველგვარ ფანტაზიას აღემატება.ასეთის წარმოდგენა ზღაპარშიკ კი ძნელია.ამიტომ,უმორჩილესად გთხოვთ,თავად წარმოიდგინოთ,როგორც შეგიძლიათ.მითუმეტეს,რომ აქ პროცესი სულაც არ არის მთავარი.
ასეა თუ ისე,დიდმა დრომ განვლო.ჩვენმა მკურნლმა დედამიწაზე ყველა სნეული განკურნა და უზომოდ ბედნიერმა და გახარებულმა დაისვენა.გასაოცარი ის იყო,რომ პირობაზე არც ერთ ადამიანს არ უთქვამს უარი,სხვა რელიგიის ფანატიკურ მიმდევრებსაც კი,იმდენად ძლიერი და გადამდები აღმოჩნდა გამოჯანმრთელების სურვილი.
როცა მისია დაასრულა,კვლავ გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უთხრა:
-ყველაფერი ისე შეასრულე,როგორც უფალმა დაგავალა.მისი ნებაა,თავიდან დაიარო ის ადგილები,სადაც კი მოგიწია ყოფნა და ნახო,რამდენად შეასრულეს ადამიანებმა მოცემული პირობა.რა თქმა უნდა,გარეგნობას შეგიცვლით,რომ არავინ გიცნოს.როდესაც ყველაფერს მორჩები,კვლავ მოვალ და დანარჩენსაც გეტყვიო.
რაღა უნდა ექნა ჩვენს მკურნალს,უფლის ნებას ხომ ვერ გადავიდოდა?-კარგად მოემზადა და დავალების შესრულებას შეუდგა.
დიდი ხნის შემდეგ,როცა ყველაფერი მოითავა,ანგელოზი კვლავ გამოეცხადა:
-აბა,რას იტყვი?
-დაღონებული,ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა ანგელოზს და უთხრა:
-შემოვიარე ანგელოზო ყველა ის ადგილი,სადაც კი სნეულნი განვკურნე.იმედი მქონდა,რომ უკან დაბრუნებულს მცირედს ვნახავდი,მაგრამ სასტიკად შევცდი.მათი ძალიან დიდი უმრავლესობა კვლავ დაავადებულია და სადაც ადრე ვნახე,ისევ იქ მკურნალობენ.ადამიანებმა დადებული პირობა არ შეასრულეს.არ მეგონა,ამდენი უმადური თუ იქნებოდა ქვეყანაზე.
ანგელოზს გაეცინა:
-ეხლა კარგად მომისმინე-უმადურობა ადამიანის ერთერთი ყველაზე მთავარი თვისებაა და უფალმა ეს კარგად იცის.და თუ ადამიანები სნეულდებიან,ეს განა ღვთის ნებაა?არა,მაგრამ მისი დაშვებით ხდება და არა იმიტომ,რომ ღმერთს არ უყვარხართ,არამედ იმიტომ,რომ ამ სნეულებით თქვენს სულს და გულს ასუფთავებს.ზოგისთვის ეს სასჯელია,ზოგისთვის გამოსასყიდი.განა არ გაგიგია წმინდა მამები როგორ ნატრობენ სნეულებას,რათა აქვე დაიტანჯონ,ამქვეყნიურ ცხოვრებაში,რათა შემდეგ უფალთან დაიმკვიდრონ ადგილი?თქვენ რომ იცოდეთ რამდენ ტკივილს,ტანჯვას და სნეულებას გარიდებთ უფალი,გაოგნებულები და რეტდასხმულები ივლიდით.ის კი მხოლოდ იმდენს გიტოვებთ,რამდენიც ისევ თქვენი სულებისთვის არის საკურნებელი.უფალი რომ არ გიფარავდეთ,ისეთ სნეულებებს შეგყრიდათ ეშმაკი,ერთ დღესაც ვერ გაუძლებდით ვერავინ.თქვენ კი არათუ მადლიერები,პრეტენზიულებიც კი ხართ უფლის მიმართ.გაიხსენე ათი კეთროვანიდან მხოლოდ ერთი დაბრუნდა მადლიერების გამოსახატავად.თქვენ გგონიათ იმ კეთროვნებზე უკეთესები ხართ?
აი,თუნდაც შენ,ეჭვებმა რომ შეგიპყრო,ღმერთმა ასეთი მადლი გიბოძა,ყოვლად დაუმსახურებლად და განსაცვიფრებლად.მიუხედავდა იმისა,რომ მისი ყველა პირობა შეასრულე,ერთხელაც არ გაგხსენებია,რომ მისთვის მადლიერება გამოგეხატა,ერთი ცრემლიც კი არ გადმოგიგდია სინანულისა რათა გეგრძნო,რომ არ ხარ ასეთი დიდი წყალობის ღირსი და სულ ორი სიტყვა გეთქვა-მადლობა,უფალო.
ღმერთმა კარგად იცის ადამიანთა სულდაცემულობის და მანკიერებების ამბავი და მაინც ისეთი ძალით უყვარხართ,თქვენ გადარჩენაზე ზრუნავს მხოლოდ.თქვენ კი არაფრის დანახვა არ გინდათ.ადამიანები უმადურები ხართ უამრავი ღვთის მოწყალების მიუხედავად.თუნდაც სიცოცხლის მონიჭებისთვისაც კი და არ არის გასაკვირი,თუ არც ჯანმრთელობაზე იქნებით მადლიერნი.რა თქმა უნდა,ეს ყველას არ ეხება,მაგრამ სამწუხაროდ ადამიანთა უმრავლესობაზე შეიძლება ითქვას.
ყველაფერი,რაც შენ გადაგხდა,მხოლოდ შენს გონებაში მოხდა და არა სინამდვილეში(თუ გინდა სიზმარი დაარქვი),მაგრამ მოხდა ზუსტად ისე,როგორც მოხდებოდა,მართლაც რომ ებოძებინა შენთვის უფალს ეს წყალობა და არაფერი დამატებული არ ყოფილა.
იკითხეთ წმინდა წერილი,წმინდა მამათა ნაწერები.იყავით ჭეშმარიტი მორწმუნეები და არა ისე,დასანახად...და მაშინ აღარ გაგიჩნდებათ ასეთი ეჭვები.
აი,ეს შემიძლია გითხრა"მკურნალო"-ჯერ საკუთარი სული განკურნე და შემდეგ ირგვლივაც უამრავი განიკურნება.
ეს თქვა ანგელოზმა უფლისა და ნათელ სვეტად აიჭრა ისევე მოულოდნელად,როგორი მოულოდნელიც და უეცარიც მისი გამოჩენა გახლდათ.

ყოველნი კაცნი ადიდებდით უფალსა მარადის,ამინ!