Saturday, 26 November 2011

კაფანდარა


ერთი ჩვეულებრივი მზიანი დღე გათენებულიყო,მშვიდი და უღრუბლო.ავტობუსს სტუდენტების ჯგუფი შემოხვეოდა.საოცრად ლამაზები იყვნენ–ახალგაზრდები,ჯანმრთელები,მხიარულები.უხაროდათ ექსკურსიაზე წასვლა,ლამაზ,ისტორიულ ადგილებს ნახავდენენ,გაერთობოდნენ,იმხიარულებდნენ...

მისრიალებდა ავტობუსი მზიანი ცის ქვეშ და მიაქროლებდა ახალგაზრდების უდარდელ და სიცოცხლით სავსე ჟრიამულს.მღეროდნენ,თამაშობდნენ,იცინოდნენ –უბრალოდ ბედნიერები იყვნენ ერთად ყოფნით;

საოცარი სისწრაფით ჩაუარეს გვერდზე ლამაზი,მოხდენილი მანქანით სახეგაბრწყინებულმა ახალგაზრდებმა,ხელის ქნევით და შეძახილებით მოესალმნენ და გააქროლეს წინ,უსასრულო ჰორიზონტისკენ.ცოტა ზედმეტად სწრაფად კი მიქროდნენ,მაგრამ,არა უშავს,მთავარია ბედნიერები იყვნენ.იმის დანახვა ძლივს მოასწრეს,რომ ორი გოგონა და ერთი ვაჟი ისხდნენ მანქანაში.იმათი სიცილკისკისი ჯერ კიდევ აქ იყო,თუმცა თვითონ უკვე თვალს მიფარებოდნენ...

მზემ მოიწყინა და თავი დახარა...

სუნი იგრძნეს–უსიამო,შემაძრწუნებელი,ავის მომასწავლებელი.მალე კვამლიც დაინახეს.ყველა სახეზე ერთდროულად გაქრა ღიმილი და სასოწარკვეთილებამ დაისადგურა.გაჩერდნენ,ავტობუსიდან ჩამოვიდნენ.როცა რეალობა გაიაზრეს,შეძრწუნდნენ–სწორედ ის მანქანა იწვოდა,ასე სწრაფად რომ ჩაუქროლა სულ ცოტა ხნის წინ.ცოცხლები ჩანდნენ,შველას ითხოვდნენ.

გაშეშდნენ,ვერ გაბედეს მისვლა.ცეცხლის დრაკონი მანქანას ნელნელა ყლაპავდა.საწვავის ავზს უახლოვდებოდა და ბოროტად ახარხარებულს,ერთი სული ჰქონდა,როდის მიაღწევდა მიზანს

გაოგნებულები და დამფრთხალნი შესცქეროდნენ ერთმანეთს.ვინ გაბედავდა მისვლას? სიკვდილის ტოლფასი იყო.არც არავინ აპირებდა.თუმცა...

გამოჩნდა ერთი სუსტი,კაფანდარა გოგო.სულ რომ კუთხეში იჯდა და ხმას არ იღებდა.იმდენად უხმაურო და წყნარი იყო,არც კი ახსოვდათ ხოლმე მისი არსებობა და არც განსაკუთრებით მეგობრობდნენ მასთან,უინტერესო და მოსაწყენ პიროვნებად თვლიდნენ ყოველთვის.

–რას დგახართ,ჩქარა,მივეშველოთ,ცოცხლები არიან–დაიყვირა და მანქანისკენ გაიქცა.

სად გარბიხარ,გაგიჟდი?შენც დაიღუპები,გვიანია,ვერ მოვასწრებთ–მისწვდა უკნიდან თანატოლების ხმები.არ შეეპუა,მაინც მივარდა გავარვარებულ მანქანას,თითქოს დევის ძალა მიეცაო,ერთ გოგონას დაავლო ხელი და  სათამაშო თოჯინასავით მანქანიდან გადმოაგდო.შემდეგ ალმოდებულ მანქანას მოაცილა და უსაფრთხო ადგილას დააწვინა. ამ დროს სხვებიც მისცვივდნენ დასახმარებლად.

მობრუნდა,ისევ მანქანისკენ დააპირა წასვლა.

–აღარ წახვიდე,ვერ მოასწრებ–მკლავში წაავლო ერთერთმა ხელი.

ისეთი თვალებით შემოხედა,ადგილზე გააქვავა.ამ მზერაში იყო რაღაც მიუწვდომელი–უზარმაზარი სულისკვეთება,შემართება,თავდადება და თავგანწირვა.მიხვდა,რომ  ახლა,ამ წუთას,არ არსებობდა ქვეყანაზე ძალა,რომელიც ამ პატარა გოგოს შეაჩერებდა და უხმოდ გაუშვა ხელი

–აი,მეორეც მოყავს,ჩქარა,მივეშველოთ ...

ისევ მიბრუნდა,უკვე მესამედ...

–აღარ წახვიდე,გეხვეწებით,დაიღუპები,აფეთქდება სადაცაა,უკვე ავზს უკიდია–ერთხელ კიდევ სცადეს მისი შეჩერება

–მის თვალებში შიში არ ჩანდა,უფრო ვედრება,სასოწარკვეთილი ვედრება,რომ მოესწრო,ოღონდ მოესწრო და გადაერჩინა მესამე სიცოცხლე.

–იმისთვის კი არ უნდა იცოცხლო,რომ მოკვდე,არამედ იმისთვის უნდა მოკვდე,რომ იცოცხლო–ესღა მოაძახა,პირჯვარი გადაისახა და კვამლისაგან და სიკვდილთან ბრძოლასთან ერთიანად გამურული და დასისხლიანებული მანქანას მივარდა და გონდაკარგულ ზორბა ტანის ჭაბუკს ჩაეჭიდა.გაუჭირდა,ვეღარ დაძრა.ძალა გამოელია.თვალებში იმედგაცრუების ცრემლები ჩაუდგა.მაინც არ დანებდა,უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და.....

სასწაული აღარ მოხდა.აფეთქების ხმამ და ცაში აჭრილმა ცეცხლმა ერთიანად შეძრა და ააქვითინა დედამიწა და ადამიანთა გულები.

წავიდა,გაქრა,მარადისობას შეუერთდა პატარა გოგოს უხმაურო სიცოცხლე,აზვირთდა,აელვარდა და აკაშკაშდა მისი თავგანწირული გმირობა და განეშორა უამრავ განცვირფებულ და გაოცებულ თანატოლთა სახეებს.

ერთმანეთში აირია სირცხვილის,დანაშაულის,სინანულის და უზარმაზარი ტკივილის გრძნობა,უსუსურობის და არარაობის განცდა,ცოტა შურიც რომ ახლდა თან,და ცრემლი,უამრავი ცრემლი,ცრემლი,ცრემლი....

„იმისთვის კი არ უნდა იცოცხლო,რომ მოკვდე,არამედ იმისთვის უნდა მოკვდე,რომ იცოცხლო“–ჩაესმოდათ ყურში ეს სიტყვები და გაოგნებულებს ვერ გაეგოთ,რისი თქმა უნდოდა ამით უეცრად,ერთ წამში გმირად ქცეულ ამ პატარა, „შეუმჩნეველ და უინტერესო,“ უფლის კალთაში მოულოდნელად ჩაგორებულ გოგონას.

რა გვიანია ზოგჯერ სინანული,როდესაც,უეცრად,ერთ წამში უნდა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება;როდესაც  მიხვდები,რომ ეს წამი აღარ დაბრუნდება და საუკუნოდ გექცევა სანანებლად.



ხშირად,დიდებული ადამიანები ჩვენს ირგვლივ არიან,მაგრამ ჩვენი ამპარტავნების და მედიდურობის გამო ვერ ვამჩნევთ მათ.შემდეგ კი მათზე ლეგენდები იქმნება.

ზოგჯერ სუსტი და ნაზი არსება ბევრად უფრო ვაჟკაცია,ვიდრე დევივი ჩამოსხმული კუნთმაგარი გოლიათი

შეგონება : ნუ მიატოვებთ განწირულ ადამიანებს.იცოდეთ,რომ ღმერთიც იქაა

Friday, 25 November 2011

კრება

იყო და არა იყო რა,ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?–არც არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება.

ერთხელაც დაიბარა უფალმა იესო ქრისტემ ყოველი ქვეყნის თითო ადამიანი და გამოუცხადა.

–ტახტის დადგმა მინდა დედამიწაზე და ვფიქრობ,რომელი ქვეყანა ავირჩიო,რომელი ერია ღირსეული ჩემი დიდებისა.აბა,რას მეტყვით საკუთარ ქვეყნებზე?

ატყდა ერთი ჩოჩქოლი,ერთმანეთს ასწრებდნენ უფალთან მიახლოებას,მაგრამ ერთი მრისხანედ გადახედა ღმერთმა ყველას და სიჩუმეც ჩამოწვა.

მოდი უფალო ჩვენთან,–დაიწყო ამერიკელმა–უამრავი ცათამბრჯენები გვაქვს,რომელიც გინდა აირჩიე,გინდა ახალს აგიშენებთ.უმრავლესობა ქრისტიანები ვართ,შენ გცემთ თაყვანს.ყველაზე ძლიერი ქვეყანა ვართ მსოფლიოში და სამართლიანი იქნება,თუ ჩვენთან მოხვალ;

ჩვენთან მოდი,უფალო,გააგრძელა იაპონელმა.ისეთ სასახლეს აგიშენებთ,ვერა კაცის გონება რომ ვერ მოიფიქრებს.ყველაზე ძლიერები ვართ ტექნოლოგიურად.უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სამეფო ტახტს გაგიკეთებთ.მზეს ვეთაყვანებოდით,მაგრამ თურმე შენ ყოფილხარ ქვეყნიერების მანათობელი.მზე ჩვენგან ამოდის,ამიტომ მართებული იქნება,თუ ჩვენთან მოხვალო;

ჩვენთან უნდა მოხვიდე,უფალო,–ჩაერია ჩინელი–ყველაზე დიდი ერი ვართ ქვეყანაზე,უზარმაზარი კულტურით და ისტორიით.თუ ვცდებოდით ჩვენი სარწმუნოების გამო,როგორც მოწყალე და მიმტევებელმა ღმერთმა,უნდა გვაპატიო და მოგვცე შესაძლებლობა,დაგიმტკიცოთ სიყვარული და ერთგულება

არა,უფალო,ჩვენთან უნდა მოხვიდე,აფრიკის კონტინენტზე,–გააგრძელა ეთიოპელმა ზანგმა–ხომ ხედავ,თეთრები ვერ აფასებენ შენ სიდიადეს და ბრწყინვალებას.ერთმანეთს დაუნდობლად ხოცავენ და არ იცავენ შენს მცნებებს.მხოლოდ შავებს შეუძლიათ ნამდვილი სიყვარული და დაფასება.მოდი ჩვენთან,უფალო,გევედრები...

აბა ახლა ამათ რომ უსმინო,ჩვენ აღარაფერი ვყოფილვართ?–აღშფოთდა რუსი.ყველაზე დიდი მართლმადიდებელი ქვეყანა ვართ დედამიწაზე.უამრავი,ულამაზესი ტაძარი გვაქვს.აირჩიე უფალო რომელიც გინდა.თუ ისურვებ,თვით კრემლს შენს სასახლედ ვაქცევთ.ამდენი წმინდანი გაჩუქეთ,უფალო,ნუთუ ჩვენზე ღირსეულებს ნახავ კიდევ სადმე?

ერთი ამას უყურე,აღშფოთდა ბერძენი.განა ჩვენ ნაკლები წმინდანები გვყავდა?უფალო,განა ათონის მთაზე უკეთესი ადგილი სადმე გეგულება?რა თქმა უნდა,ჩვენთან უნდა მოხვიდე.საბერძნეთი ხომ მართლმადიდებლობის ცენტრია

ამათ სუყველას რომ ვუყურებ,მეცინება,–ხმა ამოიღო ებრაელმა–უფალო,ნუთუ ამას კითხვა უნდა სად უნდა დაიდგა ტახტი შენი დიდებისა?ნუთუ დაგავიწყდა ებრაელი ერის უამრავი წმინდანი შენთვის წამებული და თავდადებული?განა იერუსალიმი არ არის შენი სახლი და საბრძანებელი?ებრაელმა ერმა უკვე ზღო შენს წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო და ეხლა სულმოუთქმელად გელოდება,უფალო.შენი ხალხი და შენი ერი ელოდება შენს დიდებით მოსვლას დედამიწაზე.ამდენი საუკუნეა ამას ველოდებით და ნუღა გაგვაწბილებ,უფალო.არავინ იმსახურებს ჩვენზე მეტად შენს წყალობას და სიყვარულს...

ვინ იცის,კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდა ეს საოცარი კრება უფალთან.მიზეზი,საბაბი და სურვილი არც სხვა ერების წარმომადგენლებს დაუკლიათ,ხვეწნა და მუდარა,დაპირებები და აღთქმები.

მხოლოდ ერთი საბრალო მოხუცი იდგა თავისთვის კუთხეში და თავდახრილი ჩუმად ტიროდა.

ღმერთმა ყველას მოთმინებით მოუსმინა.შემდეგ ამ მოხუცს მიმართა–შენ ვინ ხარ და რატომ ხმას არ იღებ?–ქართველი ვარ,უფალო–უპასუხა მოხუცმა.მე არ ვიცი რა გითხრა.ქართველები არ ვართ ღირსი შენი დიდებისა.მე აქ დგომის ღირსიც კი არ ვარ.უამრავი ღალატი და სისხვლისღვრა მომხდარა ჩემს საცოდავ ქვეყანაში არსებობის მანძილზე–შენ ითმენდი,ერთმანეთს ვხოცავდით–შენ ითმენდი,გაუტანელნი ვიყავით–შენ ითმენდი,მრუშნი და ლოთნი ვიყავით–შენ ითმენდი.და თუ აქამდე მოვედით,უფალო,მხოლოდდამხოლოდ შენი უზარმაზარი სიყვარულის და წყალობის გამო,იმ თავდადებული ქართველების გამო,ვინც შენთვის და სამშობლოსთვის სისხლი ანთხიეს.

70 წელიწადი სატანას ვემსახურეთ.ზეიმებს და აღლუმებს ვუმართავდით.საერთოდ დავივიწყეთ შენი სახელი.შემდეგ,როდესაც ჭეშმარიტი ღვთის და სამშობლოს მოყვარული ხელმწიფე გვიბოძე,უფალო,ჩვენივე ხელით მოვსპეთ და გავანადგურეთ.ისევ იუდა დავისვით მეფედ.

შემდეგ,როცა შენი ტაძრები დაანგრიეს–ჩვენ ჩუმად ვიყავით,როცა ვაჟკაცი ქართველები ქუჩაში ჩაგვიხოცეს–ჩვენ ჩუმად ვიყავით,როცა სამშობლო დაგვიჩეხეს და დაგვინაწევრეს–ჩვენ ჩუმად ვიყავით,როცა უდანაშაულო,საჯიშე ქართველები უაზრო ომებით მიწაში ჩაგვიწვინეს–კვლავ ჩუმად ვიყავით,როცა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის გულანთებული დამცველები ციხეში ჩაყარეს–ჩვენ ჩუმად ვიყავით.ბოლოს სარწმუნოებაც გაგვილანძღეს–ისევ ჩუმად ვიყავით.

ახლაც ჩუმად ვართ;მასხარად გვიგდებენ–ჩუმად ვართ,სამშობლოს გვიყიდიან–ჩუმად ვართ,შიმშილით სულს გვხდიან–ჩუმად ვართ,სხვა ქვეყნებში ვეძებთ ნავთსაყუდელს–ჩუმად ვართ,უცხოტომელებს–უჯიშოებს და ურწმუნოებს ამრავლებენ ჩვენს მიწაზე–ჩუმად ვართ.ეკლესიის ცხოვრებაში აფათურებენ ბინძურ ხელებს–ჩუმად ვართ.უდიადესი წმინდანები გვყავს,ცოცხლები,განსაკუთრებულები,მაგრამ ჩვენი მედიდურობის,ამპარტავნების,შურის და ბოღმის გამო არ გვინდა ვიცნოთ,გვილანძღავენ და ცილს სწამებენ–ჩუმად ვართ.არ ვიცი,რით დავიმსახურეთ შენი უწმინდესი დედის, ცათა დედოფლის წილხვედრობა,შენი უზომო მოთმინება,მოწყალება და სიყვარული

უფალო,ეს მხოლოდ ის უმცირესი დანაშაულებანია,რაც შენს წინაშე ჩაგვიდენია და რა სინდისით უნდა ვიქოთ და ვიდიდოთ თავი?–არა,უფალო,არ ვართ ჩვენ შენი ღირსი.

–ესა თქვა,მუხლებზე დაემხო და მწარედ აქვითინდა.

უფალმა მკერდში ჩაიკრა მოხუცი და თავისი სამოსით მოსწმინდა ცრემლები ამ ყველასგან საოცრად განსხვავებულ სათნო ადამიანს.



მე არ ვიცი,რა არჩევანს გააკეთებს უფალი.თქვენ როგორ ფიქრობთ?

Friday, 18 November 2011

მათხოვარი

–ლარად კი არ გადაგირჩენია,უპასუხა ანგელოზმა–არამედ შენი სიცოცხლე ლარზე მეტი არ ღირს და ახლა მაინც იცოდე ეს;და თუ უფალმა სიცოცხლე შეგინარჩუნა,მხოლოდ იმიტომ,რომ მისთვის სათნო ადამიანის მადლი დაფასდეს და არა იმიტომ,რომ შენ ამას იმსახურებ–თქვა და გაუჩინარდა.

შეგონება: ნურასოდეს დაახარისხებ ადამიანებს საჭიროების მიხედვით.არავინ იცის,ვინ როდის გამოგადგება და ვინ როდის გიმტყუნებს

Thursday, 10 November 2011

ღვთის სამართალი

ერთ სახლში ერთმანეთის მეზობლად ორი კაცი ცხოვრობდა.ერთმანეთისაგან საოცრად განსხვავებული მსოფლმხედველობა და ცხოვრების სტილი ჰქონდათ.

ერთი ღვთისმოშიში იყო.ლოცვასა და მარხვაში გაჰყავდა თავისი წუთისოფელი.წყნარი,უხმაურო,ზედმეტ სიტყვას არ ეტყოდა არავის.თუ თავისუფალი დრო ჰქონდა,სულ ეკლესიაში იყო და ლოცულობდა.ხატი და სანთელი ცოლშვილს ერჩივნა;

მეორე პირიქით–საშინელი უღმერთო იყო.არც ღმერთი სწამდა და არც ხატები.ეკლესიისკენ საერთოდ არც გაიხედავდა არასოდეს.აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა.ლოთობდა,მრუშობდა,ბანქოს თამაშობდა და ა.შ.თანამდებობა კარგი ჰქონდა.სინდისთან მწყრალად იყო და თუ ვინმეს რამეს გამოსძალავდა,დროსტარებასა და ქეიფში ფლანგავდა .თან არც ჯანი აკლდა და ღონე,არც ჩხუბზე და აყალმაყალზე ამბობდა უარს.

ღვთისმოშიში ღარიბი იყო,სუსტი,ხშირად ჯანმრთელობას უჩიოდა,მაგრამ მოთმინებით იტანდა ყველა განსაცდელს,სანამ ერთმანეთის მიყოლებით ცოლი,შვილები და ყველა ახლობელი არ დაეღუპა.მარტო რომ დარჩა,აღაპყრო ღვთისკენ ხელები და მიმართა: ღმერთო,სადა არის შენი სამართალი?მთელი ცხოვრება შენს სათნოებაში გავატარე,არავისთვის არაფერი მიწყენინებია,ცოდვა არ ჩამიდენია,შენ კი სუყველა საყვარელი ადამიანი წამართვი,არც ჯანმრთელობა მაქვს და არც ტკბილი სიბერე.ცხოვრებაში არ გამიხარია,რაღაა ჩემი სიცოცხლე?აი,ეს ჩემი მეზობელი,მთელ ცხოვრებას ლოთობასა და ღრეობაში ატარებს,მრუშობს და  უღმერთოდ ცხოვრობს,მაგრამ არასოდეს არაფერი გასჭირვებია,არც არაფერი დაჰკლებია და არც არასოდეს მოუწყენია.ეგ ცოცხალი უნდა იყოს და ჩემი შვილები მკვდარი?რად მინდა ასეთი სიცოცხლე?ვინც ზედ არ გიყურებს,იმას ახარებ და ვინც სულ შენზე ფიქრობს,იმას აჭირვებ და აუბედურებ.

ასეთი ფიქრები მოეძალა ეშმაკგამჯდარს,დემონი ჩაფრენოდა სულში და თვითმკვლელობისაკენ უბიძგებდა.ითმინა კაცმა,ითმინა,მაგრამ ვეღარ აღუდგა ბოროტს და სახლთან ახლოს რომ მდინარე ჩამოუდიოდა,იქითკენ გაემართა თავის დასახრჩობად.

ამ დროს მისი მეზობელი,როგორც ყოველთვის დარდიმანდიანი და მხიარული,მდინარის პირას მინდორზე იჯდა და მეგობრებთან ერთად ლაზათიანად ქეიფობდა.

უცებ ხედავს კაცი მდინარესთან ჩაფიქრებული დგას და ცრემლები ჩამოსდის.მოიცა,ეს ხომ ჩემი მეზობელია,ის ღვთისნიერი კაცი,არავის რომ არაფერს აწყენინებს.ნეტა აქ რას აკეთებს?გულმა რეჩხი უყო,წამოდგა,კაცისკენ გაემართა,მაგრამ სანამ მიაღწევდა,კაცმა ერთი ამოიბღავლა–ღმერთო მაპატიეო და მდინარეში ისკუპა.

გაოგნდა და წამით გაშეშდა.მერე არც კი დაფიქრებულა,მდინარეში გადაეშვა და მეზობელს დაედევნა.ბევრი იწვალა,ძლივს წაავლო ხელი და როგორც იქნა,წვალებწვალებით ნაპირზე გაათრია,ჯანი და ღონე რომ არ აკლდა,იმან უშველა სწორედ.მაგრამ ძალიან დაიღალა, დინებამ გაიტაცა და თვითონ აღწევა ვეღარ მოასწრო.დაიწყო ბრძოლა სიცოცხლისათვის,სასტიკი და დაუნდობელი,მაგრამ ნაქეიფარმა გულმა სტიქიას ვეღარ გაუძლო და დაღლილმა და გასავათებულმა  შეწყვიტა მუშაობა.

ნაპირზე კაცი გონს მოეგო,ისევ ცოცხალი იყო,თვალებით თავის მხსნელს ეძებდა.ბუტბუტებდა–ღმერთო,ეს რა ჩავიდინეო და მეზობლის დანახვას ნატრობდა.

მაგრამ მეზობლის მაგივრად უფლის ანგელოზი დასდგომოდა თავზე და გაბრაზებული შესცქეროდა.შემდეგ თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა:

ამ კაცმა,ერთ წამში ორი წარწყმედილი სული იხსნა და ეშმაკს გამოგლიჯა კლანჭებიდან.თვითონ სასუფეველი დაიმკვიდრა,შენ კი ჯოჯოხეთიდან დაგიხსნა.ახლა ხვდები რატომ სჭირდებოდა ღმერთს მისი სიცოცხლე? ბევრი სათნო ადამიანი ჰყავს უფალს დედამიწაზე,მაგრამ ორი სულის გადარჩენა,თითქმის არცერთ მათგანს არ შეუძლია.თვით მფარველ ანგელოზებსაც კი უჭირთ თითოეული სულის გამოხსნა და ხშირად ვერც ახერხებენ ამას.ამ უღმერთომ,კი,როგორც შენ ეძახი,უცებ ორი იხსნა ერთბაშად,რაც მხოლოდ წმინდანებს შეუძლიათ. შენი ცოლიც და შვილებიც სასუფეველში არიან,შენ კი ბოროტს ჯოჯოხეთში მიჰყავდი.  კარგად დაიხსომე: ღვთის სამართალს ნურც ნურასოდეს გაიკვირვებ და ნურც ნურასოდეს განსჯი.არ არსებობს  სამართალი იმაზე მეტი,ვიდრე უფალს დაუდგენია.წადი ახლა და იმ კაცის სულზე ილოცე,ვინც სიცოცხლე და სული შეგინარჩუნა.თქვა და ცაში აიჭრა ნათელ სვეტად ანგელოზი უფლისა.

კაცი მიწაზე დაემხო და ცხარედ აქვითინდა.


შეგონება: ჭეშმარიტად შეუცნობელია გზანი უფლისანი და არა არს სამართალი ღვთისაზე მაღალი არცა დედამიწის ზურგზე,არცა ზღვასა და არცა ცაში .