Friday, 20 March 2015

მოულოდნელი პაციენტი





მზემ ყველას თავი დაუხარა და დაემშვიდობა სამყაროს.მთვარე ჯერ არ აპირებდა გამოჩენას.ან რა ეჩქარებოდა,სხვა მთვარე ამოვიდოდა მის მაგივრად თუ რა? სად წავიდოდა აბა სხვაგან? შვებულებას არავინ მისცემდა და გამოსავლელ დღეებს,მაინც მოუწევდა.ჯერ კი არ ჩქარობდა.ხოდა,იყო ასე ნახევრად ჩაბნელებული ცა,არც იქით და არც აქეთ.
მერაბ ექიმმა ეხლახანს დაამთავრა მორიგი ოპერაცია და დაღლილი და გასავათებული თავის სამუშაო სავარძელში ჩაეშვა.იქნებ ცოტა მაინც დავისვენოვო.მერე მაგიდის უჯრა გამოხსნა,თავისი საყვარელი კონიაკი გამოიღო,პატარა სირჩაში ჩამოისხა და სულმოუთქმელად დალია.
მთელ კლინიკაში სიწყნარე სუფევდა.ყოველ შემთხვევაში მერაბს  ხმაური არ ესმოდა და ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ თვალებიც მილულა, ცოტას წავუძინებო.
რამდენ ხანს იყო ასე ვერ გეტყვით,ყოველ შემთხვევაში უკვე სიზმრის მსგავს სივრცეებში დაცურავდა,როცა ექთანი შემოვარდა და:–მერაბ ექიმო,სასწრაფოდ საოპერაცოში გიხმობენო–რაც ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ ყველა ექიმის პრაქტიკაში და მერაბიც უკვე დიდი ხნის მიჩვეული ასეთ მოულოდნელ ოპერაციებს,უცებ წამოხტა,ონკანი მოუშვა და ხელპირი უცებ გადაიბანა.
საოპერაციო მაგიდაზე ხანში შესული მამაკაცი დახვდა,ერთიანად სისხლში მოთხვრილი.ავტოკატასტროფაში მოხვედრილს თავის უმძიმესი ტრავმა მიეღო და ეხლა ყველაფერი მერაბ ექიმზე იყო დამოკიდებული, გადარჩებოდა თუ არა.მერაბი ერთ–ერთ უძლიერეს ნეიროქირურგად ითვლებოდა არა მარო თავის კლინიკაში,არამედ ქვეყანაშიც და უამრავი ადამიანი ჰყავდა საიქიოდან მობრუნებული, როცა მტარვალ სიკვდილს თითქოს უკვე კარგად ჰყოლია ჩაბღაუჭებული თავის კლანჭებში მერაბის პაციენტები.
ქირურგმა საჭირო განკარგულებები გასცა და საოპერაციოთ მოემზადა. მანამდე კი თანაშემწეებს პაციენტის თავის მობანვა და მომზადება დაავალა–თავის ქალა იყო ასახდელი.სისხლჩაქცევა ჰქონდა დაჭრილს ბევრი,ქალის ნამსხვრევები ტვინში და ვინ იცის,კიდევ რა აღმოაჩნდებოდა.
ხელები საგულდაგულოდ დაიბანა,რეზინის ხელთათმანები ჩაიცვა და საოპერაციო მაგიდას მიუახლოვდა.დაჭრილისთვის სისხლი ჩამოებანათ და საოპერაციოდ ამზადებნენ.მერაბმა სახეს შეხედა და...
 ...გონება დაუბნელდა,წაბარბაცდა,მაგრამ  წონასწორობა მალევე დაიბრუნა.სახეს კიდევ დააკვირდა და დარწმუნდა,რომ ნამდვილად ის იყო,არ ეშლებოდა.წვერი მოუშვია,ცოტათი გაჭაღარავებულა კიდეც, მაგრამ მაინც ის იყო.თვალები ცრემლებით აევსო,გული ამოხეთქვას ლამობდა მკერდიდან.რომ არა სათვალე და პირზე აფარებული ნიღაბი,არავის დარჩებოდა შეუმჩნეველი მისი ეს აფორიაქება.32 წელი ეძებდა ამ ადამიანთან შეხვედრას,32 წელი ღამე წესიერად არ ეძინა და მასზე ფიქრობდა,გეგმებს ალაგებდა,მოქმედების ვარიანტებს ამუშავებდა.ეს იყო,რითიც ცხოვრობდა ეს წლები,რისი იმედიც აძლებინებდა–მასთან შეხვედრა და ანგარიშის გასწორება.
კარგი,ჩემო მკითხველო,აღარ დაგღლი გამოუცნობი რებუსებით და აგიხსნი რაშიც გახლდათ საქმე.
                                                         ***
მერაბი და ოთარი ერთ სოფელში ცხოვრობდნენ.მეგობრები არ ეთქმოდათ,მაგრამ არც მაინდამაინც მტრებად იცნობდა ვინმე.ეს თავისთვის იყო,ის თავისთვის.ოთარი მერაბიზე სამი წლით უფროსი გახლდათ,რაც სიყმაწვილეში საკმაოდ დიდ გასნხვავებად ითვლება ხოლმე,დამეთანხმებით ალბათ.სოფელი პატარა გახლდათ და ასე თუ ისე ყველა იცნობდა ერთმანეთს.სკოლაც ერთი ჰქონდა სოფელს და ყველა ბავშვი ამ სკოლაში სწავლობდა.
როგორც არაერთხელ მომხდარა და ალბათ კიდევ უამრავჯერ მოხდება, ოთარსაც და მერაბსაც ერთი და იგივე გოგო შეუყვარდათ და აქედან დაიწყო ყველაფერი.
მერაბი მორცხვი იყო,გაუბედავი.გოგოს დანახვაზე წითლდებოდა და იმალებოდა.ატყობდა გოგოს მხრიდანაც სიმპათიებს,მაგრამ ვერ ბედავდა დალაპარაკებასაც კი.მაშინ ჯერ კიდევ მერვე კლასში იყვნენ ორივე და ერთ კლასში სწავლობდნენ,თორემ თამრიკო თითქმის ერთი წლით პატარაც კი იყო მერაბიზე,უბრალოდ ცოტა ადრე შევიდა სკოლაში.
ოთარი მერაბის სრულიად საპირისპირო ანტიპოდი გახლდათ, უდრეკი,ჯიუტი და თავხედი.გოგოს გასაქანს არ აძლევდა და სულ უკან დასდევდა.შემდეგ,როდესაც უკვე სკოლა დაამთავრა,გოგოს სკოლის გარეთ ხვდებოდა და ეხლა იქ ყავდა შეწუხებული.
ოთარი ჯერ ითმენდა,მაგრამ როდესაც ცოტა წამოიზარდა და საბოლოოდ შეაწუხა ღირსების და თავმოყვარეობის გრძნობამ,გაბედა და წინ აღუდგა უფროს მოწინააღმდეგეს.მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ერთი–ორჯერ გაილახა კიდეც,შემდეგ უკვე გათამამდა და არც ეს აკლებდა და კარგადაც ალილავებდა ხოლმე.ბევრჯერ სცადეს ორივეს დაშოშმინება,მაგრამ ოთარის უხიაგი ხასიათის გამო არაფერი არ გამოდიოდა,მშვიდობა არ მყარდებოდა.თამრიკო ჩემიაო და მორჩა, არავის დავუთმობო.
თავის მხრივ თამრიკოს არ გამოჰპარვია მერაბის ფარული დამცველობა(აბა სოფელში რა დაიმალებოდა?) და გოგოს გულმაც გააკეთა თავისი არჩევანი მერაბის სასარგებლოდ.
ყველაფერი კი ძალიან მარტივად დასრულდა.თამრიკოც და მერაბიც სასწავლებლად ქალაქში წავიდნენ.მერაბი ექიმობაზე ოცნებობდა, თამრიკოს კი პედაგოგობა სურდა.მალე ორივე სტუდენტი გახდა და მათი სიყვარულიც უფრო აქტიურად ქალაქში გაგრძელდა,ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით–დაიწყო.
ორი წლის თავზე იქორწინეს კიდეც და მერაბმა თამრიკო თავის ქალაქურ სახლში გადაიყვანა,ის ხომ საკუთარ ბიძასთან და ბიცოლასთან ცხოვრობდა.უშვილო ცოლ–ქმარს შვილივით უყვარდა მერაბი და ეხლა ერთის მაგივრად აგერ ორი შვილი ყავდათ და უზომოდ გახარებულები იყვნენ.მერაბსაც უზომოდ უყვარდა ეს სათნო და თბილი ხალხი.
მერაბის ბიძა ცნობილი იუველირი გახლდათ და საკმაოდ შეძლებულ ადამიანად იცნობდნენ ქალაქში.თითქოს ბედნიერი ცხოვრებაც დაუდგათ ამ ადამიანებს.მალე კიდევ ერთი სიცოცხლე შეემატებოდათ და მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს,მაგრამ განა მუხთალი და დაუნდობელი წუთისოფელი გაახარებს ბოლომდე ვინმეს?
ერთ დღეს,როდესაც მერაბი ინსტიტუტიდან დაბრუნდა სახლში  და კარი გააღო,უჩვეულო სიჩუმე დახვდა.ორი ნაბიჯის გავლაც ვერ მოასწრო,რომ თავზე მძიმე დარტყმა იგრძნო და გონებაც დაკარგა.არავინ იცის,რამდენ ხანს ეგდო ასე.რომ გამოფხიზლდა,მაშინვე თავისი ოთახისკენ გაეშურა,მაგრამ იქამდე მისვლა აღარ დასჭირდა,სასტუმრო ოთახში საშინელი სურათი დახვდა: მთელი სახლი გადაყირავებული იყო, ყველაფერი იატაკზე ეყარა.აშკარად ეტყობოდა,ბინა გაეძარცვათ.მაგრამ ეს კიდევ არაფერი იყო იმასთან შედარებით,რაც შემდეგ ნახა.ბიძა და ბიცოლა სკამებზე იყვნენ დაბმული,პირში ჩვარგაჩრილები და გაგუდულები.არცერთი აღარ სუნთქავდა.იატაკზე კი თამრიკო სისხლისგან იცლებოდა.თავს ძალა დაატანა და ცოლთან ჩაიკუზა. თამრიკო არ სუნთქავდა,თუმცა მცირე პულსი მაინც შეენიშნებოდა. ხელის კანკალით აკრიფა სასწრაფო დახმარების ნომერი და ტირილით და სლუკუნით ძლივს გააგებინა მორიგეს მისამართი და ის,რასაც ხედავდა.სანამ სასწრაფო დახმარება მოვიდოდა,მერაბს თამრიკოს თავი ჩაეხუტებინა და გულსაკლავად ეფერებოდა,არ უნდოდა მისი გაშვება სხვა,შეუცნობ სამყაროში და დარჩენას ევედრებოდა.
უცებ თამრიკომ თვალი გაახილა და მძიმედ ამოისუნთქა.მერაბს იმედი მიეცა და სუნთქვაშეკრული დააცქერდა საყვარელ ადამიანს.მაგრამ ქალმა ერთადერთი სიტყვა ამოსთქვა და ახლა უკვე სამუდამოდ დახუჭა თვალი.
აღარ დაგიმძიმებთ გულს  და არ შევუდგები იმის გადმოცემას,რა სულიერი ტანჯვა და ტკივილი გადაიტანა მერაბმა,მისმა და თამრიკოს ნათესავებმა.მოკლედ გეტყვით მხოლოდ,რომ ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს,ნაყოფი სულ 5 თვის იყო და თავგანწირული მცდელობის მიუხედავად,ბავშვს სიცოცხლე ვერ შეუნარჩუნეს.
როგორც მერაბმა დაინახა და ივარაუდა,სწორედ ისე იყო საქმე.ბიძა და ბიცოლა წვრილი თოკით იყვნენ დამხრჩვალნი,თამრიკოს კი სამი სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა დანით მიყენებული გულმკერდის არეში.როგორც გამოძიება ვარაუდობდა,ბიძა და ბიცოლა მძარცველების მსხვერპლნი გახდნენ და მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ ოქრო–ვერცხლი და ფული ჰქონდათ სახლიდან წაღებული,ეტყობა მეტს ითხოვდნენ და ორივეს სიცოცხლე მძარცველთა სიხარბეს შეეწირა.თამრიკო კი,ინსტიტუტიდან დროზე ადრე დაბრუნებული, სავარაუდოდ შემთხვევით შეესწრო ძარცვას და ამიტომ მძარცველებმა ზედმეტი მოწმე მოიცილეს.თუმცა,მერაბის შემთხვევაში უფრო სიფრთხილე გამოიჩინეს და სანამ მერაბი კარს აღებდა,ჩუმად ჩაუსაფრდნენ კუთხეში და თავში მძიმე ბრინჯაოს სასანთლე ჩაარტყეს,რაც სასიკვდილო სულაც არ გახლდათ და მხოლოდ მცირე ტვინის შერყევით დამთავრდა.აი, სულიერ მდგომარეობას თუ მოიკითხავდით,ის ათ სიკვდილზე უფრო უარესი იყო.მერაბი ისეთ სასოწრაკვეთილებაში იმყოფებოდა,რომ ალბათ არც იცოცხლებდა თავს და თავისი საყვარელი ადამიანების გზას  გაუდგებოდა თავისივე ნებით იმ ქვეყანაზე,რომ არა ის ერთი სიტყვა,რომელიც თამრიკომ სიკვდილის წინ უთხრა და ეს სიტყვა „ოთარი“ გახლდათ.დიახ,თამრიკომ სიტყვა „ოთარი“ წარმოსთქვა და გაოგნებისგან გაშეშებულ მერაბს თვალებით დაუდასტურა ის საშინელი ეჭვი,რაც მერაბმა გაიფიქრა.მეტის თქმა თამრიკომ ვერ მოასწრო და ქმრის ხელში დალია სული.არავინ იცის,ოთარმა ეს შეგნებულად გააკეთა თუ შემთხვევით მოხდა,ამას მერაბისთვის უკვე არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.მთავარია,მან იცოდა,ვინ ჩაიდინა ეს შემზარავი დანაშაული.
                                                           ***
მას შემდეგ 32 წელი გავიდა.ოთარი გაქრა და მის კვალს ვერც პოლიციამ და ვერც მერაბის უამრავმა დაქირავებულმა დეტექტივმა მიაგნო. მძარცველები სამნი იყვნენ.მისი დამქაშები უცებ დააკავეს და საკმაოდ ხანგრძლივი სასჯელი მიუსაჯეს ორივეს.ერთი ციხეშივე აღესრულა, მეორე 17 წლიანი პატიმრობის შემდეგ ჭლექიანი გამოვიდა და მალე მიაბარა სული უფალს.ოთარი კი უკვალოდ გაქრა და დღემდე საერთაშორისო ძებნაში იყო ჩასმული.
32 წელი ფქრობდა მერაბი შურისძიებაზე.მე ვერ შევძლებ აღვწერო ის პერიოდი ამ კაცის ცხოვრებისა,რომელიც მან გამოიარა,რომელიც მისთვის ჯოჯოხეთზე უარესი იყო.ეს იყო ტკივილით,ცრემლით და არაადამიანური ტანჯვით გალეული 32 წელი,რომელიც მხოლოდ შურისძიების გრძნობით თუ იყო ოდნავ შემსუბუქებული.ვინ იცის,იქნებ სწორედ ამ ტკივილმა აქცია ის საუკეთესო ქირურგად,რამეთუ კარგად იცოდა სიცოცხლის ფასი და ყოველთვის თავდაუზოგავად იბრძოდა თითოეული ადამიანის გადასარჩენად.
...და აი,ეს კაცი,რომელზეც ამდენი წელი ფიქრობდა,რომელიც 32 წელი არ ასვენებდა და ამავე დროს აცოცხლებდა,რომელზეც რა არაადამიანური შურისძიების მეთოდები აღარ გამოიგონა გუნებაში,აგერ აქ,მის წინ უსახური და უღონო ჩვარივით დევს და ეხლა მის ხელშია მისი სიცოცხლე.სულ ერთი მცირე ქირურგიული „ტრიუკი“ და ისე გამგზავრება საიქიოს,ვერა კაცი ვერ გაიგებს მიზეზს.
თუმცა სიმართლე უნდა ითქვას,რომ ამაზე ფიქრი არც კი აწუხებდა არასოდეს.მთავარი შურისძიება იყო და მერე თვითონ რა მოუვიდოდა, ამაზე არასოდეს უფიქრია.მერაბი არ იყო გაქნილი და ნამუსგარეცხილი ავაზაკი,რომელიც მკვლელობის შემდეგ თავისი უდანაშაულობის ალიბის შექმნაზე იზრუნებდა.პირიქით,დაე ყველას გაეგო,რომ მან დამნაშავეს სამაგიერო მიუზღო და სასტიკად დასაჯა ორსული მეუღლის და ბიძა–ბიცოლას ცივსისხლიანი მკვლელი და ეს სისხლი მის პატივმოყვარეობას აკმაყოფილებდა.მერე კი რაც გინდა ის მომხდარიყო, ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
ხოდა შეჰყურებს ეხლა ამ მოულოდნელ პაციენტს გაოგნებული და კიდევ ერთხელ მთელმა ცხოვრებამ წინ ჩაურბინა და ყველა ტკივილი ახალი სიმძაფრით გაახსენა.
სახელი და გვარი მოიკითხა,თუმცა იმ საბუთებით,რაც პიჯაკის ჯიბეში უპოვეს,სულ სხვა სახელი და გვარი უთხრეს,რაც მერაბს ოდნავადაც არ გაჰკვირვებია.გასაკვირი ის იქნებოდა,საერთაშორისო ძებნილი თავისი საბუთებით რომ დადიოდეს ქვეყანაში.
უცებ უნდა მიეღო გადაწყვეტილება,ყოველი წამი ძვირფასი იყო.ჯერ იფიქრა:–რად უნდა ამას ფიქრი,ახლავე ყელს გამოვჭრი ამ ღორისშვილს და ვეღარავინ ვერ უშველისო.მერე დაფიქრდა,რა გემო ჰქონდა ასეთ შურისძიებას?იმასაც კი ვერ გაიგებდა,ვინ მოკლა.იქნებ ჯობია ჯერ გადაარჩინოს და მერე მოკლას?არა,ეს აზრი უფრო უარესი იყო.როგორ უნდა გადაარჩინოს მტერი,რომელიც სატანაზე მეტად ეზიზღებოდა?
სატანა შემთხვევით არ მიხსენებია.მერაბი ეკლესიური გახდა.თუკი რამ შვებას პოულობდა გაწამებული ცხოვრებისაგან დაცლილი,მხოლოდ უფალში და ეკლესიაში.მხოლოდ მოძღვარმა იცოდა სრულად მისი სულის ტკივილი,მხოლოდ ის იყო,მისი მკურნალი და მესაიდუმლე.ის და უფალი,შემოქმედი და მამა მშობელი,ღმერთი მარადიული და უსასრულო.
თავიდან ღმერთის გაგონებაც არ უნდოდა,ეს როგორ დაუშვა და ფეხმძიმე ქალი როგორ გაიმეტაო,მაგრამ ნელ–ნელა იბრუნა პირი ღვთისკენ.წმიდა მამების წერილებს გაეცნო.სიკვდილის ნამდვილი არსი გაიგო,სულის უკვდავების და მარადიულობის ჭეშმარიტება შეიცნო. ღმრთის კეთილგანწყობის,სიკეთის,წყალობის და სიყვარულის გამოვლინებას სხვა თვალით შეხედა და თუმცა მაინც ძველებურად სტკიოდა სული, მაინც ხარობდა,იმ იმედით,რომ საყვარელი ადამიანები უფლის კალთის ქვეშ იქნებოდნენ და ძალ–ღონეს არ იშურებდა,რომ,რაც უნარი შესწევდა, თვითონაც შეწეოდა თავის მიცვალებულებს და ყველა შესაძლო შემთხვევას იყენებდა ამისთვის.გულისხმიერი იყო,მოწყალე, თბილი და მოსიყვარულე.ღმერთს ევედრებოდა,რომ ყველაფერი,თუ რამ კეთილი გამოდიოდა მისი ხელიდან,მისი მიცვალებულებისთვის მიეთვალა უფალს და სასუფეველი დაემკვიდრა მათთვის.ეს იყო მისი ცხოვრების მთავარი არსი და მიზანი.ამაზე სანუკვარი და ამაზე სანატრელი მას არაფერი ჰქონდა.
მაგრამ სამართლიანობის გულისთვის უნდა აღვნიშნო ისიც,რომ მიუხედავად მისი ასეთი ეკლესიურობისა და სათნო ცხოვრებისა,რის გამოც ყველა ადამიანს,ვინც მას იცნობდა,უსაზღვროდ უყვარდა იგი,მაინც არ ასვენებდა ის საშინელი და ამავე დროს ტკბილი გრძნობა,შურისძიება რომ ერქვა.არ შეეძლო პატიება.ვინც იცის რამდენჯერ მოინანია აღსარებაში ეს საშინელი გრძნობა და რამდენჯერ სთხოვა მოძღვარმა,არ ეფიქრა ამაზე,მაინც არაფერი გამოდიოდა და დარწმუნებული იყო,სადაც კი ოთარს ნახავდა,იქვე კბილებით გამოღადრავდა ყელს.აკი ეძებდა კიდეც.
ასე გადიოდა მისი ცხოვრების ეს წლები და აი,ეხლა,ეს დაუძინებელი მტერი მის ხელში აღმოჩნდა.გასაოცარია უფლის განგება.რა იყო ეს? ღვთიური დახმარება თუ ეშმაკის საცდური მის დასაღუპად? უჭირდა ეხლა ამაზე ფიქრი.ამ წუთში,როცა ოთარის უსიცოცხლო სხეულს უყურებდა,მხოლოდ იმას ფიქრობდა,როგორ ეძია მასზე შური და მერე,თუ უფალიც ვერ გაუგებდა,რატომ ჩაიდინა ეს,რას იზამდა, სხვანაირად არ შეეძლო და ვერ მოიქცევოდა,იმდენად ძლიერი იყო ეს გრძნობა.ამით ცოცხლობდა ეს წლები და ამან მოიყვანა აქამდე... და ეხლა,როდესაც დადგა ის ნანატრი წუთი,რომელზეც 32 წელი ოცნებობდა,სხვანაირად როგორ უნდა მოქცეულიყო,ვერც კი წარმოედგინა.
ყოველივე ეს,რაც აგიწერეთ,მეგობრებო,მერაბის წამიერი ფიქრები გახლდათ.ის იყო გადაწყვეტილება უნდა მიეღო,რომ გულის სადღაც შორეული კუნჭულიდან ახალი გრძნობა ალაპარაკდა.არავინ იცის რა იყო ეს,იქნებ სინდისი,იქნებ სხვა რამ,უფლის მიერ გაღვიძებული საჭირო ჟამს?ასეა თუ ისე,მერაბს სხვა ფიქრები მოეძალა,თითქოს ვიღაც ეჯდა სულში და ეუბნებოდა: –რა ვაჟკაცობაა უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მოკვლა,რა კაცობაა? ეს მოგიტანს შვებას?ამას ელოდები ამდენი წელი? მიდი დაახრჩე,ან ყელი გამოჭერი,რაღას ელოდები?ვერ გაგიწევს წინააღმდეგობას,არც შეგებრძოლება,ხმასაც არ ამოიღებს.იმასაც კი ვერ გაიგებს,ვინ მოუსწრაფა სიცოცხლე,სანამ უფალთან არ მივა,თუ მივა საერთოდ.ისიც იცოდე,რომ შურისძიება არ მოგანიჭებს შვებას და სიხარულს,როგორც შენ გგონია,პირიქით,დაგღუპავს და გაგანადგურებს. იქნებ მოინანია,იქნებ 32 წელია ნანობს?იქნებ შენზე ბევრად უარეს მდგომარეობაშია,შენ ხომ არ იცი?ისიც იცოდე,რომ თუ მოკლავ, ვერასოდეს შენს საყვარელ ადამიანებს ვეღარ ნახავ,სამუდამოდ ჯოჯოხეთში დაიმკვიდრებ ადგილს.ეს გინდა? ღირს კი შენი სიძულვილი საყვარელი ადამიანების სიყვარულის  ფასად? ღირს კი შენი სიძულვილი უფლის სიყვარულის ფასად?დარჩები ადამიანად,თუ მოკლავ ამ უმწეო კაცს და იქცევი ისეთივე მხეცად და არაკაცად, როგორიც ეს კაცი გგონია? მაშინ შენ რითი იქნები მასზე უკეთესი? განა უფალს ნაკლებად სტკივა თქვენი უსჯულოებანი,სისასტიკენი და უამრავი ცოდვანი?მაგრამ ის სიძულვილით არ გპასუხობთ, მისი პასუხი სიყვარულია.დიახ,უფალი სიყვარულით პასუხობს ყველას და იცი რატომ? იმიტომ,რომ არ არსებობს სიძულვილი,სიყვარულს რომ აღემატებოდეს.უფალი თავად სიყვარულია.არ არსებობს სიძულვილი უფალს რომ აღემატებოდეს.ეხლა თავად გადაწყვიტე,რას ირჩევ, სიძულვილს თუ სიყვარულს,უფალს და საყვარელ ადამიანებს თუ ჯოჯოხეთს და ეშმაკებს.ეს არის არჩევანი, რომელიც სამუდამოდ გადაწყვეტს შენს ბედს და სანამ რამეს მოიმოქმედებდე, კარგად დაფიქრდი კიდევ ერთხელ და აირჩიე, სიძულვილი ან სიყვარული.
გონს მოეგო.უცებ მიიღო გადაწყვეტილება და მთელი გულმოდგინებით შეუდგა თავის საქმეს,ცრემლები ახრჩობდა,გული სტკიოდა,სული ყვიროდა,მაგრამ მაინც მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და ოთარის სიცოცხლის გადასარჩენად სიკვდილს უკვე მერამდენედ შეეჭიდა.უყურებდა ამ უმოძრაო სხეულს და გული სიბრალულით ევსებოდა.გაქრა სიძულვილი,ზიზღი შურისძიება და მათი ადგილი თანადგომამ,სიკეთემ და სიყვარულმა დაიკავა.გაუკვირდა კიდეც,როგორ ვიფიქრე უმწეო ადამიანის მოკვლა,ეს როგორ უნდა გამეკეთებინაო.სად არის სინდისი, ადამიანობა, გულმოწყალება, ექიმის ვალდებულება ბოლოს და ბოლოსო? შერცხვა,ცივმა ოფლმა დაასხა. გულმა გაშმაგებით დაუწყო ფეთქვა. ეხლა მთავარია, თანმიმდევრულად, უშეცდომოდ გააკეთოს თავისი საქმე და რაიმე შეცდომა არ დაუშვას.დანარჩენს კი ხვალინდელი დღე გადაწყვეტსო–ფიქრობდა.
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.ოთარი ნელ–ნელა მომჯობინდა.მერაბი ერიდებოდა მის პალატაში შესვლას,მხოლოდ მისი ავადმყოფობის ფურცელს აკვირდებოდა ხოლმე და დანიშნულებას ისე აძლევდა.საუკეთესო ოთახი გამოუყო.არავინ იყო მის მეტი.პირადი მეთვალყურე ექთანი დაუნიშნა და თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა.არა,არც სიამაყე და არც ამპარტავნება არ აწუხებდა,არამედ ბედნიერი იყო იმით,რომ მტრობას, სიძულვილს და შურისძიების გრძნობას სძლია და ეს ისევ ოთარის წყალობით მოახერხა.ის რომ არ გამოჩენილიყო,მთელი სიცოცხლე ეს გრძნობები შემჭამდნენ და მომინელებდნენო,ფიქრობდა.თითქოს განთავისუფლდა რაღაც უზარმაზარი შინაგანი ბორკილებისაგან,შვება იგრძნო,ხალისი მოემატა, სულიერი სიმშვიდე დაეუფლა და ამით იყო ბედნიერი.ამას კი ყოველივეს ოთარის უმადლოდა და ამიტომ,რაც არ უნდა გასაკვირი მოგეჩვენოთ,უყვარდა ეს კაცი.მან სიცოცხლე წაართვა და მანვე დაუბრუნა უფრო მეტი–სოცოცხლეც,სიხარულიც და რაც ყველაზე მთავარია,უზარმაზარი რწმენა,იმედი და სიყვარული.
დადგა ოთარის გაწერის დღე.მერაბი მღელვარებისგან ადგილს ვერ პოულობდა.ძალიან უნდოდა მისი ნახვა,მაგრამ არ უნდოდა ოთარს ეცნო და ამით მისთვის რაიმე ტკივილი მიეყენებინა.მაგრამ ყოველივე ამაო გამოდგა.ოთარმა,რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი,ექთანს დაავალა,რომ მისი მკურნალი ექიმი გამოეძახა, მასთან მისულიყო, თორემ არსადაც არ წავიდოდა.
მერაბმა ცოტა იყოყმანა და ბოლოს დათახმდა.რომ არ ენახა და ისე წასულიყო,ვინ იცის მერე მთელი ცხოვრება სანანებელი გაუხდებოდა და მოსვენებას დაკარგავდა.ჯობდა ენახა და წერტილი დაესვა ყველაფრისათვის.
კარი შეაღო და თავდახრილი ოთარის პალატაში შევიდა.ოთარი საწოლზე ჩამომჯდარიყო.მერაბი რომ დაინახა,წამოდგა.მათი თვალები შეხვდნენ ერთმანეთს.სიჩუმე და ერთმანეთის მზერა.ვერცერთი ვერ იღებდა ხმას.ასე უყურებდნენ ერთმანეთს თვალებით და იქ,მათ სიღრმეში ეძებდნენ პასუხებს თავიანთ კითხვებზე.
ხშირად თვალები უფრო მეტყველნი არიან,ვიდრე ენა,ხელები,მიმიკები და ათასი სხვა რამ.თვალებს აქვთ სიღრმე,გრძნობა,ემოცია,გადმოცემის უნარი.ვერცერთი სიტყვით ვერ გამოხატავ გრძნობას ისე კარგად,როგორც თვალებით;ვერ გადასცემ სითბოს,სიყვარულს სიტყვებით ისე,როგორც ეს თვალებს შეუძლიათ.თვალი ყველაზე ძვირფასი ნაწილია სხეულისა,რაც კი უფალს ადამიანისთვის უბოძებია.ის არ შეიძლება ბოროტი იყოს.ბოროტი ხარბი ადამიანის სულია,თვალი კი მისი იარაღი.
ეხლა ეს ორი ადამიანი ყველაზე კარგად გრძნობდა ამ უბრალო ჭეშმარიტებას.ერთმანეთის ეს უთქმელი მზერა ეხლა ყველაზე კარგად გამოხატავდა იმ გრძნობებს,რაც თითოეულ მათგანს ჰქონდა სულსა და გულში.ბევრად უკეთესად,ვიდრე ათასი სიტყვა რომ ყოფილიყო ნათქვამი.
ორივეს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.ბოლოს,ოთარი მუხლებზე დაეშვა.მერაბის ფეხებზე მოხვია ხელები,ჩაეხუტა და ტირილით წარმოსთქვა ერთადერთი სიტყვა–მაპატიე,რადგან მეტის საშუალება ცრემლებმა არ მისცეს.მერაბსაც ჩამოუგორდა ცრემლები.თავზე  ხელი გადაუსვა და სიყვარულით მოეფერა,მერე ფეხზე წამოაყენა და გულში ჩაიკრა.
ეს შემდეგ იყო,ოთარიმ რომ მოუყვა,როგორ იტანჯებოდა ეს წლები, როგორი სინანული ჰქონდა გულში.როგორ იმალებოდა საზღვარგარეთ სხვა სახელით და როგორ სტკიოდა სული ჩადენილი დანაშაულის გამო.როგორი წვალებით მოახერხა სამშობლოში დაბრუნება,მერაბის ადგილსამყოფელის დადგენა და მასთან მისვლა პატიების სათხოვნელად.სწორედ იმ ავადსახსენებლ დღეს,როდესაც მერაბისთან მიდიოდა,დაეჯახა მანქანა და ღვთის მადლით თუ განგებით,მაინც მერაბისთან მოხვდა და შეძლო ყოველივე ეს ეთქვა მისთვის.ეხლა კი ოდნავ დამშვიდებული თავისი სინდისის წინაშე სამართალდამცავ ორგანოებს ჩაბარდებოდა და ყველაფერს მოუყვებოდა.
მერაბსაც შემოეძალა სინანული.ტიროდა და ისე უსმენდა ოთარს, რომელიც იმ საშინელი დღის დეტალებს უყვებოდა,ცრემლებით უსველებდა ფეხებს და პატიებას სთხოვდა.სინანულს გრძნობდა იმ სულმოკლეობის და სიმცირის გამო,ამ კაცის,უგონო მდგომარეობაში მყოფის მოკვლა რომ უნდოდა და მადლობას სწირავდა უფალს,რომ ეს არ ჩაადენინა,თორემ ვერასოდეს განიცდიდა იმ სულშიჩამწვდომ გრძნობებს,ეხლა რომ განიცდიდა,ვერასოდეს განიცდიდა იმ სიყვარულს, ეხლა,ამ წუთში რომ გრძნობდა ოთარის მიმართ–სიყვარულს, სიბრალულს და თანაგრძნობას ერთად.
...და რაც ყველაზე მთავარია,ვერასოდეს ვერ დარწმუნდებოდა იმაში,რომ მართლაც,არ არსებობს სიძულვილი,უფალს რომ აღემატობოდეს.არ არსებობს სიძულვილი,სიყვარულს რომ აღემატებოდეს.
მეც,ერთმა ცოდვილმა,თქვენმა მონა–მორჩილმა,სწორედ ამ უბრალო,მაგრამ ჭეშმარიტი სიტყვების გამო მოგიყევით ყოველივე ეს,ჩემო ძვირფასებო,რათა ჩემი თავისთვის,პირველ რიგში და ყველასთვის შემეხსენებინა კიდევ ერთხელ,რომ :
„არ არსებობს სიძულვილი,სიყვარულს რომ აღემატებოდეს.“
ხოდა,ჩვენც გვიყვარდეს ერთმანეთი.

ღმერთმა დაგლოცოთ !