Saturday, 20 April 2013

გასაუბრება ანგელოზთან ძილის წინ 10






–გამარჯობა ანგელოზო,ისევ მოხვედი?

–გაგიმარჯოს,კი,მოვედი.განა სულ შენთან არ ვარ?

–როგორ არა,ვიცი,რომ სულ ჩემთან ხარ.მე მინდოდა მეთქვა,რომ ისევ გხედავ და მიხარია.

–მე მხოლოდ მაშინ გენახვები,როცა ამის უფლებას ღმერთი მაძლევს.

–ვფიქრობ,დღესაც უნდა მესაუბრო,ასეა?

–კი,უნდა გესაუბრო?

რაზე,ანგელოზო,რაზე უნდა მესაუბრო?

–პირველ რიგში მინდა გითხრა,რომ როცა შენ გესაუბრები,ყველას ვესაუბრები.როგორც უფალმა ბრძანა: „ვისაც ყური აქვს,ისმინოს“

დღეს მინდა ლოცვასა და მის ძალაზე გესაუბრო.

–შენ ადრე უკვე მესაუბრე ლოცვასა და მარხვაზე,ანგელოზო.

–კი,გესაუბრე,მაგრამ მსურს კიდევ ცოტაოდენი გესაუბრო ამის შესახებ.ლოცვის მნიშვნელობაზე გესაუბრე,მაგრამ არაფერი მითქვამს,რა ძალა აქვს ლოცვას.

–გისმენ,ანგელოზო.ძალიან მიყვარს შენი მოსმენა.სულს უხარია და ბევრს ვსწავლობ.

–კარგია,თუ ითვალისწინებ იმას,რასაც გეუბნები.მე ჩემით არაფერს გეუბნები იცოდე,ხომ ხვდები ამას?

–კი,ვხვდები ანგელოზო.

–მე შენ გითხარი,რამხელა მნიშვნელობა აქვს ლოცვას.შენ უკვე იცი,რომ უფალს ელაპარაკები და ის გისმენს,ყურადღებით და გულმოდგინედ გისმენს.აი,თქვენ თუ ლოცულობთ ადამიანები გულმოდგინედ,ესაა საკითხავი.

მოდი,ჯერ იმით დავიწყოთ,თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველ სიტყვას,ყოველ ბგერას.თქვენ,ადამიანები ისე დაუფიქრებლად ისვრით სიტყვებს,ვერც კი აცნობიერებთ,რას სჩადიხართ.უფლისათვის ყოველი სიტყვა სათნოა და ძვირფასი და თქვენგან განსხვავებით ის ყოველ თქვენს ბგერას მთელი გულით უსმენს და არცერთ თქვენს ამოოხვრასაც კი უყურადღებოდ არ ტოვებს.თქვენ გიყვართ სიტყვებით თამაში,სიცილი,მასხარაობა და ამას იმდენად უმნიშვნელოდ ან უკეთეს შემთხვევაში გასართობ საშუალებად თვლით,რომ ოდნავ დაფიქრებაც კი არ გინდათ.

–მესმის,ანგელოზო,ჩვენ ხშირად ზედმეტს ვლაპარაკობთ.

–ეს იმიტომ მოგდით,რომ არ უსმენთ არავის–არც უფალს,არც მოციქულებს,არც წმინდანებს,არც ბიბლიას.

გაიხსნეთ,როგორ იწყება იოანეს სახარება: „თავდაპირველად იყო სიტყვა,და სიტყვა იყო ღმერთთან,და სიტყვა იყო ღმერთი“. მეტს აღარ გავაგრძელებ.ესეც საკმარისზე მეტია.მარტო ამ ამ წინადადებას ჩაუფიქრდით,იქნებ ცოტათი მაინც მოეგოთ გონს.სიტყვა თავად ღმერთი იყოო,იოანე მოციქულის პირით უფალი ბრძანებს,გესმით თქვენ?ღმერთი მას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და თქვენ,მის შექმნილ არსებებს ვინ მოგცათ უფლება,რომ ასე უდიერად ეპყრობით უფალს?

–სამება ხომ კარგად იცი?

–კი,ანგელოზო,ვგონებ ვიცი.

–მე ადრე გითხარი,რომ ადამიანის სულშიც სამებაა–სინანული,მადლიერება და მიტევება.

–კი,ანგელოზო,მახსოვს.

–ეხლა იმასაც გეტყვი,რომ ადამიანი ფიზიკურადაც სამებაა.მე არ გეუბნები მისი სხეულის შემადგენელ ნაწილებზე,არამედ მისი არსის,როგორც ადამიანის მთავარ ფიზიკურ ელემენტებზე.გესმის?

–არც ისე კარგად,ანგელოზო,რომელია ის სამი ფიზიკური სამება?

–თვალი,ყური და ენა.

–და მათ გონება მართავს ხომ?

–არა,არ უნდა მართავდეს გონება,ამაშია თქვენი მთავარი შეცდომა თუ დანაშაული.გონებას არ უნდა დაუქვემდებაროთ არცერთი.

–მოდი ასე ვთქვათ–ადამიანის სულს სამი სათნოება გააჩნია: სინანული,მადლიერება და მიტევება.ამ სამებას კი მართავს ერთი უმაღლესი სათნოება,რომელსაც სიყვარული ჰქვია.

ადამიანის ფიზიკურ სამებას კი,როგორც გითხარი,წარმოადგენს თვალი,ყური და ენა;მას კი მართავს ფიზიკური სათნოების უმაღლესი ფორმა სინდისი.ხომ გაგიგია,სინდისი პატარა ღმერთიაო?

–კი,ანგელოზო,გამიგია

–თუ რომელიმე გონს,სურვილს ან ინსტინქტს დაემორჩილა,მაშინ ეს ჰარმონია წამსვე ირღვევა და ადამიანი ცოდვაში ვარდება.

თვალი,ყური და ენა ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან,თუ მას სინდიდსი მართავს.წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მისი დაუძინებელი მტრები არიან.

–მესმის ანგელოზო

–განა არ გახსოვს უფლის სიტყვები,თუ თვალი შენი გაცდუნებს,უმჯობესია ამოითხარო იგი.გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე სასუფეველში,ვიდრე ორივე თვალით ჯოჯოხეთის ბინადარი გახდეო?

–კი,ანგელოზო,მახსოვს.

–სანამ დანახულის გამო ცოდვილ აზრს ან ვნებას გულში შუშვებ,სინდისს დაეკითხე,რამდენად მისაღებია ეს შენი სულის ცხონებისათვის.

კეთილი ადამიანი სხვის სიშიშვლეს თვალს მოარიდებს,ბოროტი კი ჩაცმულსაც შიშვლად წარმოიდგენს.თვალი არ არის ხარბი.ხარბი ბოროტი ადამიანის სულია,თვალი კი მისი იარაღი.

ასევეა ყურიც.რასაც მოისმენ,ყველაფერს ნუ დაუჯერებ.რასაც შენი სინდისი არ იღებს,იმას ნურც მოუსმენ,თუნდაც ამაზე მთელი ქვეყანა ღაღადებდეს.ცხოვრებაში უამრავი მაგალითია იმისა,როდესაც ყველა ცდება.ეს ბევრ ცოდვაში ჩაგაგდებს. სხვისი ნათქვამი ყოველი სიტყვა შენი სინდისის ბადეში გაატარე და ისე შეუშვი გულში.

...და ბოლოს ენა.თუ მას თავისუფლად მიუშვებ,ის ისეთ ცეცხლში ჩაგაგდებს,რომლიდანაც თავს ვერასოდეს დააღწევ.თუ მას სინდისი ვერ იჭერს,სამასი კბილიც რომ გქონდეს,მაინც ვერ დაიჭერ და უფსკრულში გადაგჩეხავს.

ენა ერთ–ერთი ყველაზე ძვირფასი ნაწილია სხეულისა,რაც კი ღმერთს ადამიანისათვის უბოძებია.მას შეუძლია სიყვარულით გააერთიანოს,შეკრას და სიკეთის სამსახურში ჩააყენოს უზარმაზარი ფიზიკური ძალა,მაგრამ შეუძლია დაშალოს და დაანგრიოს საუკუნეების მანძილზე რუდუნებით შექმნილი და შენახული.

–მართალი ხარ,ანგელოზო,იცი,არ მიფიქრია ამაზე ასე სერიოზულად.

–გულსატკენიც ეს არის,რომ არ ფიქრობთ ადამიანები ამაზე და როშავთ ათას სისულელეს და კიდევ და კიდევ ჯვარს აკრავთ უფალს თქვენი უმეცარი ზედმეტი ლაყბობით.ხვდები რას გეუბნები?

–მგონი ვხვდები,ანგელოზო

–ეხლა წარმოიდგინე,რა დღეში აგდებთ უფალს,როცა ვინმეს განიკითხავთ.ვერც კი აცნობიერებთ,როგორი ძალით აჭედებთ უფალს ახალ ლურსმანს წვივებში,როგორ სტკივა და როგორ იტანჯება ჭრილობებისგან.

–რას ამბობ,ანგელოზო?

–მერე კი დადგებით ხატების წინ და ხეირიანად ლოცვაც არ გინდათ.ცდილობთ,ჩქარა წაიკითხოთ ტექსტი და დაუბრუნდეთ თქვენს ცოდვილ ყოფას,დაუბრუნდეთ ჩაქუჩს და ლურსმას,რათა კიდევ და კიდევ დაუმატოთ უფალს იარები.

ეეჰ,თქვენ რომ ამას ყველაფერს აცნობიერებდეთ და ხედავდეთ,ცრემლებად დაიღვრებოდით,მუხლების დასისხლიანებამდე ილოცებით და შენდობას და მიტევებას სთხოვდით უფალს.

თქვენს ლოცვას კი ძალა არა აქვს.სთხოვთ უფალს და არც კი იცით რას სთხოვთ.რაც თქვენ გგონიათ რომ სათნოა,იმასაც კი ვერ სთხოვთ,როგორც საჭიროა.უფალი კი ცრემლიანი და სევდიანი თვალებით გიყურებთ და ელოდება,როდის სთხოვთ ჭეშმარიტად,მთელი გულით,მთელი არსებით.გითხრათ კიდევაც–ითხოვეთ და მოგეცემათ,დააკაკუნეთ და გაგიღებენო.თქვენ კი არც თხოვნა შეგიძლიათ და არც კაკუნი.

ამიტომაც,მინდა რომ გაიგოთ.ადამიანთა უმეტესობას არც სინანული გაქვთ,არც მადლიერება და არც მიტევების უნარი.ასევე ვერც ხედავთ,არც გესმით და ვერც მეტყველებთ,თუმცა თვალიც გაბიათ,ყურიც და ენაც.

ვერც კი აცნობიერებთ,რაოდენ უყვარხართ უფალს და რაოდენი თავისუფალი ნება მოგანიჭათ.თუნდაც იმით,რომ თვალიც,ყურიც და ენაც საუკეთესო ადგილას დაგიყენათ და არ დაგიფარათ,როგორც თქვენი სასირცხვო ადგილები,რათა არაფრით შეეზღუდა თქვენი თავისუფალი ნება;თუმცა ალბათ იცოდა,რომ ეს ნება უმეტესად მის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.

ნურავინ ტრაბახობს,რომ უფალი უყვარს.მე ადრეც გითხარი,რომ ეს სიცრუე და ფარისევლობაა.ვისაც მართლა უყვარს,ის არ გაჰყვირის  ამის შესახებ და ვინც იცის,რომ არ უყვარს,ტირის და ევედრება უფალს,მიანიჭოს მისი სიყვარული.

ერთმა კაცმა აღსარებაზე მოინანია,უფალი არ მიყვარს,როგორც საჭიროაო და იცი მოძღვარმა რა უთხრა?–შენ,შვილო,ძალიან ბევრი მოგინდომებია და ეს ასე იოლი არ არის,შენ რომ გგონია.ევედრე უფალს,რომ მოგცეს მისი სიყვარულიო.ჭეშმარიტად უფალი მხოლოდ წმინდანებს უყვართ.

დიახ,ევედრე უფალს,რომ მოგცეს მისი სიყვარული,მაგრამ მანამდე საკუთარი ცოდვების დანახვა ისწავლე,ლოცვა,მადლიერება ისწავლე.

ლოცვას უდიდესი ძალა აქვს,უზარმაზარი,ოღონდ ის გულიდან ისევე უნდა მოდიოდეს,როგორც წმინდა ცრემლები თვალებიდან.როგორც გეიზერი ვულკანიდან,ცხელი და მწველი.თავისით,გულწრფელად.ყოველგვარი ზედმეტი მინარევების გარეშე.მაშინ თავსაც ასწევ,ცრემლიან თვალებსაც და ჩახედავ უფალს თვალებში,შენსავით ცრემლიან თვალებში და ეტყვი: მიყვარხარ,უფალო.

–გასაგებია,ანგელოზო,რა საოცარია.

–ადამიანები ძალიან დიდი უძლურები ხართ,მაგრამ ვერ აცნობიერებთ ამას.დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ შესაძლებლობებზე.ზოგჯერ უფალი საერთოდ აღარც გახსოვთ.მის გარეშე კი ერთ წუთსაც ვერ იცოცხლებთ.განა რა შეგიძლიათ? ერთ ფოთოლსაც კი ვერ ჩამოაგდებთ ხიდან,უბრალო სიოსაც კი ვერ შეაჩერებთ.უფლის ნების გარეშე ჰაერსაც კი ვერ ჩაისუნთქავთ,ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამთ.ეს უნდა იცოდეთ და მიხვდებით,რამდენს აკეთებს უფალი თქვენთვის.თქვენ იმის მეათასედიც კი არ იცით,რასაც უფალი თქვენთვის აკეთებს,უკან კი ვერაფერი მიაქვს.ვერც თქვენი სიყვარული,ვერც მადლიერება და ვერც სინანული.

ხშირად უფალი უშვებს,რომ ადამიანი ცოდვით დაეცეს,ზოგჯერ თვით უფლისთვის ყველაზე  სათნო ადამიანიც კი,რათა დაინახოთ და იგრძნოთ თქვენი უძლურება,ამპარტავნებაში არ ჩავარდეთ და მიხვდეთ,რომ ღვთის ნების გარეშე არაფერი არ შეგიძლიათ,მაგრამ,სამწუხაროდ,ბევრისთვის ეს უნაყოფოა.მათი სულები,ისევე როგორც თვალები,ბრმაა და უსარგებლო....და მხოლოდ ერთეულები აკეთებენ სწორ დასკვნებს.

 წარმოიდგინე ძალიან დიდი მაღალი მრგვალი კოშკში,სადაც უამრავი ოთახია.შუაში კი ,მთელ სიმაღლეზე უზარმაზარი ნაგვის ბუნკერია.თქვენ,ადამიანები ამ ნაგვის ბუნკერში ხართ და თქვენი ცოდვების ამყრალებულ სუნსა და ლაფში იხრჩობით.ყელზე უზარმაზარი ჯაჭვი გკიდიათ და ბოქლომით ხართ ჩაკეტილი.ოთახებში წმინდანები,მოციქულები,უფლისთვის რიღსი და სათნო სულები ცხოვრობენ.თქვენ მიიწევთ ზევით,რათა ამ სიმყრალეს განერიდოთ,მაგრამ თქვენი მძიმე ჯაჭვი არ გაძლევთ ამის უფლებას და იტანჯებით;ზოგი თავისი ცოდვების სიმძიმის გამო დაბლა ეშვება და ჭაობში ეფლობა,საიდანაც ამოსვლა გაცილებით ძნელია.

–რა გვეშველება,ანგელოზო?

–გითხრათ უკვე უფალმა: „დააკაკუნეთ და გაგეღებათ,ითხოვეთ და მოგეცემათ“.

ეს თქვენზეა დამოკიდებული,როგორ დააკაკუნებთ,როგორ ითხოვთ,რომ წმინდა სულებმა გაგიხსნან კარები,გასაღები მოარგონ თქვენი ჯაჭვის ბოქლომებს და გიხსნან ტანჯვისაგან.მაგრამ ეს რომ შეძლოთ,ეს ტანჯვა უნდა იგრძნოთ,ის ლაფი და ჭაობი უნდა დაინახოთ,სადაც დგახართ და ის სიმყრალე შეიგრძნოთ,რითიც სუნთქავთ.

თუ ჯაჭვებს დაიხსნით,აღარ გაგიჭირდებათ ზევით ასვლა და განთავისუფლება.იქ კი,სულ ზემოთ,ყველაზე დიდებული და ბრწინვალე განცდა გელოდებათ.ყველაზე მშვენიერი და ყველაზე ნეტარი,რაც კი ადამიანის თვალს არ უნახავს და გულს არ უგრძვნია.

–რა,ანგელოზო?

–უფალი,ღმერთი ჩვენი.

–თავად უფალი,ანგელოზო?

–კი,თავად უფალი,სამება ერთი და განუყოფელი.

გაიგე ყველაფერი რაზეც გესაუბრე?

–გავიგე,ანგელოზო.

–დაწექი ეხლა და იფიქრე იმაზე,რაც გითხარი.

–ღამე მშვიდობისა,ჩემო ანგელოზო !

–ღამე მშვიდობისა !