Wednesday, 20 February 2013

სამი ბერი

ერთ პატარა მონასტერში სამი ბერი ცხოვრობდა.სამივეს თავისი ცხოვრების ისტორია ჰქონდა და სამივე ცოდვილი წარსულიდან მოდიოდა.
ერთხელაც ბერებს უფლის ანგელოზი გამოეხცადა და ასეთი რამ უთხრა:
ტყუილად იღწვით.თქვენი ბედი უკვე გადაწყვეტილია.სამივე ჯოჯოხეთში მოხვდებით და აწი რაც არ უნდა იღვაწოთ,არაფერი აღარ შეიცვლება, დატოვეთ მონასტერი და საერო ცხოვრებას დაუბრუნდითო.
დაღონდნენ ბერები და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება.
ერთმა ანგელოზის სიტყვები არ დაიჯერა და დარჩა მონასტერში.მეორემ დაიჯერა,მაგრამ მაინც დარჩა მონასტერში,იქნებ უფალმა მოწყალება გამოიღოს და შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება ჩემს მიმართო.მესამემაც დაიჯერა,ოღონდ დატოვა მონასტერი და ცოდვილ ცხოვრებას დაუბრუნდა.
ეხლა მე გეკითხებით თქვენ–რომელი იყო მათ შორის მართალი?

      *       *       *    
 პასუხები სხვადასხვანაირი მივიღე ამ კითხვაზე:
დაახლოებით 80%–ის აზრით,მართალია პირველი ბერი;
20%–მა ჩათვალა,რომ მართალია მეორე ბერი.
მესამე ბერს არ გამოესარჩლა არცერთი ადამიანი.

ეხლა კი მსურს ჩემი აზრი მოგახსენოთ.
რა იოლია ადამიანის განსჯა როცა ზერელედ მიუდგები არა?როცა არ გაინტერესებს რა უდევს ამ ადამიანს გულში,რითი სუნთქავს,რას ფიქრობს,და რაც ყველაზე მთავარია–ვერ ხედავ მის სულს.
ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი ნათელია:პირველი ძლიერად დგას რწმენაში,რა თქმა უნდა ის არის მართალი,თანაც შესაძლოა ეს სულაც არ იყო ანგელოზი,არამედ თავად ეშმაკი თავისი ავი ზრახვებით.ბერი კი არ შედრკა და არ დაუჯერა ქვესკნელის ხელმწიფეს.
მეორეც შეიძლება მართალი იყოს,რატომაც არა?მან დაიჯერა ანგელოზის სიტყვები,მაგრამ იცის რა უფლის მოწყალება,მაინც მის იმედად რჩება.უფალს ენდობა,რა დიდებულია არა?
მესამე კი თურმე როგორი ურწმუნო გამოდგა.მიატოვა მონასტერი და ერულ ცხოვრებას დაუბრუნდა.რა უნებისყოფო და სულმდაბალი აღმოჩნდა.ასე ჩანს ხომ?
კარგი,ეხლა მე თქვენ სრულად აგიწერთ ყოველივეს და გავარკვიოთ,მაინც რომელი იყო მათ შორის მართალი?
პირველ რიგში,მინდა გითხრათ,რომ ეს არც არასოდეს მომხდარა და არც შეიძლებოდა მომხდარიყო.ამიტომ თავიდან თითქოს პასუხი უნდა ყოფულიყო–არცერთი.
თუმცა თუ დავუშვებთ რომ:
უფალმა დაუძახა თავის ერთერთ ანგელოზს და უთხრა:
„წადი ბერებთან და განუცხადე ჩემი ნება,რომ მე მათთვის ჯოჯოხეთი მაქვს გამზადებული და დაანებონ თავი ბერობას,ტყუილად ნუ წვალობენ.მაინტერესებს როგორ მოიქცევიან.“
ანგელოზმაც აუწყა ბერებს უფლის დანაბარები.
მოდი შევთანხმდეთ,რომ ეს ნამდვილად ანგელოზი იყო,რომელიც უფალმა ბერების გამოსაცდელად მიავლინა და არა ეშმაკი,თავისი ხრიკებით.
ეხლა ვნახოთ,რას ფიქრობენ ბერები.
პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ,რომ ესენი არ არიან სულსწრაფი და ქარაფშუტა ადამიანები,არად მიღებული შედეგი.
ჩვენ,ადამიანებმა უცბად ვიცით ადამიანების განსჯა და ნაკლებად ვითვალისწინებთ(თუ საერთოდ ვითვალისწინებთ)მათ სულიერ მდგომარეობას.
მოდი,დავუბრუნდეთ ჩვენს ბერებს და ვნახოთ,რას ფიქრობენ ისინი ანგელოზის გამოცხადების შემდეგ.აკი მოგახსენეთ კიდეც,რომ ბევრი იფიქრეს მეთქი.
პირველი ფიქრობს :
„არა,არ მინდა დავიჯერო,რომ უფალს ჩემთვის ჯოჯოხეთი აქვს გამზადებული.მე საერო ცხოვრება მივატოვე,ბერად შევდექი და ეხლა,როცა ყველაფერი კარგად მიდის,როცა უფლის გზას დავადექი,როცა ყველაფერი გავწირე აქ მოსვლისათვის,ყველაფერი წყალში უნდა ჩამეყაროს?არა,არ მინდა და ვერც შევეგუები ამას.მართალიც რომ იყოს,თუ მაინც ჯოჯოხეთში უნდა მოვხვდე,დაე აქედან მოვხვდე.თუ ეს ეშმაკისგანაა,მაშინ რამდენად სათნო აღმოვჩნდები უფლის თვალში.“–ამ ფიქრებით ბერი სასიამოვნოდ შეიშმუშნა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
მეორე ფიქრობს:
„რა გულდასაწყვეტია,რომ უფალმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.აქედან რომ წავიდე,მაშინ ხომ ნამდვილად არ ამცდება ჯოჯოხეთი?არაფერი მიშველის.აქ კი მაქვს გადარჩენის შანსი.უფალი მოწყალეა,იქნებ არ გამიმეტოს და გადაიფიქროს,ვინ იცის?შეუცნობელია გზანი უფლისანი.დავრჩები,ასე მირჩევნია“
მესამე ფიქრობს:
„დიდება უფალო შენდა.შენ ხარ მეუფე და მბრძანებელი ჩემი.მე ვინ ვარ?ერთი მდაბიო მონა,რომელიც შენი სახელის ხსენების ღირსიც კი არ ვარ.ბევრი ცოდვა მაქვს ჩადენილი.სინანულის ცრემლი არ შეშრობია ჩემს თვალებს,მაგრამ ეტყობა ეს არ არის საკმარისი.ვიცი,რომ ჯოჯოხეთის ღირსი ვარ.თუ ასეთია შენი ნება,მზად ვარ დავემორჩილო და შევასრულო ყოველივე,რასაც მიბრძანებ,თუნდაც ეს ჯოჯოხეთში ჩასვლა იყოს.მართალი ხარ უფალო,არ ვარ მე ბერობის ღირსი და ამიტომ უნდა დავუბრუნდე ცოდვილ ცხოვრებას.მითუმეტეს,რომ ეს შენი ნებაა და მე ვინა ვგდივარ რომ შენს ნებას წინ აღვუდგე?დავტოვებ მონასტერს და წავალ ერში.დაე იყოს ისე,როგორც შენ გინდა უფალო და ღმერთო ჩემო.დაე,იყოს ნება შენი და არა ჩემი“
ეხლა თუ ყველაფერს გავითვალისწინებთ,თუ შევხედავთ ამპარტავნების ან მორჩილების კუთხით,მე თქვენ ისევ გეკითხებით:
რომელი იყო მათ შორის მართალი?

დასკვნის მაგიერ:
ეს ერთი პატარა მაგალითია იმისა,თუ როგორ ხშირად ვცდებით ადამიანები ჩვენი მიკერძოებული აზრების გამო და მერე გვიკვირს,რატომ არ ემთხვევა უფლის გადაწყვეტილება ჩვენ

გასაუბრება ანგელოზთან ძილის წინ 8



–გამარჯობა,ანგელოზო !

–გამარჯობა !

–რა კარგია,რომ ისევ მოხვედი,როგორ მომენატრა შენთან საუბარი,მეგონა ვეღარ გნახავდი.

–მე შენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გენახვები.მე არ მაქვს უფლება შენს ქმედებებში ჩავერიო.უფალმა ყველა ადამიანს თავისუფალი ნება მისცა და ვერავინ,მათ შორის ვერც ანგელოზები ამ ნებაში ვერ ჩაერევიან...და თუ გეცხადები და გესაუბრები,მხოლოდ იმიტომ,რომ რჩევა მოგცე,ჩემი გულისტკივილი გაგიზიარო შემს გამო,გასწავლო,რისი სწავლის უფლებაც მაქვს ღვთისგან მონიჭებული.გასაგებია?

–გასაგებია,ანგელოზო.

–ამიტომ მე როდის გამოგეცხადები ეს არც შენ იცი და არც მე.

–დღეს რაზე უნდა მესაუბრო?

–ისევ და ისევ სიყვარულზე.მე შენ ბევრჯერ გესაუბრე ამ თემაზე,მაგრამ ამჯერად მსურს ცოტა დაწვრილებით გესაუბრო უფლის სიყვარულზე,იმაზე,თუ როგორ უნდა გიყვარდეს უფალი და რატომ უნდა გიყვარდეს საერთოდ.

–მთელი გულისყურით გისმენ,ჩემო ანგელოზო.

–აბა მითხარი,რა იცი იმის შესახებ,თუ როგორ უყვარხართ უფალს ადამიანები?

–უფალს იმდენად ვუყვარვართ ადამიანები,რომ საკუთარი ძე გამოგზავნა ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად.იესო ქრისტე ევნო და ეწამა ჩვენს გამო,რათა არ წარვწყმდეთ და ჯოჯოხეთში არ მოვხვდეთ.

–კიდევ?

–კიდევ....კიდევ ის,რომ უფალი გვაძლევს დროს,მოვინანიოთ და გამოვისყიდოთ ჩვენი ცოდვები.

–სულ ეგ იცი უფლის სიყვარულზე?

–ვიცი რომ უზომოდ ვუყვარვართ ყველანი,ისე ძალიან ვუყვარვართ,ჩვენ წარმოდგენაც რომ არ შეგვიძლია,ისე.

–მერე რატომ უყვარხართ ასე ძალიან თუ იცი.რომელიმე თუ იმსახურებთ ამას?

–არ ვიცი,ანგელოზო,შენ მითხარი.

–კარგი,მე აგიხსნი როგორც შევძლებ,რათა ოდნავ მაინც გაიგო.

პირველ რიგში,მინდა გითხრა,რომ თქვენი გაგებით რასაც სიყვარულს ეძახით,ეს ისეთი უსუსური გრძნობაა სინამდვილესთან შედარებით,რომ სასაცილოდაც არ მყოფნის.ეს ადრეც მითქვამს.თქვენ ყველაფერს ზერელედ უყურებთ-ზერელედ ფიქრობთ,ზერელედ აზროვნებთ და ზერელედ გიყვართ.ღრმად რომ დაფიქრდეთ,რა გაიღო უფალმა თქვენთვის,არათუ ღმერთი,მოკვდავი ადამინიც კი თავდავიწყებით გეყვარებოდათ,ამდენი რომ გაეკეთებინა თქვენთვის.

წარმოიდგინე ანთებული ასანთის ღერი–ეს ადამიანური სიყვარულია,რაც არ უნდა ძლიერი იყოს.ეხლა კი წარმოიდგინე მზის შუაგულში დანთებული ცეცხლი და ისიც ათასჯერ და ათიათასჯერ უფრო ძლიერი–ეს უფალია,თავად სიყვარული – მზე სიყვარულისა.ის მხოლოდ სიყვარულია,მასში სხვა არაფერია,არცერთი მოლეკულა არათუ სიძულვილისა,უბრალო გულგრილობისაც კი.არც სხვა რამე.არამედ მთლიანად სიყვარულია,ისეთი ძლიერი და ისეთი უსასრულო,რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვერ გაუძლებს სამყაროში,მთელი ძალით რომ იქითკენ მიმართოს უფალმა ეს სიყვარული.გაიგე?

–ბოლომდე კარგად ვერ გავიგე,ანგელოზო.

–კარგი,თუნდაც ადამიანურად წარმოიდგინე.
ასეთი სინათლე,ასეთი სიყვარული–ღმერთი,რომელმაც თავად შექმნა ყველაფერი,ცა და დედამიწა,ხილული და უხილავი სამყარო,რომელიც ყველას და ყველაფრის მეუფეა,რომელმაც შეგქმნათ თქვენ–ადამიანები,თავად ჩამოვიდა ზეციდან,იქცა ერთერთ თქვენგანად.იცხოვრა დიდი ღვაწლით და აღესრულა წამებით.

თქვენ,ადამიანებს ორი ნაბიჯის გავლა გეზარებათ,რომ ერთმანეთს დაეხმაროთ.ხან ათას მიზეზს იგონებთ,ოღონდ არ შეგაწუხონ.ღმერთი კი მონასავით გემსახურებოდათ.

მთელი ადამიანური სიცოცხლე თქვენ შემოგწირათ და ბოლოს არაადამინური შრომისგან ლამის დაცემამდე გასავათებული, დაღლილი და დაქანცული,ისევ თქვენ,ჯვარზე გააკარით და მოკალით.

თქვენ პატარა შეურაცხყოფასაც კი ვერ ეგუებით და ვინმემ რომ გაგლახოთ,სამუდამოდ მტრად გადაეკიდებით.ჯვარზე გაკვრას აპატიებდით ვინმეს?ტოლს და სწორს არ აპატიებდით ამას და თქვენ შექმნილს რას უზამდით?

მას კი შურისძიება აზრადაც არ მოსვლია.წამითაც კი არ განელებია თქვენდამი სიყვარული.იცოდა კიდევაც თქვენი ცოდვილი ბუნება და თავად აირჩია ეს ხვედრი.თქვენ რომ ოდნავ ღრმად დაფიქრების უნარი გქონდეთ,ჯერ ეს უნდა გაგიჟებდეთ მხოლოდ–თავად ღმერთი თქვენს გამო ჯვარს ეცვა.

თქვენს შვილს რომ თითი წამოსტკივდეს,ცრემლებად დაიღვრებით ტკივილისაგან.მაგრამ თუ წარმოგიდგენიათ მაინც,ღმერთს როგორ სტკიოდა მის მხოლოდშობილ ძეს ჯვარზე რომ აკრავდით?

ღვთისმშობელს როგორ სტკიოდა,შეგიძლიათ წარმოიდგინოთ?

და ეხლა ევდრებით ვის? –დედას,ვისაც თქვენი ცოდვებით შვილი ჯვარზე გაუკარით,ევედრებით კეთილდღეობას და არც კი გინდათ დაფიქრდეთ,რა გადაიტანა ამ დედამ.

ევედრებით ღმერთს,რომელიც თავად გააკარით ჯვარზე,სთხოვთ ხშირად უნაყოფო და უსარგებლო სურვილებს და იმის გააზრებაც არ გინდათ,რას სჩადიხართ.პატარა სინანულიც კი არ გაქვთ ამის გამო.იქნებ გგონიათ,რომ უფალი სხვა ადამიანებმა გააკრეს ჯვარზე და თქვენ არაფერი წილი არ მიგიძღვით ამაში? ოჰ,როგორ ცდებით,თუ ასე გგონიათ.

თქვენ ის ხართ,ვინც არჩევანის გაკეთებისას ბარაბას გაჰყვიროდით;

ისა ხართ,ვინც ლურსმანს არჭობდით მაჯებში;

ისა ხართ,ვინც ძმრიან ქულას აწვდიდით,როცა სიკვდილის წინ წყურვილი ახრჩობდა;

ისა ხართ,ვინც სეირს უყურებდით როცა ჯვარზე წამებისაგან გონებას კარგავდა;

ის ხართ,ვინც უკან დასდევდით სანამ თქვენთან იყო და ანთებული თვალებით შესცქეროდით როცა გასწავლიდათ.

და ყველაზე გასაოცარი იცით რა არის?–იმ დროს,როცა ჯვარზე გააკრეს,არცერთი თქვენგანი არ გამოესარჩლეთ,არცერთი არ აღმოჩნდით მის გვერდით,რომ გეთქვათ მტარვალებისათვის–ის ჩემი უფალია,მეც მასთან ერთად მაწამეთ.

არ გაბედოთ და არ თქვათ,რომ თქვენ სხვანაირად მოიქცეოდით.არა,ისევე მოიქცეოდით.

მას კი ერთი საყვედურიც არ დასცდენია,ერთი აუგიც არ უთქვამს,ერთხელაც არ განუკითხიხართ.პირიქით,კმაყოფილი და გახარებული,რომ თქვენი ცოდვების გამო ეწამა,დღესაც ზრუნავს და ფიქრობს თქვენზე.

ყველაზე ბოროტი ადამიანიც კი რომ დასვათ უფლის ტახტზე,ერთ საათსაც ვერ მოითმენდა ადამიანთა ბოროტების გამო,იმდენ საშინელებას ნახავდა,გაანადგურებდა ადამიანთა მოდგმას.უფალი კი გითმენთ,გითმენთ იმიტომ,რომ მასში ბოროტება არ დევს,მასში არ არის შურისძიება,არ არის რისხვა,არამედ მხოლოდ სიყვარულია,უზარმაზარი და ენით გამოუთქმელი სიყვარული.

არ გინდათ გაიგოთ,რომ სადაც დარდი და ტკივილია,უფალიც იქ არის;

სადაც გაჭირვება და განსაცდელია,უფალიც იქ არის.

მოყვასისთვის მცირედიც კი გენანებათ და ვერც კი ხვდებით,რომ უფლისთვის გენანებათ.

განა რას გთხოვთ?–გიყვარდეთ უფალი და გიყვარდეთ ადამიანები.თქვენ კი არათუ სიყვარული,ამის გაგებაც არ გინდათ.

–როგორ უნდა მოვიქცე,ანგელოზო?

–ისე უნდა შეიყვარი უფალი,არავის რომ ყვარებია დედამიწის ზურგზე.ისეთი სიყვარულით უნდა გიყვარდეს,როგორითაც ადამიანს ვერ შეიყვარებდი,რამეთუ ისინი ასეთ სიყვარულს არ იმსახურებენ.

მითხარი,ბევრჯერ უტკენიათ შენთვის გული?

–კი,ანგელოზო,ბევრჯერ.ზოგჯერ ყველაზე ძვირფას ადამიანებსაც კი.

–უფალი კი არასოდეს გაწყენინებს,არასოდეს მცირე ტკივილსაც არ მოგაყენებს,არასოდეს გისაყვედურებს,არასოდეს დაგიყვირებს.არ დაგამცირებს,არც დაგცინებს და არც გეჩხუბება.რასაც ადამიანი გაგიკეთებს,იმას უფალი არასოდეს იზამს,არამედ შენთან ერთად ტირის,შენსავით სტკივა,შენთან ერთად იტანს ყველა შენს ტკივილს და დამცირებას.ყველაზე ძლიერად გიკრავს გულში და გეფერება.ის არის შენი ყველაზე კარგი დედაც,მამაც,მეგობარიც,მესაიდუმლეც,
გამგებიც და დამხმარეც.და ასეა ყველა ადამიანის მიმართ.დაფიქრებულხარ ამაზე როდისმე?

–არა,ანგელოზო,არ დავფიქრებულვარ.

–ადამიანები ხომ ფიქრობთ კეთილდღეობაზე,ბედნიერებაზე.როგორ ფიქრობ,უფალი ბედნიერია?

–არ ვიცი,ანგელოზო.არ მიფიქრია ამაზე.

იცოდე,თუ ერთი ადამიანი მაინც ტირის,უფალიც ტირის.დედამიწაზე კი ყოველ წამს არის ვინმე,ვინც ტირის,ამიტომ უფალიც სულ ტირის.არა,არ არის უფალი ბედნიერი.

–ამაზე არასოდეს მიფიქრია.

–რა თქმა უნდა არ გიფიქრია.იმიტომ რომ საერთოდ არ ფიქრობთ უფალზე,არ იცით,რა სტკივა და რა აწუხებს.ეს მან უნდა იფიქროს მხოლოდ თქვენზე,ყველაზე;მან უნდა მოგიაროთ,მოგხედოთ,დაგიამოთ ტკივილები,მოგირჩინოთ სნეულებანი.თქვენ მხოლოდ ამაზე ფიქრობთ და სხვა მისი არაფერი გადარდებთ.ის ხომ ღმერთია,თვითონ მიხედავს თავს,ასე ფიქრობთ თქვენ.

მითხარი,პატარა ბავშვი რომ ტირის,გეცოდება?

–რა თქმა უნდა მეცოდება,ანგელოზო.

–დედა რომ ტირის შენს გამო,შენ რას გრძნობ?

–გული მიკვდება.

–მერე,ღმერთი რომ ტირის არ გეცოდება?განა ღმერთი დედაზე ათასჯერ მეტი არ არის?

–რა საოცარ რამეს მეუბნები,ანგელოზო,ღმერთი უნდა მეცოდებოდეს?

–სიბრალული სიყვარულმა იცის,სიყვარულის შვილებია სიბრალულიც და სინანულიც.მერედა რატომ ტირის ღმერთი,არ იცი?

–ჩვენი ცოდვების გამო

–ხოდა როცა ნაკლებს შესცოდავ,ნაკლებს იტირებს,სინანულით კი ცრემლებს შეუშრობ.
 მშობელს
შვილის  დასჯა კი არ ახარებს, მისი სინანული აბედნიერებს და ათასჯერ მეტად უყვარს ამის შემდეგ.
მაშ უფალზე რაღა უნდა ვთქვათ,ვისაც ასი ათასჯერ მეტად უყვარხართ,ვიდრე დედას შვილები?

როდესაც დედამიწაზე ცოდვა არ იქნება,მაშინ ღმერთიც ბედნიერი იქნება

– ეგ როდის იქნება?

–ეგ არასოდეს არ იქნება.ამიტომ უფალი ისევ მოვა.მაშინ მისი ყოველი ცრემლი ცეცხლად და მახვილად იქცევა და ვაი მას,ვინც ატირა და ცრემლი არ შეუშრო.

–გაოგნებული ვარ,ანგელოზო,ადრე არ მიფიქრია ამაზე.არ ვიცი,როგორ მოვიქცე,ლამის გასკდეს გული ტკივილისაგან.რა დაუნახავი და უმადური ვყოფილვარ.

–ეს მარტო შენ არ გემართება.ადამიანები სულ ცოტათი მაინც მეტს რომ ფიქრობდეთ ღმერთზე,მაშინ მიხვდებოდით როგორ უყვარხართ და იმის მეათასედსაც არ ითხოვს თქვენგან უკან.

თითქოს ეკლესიაშიც დადიხართ,ლოცულობთ,მარხულობთ,მაგრამ გულში სიყვარული არ გაქვთ.ისე მალე გავიწყდებათ უფალი,თითქოს ეს მხოლოდ მცირე მოვალეობა იყოს და მეტი არაფერი.უბრუნდებით თქვენს ყოფით პრობლემებს და აღარ გახსენდებათ ღმერთი შემდეგ ლოცვამდე.უფალი კი სულ გულში უნდა გყავდეთ,ყოველ წამს უნდა ფიქრობდეთ მასზე,როგორ ყველაზე ძვირფასზე,ყველაზე სანუკვარსა და ყველაზე სანატრელზე.ვისაც უფალი უყვარს,მას ის მუდამ ენატრება.

–მესმის,ანგელოზო.

–ეეჰ,არაფერიც არ გესმის.ამას სიტყვებით ვერ აგიხსნი,ეს გულით უნდა იგრძნო.

ადამიანები ხშირად ამბობენ,უფალი მიყვარსო–არ დაიჯერო.ვინც ამას ამბობს,ის ცრუ და ყალბია.მას კი,ვისაც მართლა უყვარს,თუნდაც სულ მცირედით,მოსთქვამს და ნანობს,რომ სიყვარული არა აქვს გულში და ევედრება უფალს,მიანიჭოს იგი.

ღმერთი იმას კი არ უსმენს,თქვენ რას ლაპარაკობთ,არამედ თქვენს სულს უსმენს,ფიქრებს და გულისფეთქვას.თუმცა ლოცვაზე მე ადრე უკვე გელაპარაკე.

–კი,ანგელოზო,მახსოვს ყველაფერი.

–დაიმახსოვრე,უფლის ნამდვილი სიყვარული ისეთი დიდი ბედნიერებაა,ვერაფერი რომ ვერ შეედრება დედამიწის ზურგზე.ამას კი მხოლოდ ერთეულები ახერხებენ.მე ძალიან მინდა,რომ შენც მათ შორის იყო და ამიტომ ვცდილობ აგიხსნა,რაც ვიცი.შეიყვარე უფალი არა სიტყვით,არა ქმედებით,არამედ გულით,არსებით,სისხლის ყოველი წვეთით,სხეულის ყოველი უჯრედით,თმის ყოველი ღერით.ყოველი სუნთქვით,ყოველი გრძნობით და ყოველი გულისფეთქვით.თუ ამას შეძლებ,მაშინ ყველაფერს შეძლებ.

–ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის.გმადლობ,ჩემო ანგელოზო.

–დაწექი ეხლა და იფიქრე იმაზე,რაც გითხარი.

–ღამე მშვიდობისა,ანგელოზო.

–ღამე მშვიდობისა.