Monday, 26 March 2012

გასაუბრება ანგელოზთან ძილის წინ 4


-გამარჯობა ანგელოზო.ისევ მოხვედი?
-გაგიმარჯოს.აკი გითხარი სულ შენთან ვარ მეთქი.
-რატომ გაქვს ცრემლიანი თვალები?ისევ ჩემს გამო ტირი?
-კი,შენს გამო,და არა მარტო შენს გამო.
-რა დავაშავე ამჯერად?რაც მითხარი,არ ვასრულებ?
–ასრულებ,როგორ არა,მაგრამ ისე არა,როგორც საჭიროა.
ქვენ ადამიანები ყველაფერს ზერელედ აკეთებთ.ზერელედ ლოცულობთ,ზერელედ მარხულობთ,ზერელედ გიყვართ
-რატომ?
-აბა მითხარი,რა არის ლოცვა? რა არის მარხვა?
-ლოცვა ღმერთთან საუბარია.განა ასე არ არის?არასწორად ვლოცულობ?
-დიახ,ლოცვა ღმერთთან საუბარია.ჯერ მარტო ბოლომდე რომ ჩაწვდე ამას,შეიძლება გაგიჟდე ადამიანი.შენ,ცოდვილი,არარაობა,საერთოდ თუ წარმოადგენ რამეს,ბედავ და ღმერთს ესაუბრები.ბედავ,რადგან ასე დაგიწესა უფალმა,მოგცა უფლება დაელაპარაკო უზენაესს.და თუ შენ ამას მართლა ხვდები და გრძნობ,მაშინ შეიგრძნობ სწორედ,რა დიდი ბედნიერებაა ეს.როცა ცხელი ცრემლები ღაპაღუპით გცვივა და შენი ყოველი სიგლახე და ცოდვა გახსენდება,როცა იცი,რა უბადრუკი ხარ და ვის ელაპარაკები.მაშინ შეიგრძნობ მთელი არსებით,რა ტკბილი ყოფილა ლოცვა.როცა ტირილის არ გრცხვენია,მითუმეტეს თუ მარტო ხარ.როცა იცი,რომ ეს ცრემლები ყველაზე წმინდა და უანგაროა,როცა სინანული გაწვალებს,მაგრამ ეს სინანული ტკბილია და ვერ ხსნი,რატომ.როცა გინდა,რომ ეს ცრემლები არასოდეს შეჩერდეს,როცა გინდა რომ ეს ლოცვაც არასოდეს დამთავრდეს.შეიძლება სულ ოდნავ,მაგრამ მაინც,ღმერთის არსებობას გრძნობ შენს სხეულში და უკვე ხვდები რას ნიშნავს,რომ სასუფეველი თვით შენშია.ამ დროს მთელი სამყარო გათიშულია შენი გონებიდან და ხართ მხოლოდ ორნი,უფალი და შენ.არ ჩქარობ,არა.არ ფაციფუცობ,რომ დროზე დაამთავრო და შენს მიწიერ საქმეებს დაუბრუნდე,არამედ დგახარ მუხლდაჩოქილი ხატის წინ,თავჩაღუნული და ტირიხარ.თავჩაღუნული იმიტომ,რომ ხატის შეხედვისაც გრცხვენია,გეშინია,გერიდება,თვალს ვერ უსწორებ.იცი,რომ ხატი კი არა,უფალი გიყურებს.მთელი ყურადღება შენსკენაა აქვს მომართული და ყურადღებით გისმენს,რას სთხოვ.კი არ მოითხოვ,სთხოვ.დიახ,ბევრი მხოლოდ მოითხოვს,უკან კი არაფრის გაცემა არ სურს.ეს არ არის ლოცვა.უფალი ჩვენი მოსამსახურე როდია,ჯადოსნური ჯინი,რომელიც ყველა სურვილს ასრულებს.ის მეუფეა ჩვენი,უზენაესი,უსაყვარლესი მამა,რომელსაც ისეთი ძალით ვუყვარვართ,წარმოდგენასაც რომ ვერ შევძლებთ ვერასოდეს.დგახარ ამ დროს მუხლებზე,ტირიხარ და გრცხვენია,რომ ასეთი უბადრუკი,ასეთი უგნური ასეთი ძალით შეგიყვარა და არ იცი მადლობა რით გადაუხადო.როგორ დაუბრუნო სიყვარული.ამიტომაც ტირიხარ.მთელი სიცხადით შეიგრძნობ რა მტანჯველი და ამავე დროს ტკბილი გრძნობაა სინანული და მადლიერება.სწორედ ეს უნდა უფალს შენგან,სწორედ ამას გთხოვს,სწორედ ეს არის ლოცვა.ვერც კი წარმოიდგენ ადამიანი,რა ბედნიერია უფალი ამ დროს.საოცარია არა?დიახ უფალი ამ დროს ბედნიერია,ბედნიერია რომ შენ მას გრძნობ,ეძებ,ლოცულობ.
აი,ეს არის ლოცვა.გაიგე?
–გავიგე ანგელოზო.რა საოცარი სიამრთლეა.მარხვაზე რას მეტყვი?
–მარხვაზე ამას გეტყვი.თქვენ არ იცით რა არის ჭეშმარიტი მარხვა.მარხულობთ სხეულით და არა სულით.
–რა განსხვავებაა?
–წმინდა მამებს მაინც უსმინეთ,რას ამბობენ.მარხვა ის არ არის,როცა გშია და თავს იკავებ,როცა სხეულს რამე სწადია და თოკავ,არამედ ის,როცა იმდენად განიცდი შენს ცოდვებს,იმდენად გლოვობ,რომ არც საკვები და არც სხვა რამ არ გაინტერესებს,გულს არ ეკარება.მარხვა ჭეშმარიტი გლოვაა სულისა.და როცა სული გლოვობს,სხეული ემორჩილება სულს.აი,ამ დროს ხარ უფალთან ყველაზე ახლოს.მარხვა სინანულის უდიდესი გამოვლინებაა,ოღონდ სხეულისა და სულის ერთდროული სინანული.აი,ეს არის მარხვა.
–რა იოლია და რა ძნელი.კიდევ მეტყვი რამეს,ჩემო კეთილო ანგელოზო?
–კი,გეტყვი ყველაზე მთავარს.უფალმა ორი მცნება დაგიტოვათ ადამიანებს: გიყვარდეს ღმერთი მთელი შენი გულით,სულით,გონებით და ძალით;და გიყვარდეს მოყვასი შენი,ვითარცა თავი შენი.ხომ ასეა?
–კი,ანგელოზო,ასეა.არ ვასრულებთ?
–ასრულებთ?
–რატომ გეცინება ანგელოზო?
–ორივე მცნებას მხოლოდ ერთეულები ასრულებენ და ისინი წმინდანები არიან.ადამიანები ვერცერთ მცნებას ვერ ასრულებთ.თითოს ძალიან ცოტა ადამიანები ასრულებენ,არცერთს კი ადამიანთა მოდგმის აბსოლუტური უმრავლესობა.
–რატომ?
–იმიტომ,რომ არ გიყვართ უფალი ყველაზე მეტად.თუნდაც თქვენს ძვირფას ადამიანებზე მეტად.დედაზე,შვილზე ან ძმაზე მეტად.განა ასე არ არის?
-არ ვიცი,ალბათ ასეა.
–ამბობთ,მაგრამ არ გიყვართ.ეხლა მოყვასზე გეტყვი.
–ვინ არის ჩემი მოყვასი,ანგელოზო?ყველა ადამიანი ჩემი მოყვასია?
–არა,ყველა არა.უფლის მაგინებელი და სამშობლოს მტერი არ არის შენი მოყვასი.მაგრამ ვინც არის,ისიც არ გიყვართ.ხშირად ახლობელი ადამიანიც არ გიყვართ ისე,როგორც საჭიროა და უცნობს როგორ შეიყვარებ?უფალი კი გეუბნება,გიყვარდეს მოყვასი შენი.მითხარი,შვილი რომ გიკვდებოდეს,რას იზამ?
–ყველაფერს,ანგელოზო,ყველაფერს გავიღებ მის გადასარჩენად.
–მაშ სხვისი შვილი რომ კვდება,რას აკეთებ? ხანდახან წაუყრუებ ხოლმე.ვითომ არ გესმის,ვითომ ვერ ხედავ.თანადგომაც კი გიჭირს, თორემ რომელ თავგანწირვაზეა ლაპარაკი? აღარაფერს ვამბობ იმ უამრავ განსაცდელში მყოფ ადამიანზე,რომელთაც დახმარება სჭირდებათ და თქვენ ყურადღებასაც არ აქცევთ.და იცით რატომ?
–რატომ?
–იმიტომ რომ არ გიყვართ,არ დარდობთ მათზე,არ თვლით მოყვასებად.ხომ ასეა?
–კი,ასეა?
–რატომ დახარე თავი,შეგრცხვა? უფლისთვის თქვენ დები და ძმები ხართ ერთმანეთის.მისი შვილები ხართ საყვარელი და ათასჯერ და ათი ათასჯერ მეტად უყვარხართ,ვიდრე თქვენ ამის წარმოდგენა შეგიძლიათ.თქვენ კი არ ფიქრობთ ამაზე.ხორციელი და–ძმობაც კი გიჭირთ და სულიერს როგორ მოახერხებთ?ამიტომ მწყდება გული შენზეც და ამიტომაც ვტირივარ.
–ესე იგი უფლის არცერთ მცნებას არ ვიცავთ?
–არა,სამწუხაროსდ არ იცავთ.
–რა უნდა გავაკეთო რომ გადავრჩე?
–მოინანიე,რომ ვერ იცავ ვერცერთ მის მცნებას და გულმხურვალედ ევედრე ღმერთს,რომ ჭეშმარიტი სიყვარულის უნარი მოგცეს,ღვთისა და მოყვასის სიყვარულის უნარი.აი,ეს არის ყველაზე მთავარი ყოველი ადამიანისათვის.კარგად დაიმახსოვრე–ღვთისა და მოყვასის სიყვარულის უნარი.ღმერთთან მხოლოდ სიყვარული მიგიყვანს.ნამდვილი,სუფთა,უანგარო სიყვარული.გასაგებია?
–გასაგებია,ანგელოზო.ყველაფერს ისე გავაკეთებ,როგორც მასწავლე.
–ეხლა დაწექი და იფიქრე იმაზე რაც გითხარი.
–ღამე მშვიდობისა,ანგელოზო.
–ღამე მშვიდობისა.




Saturday, 17 March 2012

"დედის დღე"

                                             
გამეღვიძა...

შევყურებ ჩემი საძილე ოთახის ღიასალათისფერ ჭერს და ვფიქრობ:
დღეს 3 მარტია,ეგრეთ წოდებული დედის დღე.კი მაგრამ რატომ?მიჭირს გაგება.არ მესმის,რას ნიშნავს დედის დღე.მახსენდება კომუნისტების პერიოდი,ყოველდღე რაღაც იყო,მგონი ეხლაც აქვთ შემორჩენილი რუსეთში–ავიატორის დღე,მელიორაციის დღე,მშენებელთა დღე,მილიციის  დღე,8 მარტი–ქალთა დღე და ა.შ.
ვერავინ დამაჯერებს,რომ დედა 3 მარტს უფრო უნდა მიყვარდეს ვიდრე 15–ში,20–ში,ან მაისში,სექტემბერში, თუ თებერვალში.ვისაც დედისთვის ყურადღება და სიყვარული დაუკლია მთელი წლის მანძილზე,3 მარტს მირთმეული საჩუქრით ან ყვავილებით შეავსებს?ეს ისეთივე უაზრობაა,როგორც ვალენტინობა,სიყვარულის დღე და ა.შ.ადამიანი გიყვარს სულ,ყოველთვის,ყოველწამს,დღე და ღამე,ზამთარზაფხულ.
განსაკუთრებით დედა.
რატომ არ არის მამის დღე,ძმის,დის,ბებიის,ბაბუის ან თუნდაც შვილის დღე?განა დედებს ათასჯერ მეტად არ უყვართ შვილები,ვიდრე შვილებს დედები?სიყვარულს რად უნდა დღე?მისია დღეც,საუკუნეც და მარადისობაც.თვით ღმერთი სიყვარულია და მაშინ დავაწესოთ ღმერთის დღე.იესოს დღე,ან ღვთისმშობლის დღე.უაზრობაა ხომ? ზოგი შემეკამათება ხომ არისო შობა,აღდგომა,მარიამობა და ა.შ.დიახ,არის და უნდა იყოს კიდეც.ეს თარიღები საკრალურია და სანუკვარი.უდიდესი თარიღები,რომლებიც უდიდეს მოვლენებს უკავშირდება.ასევე ყველა დედას აქვს დაბადების დღე,მართლაც სანუკვარი და საყვარელი დღე შვილებისათვის.მეტყვის ვინმე,რა კავშირშია 3 მარტი და დედა?
ვერა,ვერ აღვიქვავ.ხოდა ისევ ვფიქრობ და ჩემს მონატრებულ დედას ვეფერები გულში:
„ჩემო საბრალო,ჩემო გატანჯულო დედა,ვერცერთი დღე ვერ შემიცვლის შენს მონატრებას,ვერ შემივსებს შენს სიყვარულს,ვერ დამიოკებს უზარმაზარ ტკივილს.ტკივილს იმიტომ,რომ აღარ მყავხარ.ვეღარ ვხედავ შენს თვალებს,შენს ღიმილს.აღარასოდეს მეტყვი „მე კარგად ვარ,შვილო“,მაშინაც კი,როცა ავად ხარ,როცა სევდით გაქვს გული სავსე,როცა მიმალავ დარდს და მაინც მიღიმი,რათა გული არ მატკინო.ერთი უმცირესი ტკივილიც კი არ გინდა მომაყენო,თითქოს უფრო მეტი საზრუნავი არსებობდეს დედამიწაზე,ვიდრე დედაზე ზრუნვაა,ვიდრე დედაზე ფიქრია.ძნელია  კარგი მშობელობა,კარგი მეუღლეობა,კარგი მეგობრობა და ა.შ.მაგრამ ყველაზე ძნელი მაინც კარგი შვილობაა,ყველაზე მთავარი,ყველაზე აუცილებელი.უამისოდ არაფერს დანარჩენს ფასი არა აქვს ცხოვრებაში.რამდენჯერ მიფიქრია,დედა,დადგა კი ჩემგან ადამიანი,ნამდვილი კაცი,როგორიც შენ გინდოდა რომ დამდგარიყო,რისთვისაც არაერთი ღამე გითენებია,უამრავი ცრემლი დაგიღვრია? რა აანაზღაურებს შენ ცრემლებს დედა?ჩემი ცრემლები?ჩემი მოგონებები? დაგვიანებული სიყვარული?დრო ყველაფრის მკურნალიაო–იტყვიან უგუნური ადამიანები.განა ძვირფასი ადამიანის დაკარგვას შეიძლება მკურნალი ყავდეს ვინმე ან რამე?აბა კითხეთ შვილდაკარგულ დედას,მშობელდაკარგულ შვილს,ძმამოკლულ ძმას.არა,არა არის დრო მკურნალი.უდიდესი სიცრუეა ეს,უდიდესი ტყუილი.
სანამ ცოცხალია,ფიქრობ ადამიანი დედაზე და სულ იმის ცდაში ხარ არაფერი დააკლო,არაფერი აწყენინო.განა როდისმე გადაიხდი ამაგს?–ვერა,ვერასოდეს,მაგრამ მაინც ცდილობ,გინდა სულ გულში ჩაკრული გყავდეს და ეხლა შემ მოუყვე ლამაზი ზღაპრები,უმღერო,მოუალერსო, მოეფერო და გამუდმებით უმეორო რომ ძალიან გიყვარს.მაგრამ...ისევ ვუბრუნდებით ცხოვრების სასტიკ ირონიას.ფიქრობ,მაგრამ ვერასოდეს ახერხებ ამას,ვერ ბედავ,გერიდება.ჩვეულებრივად აგრძელებ ცხოვრებას,თითქოს დაუსრულებლად გაგრძელდება ეს ყველაფერი.თუმცა ხვდები,რომ ერთხელაც დედას ვეღარ ნახავ და დაგრჩება ეს უამრავი სათქმელი გულში გამოუთქმელი,შენი ამპარტავნების თუ ზედმეტი პატივმოყვარეობის გამო.მას კი განა ბევრი რამ უნდა?ყველაფერს აიტანს,ყველაფერს მოითმენს.ოღონდ შენ არაფერი მოგაკლდეს,შენს თვალებში სევდას ნუ დაინახავს.მხოლოდ შენს მოწყალე გამოხედვას ელის,შენს სიყვარულს.მხოლოდ ორ სიტყვას,ყველაზე სანატრელს და ყველაზე საოცნებოს ყველა დედისათვის–მიყვარხარ,დედა!
რაც არ უნდა ბევრი გაუკეთო დედას,ყოველთვის ცოტაა,ყოველთვის მცირეა,იმიტომ რომ დედას ყველაზე მეტად შენი ალერსი,შენი სიყვარული სჭირდება.ესაა მისი სიმდიდრე და ქონება,ესაა მისი ბედნიერება.
და მერე,როცა მართლაც ერთ დღეს დედა აღარ გეყოლება,თავში იცემ  ხელებს,ნანობ ყველაფერს, რაც სანანებელია და რაც არა.მაშინღა ხვდები შენს გულგრილობას,შენს ამპარტავნებას და ლამის გული გაგისკდეს დარდისგან.და განუწყვეტლივ ნატრობ,ნეტავ ერთი წუთით,სულ ერთი წუთით დაბრუნდებოდეს.რამდენს ეტყოდი,რამდენს მოეფერებოდი.ფეხებში ჩაუვარდებოდი,მუხლებს დაუკოცნიდი,გულში ჩაიკრავდი და არასოდეს გაუშვებდი ხელს.დგახარ საფლავთან უძლური,სასოწართმეული და ტირიხარ,თითქოს შენს ცრემლებს რამე ფასი ჰქონდეს ახლა.გახსენდება ყველაფერი და ტირიხარ.გულში სინანული ისადგურებს და ცოტათი ემსგავსები ადამიანს.იცოდი,რომ დადგებოდა ეს დღე,ისიც იცოდი,რომ ასე ინანებდი,ასე იტირებდი,მაგრამ მაინც ისე მოიქეცი,როგორც მოიქეცი.დგახარ ასე განადგურებული,დამწუხრებული და მთელი ხმით გინდა იყვირო,მთელ ქვეყანას გააგებინო–მოეფერეთ დედებს,სანამ ცოცხალი გყავთ.
მერე ყველა ნაცნობს თუ უცნობს უმეორებ იგივე სიტყვებს და გიკვირს რომ არ ეფერებიან,არ უფრთხილდებიან,არ ჯერათ შენი.ისევე იქცევიან,როგორც შენ ექცეოდი შენ დედას მის სიცოცხლეში და გიკვირს,ბრაზდები,რა გულქვები და უმადურები არიან ადამიანები.შენ ეს უკვე იცი,განიცადე,გაითავისე და გინდა რომ სხვა ადამიანები დაიცვა,თუმცა თვითონაც არაერთხელ გაგიგია,მოგისმენია,წაგიკითხავს–მოეფერე დედას,გაუფრთხილდი.შენ კი ხანდახან დარეკვაც კი დაგვიწყებია,მოკითხვაც კი არ გაგხსენებია,მოფერებას სულ შემდეგისთვის გადადებდიხოლმე.გეგონა სულ ცოცხალი გეყოლებოდა,არასოდეს დაგტოვებდა და უამრავი დრო გქონდა მოსაფერებლად და მოსასიყვარულებლად.ხოდა დგახარ ეხლა მის საფლავთან და გულწრფელად ნატრობ,ნეტა შენ იყო ეხლა მის ადგილზე.
ფრაგმენტებად,მაგრამ მაინც თითქმის ყველაფერი მახსოვს,დედა.ყოველი შენი ტკივილი,ყოველი შენი დარდი,ყოველი ცრემლი.ეხლა უფრო მეტი მახსოვს,ვიდრე მაშინ,როცა ცოცხალი მყავდი და არ ვფიქრობდი ამაზე.უფრო მეტად განვიცდი ეხლა ყველაფერს.უფრო მეტად ვნანობ.მძიმეა ცრემლი სინანულისა,ძალიან მძიმე,ძალიან მტკივნეული,მაგრამ ეს არის ერთადერთი მაცოცხლებელი,სიცოცხლის განმგრძელებელი.ეს არის უფლის ყველაზე დიდი წყალობა და საჩუქარი.
რატომ ხდება,რომ გარდაცვლილი დედა ყოველთვის უფრო ძვირფასია ვიდრე ცოცხალი?საოცარია,მაგრამა ასეა.და არა მარტო დედა.ალბათ დამეთანხმება ყველა,ვისაც ძვირფასი ადამიანის დაკარგვის სიმწარე განუცდია.
ხოდა ვფიქრობ ეხლა ამაზე ყველაფერზე,დედა,და ისევ მეტირება,ისევ ლამობს დარდი გულიდან ამოფრქვევას.ისევ მეუფლება სინანული და ისევ დაუსრულებლად მინდა გიმეორო–მაპატიე,დედა.
ვიცი,რომ გესმის ჩემი,ვიცი რომ მგრძნობ,ისევე,როგორც ყოველთვის,ისევე როგორც მაშინ,შენს მუცელში რომ ვფართხალებდი,ისევე,როცა ძუძუს მაწოვებდი,როცა ხელში მაძინებდი,დაღლილი,ღამენათევი,ლამის დაცემამდე დაქანცული მაგრამ მაინც ბედნიერი,ბედნიერი ჩემი არსებობით.იმ პატარა არსებით,
რომელიც სიცოცხლეზე ძვირფასი გახდა შენთვის.მგრძნობ და ჩემი ცრემლები გულს გიკლავს.გინდა რომ მომეფერო,დამამშვიდო,გულში ჩამიკრა.მე კი არ შემიძლია,ვერ ვმშვიდდები.
ვერ დავწყნარდები,სანამ არ გნახავ,საბოლოოდ,სამუდამოდ,სანამ ისევ გულში არ ჩაგეკვრები და პატიებას არ გთხოვ.პატიებას ყოველი წუთი დაკლებული ყურადღების და ალერსი გამო,ყოველი წამი დაკლებული სითბოსა და სიყვარულის გამო.ვერ დავწყნარდები,სანამ არ გნახავ ბედნიერს,გაბრწყინებულს,უფალთან დავანებულს.ამიტომ–ვილოცებ,ვინატრებ,შევევედრები უფალს შენს სულს სანამ შემეძლება,სანამ უკანასკნელი სუნთქვა აღმომხდება,სანამ ღმერთი მომცემს ამის ძალას.ეხლა მაინც მეყვარები ისე,როგორც მაშინ უნდა მყვარებოდი,ცოცხალი რომ მყავდი,ახლოში,გვერდით.
...და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის 3 მარტია თუ არა.
იმიტომ,რომ ყოველი დღე ჩემთვის დედის დღეა,ყოველი წუთი,ყოველი წამი.იმიტომ რომ სულ ჩემთან ხარ,სულ შენზე ვფიქრობ განუწყვეტლივ,იმიტომ რომ ჩემში ხარ ისევე,როგორც მე ვიყავი ოდესღაც შენს სხეულში.ჩემი გულის,ჩემი სულის უდიდესი ნაწილი ხარ.იმიტომ რომ...მიყვარხარ,დედა!!!“

შევყურებ ჩემი საძილე ოთახის ღია სალათისფერ ჭერს და ვფიქრობ– რა მნიშვნელობა აქვს რა დღეა დღეს?–დედისაა ყოველი დღე, ყოველი წუთი და ყოველი წამი.7 დღე კვირაში,24 საათი დღეში და მართლაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს 3 მარტია დღეს თუ 15 ოქტომბერი.

...და ისევ,ყველას გასაგონად,მთელი ხმით მინდა ვიყვირო–მოეფერეთ დედას,სანამ ცოცხალი გყავთ–გევედრებით ყველას!!!