ნაწილი 1
სასამართლო
გათენდა.წვიმის წვეთები ჯერ კიდებ შემორჩენოდა ირგვლივ ყოველივეს.მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა და აგერ,სულ ახლახანს,გამთენიისას გადაიღო.პატარა ქალაქი აფორიაქებულიყო.შფოთავდა დიდი და პატარა.წვიმის გამო არა,რა თქმა უნდა.დღეს იწყებოდა სასამართლო პროცესი იმ გახმაურებული საქმისა,რამაც ამ პატარა ქალაქის ყოველი მაცხოვრებელი სულით ხორცამდე შეძრა.ჯაბა დანელიძემ საკუთარი შვიდი თვის ფეხმძიმე მეუღლე თათია უმოწყალოდ ჩაცხრილა და საყვარელიც,როგორც გამოძიება ვარაუდობდა,ზედ დააკლა.
ეს ამბავი 1994 წელს მოხდა.
თათიას მთელი ქალაქი იცნობდა.ბავშვთა ექიმი გახლდათ და თითქმის ყველა ოჯახში ნამყოფი იყო.ყველას უზომოდ უყვარდა ეს ლამაზი და სათნო ქალი.მეხივით დაიქუხა მისი მკვლელობის ამბავმა.გაოგნებულ ხალხს დიდხანს არ სჯეროდა ეს ,ვიღაცის მონაჭორი ეგონათ,მაგრამ ასეთ პატარა ქალაქში არაფერი იმალება.ოფიციალურადაც გამოაცხადეს და თუ ვინმეს კიდევ იმედი ჰქონდა,რომ ტყუილი გამოდგებოდა,სამუდამოდ გაუქარწყლეს და დაუსამარეს ეს იმედი.მისი ღალატის და ორგულობის არავის სჯეროდა,მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა.ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.გადაჭრილი ავტომატით დაცხრილა და ერთერთი დაუნდობელი კრიმინალი,მეტსახელად „ბოშაც“ ზედ დააკლა.თათიას ოთხი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი,ორი მუცელში,ერთი მკერდის არეში და ერთიც ყელში.“ბოშას“ კი მკერდი ჰქონდა მიბჯრით დაცხრილული.
“ბოშა“ არავის უყვარდა.სიგლახის და არაკაცობის მეტი არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში.ყველას შიშის ზარს სცემდა.არავინ იცოდა,რატომ აბოგინებდა პოლიცია მას თავისუფლად და არ იჭერდა,როცა დღეში ათი მიზეზი მაინც ჰქონდა ამისა.ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო,არავის სჯეროდა,რომ თათია „ბოშას“ საყვარელი შეიძლებოდა ყოფილიყო,თუმცა გამოძიება ჯიუტად ამტკიცებდა ამ ვერსიას და ყოველი დეტალის გამჟღავნებას სასამართლოზე პირდებოდა ხალხს.ამიტომაც იყო ასეთი დიდი მოლოდინი ამ პროცესის მიმართ.
სიმართლე უნდა ითქვას,“ბოშას“ სიკვდილზე არავის დაწყვეტია გული და ბევრმა ჩუმად გაიხარა კიდეც,მაგრამ თათიას მკვლელობას როგორ აპატიებდნენ ქმარს?რაც არ უნდა ყოფილიყო,ფეხმძიმე ქალი გაიმეტა და დაუნდობლად მოკლა.
ქალაქს დიდი ციხე არ ჰქონდა.გამწარებული და აღშფოთებული მაცხოვრებლები ციხეს მიადგნენ და დაპატიმრებულის გადაცემა მოითხოვეს.პოლიციის გაძლიერებული რაზმები რომ არა,ვერავინ შეაკავებდა გამძვინვარებულ ბრბოს,რომელსაც დანელიძის ლინჩის წესით გასამართლება უნდოდა.საეჭვო არაფერი იყო.ბრალდებულმა პირველივე წუთიდან თავი დამნაშავედ ცნო და დანაშაული აღიარა.
აი ეს არის სულ,ძალიან მოკლედ,რაც ამ სასამართლო პროცესს უძღოდა წინ,რომელიც ეს ესაა დაიწყებოდა.ქალაქის ყველაზე დიდი დარბაზიც კი იმ ზღვა ხალხის მეათედსაც ვერ გასწვდებოდა ,რაც სასამართლოს შენობას მიაწყდა.
მოსამართლე ქალი გახლდათ.მკაცრი,დაუნდობელი,მაგრამ სამართლიანი ცისანა ქურდოვანიძე.ეს ქალი შეწყალებით და დანდობით არავის დაინდობდა.ცხოვრებაში მრავალნატანჯი ეს მარტოხელა ქალი არავის შეიბრალებდა.მთელი სიმკაცრით სჯიდა დამნაშავეს.მაგრამ თუ ოდნავ მაინც შეეპარებოდა ეჭვი ბრალდებულის დანაშაულში,ციხეში არ გაუშვებდა,სანამ ბოლო დეტალს არ გაარკვევდა და დარწმუნდებოდა,რომ მართლაც დამნაშავე იყო ან არა.ქურდოვანიძე სპეციალურად დანიშნეს ამ პროცესზე.სამართადამცველებს არანაკლებ უყვარდათ თათია ექიმი და მისი მკვლელის მაქსიმალურად დასჯა ეწადათ.ასეთ საქმეში კი მოსამართლე ქალზე,და მით უმეტეს ქურდოვანიძეზე უკეთესს ვერავის ნახავდნენ.ქალი,რომელიც ფეხმძიმე ქალის მკვლელობის საქმეს იხილავდა,სასტიკად დასჯიდა დამნაშავეს.
პროცესზე დიდხანს აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.ვეცდები მაქსიმალურად მოკლედ აგიწეროთ მისი მიმდინარეობა.
დანაშაულის მტკიცებულებანი აშკარა იყო.გამოირკვა,რომ ჯაბას და „ბოშას“ ერთ სკოლაში უსწავლიათ და ჯერ კიდევ მაშინ დაწყებულა მათი მტრობა.ურთიერთშეტაკებამდეც ბევრჯერ მისულა საქმე წარსულში.“ბოშა“ ჯაბაზე სამი წლით უფროსი იყო.ჯერ კიდევ სკოლაში გაითქვა სახელი თავისი შავი საქმეებით.დედა ყავდა მართალია არც მთლად ბოშურ ყაიდაზე გაზრდილი ქალი,მაგრამ მაინც ბოშა და რომა კაიდანოვსაც მეტსახელად „ბოშა“ შეარქვეს.
ჩხუბი კი „ბოშას“და ჯაბას ათას რამეზე მოსდიოდათ.ჯაბა სხვებივით არ უხრიდა თავს თავისზე უფროს მჩაგვრელს და მართალია არ ეპუებოდა,მაინც სულ გალახული დადიოდა.მათი შუღლი და მტრობა სკოლის შემდეგაც გაგრძელდა და გაძლიერდა იმ ყველაზე ბანალური და ხშირი მიზეზის გამო,რასაც ქალი ჰქვია.დიახ,ცხოვრებამ აქაც ერთმანეთს დააჯახა დაუძინებელი მტრები–ორივეს თათია უყვარდა.თითქოს მათი მტრობა ცოტა ჩაცხრა კიდეც,როდესაც თათიამ თავისი არჩევანი ჯაბაზე გააკეთა,მაგრამ თურმე მთლად ასეც არ ყოფილა საქმე და რამდენად სამწუხარო და დაუჯერებელიც არ უნდა გამოჩენიყო თათიას მოყვარული ადამიანებისთვის,მისი ჯერ არდაბადებული ნაყოფის ბიოლოგიური მამა „ბოშა“ აღმოჩნდა,რამაც საგონებელში ჩააგდო უამრავი ადამიანი.ისიც კი გაიფიქრეს,ექსპერტიზამ ხომ არაფერი იმაიმუნაო,იმდენად დაუჯერებლად ეჩვენათ ეს ინფორმაცია.ეხლა უკვე ვერც თათია და ვერც „ბოშა“ ვერაფერს იტყოდნენ.ერთადერთი მოწმე,მაგრამ ამავე დროს ბრალდებული,ჯაბა გახლდათ,რომელიც კატეგორიულად უარყოფდა თათიას და „ბოშას“ კავშირს,მაგრამ მკვლელობას ეჭვიანობის ნიადაგზე უყოყმანოდ აღიარებდა.ბევრს უნდოდა დაეჯერებინა ეს სასურველი სიმართლე ჯაბასთვის,მაგრამ ფაქტს ვერსად გაექცეოდნენ,თათია შვილს „ბოშასგან“ ელოდა.
იყვნენ მოწმეებიც.მაგალითად ჯაბას რამდენიმე თანამშრომელმა დაადასტურა,რომ იმ ავადსახსენებელ დღეს ჯაბას ტელეფონზე „კეთილისმსურველებმა“ დაურეკეს,რის შემდეგაც გაფითრებული კაცი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა სახლში და მოხდა ის,რაც მოხდა.ერთმა მეზობელმა დაინახა,როგორი გადარეული თვალებით შევარდა ჯაბა სადარბაზოში.მოპიდარპირე სახლის ერთერთმა მაცხოვრებელმა,როდესაც რამდენიმე გასროლის ხმა გაიგო,ჯაბას ფანჯარაში გარკვევით დაინახა ბრალდებული,რომელსაც იარაღი ჰქონდა მიბჯენილი დაჩოქილ მამაკაცზე,სავარაუდოდ მავედრებელ „ბოშაზე“,რომელსაც ხელებით რაღაცას უყვიროდა და ცოტა ხანში ცეცხლმაც გაანათა,რის შემდეგაც მუხლებზე მდგომი მამაკაცი დაეცა და აღარ განძრეულა,ჯაბამ კი იარაღი დააგდო და თავი ხელებში ჩარგო.
ბოლოს და ბოლოს ვერსად გაექცეოდნენ იარაღის ჩახმახზე დატოვებულ თითის ანაბეჭდებს,რომელიც ჯაბას ეკუთვნოდა.
გაქცევა არც უცდია და არც ჰქონდა აზრი.სულ რამდენიმე წუთში პოლიციელებმა კარები შეანგრიეს და სისხლში მოთხვრილი ჯაბა დააკავეს.
ბრალდებულმა ყველაფერი უყოყმანოდ დაადასტურა და სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული.ყველაფერი ნათელი იყო.მოხდა საზარელი მკვლელობა,რომლის ყოველი დეტალი სასამართლოზე გაირკვა და უკვე არავის ეპარებოდა ეჭვი,რომ ყველაფერი სწორედ ასე მოხდა.
ერთადერთი,სულ ერთადერთი პატარა დეტალი დარჩა გასარკვევი.ვინ დაურეკა ჯაბას ტელეფონზე.ნომერი უცნობი იყო და მისი პატრონის ვინაობა ვერ დაადგინეს და ვერ გაარკვიეს,ვის შეიძლებოდა სცოდნოდა „ბოშას“ ვიზიტი თათიასთან,ასე ოპერატიულად რომ შეატყობინეს ჯაბას და ასეთი საზარელი მკვლელობა ჩაადენინეს.მხოლოდ ის იცოდნენ,რომ ტელეფონი მკვლელობის ახლო რადიუსში ფიქსირდებოდა.სულ ეს იყო.
ეს კითხვა ძალიან აწუხებდა ცისანა ქურდოვანიძეს,მაგრამ არ აწუხებდა არც ბრალდების და არც დაცვის მხარეს.ეს შეიძლებოდა ნებისმიერი ყოფილიყო,ვისაც თუნდაც ეჭვი დაებადა და ჯაბას შეატყობინა.ეს აღარ იყო მნიშვნელოვანი.მთავარია რომ მკვლელობის დეტალები ცნობილი იყო და არც არავინ უარყოფდა ამას.დაინახეს კიდეც იარაღით ხელში და ახლა რა ზღაპარიც არ უნდა შეგეთხზათ,არაფერი აღარ შეიცვლებოდა.ქურდოვანიძემაც გაითვალისწინა ეს ყველაფერი,და შეიძლება პირველად თავის ცხოვრებაში,უფრო ალბათ საზოგადოების ზეწოლის განცდის გამო,თვალი დახუჭა ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალზე და ორკვირიანი სასამართლო პროცესის შემდეგ ჯაბა დანელიძეს 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ვერ გეტყვით,ვინ კმაყოფილი დარჩა ამ პროცესით,ვინ უკმაყოფილო,მაგრამ როგორც იტყვიან სამართალმა პური ჭამა და იქ მიცვალებულებმა მოისვენეს და აქ ცოცხლებმა.
მაგრამ მოისვენეს კი?...
ნაწილი 2
მამა დავითი
იდგა 2011 წელი
მამა დავითი ბევრს უყვარდა.ბევრის მესაიდუმლე და ნუგეშისმცემელი გახლდათ,მითუფრო პატიმრებისთვის.როგორც ჭეშმარიტ მოძღვარს,განსაკუთრებით სნეულნი,უმწეონი და ტყვედ მყოფი ადამიანები უყვარდა და შეძლებისდაგვარად ზრუნავდა მათზე.აი ახლაც,ერთერთი პატიმრის საკნიდან მოდიოდა აცრემლებული და დადარდიანებული.პატიმრისა,რომელსაც საპატიმროში მძიმე სენი შეყროდა და ალბათ სულ მალე სიკვდილ–სიცოცხლის გზაგასაყართან დადგებოდა.
მოძღვარს ტყუილად არ ეძახიან ღვთის მოციქულს.ის უამრავ საიდუმლოს ინახავს,უამრავ ცოდვასა და სიგლახეს უნდობს ადამიანებს.მასში შვებას პოულობენ ადამიანები,ნუგეშს,იმედს,სიხარულს,ვინც უფალს ეძებს და მინდობილია მასზე.კარგი მოძღვარი პატარა სასუფეველია.მასში იპოვი სიმშვიდეს,სათნოებას,სიკეთეს,სიყვარულს და რაც ყველაზე მთავარია–ღმერთს,ყველაზე ძვირფას,სანატრელ და საოცნებო არსებას ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის.
ათასნაირი აღსარება და დანაშაული მოუსმენია მამა დავითს თავისი ცხოვრების მანძილზე,მაგრამ ასეთი რამ არც გაუგია,და ვერც დაიჯერებდა სხვას რომ მოეყოლა.ის მოდიოდა პატიმრისგან,რომლისგანაც ყველაზე საოცარი აღსარება მოისმინა თავის ცხოვრებაში,რომელმაც ყველაზე მეტად გააოცა,ააფორიაქა,აატირა და ასე დაადარდიანა ეს სათნო და ტკბილი ბერიკაცი.
დიახ,სწორად გამოიცანით.ეს პატიმარი ჯაბა დანელიძე გახლდათ,რომელიც გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას და სანამ სამარადისო სამყაროში გადაინაცვლებდა,უკანასკნელი სიტყვა დაუტოვა ამ მძიმე მომენტში მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს,მამა დავითს.თავისი ცხოვრების ყველაზე დაფარული დეტალები გაანდო და უფალს მიანდო მისი სულის მომავალი ბედი.
მამა დავითმა ყურადღებით მოუსმინა პატიმარს.დიდხანს უსმენდა გაუნძრევლად,გაოცებული თვალებით შესცქეროდა და ხმას არ იღებდა. ბოლოს,ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მიუბრუნდა და უთხრა:
–შვილო ჩემო,მე ზიარებას ვერ მოგცემ,სანამ ყველაფერს არ დამიწერ და გამომიგზავნი.კარგად დაალაგე ყველაფერი,არცერთი დეტალი რომ არ გამოგრჩეს.ისე,როგორც მე მომიყევი.შემდეგ ზედამხედველს გამოატანე და მომიტანს.როგორც კი მივიღებ,მოვალ და გაზიარებო.
შეწუხდა ჯაბა–არ ვენდობი ზედამხედველს მამაო,წაიკითხავსო.მაგრამ მამა დავითმა კატეგორიულად მოსთხოვა მითითების შესრულება და დაარწმუნა,რომ ასე იყო საჭირო.წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ აზიარებდა და უზიარებელი დატოვებდა ამ ცოდვილ ქვეყანას.ზედამხედველს კი მოელაპარაკებოდა,გააფრთხილებდა,რომ წერილი არ წაეკითხა და პირდაპირ მასთან მიეტანა.სხვა რა გზა იყო,ურჩობას ვერ გაუბედავდა ამ სათნო და საყვარელ მოძღვარს.ეს ერთადერთი ადამიანი იყო დედამიწის ზურგზე,ვისაც ენდობოდა და როგორ გაბედავდა წინ აღდგომოდა მის მითითებას.რომ ებრძანებინა სხეული ნაწილნაწილ დაიჩეხე და დაინაკუწეო,ამასაც უსიტყვოდ შეასრულებდა.ასეც გადაწყდა.
სულ სხვა რამ სტანჯავდა მამა დავითს.სტანჯავდა ცოდვა,რომელზეც შეგნებულად გადაწვიტა წასვლა.ეს არგაგონილი და დაუჯერებელი მსხვერპლი იყო.მან იცოდა,რომ რასაც სჩადიოდა,არ უნდა ჩაედინა,არ შეიძლებოდა,მაგრამ სხვა გამოსავალსაც ვერ ხედავდა.ისეთი რამ მოისმინა,რომ ამის დამალვა არაფრით არ შეიძლებოდა.არ შეიძლებოდა ადამიანს თან წაეღო ასეთი საიდუმლო,სხვებს რომ არ ცოდნოდათ.აღსარების გათქმას როგორ გაბედავდა?არა,ამას ვერასოდეს ვერ ჩაიდენდა.ისიც კარგად იცოდა,რომ ადამიანი რომელიც 17 წელიწადი ასეთ საიდუმლოს მალავდა და არ ამბობდა,ახლა,სიკვდილის წინ არავითარ შემთხვევაში არ გათქვამდა.მას მხოლოდ უფალთან უნდოდა პირნათელი წარმსდგარიყო და იმიტომაც ჩააბარა აღსარება მამა დავითს და საერთოდ არ აინტერესებდა,რა სახელს დატოვებდა აქ,დედამიწაზე.
მამა დავითს კი ამის დაშვება არ შეეძლო.შეძრული და გაოგნებული ისმენდა ამ საოცარ აღსარებას და ნელნელა უმწიფდებოდა გულში ის ცოდვა,რომელზედაზ ზემოთ მოგახსენეთ.
მოკლედ,მამა დავითმა გადაწყვიტა,რადაც არ უნდა დაჯდომოდა,ჯაბას ისტორია სააშკარაოზე გამოეტანა და ეს ასეთი გზით გადაწყვიტა:
მან კარგად იცოდა,რომ ზედამხედველი აუცილებლად წაიკითხავდა ჯაბას წერილს.ერთი სიტყვაც არ გადიოდა კამერიდან ზედამხედველის ან ციხის უფროსის მეთვალყურეობის გარეშე და ამაში ისე იყო დარწმუნებული,ზედამხედველს მუხლებზე დაჩოქილს ფიციც რომ დაედო,არ წავიკითხავო,არ დაუჯერებდა.ამიტომაც დაავალა მისი დაწერა.ოღონდ ყველაფერი ისე დაეწერა,როგორც მოუყვა და შემდეგ ციხიდან გატანა და სათანადო ადამიანების ყურამდე მისი მიტანა უკვე არც ისე ძნელი იქნებოდა.ამიტომაც ჩაიფიქრა ეს გეგმა და მართალია სტანჯავდა სირცხვილის განცდა,მაგრამ სხვაგვარად ვერ წარმოედგინა.რისკზეც კი წავიდა.ზედამხედველი მართლაც სასტიკად გააფრთხილა,წერილი არ წაეკითხა და მისთვის ხელუხლებლად გადაეცა.თუმცა გრძნობდა,რომ ამით უფრო ინტერესში აგდებდა და ცოცხალი თავით წაუკითხავ წერილს არავინ გაიტანდა ციხიდან.აი,ამას თვლიდა თავის ცოდვად და რცხვენოდა,იტანჯებოდა,მაგრამ ღმერთს ევედრებოდა უკვე პატიებას და შენდობას,რამეთუ ეს დანაშაული კაცთმოყვარეობით და სიყვარულით იყო გამოწვეული და უდიდეს ღვთიურ საქმეს ემსახურებოდა–ჭეშმარიტებას.
მამა დავითმა ყველაფერი ზუსტად გათვალა.მალე წერილიც მიიღო და სასწრაფოდ გაემართა ციხისკენ.მთელი სულით და უდიდესი სიყვარულით,ისე,როგორც არასდროს თავის სიცოცხლეში, აზიარა პატიმარი და დატოვა საკანი.ერთი სული ჰქონდა,ციხის ადმინისტრაცია ენახა.
ციხის უფროსმა ყურადღებით მოუსმინა მამა დავითს და სასწრაფოდ მორიგე ზედამხედველი გამოიძახა.აგერ უკვე თხუთმეტი წელია ერთმანეთს იცნობდნენ და რა უნდა ყოფილიყო ისეთი,მამა დავითის თხოვნა რომ არ გაეთვალისწინებინა.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,მისი მოძღვარიც სწორედ მამა დავითი იყო.
ზედამხედველმა რა თქმა უნდა იუარა წერილის წაკითხვა,მაგრამ მცირეოდენი ზეწოლის შემდეგ აღიარა,რომ თვითონაც და სართულის უფროსმაც პატიმრის წერილი გულდასმით წაიკითხეს,სანამ მას მამა დავითთან გაატანდნენ.გამოიძახეს სართულის უფროსიც და ბოლოს და ბოლოს მანაც აღიარა წერილის წაკითხვა.
მამა დავითმა სთხოვა ორივეს,მაქსიმალურად ზუსტად აღედგინათ წერილის შინაარსი,დაეწერათ და პროკურატურაში ჩაებარებინათ,რაზეც ორივესგან უყოყმანო პირობა მიიღო.
ამის შემდეგ ჭეშმარიტებამ თავისით გაიკვალა გზა და სამართლიან დასასრულამდე მივიდა.მე კი,ჩემო ძვირფასო მკითხველო,ისღა დამრჩენია,წერილის შინაარსი გაგაცნოთ.
ნაწილი 3
წერილი
...და აი ისიც:
„მამა არ მახსოვს,ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე გარდაცვლილა.დედა მარტო მზრდიდა.ბევრი წვალება და ტანჯვა უნახავს,მაგრამ გაჭირვებას არ შეუშინებია.გამზარდა,კაცად მაქცია,სითბო და ყურადღება არ მოუკლია.თავის ბედნიერებაზე აღარასოდეს უფიქრია,მთელი სიცოცხლე მე შემომწირა.რომ წამოვიზარდე,მაშინ გავაცნობიერე,რომ დედას გული აწუხებდა.მანამდე ვერ ვგრძნობდი ამას,ვერ ვხვდებოდი.წამლებს ხშირად სვამდა.ხშირად სასწრაფოც გამოგვიძახია.37 წლის ასაკში ინფარქტიც გადაიტანა.ვცხოვრობდით ასე,როგორც შეგვეძლო და გაგვქონდა თავი.
სკოლაში კარგად ვსწავლობდი.შეიძლება საუკეთესო არა,მაგრამ არც ჩამორჩენილი მოსწავლე ვიყავი.მამის მზრუნველობამოკლებულს,მეგობრები მიყვარდა და მათით ვინაზღაურებდი დანაკლისს.ისინიც არ მაკლებდნენ სითბოს და სიყვარულს.უსამართლობა ყოველთვის მეზიზღებოდა.
ერთი ავარდნილი ბიჭი სწავლობდა ჩვენს სკოლაში,“ბოშას“ ეძახდნენ.ყველას ჩაგრავდა და ავიწროებდა.როგორც ხშირად ხდება ხოლმე,ამოუდგებოდნენ გვერდით მშიშარა ტურები,მეგობრებად რომ ასაღებდნენ თავს და რასაც „ბოშა“ მოისურვებდა,ყველაფერს უსრულებდნენ.ეშინოდათ მისი.ესეც გათამამებული და გაამპარტავნებული, ვისაც უნდოდა,იმას ჩაგრავდა.ხან გოგონებს წაეტმასნებოდა,ხან ბიჭებს მათ თვალწინ დააჩმორებდა და დაამცირებდა.ვერ ვეგუებოდი და ყოველთვის წინ აღვუდგებოდი ხოლმე მის გამოხტომებს.სამი წლით უფროსი იყო ჩემზე და მერეოდა,თან ტურების მთელის ხროვა ყავდა გამუდმებით გვერდში.მე კი ყოველთვის მარტო ვიყავი,ყველას ეშინოდა მისი.ასე გადავემტერეთ ერთმანეთს,არაფერს არ ვუთმობდი.მცემდა,მაინც არ ვეშვებოდი.ერთხელ ისე დავულურჯე თვალი,ორი კვირა სკოლაში არ დადიოდა.მერე ბნელ კუთხეში დამხვდა და დანა დამიძრო.
–რა იყო,უკვე შენი ტურების იმედი არ გაქვს და დანას მიძრობ?დამარტყი,თუ ასეთი მაგარი ხარ მეთქი–ვუთხარი.არ ელოდა,შეცბა.ეგონა დანის დანახვაზე მუხლები ამიკანკალდებოდა და ფეხებში ჩაუვარდებოდი.დაკეცა და ჯიბეში ჩაიდო.რაში მჭირდება შენთან დანა შე ლაწირაკო,ისედაც გაგბერავ ცემითო.არ ვიცი,ხელი აღარ დაურტყია.გამიშვა–იცოდე დალურჯებულ თვალს არ გაპატიებ და დედას გიტირებო–დამემუქრა და დამანება თავი.
სკოლა რომ დავამთავრეთ ერთი ლამაზი გოგო შემიყვარდა,თათია ერქვა.თურმე „ბოშასაც“ ყვარებია და სულ კუდში დასდევდა.რომ გაიგო მეც მიყვარდა,სულ გადაირია.მეგონა ახლა კი არაფერი მიშველის,ან ის ივლის ამ მიწაზე,ან მე მეთქი.საყვარელ ქალზე უარს ვერ ვიტყოდი.ერთხელ ქუჩაზე რომ გადავდიოდი,მანქანა დამაჯახა და დამამტვრია.სამი თვე საავადმყოფოში ვიწექი.“ბოშა“ კი არხეინად დადიოდა გარეთ,არავინ ერჩოდა.თავიდან მიკვირდა,ამდენი საზიზღრობის ჩამდენს ციხეში რატომ არ უშვებენ მეთქი,მაგრამ მიზეზი სულ უბრალო და ბანალური აღმოჩნდა.დედამისი,ბოშა ქალი,პოლიციის უფროსის საყვარელი ყოფილა და აბა ვინ დაიჭერდა?
ჩემი დამტვრევის ამბავი რომ გაიგო,თათიამ კატეგორიულად მომთხოვა სასწრაფოდ დაქორწინება,ვიდრე „ბოშა“ საბოლოოდ არ მომიღებდა ბოლოს.ასეც მოვიქეცით.
ქორწილიდან რამდენიმე დღის შემდეგ,დედა გარდამეცვალა.მესამე ინფარქტი ვეღარ გადაიტანა.დაკრძალვის შემდეგ მის ნივთებს რომ ვალაგებდი,სკივრში წერილი აღმოვაჩინე და გავხსენი.დედის წერილი იყო.აი,რა ეწერა შიგ:
„ჯაბა,შვილო,ნეტავ იცოდე როგორი დამნაშავე ვარ შენს წინაშე,გარდაცვლილი მამაშენის და კიდევ ერთი ადამიანის წინაშე,რომლის ასავალდასავალიც არ ვიცი.მე შენ როდისმე აუცილებლად მოგიყვები ყველაფერს,მაგრამ ჯერ არ შემიძლია,ვერ ვბედავ.ამ წერილს იმიტომ ვწერ,თუ უფალმა ინება და ვერ მოვასწარი იმის თქმა,რაც მაწუხებს,წაიკითხავ და გეცოდინება.თუ ამ წერილს კითხულობ,ესე იგი ცოცხალმა ვერ გავბედე საიდუმლოს გამხელა და შენდობას და პატიებას გთხოვ ამისთვის.
აჩიკო და მე რომ დავქორწინდით,მას 5 თვის პატარა ბავშვი ჰყავდა პირველი ქორწინებიდან.ცოლს ბავშვი მისთვის მიუგდია და საყვარელთან ერთად სადღაც გადაკარგულიყო.მერე შევხვდი მე.შეგვიყვარდა ერთმანეთი და დავქორწინდით.მე რომ დავფეხმძიმდი,პატარა საბა 2 წლის და რაღაც თვეების იყო.მერე უეცრად არჩილი გარდაიცვალა.დავრჩი მარტო,ფეხმძიმე ქალი პატარა ბავშვით ხელში.რამდენიმე თვე ვიწვალე,ვიბრძოლე,მაგრამ თავს ვეღარ მოვერიე და პატარა საბა ბავშვთა სახლში ჩავაბარე.რა ვქნა,ვერაფრით ვერ შევიყვარე,ვერ გავითავისე.არჩილის სიკვდილის შემდეგ კი საერთოდ ავიყარე მასზე გული.ახლა კი ძალიან ვნანობ ამას,მაგრამ მოსახდენი მოხდა და უკან ვეღარ დავაბრუნებ ვერაფერს.მერე შენ გაჩნდი და თავისთავად საბა გადამავიწყდა.თუმცა რამდენიმე წლის მერე მოვიკითხე,მაგრამ ვერაფერი გავიგე.ჯერ ისე შემხვდნენ,თითქოს შვილის მკვლელი ვყოფილიყავი.მერე ცივად მომიგეს–გავაშვილეთო და ამიკრძალეს ამ თემაზე როდისმე რაიმეს გამოკითხვა.მეც შევეგუე ბედს და ასე გაგზარდე დარდსა და წვალებაში.სინდისი ქენჯნა ყოველთვის თან დამყვებოდა და გულიც დამიავადდა ამის გამო.ალბათ უფალი საკადრის სასჯელს მომიზღავს ჩემი ცოდვების გამო.შენ კი ჩემო ერთო,ჩემო საყვარელო,ჩემო წვალებით და ტანჯვით გაზრდილო ბიჭო,მოძებნე შენი ძმა თუ შეძლებ,ჩაუვარდი ფეხებში ჩემს მაგივრად და პატიება სთხოვე.საბა ქვია,დანელიძე...ეეჰ,თუმცა ვინ იცის რა ქვია ეხლა,ალბათ შეუცვალეს კიდეც.მე მაგ სახელით ჩუმად ვეძებდი,მაგრამ ვერ მივაკვლიე.იქნებ შენ შეძლო.მაპატიე,ჯაბა,შეიბრალე შენი საბრალო დედა და ნუ განსჯი ძალიან მკაცრად.იპოვე შენი ძმა და ჩაიკარი გულში.მაშინ ჩემი სულიც მოისვენებს“
ამ წერილმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.გული ამიტირა,სული ამიფორიაქა.ძმა უნდა მეპოვა,მაგრამ სად?არც ბავშვთა სახლი ვიცოდი,არც სხვა რამ მონაცემები,არც ახლანდელი სახელი.სად უნდა მეძებნა?მაინც არ მოვისვენე.გამწარებული დავიწყე ძებნა,მაგრამ ამაოდ.ვერავითარ კვალს ვერ მივაგენი.გაზეთშიც გავაცხადე,ტელევიზიაშიც ვიყავი ერთხელ.ყველა ავაწრიალე,ვისაც დახმარება შეეძლო,მაგრამ ამაოდ.ვერაფერი ვერ გავიგე.ასეთ გაწამაწიაში ვიყავი,როცა ახალი უბედურება დამატყდა თავს.
ერთ დღეს,სახლში რომ მივედი,მეუღლე აბაზანაში დამხვდა ვენებგადაჭრილი.თავზარი დამეცა,კინაღამ გონება დავკარგე.თვალებს არ ვუჯერებდი.რა ხდებოდა ჩემს თავს?სასწრაფო გამოვიძახე.მოვასწარი.ღვთის წყალობით თათია გადავარჩინეთ.მაგრამ თვალებში არ მიყურებდა,მიზეზს არ მეუბნებოდა.გამუდმებით ტიროდა და სიკვდილს ნატრობდა.დიდი დრო დამჭირდა თათიას დასაწყნარებლად,დიდი გულმოდგინება და თავგამოდება.ვევდრებოდი,ოღონდ ჩემთვის მიზეზი ეთქვა და ყველაფერს გავაკეთებდი,რომ მისი დარდი და ტკივილი შემემსუბუქებინა.მაინც არ მეუბნებოდა,მეხვეწებოდა ცოტა დრო მომეციო.ბოლოს,როგორ იქნა გაბედა და მითხრა.“ბოშა“ შემომეჭრა სახლში,იარაღი დამადო შუბლზე და გამაუპატიურაო.
ვერ აგიწერთ,მამაო, იმ წამს ჩემზე მეტად თუ ვინმეს უნდოდა სიკვდილი,ჩემზე მეტად თუ ვინმე გრძნობდა თავს დამცირებულად,დათრგუნულად,განადგურებულად.საერთოდ ადამიანი ვიყავი კი?ყველაზე უბადრუკ და უსუსურ არსებად ვიქეცი ერთ წუთში.ქვეწარმავლად,მღრღნელად,მხოხავ არსევად,რა ვიცი,როგორც გენებოთ,ისე წარმოიდგინეთ.მე მაშინ მოვკვდი,სულით მოვკვდი და დავრჩი ცარიელი,გამოფიტული სხეული.მაგრამ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა.არარაობის შეგრძნება შურისძიებამ შეცვალა,ისეთმა ძლიერმა,აუტანელმა,რომ ვერა ძალა ამას ვერ შეედრებოდა,ვერც სიყვარული,ვერც სხვა რამ ძლიერი.ისე ვიყავი ანთებული რისხვისაგან,კლდეებს დავფშვნიდი და დავაქუცმაცებდი.პოლიციაში წასვლა უცებ გადავიფიქრე.ჯერ ერთი „ბოშა“ დედამისის საყვარლის წყალობით გამოძვრებოდა და ჩემს მეუღლეს საქვეყნოდ გამოვუჭენებდი ამ სირცხვილს,რასაც ვერ გადაიტანდა და მეორე,ეს არ იქნებოდა ის ტკბილი შურისძიება,რაც ასე მწვავდა და მანადგურებდა.თათიას ვუთხარი,რომ ეს მხოლოდ ჩვენ ორს გვეცოდინებოდა და ვერასოდეს ვერავინ ამის შესახებ ვერ გაიგებდა,დანარჩენს კი მე მოვაგვარებდი.საწყალი გოგო დაწყნარდა და იმედიანი თვალებით შემომხედა.
დავიწყე „ბოშას“ ძებნა,მაგრამ ეტყოდა კარგად იცოდა რაც ელოდა ჩადენილი არამზადობის გამო და დაიკარგა,გაქრა.როდემდე დაიმალებოდა?სად ჩაძვრებოდა?მაინც ვიპოვიდი და ნაკუწნაკუწ დავფლეთდი.ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა.
ამასობაში კი ბედის კიდევ ერთი დარტყმა გველოდა თურმე.თათია და მე სამი წელი ბავშვზე ვოცნებობდით,მაგრამ არაფრით არ ფეხმძიმდებოდა.ექიმებთანაც ვიყავით,მაგრამ ყველაფერი ორივეს წესრიგში გვქონდა და მხოლოდ ღვთის ნება იყო საჭირო.არ ვიცი,მამაო,ამიხსენით,რატომ იყო ღვთის ნება ასეთი,რომ თათია მაინცდამაინც „ბოშასგან“ დაფეხმძიმებულიყო?რა დავაშავეთ ასეთი,ასე სასტიკად რომ გვიმუხთლა ბედმა?თათია ბავშვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და მოცილება უნდოდა,მაგრამ ცოცხალი თავით არ დავანებე.ვერაფრით ვერ დავაყენებდი რისკის ქვეშ საყვარელი ადამიანის ჯანმრთელობას და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,ასეთ ცოდვას ვერც მე ვიტვირთავდი და ვერც თათიას მივცემდი ამის უფლებას.
თათია დავაწყნარე და ვუთხარი,რომ საკუთარი შვილივით მეყვარებოდა ბავშვი და არასოდეს ვაგრძნობინებდი,რომ ის ჩემი არ იყო.გავახსენე,როგორ ვოცნებობდით ბავშვზე.ვარწმუნებდი,რომ უფალმა ისმინა ჩვენი და მოგვცა.და თუ ეს ბავშვი ჩემი არ იყო,თათიასი ხომ იყო?ასეთი ვედრებითა და მუდარით გადავაფიქრებინე ბავშვის მოშორება და გავაგრძელეთ ცხოვრება,თუმცა შურისძიების წყურვილი არ გამნელებია.უფრო და უფრო მიძლიერდებოდა და გულიდან ამოხეთქვას ლამობდა.ვეძებდი „ბოშას“,აგერ უკვე მეშვიდე თვე იყო,მაგრამ ვერსად მის კვალს ვერ მივაგენი.სამსახურსა თუ სახლში სულ ამაზე ვფიქრობდი.
იმ დღესაც სამსახურში ვიყავი,როდესაც თათიამ დამირეკა და მითხრა,რომ „ბოშა“ ადგა იარაღით თავზე და ჩემს ნახვას ითხოვდა.შეგიძლიათ,მამაო,წარმოიდგინოთ რა დამემართა?ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი.არაფერი არ მახსოვს,როგორ მივედი სახლში,როგორ შევვარდი ოთახში და როგორ შევეფეთე „ბოშას“ პირისპირ,რომელსაც გადაჭრილი ავტომატი მიეშვირა თათიასთვის და მოკვლით იმუქრებოდა,თუ არ დავჯდებოდი და მოვუსმენდი.ბოღმა მახრჩობდა,გული მეფლითებოდა და სისხლი მიდუღდა,მაგრამ თათიას სიცოცხლეს ვერ დავაყენებდი საფრთხის ქვეშ.დავმორჩილდი და დავჯექი.“ბოშამ“ ცოტათი ამოისუნთქა.თვითონაც ჩამოჯდა ისე,რომ იარაღი თათიასგან არ მოუშორებია და დაიწყო:
ვიცი,რასაც გრძნობ,როგორ გინდა დამახრჩო წიწილასავით,მაგრამ ცოტა ხანს უნდა მომისმინო და შემდეგ შეიძლება მოგცე უფლება.დღეს მტრულად არ მოვსულვარ.ვიცი,მოყვრად არასოდეს მიმიღებთ,რაც ჩავიდიდნე,განსაკუთრებით იმის შემდეგ,მაგრამ უნდა მომისმინო.ოდნავ გაინძრევი და თათიას დავახლი დაუფიქრებლად,არ შეგეპაროს ეჭვი,ამიტომ მისმინე.
მთელი ცხოვრება დაჩაგრულად ვგრძნობდი თავს.ხო,ნუ გაგიკვირდება.სხვისი დაჩაგვრა არ ნიშნავს რომ ბედნიერი ვიყავი. კი,მიხაროდა,სიამოვნებას ვიღებდი ამისგან.ეგოისტურ ნეტარებას განვიცდიდი,როდესაც ლაჩარი,მშიშარა კურდღლები მაღმერთებდნენ,ეშინოდათ ჩემი,მელაქუცებოდნენ.მაგრამ ჩემს გულში ჩაუხედავს ვინმეს?ან ვის უნდა ჩაეხედა,ვის ჰქონდა მაგის თავი?იცი ჩემს გულში რა ტრიალებდა?შენ ვერასოდეს წარმოიდგენ ისეთ დამცირებულ მდგომარეობაში ყოფნას,როგორშიც მე ვიყავი.ვიღაც ბოშა ქალის შვილი,გასიებული ღორის ნაბიჭვარი.ეს არ იყო ოჯახი,სადაც შეიძლება ნორმალური ადამიანი გაიზარდოს.როცა დედა ბოზი გყავს,ლოთი და ნარკომანი,მამა კი პოლიციის პაგონებში გამოწყობილი ქვეწარმავალი,გველის ნაშობი და ღორის შვილი,როგორი გაიზრდები?პატარაობაში ვერ აცნობიერებ ამას ყველაფერს,მაგრამ როდესაც წამოიზრდები,როდესაც სისხლი გიდუღს,კაცად გინდა იქცე და ამ დროს ხვდები,რომ ერთი დამპალი ნაბიჭვარი ხარ და მეტი არაფერი,ღორების და მუქთახორების შვილი,მაშინ ბოროტდები და კარგავ ყველაფერ ადამიანურს,ყველაფერ სუფთას,თუკი საერთოდ დაგრჩა რამე.მაშინ მთელი სამყარო შენი მტერია და გინდა შური ყველაზე იძიო,ვისაც დედა ყავს,მამა,ოჯახი აქვს,უყვართ,ეფერებიან.ამას შენ ვერ გაიგებ,შენ მარტო ის იცი,რასაც ხედავდი და არ იცი რას ვგრძნობდი მე.როგორ მშურდა ყველასი,როგორ მეზიზღებოდით ყველა.ის ღორისშვილი რომ არ მფარველობდეს,რომელსაც დედა ხასად ყავს დასმული და თვითონ სხვა ოჯახი ჰყავს,ერთხელ მაინც რომ დავესაჯე ვინმეს,იქნებ მაშინ მაინც მესწავლა ცოტათი ჭკუა.მაგრამ არა,რაც მაკლდა,ვინაზღაურებდი ჯერ სკოლაში,მერე სკოლის შემდეგ.დაუსჯელობამ გამხადა ასეთი სასტიკი და დაუნდობელი.თუ აქედან წასვლა მეღირსა,ვფიცავ იმ არამზადას ღორივით დავკლავ.არც მაგის სამხრეების მეშინია და არც მაგის ჩინის.მე ბევრი საზიზღრობა და დანაშაული მაქვს ჩადენილი,მაგრამ ღმერთი არ მაკლებს სასჯელს.ყველა ციხეს სიამოვნებით მოვივლიდი,ოღონდ იმ ციხეს გავექცე,აქ რომ მაქვს გულში.
ორიოდე კვირის წინ,როდესაც მორიგი ორგიის შემდეგ ჩემი ძვირფასი მშობლები დაშოშმინდნენ,ვეღარ მოვითმინე შეუვარდი.ამოვიღე გულიდან რისი თქმაც მინდოდა,ვლანძღე და ვაგინე.ვუთხარი რომ დანახვაც არ მინდოდა მაგათი და ერთ დღესაც ღორებივით დავკლავდი ორივეს და ჩემი მშობლები რომ არ იყონ,აქამდე გავისტუმრებდი საიქიოს.გასიებულმა ღორმა თვალები ყვლიპა გაოცებისგან და დედაჩემს მიმართა: ამისთვის გინდოდა ამ ვირის გაზრდა,ხელები რომ გვიშალოს?გდებულიყო ბავშვთა სახლში,რას მოათრევდი,ან მე რაღას ჩამრიე?პისტოლეტი ამოიღო და ყურის ძირში ისეთი ჩამარტყა,კინაღამ გონება დავკარგე.–წადი აქედან გაეთრიე შე გადაგდებულო ნაგავო, თორემ თუ ჩაგაყუდე ვირის აბანოში,ისეთ დღეში ჩაგაგდებ,იქიდან ცოცხლად გამოსვლაზე არც იოცნებოვო.
შენ შეგიძლია ჩემი მდგომარეობა წარმოიდგინო?მე ნაბიჭვარი მეგონა თავი და თურმე იმაზე უარესი ვყოფილვარ–გადაგდებული და მოშორებული ნაგავი,მშობელსაც რომ არ ვდომივარ პატარაობიდანვე.აი სწორედ მაშინ ამენთო ის შურისძიების ცეცხლი,შენ რომ ასე გწვავს ჩემს მიმართ ამდენი ხანია.უნდა მომეძებნა მშობლები და გავსწორებოდი საკადრიასად.ბოშა ქალის გამოტეხვას დიდი დრო არ დასჭირვებია.უცებ დაფქვა ყველაფერი.არ დაფქვავდა და კიდევაც მიიღებდა ტყვიას შუბლში.დეტალურად მომიყვა,ახალგაზრდას და ბოშებიდან მოკვეთილს და უპატრონოს როგორ უნდოდა ბავშვი,მაგრამ ვინ მისცემდა უსახლკარო და უმუშევარ ქალს ბავშვს?აი,სწორედ აქ გამოჩნდა ის ღორი,რომელიც მაშინ კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე იყო.რომელსაც ავხორცული ზრახვები აღეძრა ახალგაზრდა ლამაზი ბოშა ქალის მიმართ და ასე შედგა გარიგება,რომლითაც ბოშამ ბავშვი მიიღო,ავხორცმა და გაუმაძღარმა კაცმა კი მუდმივი საყვარელი.
გასაოცარი და სატირალი ახლა იწყება,აქამდე რა იყო.ხანდახან სიმართლის გაგებას,ჯობია ყველაზე უვარგისი ტყუილი დაიჯერო.თურმე ხდება ასე ცხოვრებაში.ან თუ გაიგებ,მაშინ კეთილი ინებე და დამორჩილდი ბედის დაცინვას და გამასხარავებას.ის რაც შემდგომ გავიგე,ყველაზე საზიზღარ სიზმარში არ დამესიზმრებოდა.თურმე ჩემი ყველაზე დიდი მტერი,რომელიც ყველაზე მეტად მეზიზღებოდა ცხოვრებაში,რომელმაც ერთადერთი საყვარელი ქალი წამართვა და რომელსაც ყველაზე მეტი ბოროტება გავუკეთე და გავამწარე,საშინლად და დაუნდობლად გადავუხადე სამაგიერო,როცა ცოლი გავუუპატიურე,ჩემი ღვიძლი ძმა,ჩემი სისხლი და ხორცი ყოფილა.
როგორია,გაიგო,რომ თურმე ბოშა დედის შვილი რომა კაიდანოვი კი არა,ქართველი დედის და მამის შვილი,საბა დანელიძე ხარ.შენი მოსისხლე მტრის ჯაბა დანელიძის ღვიძლი ძმა...
ყველაფერს ველოდი,მამაო,მაგრამ ასეთ სიმართლეს ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი.ჩემს წინ ჩემი ძმა იჯდა.ასეთი ნანატრი და სასურველი,რომელსაც ასე ვეძებდი და ვის ნახვასაც ასე ვნატრობდი.და ამავე დროს ჩემი მოსიხლე მტერი,ასეთი საძულველი და აუტანელი. ვერ გეტყვით,რა დამემართა.ქვეყნიერება გაქრა ჩემთვის,ცოტა ხნით თვალთ დამიბნელდა,გონება ამერია.ინსტიქტურად ავდექი და მისკენ გავემართე.
–არ მომეკარო,თორემ ვისვრი.აი დავაჭერ ჩახმახს ხელს და ვისვრიო დაიძახა და ავტომატმაც იქუხა.
მეგონა ქვეყანა დაინგრა,ვერ მივხვდი რა მოხდა.როცა გონს მოვეგე,თათია სისხლში ცურავდა და უსიცოცხლო სხეული სიცოცხლის ნიშანწყალს აღარ გამოსცემდა.მივვარდი,გიჟივით ვეფერებოდი,ვკოცნიდი,ვღრიალებდი.არა,არ სუნთქავდა.ყველაფერს გავუძლებდი ქვეყანაზე,მაგრამ ამის დაჯერება არ მინდოდა.არ ვიცი,როგორ გავჩნდი „ბოშასთან“.ავტომატი ხელიდან გამოვგლიჯე და მკერდზე მივაბჯინე.
–ეგ რა ჰქენი,ბიჭო–ვღრიალებდი გაშმაგებული და ავტომატის ლულას მკერდში ვურტყამდი–ეგ რა ჰქენი?
–გაოგნებული „ბოშა“ მუხლებზე დაცემულიყო და ფეხებზე მეკონწიალებოდა.
–არ უნდა ესროლა,ჯაბა,არ უნდა ესროლა,დამცველზე იყო დაყენებული,არ უნდა ესროლა.ლუღლუღებდა „ბოშა“ და თვითონაც იარაღს ჩაჭიდებული,არანორმალური თვალებით იყურებოდა.
შემდეგ ყველაფერი უცებ მოხდა.თითებზე „ბოშას“თითები ვიგრძენი.სანამ მივხვდებოდი,რას აპირებდა,მთელი ძალით დამაჭირა ჩახმახზე მიდებულ თითზე ხელი.ავტომატმა კვლავ იქუხა და სანამ „ბოშას“ ძალა ეყო,არ გაუშვია ხელი და როცა უკვე გამოვგლიჯე და ავტომატი მოვისროლე,ძალზე გვიან იყო.“ბოშა“ უკანასკნელ ამოსუნთქვებს აკეთებდა.რის ვაივაგლახით ამოიხავლა მაპატიეო და სუნთქვაც შეწყვიტა.
მერე უკვე რაც მოხდა,მამაო,ჩემთვის ამას აღარ ჰქონდა აღარავითარი აზრი.ჩემი სიცოცხლე იქ,იმ ოთახში დამთავრდა,სადაც ჩემი მეუღლის და ჩემი ძმის სისხლიანი სხეულები ეყარა.
მე ვერასოდეს ვიტყოდი იმას,რაც მოხდა სინამდვილეში.მერჩივნა სამუდამოდ დამნაშავე დავრჩენილიყავი ყველას თვალში,ვიდრე ჩემი საკუთარი ძმისთვის,საბრალო და უბედური ბიჭისთვის,რომელიც ისედაც რა ტანჯვაშია,მხოლოდ უფალმა იცის,კიდევ ამხელა ცოდვა გამეყოლებინა იმქვეყნად.
ღმერთს ვევედრები პატიებას და უკანასკნელ ამოსუნქვამდე შევღაღადებ,რომ საბას დანაშაული მე გადმომეცეს,რათა ცოტათი მაინც შევუმსუბუქო ხვედრი ჩემს ძმას და მოვინანიო მისი ცოდვები,როგორც საკუთარი.
მამაო დავით,თქვენთვის,ჩემი ძვირფასი და საყვარელი მოძღვრისთვის მომინდია ეს აღსარება და გევედრებით,ილოცეთ თათიას,საბას და ჩემი სულებისათვის.აგრეთვე უდანაშაულო და უმანკო არდაბადებული ბავშვის სულისათვის.
უღრმესი მოწიწებით და მორჩილებით–მონა ღვთისა ჯაბა დანელიძე“
ალბათ ძნელი არ არის წარმოიდგინოთ სულიერი მდგომარეობა მოძღვრისა,რომელიც ასეთ აღსარებას ისმენს.იმედი ვიქონიოთ,რომ უფალი შეუნდობს იმ პატარა ცოდვას,რომელიც ამ სათნო კაცმა ჭეშმარიტების სამსხვერპლოზე მიიტანა.რომელმაც საკუთარ თავზე აიღო უდიდესი პასუხისმგებლობა და ალბათ ცოტა დანაშაულიც,რათა მომაკვდავი კაცისთვის სირცხვილის უზარმაზარი ლაქა ჩამოერეცხა და პატიოსანი კაცის სახელით გაეშვა იმქვეყნად.განა უფლისგან რამე დაფარულ არს,განა არ მიეზღვებოდა ყოველი საქციელისათვის,მაგრამ არ უნდოდა,რომ კაცს,რომელმაც 17 წლის თავისუფლება და ალბათ სიცოცხლეც გაიღო ძმის ნამუსის მოსაწმენდად,უამრავი ადამიანის წყევლა და კრულვა აწუხებდეს,როდესაც დატოვებს ამ ქვეყანას და უფალს მიანდობს მარადისობის სამყაროში გადასულ სულს.
დასასრულ გეტყვით,რომ პროკურატურამ ხელალა აღძრა სისხლის სამართლის საქმე და 17 წლის შემდეგ სიმართლემ მაინც იზეიმა გამარჯვება.გადამწყვეტი კი აღმოჩნდა სულ მცირე უმნიშვნელო დეტალი–მობილური ტელეფონი,რომლიდანაც დაფარული ნომრით ჯაბას დაურეკეს, „ბოშას“–საბას ტელეფონი აღმოჩნდა,რომელიც „ბოშამ“ შეშინებულ თათიას მიაჩეჩა და ქმართან დარეკვა უბრძანა;რომლის პატრონიც თავის დროზე ვერ დაადგინეს უყურადღებობის თუ უგულისყურო გამოძიების გამო.ტყვიებისგან დამსხვრეულ ტელეფონს კი აბა ვინ მიაქცევდა ყურადღებას?სამხილებში ჩააგდეს და არქივში ჩააბარეს,ნომერი კი არავის გამოუკვლევია,რომ გასული ზარები შეემოწმებინათ.ან ვის რაში სჭირდებოდა ეს?მაშინ ამას არც ჰქონდა არავითარი მნიშვნელობა.სრულიად ნათელი გახდა,რომ ჯაბას ან „ბოშამ“ ან თათიამ დაურეკა და სახლში მისვლა მოსთხოვა.“ჯაბას“ აღსარება სრულ სიმართლეს გავდა.აბა ვინ წარმოიდგენდა სასამართლოს დღეს,რომ ოდესღაც,ეს პატარა,უმნიშვნელო დეტალი ყველაფერს გადაწონიდა და მომაკვდავ კაცს პატიოსან და მართალ სახელს დაუბრუნებდა.არც ის იყო გასაკვირი,რომ ეს საქმე ისევ ქურდოვანიძეს გადააბარეს და მანაც საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყოველგვარ ეჭვებს.
გულსატკენი ერთია მხოლოდ,ჯაბამ ვერ გაითვალისწინა ყველაზე მთავარი–სხვისი ცოდვის საკუთარ თავზე აღება,დიდი თავდადების და კეთილშობილების გამოხატულებაა,მაგრამ არამც და არამც იმისა,რომ ეს ცოდვა მას მოეკითხება ვინც საკუთარ თავზე აიღო.
აქ მინდა დავამთავრო.ვინც არ დაიღალეთ და ბოლომდე მომყევით,უღრმეს მადლობას გიხდით და კეთილი დასასრულის მოყვარულებს მსურს შეგახსენოთ,რომ სიკვდილი ყოველთვის არ ნიშნავს ცუდ დასასრულს.მართალი,უფლის მოყვარული კაცისთვის სიკვდილი არარაობაა და ბევრად დაბალ საფეხურზე დგას ვიდრე ჭეშმარიტებაა.ჭეშმარიტება კი უფლის მცნებაა.ნათელი სული უფალს უერთდება და მარადიულ ნეტარებაში აგრძელებს არსებობას.
გფარავდეთ უფალი !!!