Wednesday, 21 September 2011

ოცნება

ერთ სოფელში პატარა ბიჭი ცხოვრობდა,რომელიც გამუდმებით ოცნებობდა გაფრენაზე.აძვრებოდა ხოლმე ხეზე და გაშლილი ხელებით ხტებოდა,ეგონა,გაფრინდებოდა.სულ დამტვრეული დადიოდა,მაგრამ ფრენაზე მაინც ოცნებობდა.
რომ წამოიზარდა,უკვე დამხმარე საშუალებების ხმარება დაიწყო.ხან ხისგან გააკეთებდა ფრთებს,ხან ქაღალდისგან,ხან კიდევ რისგან,მაგრამ არაფერი არ შველოდა,მაინც იმტვრეოდა.როგორ არ ეხვეწნენ ნათესავ–მეგობრები,მაგრამ ვერაფრით ვერ გადააფიქრებინეს უაზრო ოცნების ასრულება.ის კი არადა,დღე და ღამე ტყეში დადიოდა და ფრინველებს აკვირდებოდა,იქნებ ვისწავლო,როგორ დაფრინავენო.
ბოლოს,რომ დარწმუნდა,ყველაფერი იცოდა,დიდი ლამაზი ფრთები გააკეთა,ტანზე მიიბა და კლდის თავიდან გადმოხტა,მაგრამ სასწაული არ მოხდა,მიწაზე დაენარცხა და სულიც განუტევა.

შეგონება: რაც უფალს გულში არ უწერია,იმას ახდენა არ უწერია

Thursday, 15 September 2011

ხელმწიფე და სამი შვილი

ერთ ხელმწიფეს სამი ვაჟი ჰყავდა.ძალიან რომ მოხუცდა,დაიბარა სამივე და უთხრა:შვილებო,მე დავუძლურდი,სამეფოს მართვა მიჭირს,ერთე-ერთმა თქვენთაგანმა უნდა შემცვალოს,მე კი სამივე ერთნაირად მიყვარხართ და ვერ გადამიწყვეტია,რომელი აგირჩიოთ.ამიტომ,ვინც ყველაზე ძვირფას საჩუქარს მომიტანს,ტახტსაც ის ჩაიბარებსო.
გავიდა ხანი,დადგა საჩუქრების მიღების დრო.
უფროსმა ვამა მამას ისეთი მარგალიტი აჩუქა,მისი მსგავსი დედამიწის ზურგზე რომ არ მოიპოვებოდა,ისე ბრწყინავდა და ანათებდა იქაურობას,გეგონებოდათ მზე ჩამოსულა ციდანო.
შუათანამ კალმით ნახატი ბედაური მიჰგვარა მეფეს.ისეთი მარდი,ფლოქვების ცემისგან ნაპერწკლები ცვიოდა დედამიწას.
უმცროსი თავდახრილი შევიდა მამასთან და დარცხვენით უთხრა:ჩემო ხელმწიფევ და მბრძანებელო.თითქმის მთელი ქონება რაც შენ მომეცი,გლახაკებს და უმწეოებს დავურიგე.მე არაფერი დამრჩა.ეს ერთი პატარა ნივთიღა მაქვს,რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია და ესეც შენთვის მიჩუქნიაო-უთხრა და პატარა,ხისგან ნატიფად გამოთლილი გული აჩუქა,რომელზედაც ამოტვიფრული იყო წარწერა:" უფალო,შენ დაიფარე ყოველი ბოროტისაგან საყვარელი მამა ჩემი და ხელმწიფე ჩვენი"
მეფემ თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლმორეული უმცროს ვაჟს გადეხვია.

შეგონება: სიყვარულზე ძვირფასი საჩუქარი არ არსებობს დედამიწის ზურგზე

უსარგებლო გრძნობა

ერთხელ,ერთი კაცი გრძნობების მაღაზიაში შევიდა.ხედავს დახლებს სათითაოდ აწერია: სიცრუე,შური,ბოღმა,ამპარტავნება,შურისძიება,სიზარმაცე და ..მაგრამ დახლები ცარიელია.
რატომ არის ცარიელი?-იკითხა კაცმა
ისეთი სისწრაფით იტაცებენ ადამიანები,შევსებას ვეღარ ავუდივარ-უპასუხა ნოქარმა-ხვალ ადრიანად მოდი და იქნება შენც შეგხვდეს რამე.
კაცი გამობრუნდა და ის იყო უნდა გასულიყო,რომ ნოქარმა მიაძახა-მაქვს ერთი გრძნობა,დახლქვეშ მიგდია,მაინც არავინ კითხულობს და თუ გინდა ისე გაჩუქებ.წაიღე,ტყუილად ადგილს იკავებს და უკვე ობიც მოედო.
რა გრძნობაა ასეთი?-ჰკითხა გაოცებულმა კაცმა.
სიყვარული ჰქვია-უპასუხა ნოქარმა.
კაცმა შეიძინა სიყვარული და დამწუხრებულმა დატოვა მაღაზია.

შეგონება: ზოგჯერ რაც ყველაზე ძვირფასია,ადამიანების ყურადღების მიღმა რჩება

სიცრუის კონკურსი

ერთხელ,ლომმა გადაწყვიტა გაეგო,ვინ იყო ცხოველებში ყველაზე ჭკვიანი და სიცრუის კონკურსი გამოაცხადა.
დათვმა თქვა-თაფლი ისე მეზიზღება,რომ დავინახო,ალბათ გული ამრევაო;
მგელმა თქვა-ერთ ჭამაზე ას ცხვარს ვჭამ და მაინც მშიერი ვრჩებიო;
კურდღელმა თქვა-ათი მგელი რომ შემომხვდეს გზაზე,ათივეს სულს გავაფრთხობინებო.
და ასე,ზოგმა რა მოიგონა,ზოგმა რა.მელია კი დუმს.
შენ რაღას იტყვი მელაკუდავ?-ჰკითხა ლომმა.
დიდო ხელმწიფევ-უპასუხა მელამ-რაც აქ ითქვა,ყველაფერი სიმართლეა და მე ტყუილს ვერ ვიტყვიო.
მელას ნათქვამი ყველას მოეწონა და მხურვალე ტაში დაუკრეს.

შეგონება:ზოგჯერ ის,რაც ყველას სიმართლე ჰგონია,შეიძლება ყველაზე დიდი სიცრუე აღმოჩნდეს